პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
9 ოქტომბერი, პარასკევი, 2026

ღირებულებითი სწავლების პრინციპები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

 როგორ ავითარებს ქართულის გაკვეთილებზე მასწავლებლის მიერ შემუშავებული მეთოდური მიდგომები მარადიულ ღირებულებებს მოსწავლეებში?

 

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები ნებისმიერ ეპოქაში წარმოადგენდა არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებისა და შემეცნების ახალ საფეხურზე გადასვლის საშუალებას, არამედ ადამიანის აღზრდის მნიშვნელოვან ინსტრუმენტსა და რესურსს. ეპოქათა ცვლილების კვალდაკვალ მრავალჯერ შეიცვალა, გაღრმავდა ან შემცირდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების არეალში მოქცეული სააღმზრდელო პრინციპები, თუმცა საგნის სწავლების უმთავრეს კონცეპტად ჩამოყალიბებული მარადიული ფასეულობა უცვლელი რჩება.

 

დღეს ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები მკაფიოდ გვთავაზობს სწორედ ღირებულებითი სწავლების პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს მომავალი თაობის სრულყოფილ, სრულფასოვან მოქალაქედ აღზრდასა და ფორმირებას. ამ თვალსაზრისით ცნობილია, რომ საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

 

ამიტომაც ინერგება და ღრმავდება სწავლა-სწავლების ისეთი მეთოდები, რომლებიც ცოდნის შეძენასთან ერთად მოსწავლეს ღირებულებებს უვითარებს, სასწავლო პროცესს საინტერესოს ხდის და სწავლა-სწავლების მიზნების მიღწევას აიოლებს.

 

ამ მიზნების განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, ტარდება ტრადიციული გაკვეთილები, როცა მოსწავლეები იძენენ მხოლოდ ცოდნას და მათ ,,ასწავლიან“ ღირებულებებს.

 

ამავე დროს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ე.წ. VAKE- ს გაკვეთილები, როცა მოსწავლეები იძენენ ცოდნას და მათ უვითარდებათ ეთიკური ფასეულობები და ღირებულებები.

 

ამგვარი ღირებულებითი სწავლებისათვის აქტიურად გამოიყენება სწავლება დილემებით – ბერძნ. იძულებითი მდგომარეობა – როცა გვაქვს ორ ერთმანეთისგან გამომრიცხავი დებულება და რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია, რაც ხშირად მორალური ღირებულებების კონფლიქტების საბაბი ხდება.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე დილემებისა და პრობლემების გამოკვეთის სასწავლო მეთოდი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს; მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში; ხოლო მასწავლებელი არის „ფასილიტატორის“ როლში, რის შედეგადაც მოსწავლე იღებს მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და ხდება აქტიური შემმეცნებელი. ამავე დროს, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, მოსწავლე იწყებს ფიქრს, აკვირდება და ითავისებს იმ მორალურ-ზნეობრივ იმპერატივებსა და პრინციპებს, რომლებიც თითოეული სასწავლო ტექსტის მთავარ, ამოსავალ დებულებას წარმოადგენს.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა-განხორციელების პროცესში პრაქტიკული ფორმატით გაწერილი ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტზე საინტერესო და მრავალფეროვანი ქეისები და დილემები მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანსა და შთამბეჭდავს ხდის და დიდ როლს ასრულებს 21-ე საუკუნის მოსწავლის ტრანსფერული და ღირებულებითი უნარების ჩამოყალიბებაში.

 

თანამედროვე მოსწავლის მრავალფეროვანი ინტერესებისა და მიზნების მიხედვით წიგნში „პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები“ აღზრდის ცნების ასეთ განმარტებაა მოცემული: „აღზრდა არის აღსაზრდელის ყოველმხრივი ფორმირების, მისი გონებრივად, ზნეობრივად, ესთეტიკურად, რელიგიურად, ფიზიკურად და მშრომელ ადამიანად ჩამოყალიბების მიზანმიმართული, გეგმაზომიერი, სისტემატური, შეგნებული, რთული, მუდმივი, მარადიული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მტკიცედ ორგანიზებულ გარემოში აღმზრდელის ხელმძღვანელობით“ (ბასილაძე 2004:16).

 

ქართული ენისა და ლიტერატურის ყოველი გაკვეთილიც უნდა იყოს 21-ე საუკუნის მოსწავლის ღირებულებებისა და კომპეტენციების საბაზისო საფუძველი, რათა თაობებში ჩამოყალიბდეს აღზრდის მნიშვნელობა და ადამიანის ისეთი ღირებულებითი მახასიათებლები, როგორებიცაა – სამშობლოს სიყვარული, ღირსების გრძნობა, ემპათიურობა, ტოლერანტობა, სიკეთის ქმნა, ზრუნვა სხვებზე, წვლილის შეტანა თემის, ქვეყნის განვითარებაში და სხვა.

 

მოსწავლეებში ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბების კუთხით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სწორად განსაზღვრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა თანამედროვე სკოლის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

 

მწერლობა ზედმიწევნით სრულყოფილად პასუხობდა და პასუხობს ამ თანამედროვეობისათვის მეტად აქტუალურ მოთხოვნებს თავისი სასკოლო ლიტერატურული კანონით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნაწარმოები სავალდებულო ნუსხიდან დამატებით კლასგარეშე ლიტერატურის ნუსხაში გადავიდა.

