ენერჯაიზერები საბაზო საფეხურზე
საბაზო საფეხურზე მოსწავლეების ყურადღების შესანარჩუნებლად განსხვავებული ტიპის ჩართულობაა საჭირო. ამ ასაკში ენერჯაიზერი მხოლოდ მოძრაობა, თამაში ან სწრაფი რეაქცია აღარ არის. ხშირად მოსწავლეს უფრო მეტად სჭირდება შესაძლებლობა, რამდენიმე წუთით დაფიქრდეს, საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, გადაწყვეტილება მიიღოს, თანაკლასელის აზრი მოისმინოს ან ნაცნობ საკითხს სხვა კუთხით შეხედოს.
ეს არ ნიშნავს, რომ მოძრაობა აღარ გვჭირდება. უბრალოდ მისი როლი იცვლება. საბაზო საფეხურზე ენერჯაიზერი შეიძლება იყოს რამდენიმეწუთიანი დისკუსია, სწრაფი პროგნოზი, სიტუაციის შეფასება, იდეების დალაგება, პრობლემის სხვა გზით გადაჭრა ან ისეთი ამოცანა, რომელიც მოსწავლისგან პასუხის პოვნას კი არა, ფიქრის სწრაფად ორგანიზებას მოითხოვს.
ასეთი აქტივობები განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა კლასი დაღლილია, ყურადღება იფანტება ან ერთი ტიპის სამუშაოს შემდეგ მოსწავლეებს საქმიანობის შეცვლა სჭირდებათ. მთავარია, აქტივობა იყოს მოკლე, მკაფიო და ასაკისთვის საინტერესო, ხოლო მისი დასრულების შემდეგ მოსწავლე მარტივად დაუბრუნდეს ძირითად საქმიანობას.
- „რა მოხდებოდა, რომ…“ – ეს აქტივობა მოსწავლეებს უკვე ნაცნობი საკითხის შეცვლილი პირობების წარმოდგენასა და შესაძლო შედეგების გააზრებას სთავაზობს. მასწავლებელი სვამს კითხვას, რომელიც იწყება ფრაზით: „რა მოხდებოდა, რომ…“ – და მოსწავლეებს მცირე დროს აძლევს პასუხის მოსაფიქრებლად.
აქტივობის თანმიმდევრობა:
- მასწავლებელი ირჩევს უკვე შესწავლილ თემას და აყალიბებს მასთან დაკავშირებულ ჰიპოთეტურ კითხვას.
- მოსწავლეები დაახლოებით 30-60 წამის განმავლობაში დამოუკიდებლად ფიქრობენ შესაძლო პასუხზე.
- თითოეული მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდს და ცდილობს, ახსნას, რა შეიძლება შეცვლილიყო.
- შემდეგ მოსწავლეები წყვილებში უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს და ადარებენ პასუხებს.
- რამდენიმე მოსწავლე თავის ვარაუდს მთელ კლასს აცნობს.
- მასწავლებელი აჯამებს განსხვავებულ პასუხებს და ყურადღებას ამახვილებს მიზეზშედეგობრივ კავშირებზე.
პრაქტიკული მაგალითები
ისტორია: „რა მოხდებოდა, დიდგორის ბრძოლის დროს დავით აღმაშენებელს მოკავშირე ძალების მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა?“
ბიოლოგია: „რა მოხდებოდა, მცენარეს ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ რომ არ ენახა სინათლე?“
გეოგრაფია: „რა მოხდებოდა, რომელიმე რეგიონში ნალექის რაოდენობა მნიშვნელოვნად რომ შემცირებულიყო?“
ფიზიკა: „რა მოხდებოდა, ხახუნის ძალას საერთოდ რომ არ ეარსება?“
ქართული ლიტერატურა: „რა მოხდებოდა, ავთანდილს ტარიელის დასახმარებლად წასვლაზე უარი რომ ეთქვა?“
სამოქალაქო განათლება: „რა მოხდებოდა, ადამიანებს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება რომ არ ჰქონოდათ?“
აქტივობის უფრო რთულ ვარიანტში მოსწავლემ პასუხთან ერთად მისი მიზეზიც უნდა დაასახელოს. მაგალითად: „ვფიქრობ, რომ… შეიცვლებოდა, რადგან…“ ამგვარად, მოსწავლე მხოლოდ ვარაუდს კი არ გამოთქვამს, არამედ თავის მოსაზრებასაც ასაბუთებს.
