ჩვენს დროში, როდესაც ეკოლოგიური კრიზისი და ბიომრავალფეროვნების კლება გლობალურ გამოწვევად იქცა, სასკოლო სივრცეში გარემოსდაცვითი განათლების ინტეგრირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. არჩევითი საგნის – „კონსერვაციული ბიოლოგიის“ სწავლება სკოლებში არ უნდა იქცეს მხოლოდ მშრალი თეორიული ფაქტების გადაცემად; ის უნდა ემსახურებოდეს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ემპათიისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.
როდესაც ახალგაზრდები საკუთარი თვალით ხედავენ ადამიანის საქმიანობის გავლენას ეკოსისტემებზე და თავად ხდებიან სახეობათა გადარჩენის ადვოკატები, განათლება ქმედებად იქცევა.
გიზიარებთ ერთი გამორჩეული, კომპლექსური სასწავლო პროექტის გეგმას, რომელიც ზედმიწევნით პასუხობს ამ გამოწვევას.
პროექტი სახელწოდებით „წითელი ნუსხის მცველები: გადავარჩინოთ კავკასიური ბიომრავალფეროვნება“, რომელიც განკუთვნილია X კლასის მოსწავლეებისთვის, გვიჩვენებს, როგორ შეიძლება, მოსწავლე რეალურ გარემოსდაცვით პროცესებში ჩავრთოთ.
პროექტის არქიტექტურა: ინტერდისციპლინური მიდგომა
პროექტი მოიცავს 8-კვირიან სამოქმედო გეგმას, რომელიც სცდება ერთი საგნის ჩარჩოებს. პროექტი უნიკალურია სწორედ თავისი ინტეგრირებული ხასიათით, სადაც ერთმანეთს უკავშირდება:
- ბიოლოგია და კონსერვაციული ბიოლოგია – სახეობათა იდენტიფიცირება და პოპულაციების შემცირების მიზეზშედეგობრივი კავშირების ანალიზი;
- მდგრადი განვითარება – ლოკალური პრობლემების დაკავშირება გაეროს მე-15 გლობალურ მიზანთან („დედამიწის ეკოსისტემები“);
- გეოგრაფია – წითელი ნუსხის ბინადრების არეალებისა და დაცული ტერიტორიების კარტოგრაფირება;
- ხელოვნება – ვიზუალური ადვოკატირება და საგამოფენო სივრცის ესთეტიკური მოწყობა ემპათიის გამოსაწვევად;
- ტექნოლოგიები – ტექნოლოგიების როგორც სწავლების თანამედროვე საშუალებების გამოყენება (IA, CANVA).
ეს მიდგომა სავსებით შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) სტანდარტებს, კერძოდ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების გზების გაანალიზებასა (ბიო.საშ.X.7) და კონსერვაციული ღონისძიებების დაგეგმვას (ბიო.საშ.X.8).
იდეიდან რეალიზაციამდე: 8-კვირიანი საგანმანათლებლო მარშრუტი
პროექტი ეტაპობრივად ვითარდება და მოსწავლეებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების გზით მიუძღვის:
ეტაპი 1-3: წინარე შეფასება და კვლევის დაგეგმვა
ყველაფერი იწყება მოსწავლეთა წინარე ცოდნის დიაგნოსტირებით (Pre-test). ამის შემდეგ ახალგაზრდები თავადვე ხდებიან მკვლევრები – ციფრული ხელსაწყოების (Google Forms) გამოყენებით ქმნიან სათემო კითხვარებს, რათა საზოგადოების ეკოცნობიერება შეაფასონ.
ეტაპი 4-5: სახეობებზე ფოკუსირება და პროფესიული დიალოგი
აქცენტი დაისმის საქართველოს ფაუნის ორ სიმბოლურ სახეობაზე — კოლხურ ხოხობსა და კავკასიურ ჯიხვზე. მოსწავლეები სწავლობენ მათ ბიოლოგიურ თავისებურებებს, საფრთხეებს (ბრაკონიერობა, საძოვრების არასწორი მართვა) და იწყებენ ციფრულ აქტივიზმს სკოლის სოციალურ ქსელებში. უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პროფესიული დიალოგი: მოსწავლეები ხვდებიან გარემოს დაცვის სფეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს და საკუთარი კვლევის შედეგებს უზიარებენ. ქმნიან ვიდეოგიდს და განთავსებენ სკოლის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში, youtube-არხზე.