 

რამდენიმე ლიტერატურული ტექსტის მეშვეობით შეგვიძლია ზემოთ თქმული დავადასტუროთ; ასე მაგალითად, რევაზ ინანიშვილის ,,ლამაზი ცრემლები“ მე-7 კლასში (გამომცემლობა ,,სწავლანი“) ისწავლება და მოზარდებს საბაზო საფეხურზე უმთავრეს ღირებულებას უყალიბებს, რომ ადამიანში ერთ-ერთი მთავარი ზნეობრივი პრინციპი პასუხისმგებლობის გრძნობაა. ამავე დროს ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრთა კეთილდღეობაზე, არამედ ნებისმიერ ადამიანზე. „რა კარგია, კარგები რომ ვართ“, – ამ სიტყვებით ფასდება მოლაღურივით ბერიკაცის ანდერძად დაგდებული ვალდებულება, რომელსაც შვილიშვილი აღასრულებს. ეს მთავარი სათქმელი-ფასეულობა, რომ მყარად განვავითაროთ, ვარაუდებით კითხვის კვალდაკვალ ტექსტის ეპიზოდების მთავარი თეზისების გამომხატველი ფრაზების ძებნა მოსწავლეთა სამუშაოდ იქცევა. საბოლოოდ კი, მოსწავლეები თავად რწმუნდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი, ღირსეული პიროვნების პორტრეტისათვის პასუხისმგებლობისა და სხვებზე ზრუნვის ღირებულებების ფორმირება.

 

აკაკი წერეთლის პოემა ,,თორნიკე ერისთავის“ პერსონაჟები და იდეა უმთავრეს ღირებულებას – სამშობლოს სიყვარულსა და სხვათა შემწყნარებლობას, ჰუმანისტურ დამოკიდებულებებსა და სულისათვის ზრუნვის მთავარ საკითხებს შეეხება. მოსწავლეები აკვირდებიან, ღრმად შეიმეცნებენ და საბოლოოდ ქმნიან ისტორიული პირის, დიდებული წინაპრისა და მთავარსარდლის – თორნიკე ერისთავის მონუმენტურ სახეს. თორნიკე ერისთავი ხომ ერის საამაყო შვილია, რომელიც სამუდამოდ იქცა ქვეყნის მსახურებისა და ერთგულების, მისი დაცვის ნიჭისა და სხვა ერების წარმომადგენელთა მიმართ შემწყნარებლობის კლასიკურ ნიმუშად. ამავე დროს მოზარდები ითავისებენ ისტორიულ რეალობას, როდესაც მე–10 საუკუნეში ქრისტიანობის ფორპოსტად ქცეული ქართლის სამეფო დიდი ბიზანტიის იმპერიას უწვდის დახმარების ხელს და მასზე ზრუნავს.

 

არანაკლებ იქცევს მოსწავლეთა ყურადღებას მე-7 კლასის საპროგრამო ნაწარმოები ნიკო ბაგრატიონის თავგადასავლის შესახებ, რომელშიც თავად ნიკო ბური საოცრად ემოციურად და შთამბეჭდავად გვიამბობს დრამატული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეპიზოდებზე. მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით სამახსოვრო და ექსპრესიული აღმოჩნდა ის მოვლენები, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ ზრუნავს სამეფო გვარის შთამომავალი და მემკვიდრე ბურების, ჩაგრული ხალხის, კეთილდღეობისა და თანადგომისათვის ისე, რომ შეუძლია სიცოცხლეც გასწიროს მათთვის.

 

ილია ჭავჭავაძის ,,ბაზალეთის ტბა“ მოსწავლეებში თავისუფლების, დამოუკიდებლობის უმთავრესი ღირებულების აღზრდასა და ჩამოყალიბებას განაპირობებს. შემოქმედებითი დავალებების ხორცშესხმით (ლექსის პროზაული ან პოეტური გაგრძელება) მოსწავლეები ახერხებენ აჩვენონ, რა როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში თავისუფლების იდეა, როგორ უნდა ემსახუროს ადამიანი სამშობლოსა და მოყვასს.

 

რა თქმა უნდა, ლიტერატურულ ნაწარმოებთა ჩამონათვალი ძალიან დიდი და მოცულობითია სწავლების სამივე საფეხურისათვის (მარტო შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, სულხან–საბა ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ხსენებაც კი საკმარისი იქნებოდა), თუმცა ეს მცირეოდენი ამონარიდებიც ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის, როგორ შეიძლება სხვადასხვა გაკვეთილზე მუდმივად შევქმნათ ღირებულებათა და მორალურ პრინციპთა მკაფიო სახე-ხატები და ვიღვაწოთ მოზარდთა ცნობიერებაში მათი ჩანერგვისათვის.

 

21-ე საუკუნეში არსებული გამოწვევების წინაშე მდგომნი ვხვდებით, რამდენად აქტუალურია მოსწავლეებისათვის არა მარტო ცოდნის გადაცემა, არამედ მათში ღირებულებების ჩამოყალიბება. ამის ხელშესაწყობად აუცილებელია ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ცოდნის გადაცემასთან ერთად ღირებულებების სწავლებაზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარება. ეს პროცესი არა მხოლოდ სკოლის, არამედ ქვეყნის აღმშენებლობისა და პროგრესის საფუძვლად მოიაზრება და უკეთესი მომავალი თაობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლების რეკომენდაციები,(2022)
  2. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
  3. „პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები“, (2004) იმერი ბასილაძე
  4. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.
  5. ცოდნა და ღირებულებითი განათლება, ეკატერინე შავერდაშვილი, თამარ მოსიაშვილი, (2018), თბილისი

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“