ეს ენერჯაიზერი განსაკუთრებით გამოგვადგება იმ მოსწავლეებთან, რომლებიც დიდხანს უსმენდნენ ან მუშაობდნენ წერით დავალებაზე და საჭიროა მათი აქტიური აზროვნების დაბრუნება.
- „ერთი საკითხი – ორი განსხვავებული აზრი“ – აქტივობის დასაწყებად მასწავლებელი დაფაზე წერს სადისკუსიო მოსაზრებას, რომლის მიმართაც მოსწავლეებს შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ. მაგალითად: „საშინაო დავალების შესრულება ყოველდღე აუცილებელია“.
მოსწავლეებს ეძლევათ დაახლოებით ერთი წუთი, რათა გადაწყვიტონ, ეთანხმებიან თუ არა ამ მოსაზრებას და მოიფიქრონ ერთი მიზეზი, რომელიც მათ პოზიციას გაამყარებს.
შემდეგ მოსწავლეები წყვილებში უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ პოზიციებს და არგუმენტებს. მნიშვნელოვანია, მათი პასუხი არ იყოს მხოლოდ „ვეთანხმები“ ან „არ ვეთანხმები“ – თითოეულმა მათგანმა უნდა ახსნას, რატომ ფიქრობს ასე.
ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს რამდენიმე მოსწავლეს, გააცნონ კლასს თავიანთი მოსაზრება. შესაძლებელია, სხვადასხვა პოზიციის მქონე მოსწავლეები ერთმანეთის არგუმენტებსაც გაეცნონ.
აქტივობის დასასრულს მასწავლებელი სვამს დამატებით კითხვას: „შეიცვალა თუ არა შენი აზრი სხვისი არგუმენტის მოსმენის შემდეგ? რატომ?“
პრაქტიკული მაგალითები
ისტორია: „ისტორიული მოვლენის შეფასებისას შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზეზი“.
ქართული ლიტერატურა: „პერსონაჟის საქციელის შეფასებისას მისი მიზანი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“.
სამოქალაქო განათლება: „საზოგადოებაში საერთო წესების დაცვა პირად თავისუფლებაზე მნიშვნელოვანია“.
ტექნოლოგიები: „ტექნოლოგიების გამოყენება სწავლას ყოველთვის ამარტივებს“.
აქ მთავარია, მოსწავლემ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, მიზეზი დაასახელოს და სხვების მოსაზრებებსაც მოუსმინოს, ამიტომ აქტივობა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა გაკვეთილზე ხანგრძლივი ინდივიდუალური მუშაობის შემდეგ მოსწავლეებს მოკლე, მაგრამ აზრიანი კომუნიკაცია სჭირდებათ.
- „იპოვე სხვა გზა“ – ეს აქტივობა მოსწავლეებს უკვე ნაცნობი ამოცანის ან საკითხის განსხვავებული გზით გადაჭრას სთავაზობს. მასწავლებელი აძლევს მათ დავალებას და სთხოვს: „ამავე პასუხამდე სხვა გზით როგორ მივიდოდით?“
პრაქტიკული მაგალითები
მათემატიკა: მაგალითად, მოსწავლეებს ეძლევათ გამოსათვლელი მაგალითი – 25 × 16. დავალება არ არის მხოლოდ პასუხის მიღება – მოსწავლეებს ვთავაზობთ, იპოვონ ამ მაგალითის ამოხსნის რამდენიმე განსხვავებული გზა და შემდეგ ახსნან, რატომ აირჩიეს ის, რომელიც აირჩიეს.
ერთმა მოსწავლემ შესაძლოა 16 დაშალოს 8 × 2-ად და მიიღოს: 25 × 8 × 2; მეორემ 16 დაშალოს 10 + 6-ად: 25 × 10 + 25 × 6; მესამემ კი 25 წარმოადგინოს 100/4-ის სახით და მაგალითი ასე გადააწყოს: 100 ÷ 4 × 16. შემდეგ რამდენიმე მოსწავლე დაფასთან ან საკუთარი ადგილიდან ხსნის, როგორ მივიდა პასუხამდე. მნიშვნელოვანია, მხოლოდ საბოლოო პასუხი კი არ დაასახელონ, არამედ თავიანთი მოქმედებების თანმიმდევრობაც ახსნან.