ეტაპი 6-8: შემოქმედებითი ადვოკატირება და ფინალი
თეორიული და კვლევითი მასალის დაგროვების შემდეგ პროცესში ხელოვნება ერთვება. მოსწავლეები ქმნიან საინფორმაციო პოსტერებსა და ნახატებს. პროექტი გვირგვინდება სასკოლო კონფერენციითა და გამოფენით, სადაც პროექტში ჩართული მოსწავლეები საჯაროდ წარადგენენ თავიანთ არგუმენტირებულ ხედვას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები
შედეგების გაზომვა: როგორ ვაფასებთ მოსწავლის პროგრესს?
შეფასების მრავალფეროვან მეთოდოლოგიის გამოყენებით. გამოყენებულია არა მხოლოდ მასწავლებლის შეფასების რუბრიკები, არამედ მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ფორმები, ფოკუს-ჯგუფები და პორტფოლიოს ანალიზი.
მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება პროექტის შეფასების კომპლექსური რუბრიკა, რომელიც სამ დონეს ეფუძნება:
| შეფასების კრიტერიუმები | მულტისტრუქტურული დონე (დამაკმაყოფილებელი) | მიმართებითი დონე | გაფართოებული აბსტრაქტული დონე |
| საკვლევი კითხვის მომზადება და დაგეგმვა | სვამს მარტივ კითხვას, უჭირს ეტაპების დამოუკიდებლად დაგეგმვა. | ამყარებს კავშირს პრობლემასა და კვლევას შორის; გეგმავს ვალიდურ კითხვარს. | აყალიბებს კომპლექსურ კითხვას; კვლევა ეყრდნობა სანდო სააგენტოების მონაცემებს. |
| პროდუქტის შექმნა | პროდუქტი ვიზუალურად გამართულია, თუმცა ინფორმაცია ზედაპირულია. | პროდუქტი შინაარსიანია, ასახავს რეალურ პრობლემას და იწვევს ემპათიას. | პროდუქტი არის ორიგინალური, გამოიყენება როგორც სამოქალაქო აქტივიზმის ინსტრუმენტი.
|
| გუნდური მუშაობა და პრეზენტაცია | მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, პრეზენტაციის დროს კითხულობს მასალას. | აქტიურად თანამშრომლობს, მსჯელობს არგუმენტირებულად. | ავლენს ლიდერულ თვისებებს, ახერხებს აუდიტორიის ჩართვას და მართავს დებატებს. |
რატომ უნდა გადავიტანოთ ეს გამოცდილება ჩვენს კლასებში?
მოცემული პროექტის მთავარი ღირებულება ის არის, რომ პროექტი სცდება მოკლევადიან მიზნებს. ის ორიენტირებულია გრძელვადიან თვისებრივ შედეგებზე: სკოლის საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ისეთი მოქალაქეების ჩამოყალიბებაზე, რომელთაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. პროექტი ითვალისწინებს, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში მოსწავლეებმა თავად განახორციელონ მინიმუმ 2 სათემო ეკოაქტივობა (მაგალითად, გამწვანება ან საინფორმაციო კამპანია).
კონსერვაციული ბიოლოგიის ამგვარი სწავლება აჩვენებს, რომ კლასი არ არის სამყაროსგან მოწყვეტილი სივრცე. კლასი ის ადგილია, სადაც იწყება ზრუნვა ჩვენს საერთო სახლზე.
რესურსები
- კომპიუტერული ტექნიკა და მასალები პოსტერებისთვის.
- გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემები
- მდგრადი განვითარების მიზნები (ავტ. მაია ბლიაძე)
- https://nea.gov.ge/ – გარემოს ეროვნული სააგენტოს საიტი
- https://www.unicef.org/georgia/ka/%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98