მასწავლებელს შეუძლია, ბოლოს ჰკითხოს: „რომელი გზა აღმოჩნდა შენთვის უფრო მარტივი და რატომ?“ ან: „ყველა გზა ერთ და იმავე პასუხამდე მიგვიყვანს? რამ დაგარწმუნა ამაში?“
ამგვარად, მოსწავლეები ერთი ამოცანის მხოლოდ ერთი ალგორითმით შესრულებას კი არ ეჩვევიან, არამედ ხედავენ, რომ ერთი და იმავე შედეგის მიღება სხვადასხვა გზითაც შეიძლება.
ქართული ენა: მაგალითად, მასწავლებელი დაფაზე წერს წინადადებას: „მოსწავლემ საინტერესო წიგნი წაიკითხა“, მერე კი ბავშვებს აძლევს დავალებას: „იგივე აზრი სხვა ფორმით გადმოეცი ისე, რომ წინადადების ძირითადი მნიშვნელობა არ შეიცვალოს“.
მოსწავლეები წერენ თავიანთ ვერსიებს. მაგალითად: „მოსწავლემ წაიკითხა წიგნი, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა“. შემდეგ რამდენიმე მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ვარიანტს და ხსნის, რა შეცვალა წინადადებაში და რატომ არ შეცვალა ამ ცვლილებამ ძირითადი აზრი.
შესაძლებელია დავალების გართულებაც: „მოიფიქრე ამავე აზრის გადმოცემის კიდევ ერთი გზა ისე, რომ გამოიყენო განსხვავებული სიტყვათა წყობა“. ასე მოსწავლეები მხოლოდ წინადადების ფორმას კი არ ცვლიან, არამედ აკვირდებიან, როგორ შეიძლება ერთი და იმავე აზრის სხვადასხვა ფორმით გამოხატვა.
უცხო ენა: მასწავლებელი ირჩევს უკვე ნასწავლ სიტყვას, მაგალითად, „change“, და მოსწავლეებს სთხოვს, ამ სიტყვის გამოყენებით შექმნან ორი განსხვავებული წინადადება ისე, რომ სიტყვის მნიშვნელობა კონტექსტიდან გასაგები გახდეს. მაგალითად, „I want to change my plans“; „The weather can change quickly“. შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ვერსიებს და მსჯელობენ, როგორ დაეხმარა კონტექსტი სიტყვის მნიშვნელობის გაგებაში.
დავალების სხვა ვარიანტია, მასწავლებელმა მისცეს მოსწავლეებს ერთი წინადადება და დაავალოს: „იგივე აზრი სხვა სიტყვებით გადმოეცი“. მაგალითად, „I am very tired“. მოსწავლემ შეიძლება დაწეროს: „I feel exhausted“.
აქ მნიშვნელოვანია არა „სწორი“ პასუხის პოვნა, არამედ იმის დანახვა, რომ ერთი და იმავე აზრის გამოხატვა სხვადასხვა სიტყვებითა და სიტყვათა წყობით არის შესაძლებელი.
ისტორია: მოსწავლეებს ეძლევათ უკვე შესწავლილი ისტორიული მოვლენა და დავალება: „წარმოიდგინე, რომ ამ მოვლენის განვითარებაზე გავლენის მქონე ერთ-ერთი ფაქტორი შეიცვალა. როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები?“ მაგალითად, დიდგორის ბრძოლის შესწავლის შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება ჰკითხოს: „დავით აღმაშენებელს ბრძოლის დაგეგმვისას სხვა სტრატეგია რომ აერჩია, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები?“
მოსწავლეები ინდივიდუალურად ფიქრობენ შესაძლო ვარიანტზე, შემდეგ წყვილებში ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს. რამდენიმე მოსწავლე თავის ვარაუდს კლასს აცნობს და აუცილებლად ასახელებს, რა შეცვალა და როგორ იმოქმედებდა ეს ცვლილება მოვლენების განვითარებაზე.
შეიძლება განსხვავებული ვარიანტის შეთავაზებაც: „ისტორიულ მოვლენას სხვა შედეგი რომ მოჰყოლოდა, რა შეიცვლებოდა შემდგომ პერიოდში?“ ამ შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ, არა მხოლოდ ალტერნატიული შედეგი ივარაუდონ, არამედ ახსნან, რა მოვლენები შეიძლება მოჰყოლოდა მას.
ფიზიკა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს უკვე ნასწავლ ამოცანას და ეკითხება: „ამავე პასუხამდე სხვა გზით როგორ მივიდოდით?“ მაგალითად, თუ მოსწავლეებმა სხეულის სიჩქარე უნდა გამოთვალონ, ერთი გზა შეიძლება იყოს ფორმულის პირდაპირ გამოყენება, ხოლო მეორე – მოცემული მონაცემების წინასწარ გადაყვანა შესაბამის ერთეულებში და შემდეგ გამოთვლა.
შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უხსნიან, რომელი გზა გამოიყენეს და რატომ აღმოჩნდა ის მათთვის უფრო მოხერხებული.
შეიძლება, ასეთი კითხვაც დაისვას: „შენი გზით ამოცანის ამოხსნა უფრო მარტივი იყო თუ მეორე გზით? რამ განაპირობა განსხვავება?“
ბიოლოგია: მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს უკვე შესწავლილ საკითხს და სთხოვს, ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა კუთხით ახსნან. მაგალითად, „როგორ ავხსნიდით მცენარისთვის ფოტოსინთეზის მნიშვნელობას ორი განსხვავებული გზით?“ ერთმა მოსწავლემ შეიძლება ყურადღება გაამახვილოს ენერგიის მიღებაზე, მეორემ – ეკოსისტემაში მცენარის როლზე. შემდეგ ისინი ერთმანეთს უზიარებენ პასუხებს და ცდილობენ დაადგინონ, რომელი ახსნა უფრო დაეხმარა მათ საკითხის გაგებაში და რატომ.
ამ გზით მოსწავლე სწავლობს, რომ ერთი და იმავე ბიოლოგიური პროცესის ახსნა შესაძლებელია სხვადასხვა პერსპექტივიდან, იმის მიხედვით, რას ვაქცევთ ყურადღებას.
გეოგრაფია: მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს კონკრეტულ საკითხს და სთხოვს, იგივე მოვლენა სხვა კუთხით განიხილონ. მაგალითად, „რატომ შეიძლება იყოს ზღვის სიახლოვე მნიშვნელოვანი ქალაქისთვის? იპოვე ამ საკითხის ახსნის მინიმუმ ორი განსხვავებული გზა“.
ერთმა მოსწავლემ შეიძლება ყურადღება გაამახვილოს კლიმატზე, მეორემ – ვაჭრობასა და ტრანსპორტზე, მესამემ – ტურიზმზე. შემდეგ რამდენიმე მოსწავლე ხსნის საკუთარ ვარიანტს და კლასში განიხილავენ, როგორ შეიძლება, ერთი გეოგრაფიული ფაქტორი სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებდეს.
აქტივობა „იპოვე სხვა გზა“ მოსწავლეებს აჩვენებს, რომ ამოცანა ან პრობლემა ყოველთვის არ გადაიჭრება მხოლოდ ერთი გზით. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო პასუხი, არამედ ისიც, როგორ მივიდა მოსწავლე ამ პასუხამდე, რატომ აირჩია ეს გზა და შეძლებს თუ არა საკუთარი არჩევანის ახსნას.
- „ერთი წუთი – მოიფიქრე განსხვავებული კითხვა“ – ამ აქტივობის დროს პასუხის გაცემა კი არა, საკითხის შესახებ ისეთი კითხვის მოფიქრებაა მთავარი, რომელიც მოსწავლეს ჩვეულებრივი ფაქტის გახსენებაზე მეტად დაფიქრებას სთხოვს. მასწავლებელი ასახელებს უკვე განხილულ თემას და მოსწავლეებს აძლევს ერთ წუთს, რათა ამ საკითხის შესახებ ისეთი კითხვა მოიფიქრონ, რომელიც მიზეზის, კავშირის, შესაძლო შედეგის ან განსხვავებული მოსაზრების განხილვას მოითხოვს. მაგალითად, „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. მოსწავლეს შეუძლია, დასვას არა მხოლოდ ფაქტობრივი კითხვა: „რომელ წელს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა?“ – არამედ: „რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას?“ ან „რა ფაქტორებმა გაართულა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება?“ შემდეგ რამდენიმე მოსწავლე კითხულობს საკუთარ კითხვას და მოკლედ ხსნის, რატომ შეარჩია ის.
პრაქტიკული მაგალითები
ბიოლოგია: „როგორ შეიცვლებოდა მცენარის განვითარება, სინათლის რაოდენობა მნიშვნელოვნად რომ შემცირებულიყო?“
გეოგრაფია: „როგორ შეიძლება, იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ კონკრეტული რეგიონის მოსახლეობის ცხოვრებაზე?“
ლიტერატურა: „პერსონაჟის გადაწყვეტილებაზე მისი გარემო რომ არ ახდენდეს გავლენას, როგორ შეიცვლებოდა მისი ქცევა?“
სამოქალაქო განათლება: „რატომ შეიძლება, ერთსა და იმავე საზოგადოებრივ პრობლემას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამდეს?“
მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეების მიერ დასმული კითხვებიდან ერთი ან ორი შემდეგი აქტივობის დასაწყისად გამოიყენოს. ამ შემთხვევაში ენერჯაიზერი მხოლოდ ყურადღების გადართვის საშუალებად აღარ რჩება და მომდევნო სასწავლო საქმიანობის ბუნებრივ გაგრძელებად იქცევა.
- „სამი ფაქტორი“ – მასწავლებელი ასახელებს პრობლემას ან მოვლენას და სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ სამი ფაქტორი, რომლებიც მასზე გავლენას ახდენს.
პრაქტიკული მაგალითები
გეოგრაფია: „დაასახელეთ სამი ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს რეგიონის კლიმატზე“.
ბიოლოგია: „დაასახელეთ სამი ფაქტორი, რომლებიც მცენარის ზრდაზე მოქმედებს“.
ისტორია: „დაასახელეთ სამი ფაქტორი, რომლებმაც კონკრეტული ისტორიული მოვლენის განვითარებაზე იმოქმედა“.
სამოქალაქო განათლება: „დაასახელეთ სამი მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანები შეიძლება საზოგადოებრივ პრობლემაში ჩაერთონ“.
შემდეგ მასწავლებელი სვამს მეორე კითხვას: „ამ სამიდან რომელს მიიჩნევ ყველაზე მნიშვნელოვნად და რატომ?“ ამ დამატებითი კითხვით აქტივობა უბრალო ჩამოთვლიდან მსჯელობაში გადაიზრდება.
შესაძლებელია მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში. თუ დრო შეზღუდულია, შეიძლება, თითო მოსწავლემ მხოლოდ სამი სიტყვა ჩამოწეროს, მერე კი რამდენიმე მათგანი ზეპირად ახსნას.
- „მოძრაობა პასუხის მიხედვით“ – მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრავს ოთახში სამ პოზიციას: მარცხენა მხარე ნიშნავს „ვეთანხმები“, შუა – „დარწმუნებული არ ვარ“, მარჯვენა – „არ ვეთანხმები“. შემდეგ გამოთქვამს უკვე შესწავლილ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე მოსაზრებას. მოსწავლეები სწრაფად ირჩევენ პოზიციას და შესაბამის ადგილას დგებიან. რამდენიმე მოსწავლე მოკლედ ხსნის საკუთარ არჩევანს.
პრაქტიკული მაგალითები
სამოქალაქო განათლება: „სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ყოველთვის შეიძლება ვენდოთ“. მოსწავლეები იკავებენ შესაბამის პოზიციას და ერთი წინადადებით ასაბუთებენ საკუთარ არჩევანს.
ბიოლოგია: „მცენარის ზრდისთვის მხოლოდ წყალია საჭირო“. მოსწავლეები ირჩევენ შესაბამის პოზიციას და მოკლედ ხსნიან, რატომ ფიქრობენ ასე.
ისტორია: „ისტორიული მოვლენის შედეგისთვის ერთი ფაქტორი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს“. მოსწავლეები ირჩევენ პოზიციას და ასახელებენ ერთ მიზეზს, რომელიც მათ არჩევანს ამყარებს.
ქართული ენა და ლიტერატურა: „პერსონაჟის ხასიათი მხოლოდ მისი მოქმედების მიხედვით უნდა შევაფასოთ“. მოსწავლეები იკავებენ შესაბამის პოზიციას და მოკლედ განმარტავენ საკუთარ მოსაზრებას.
გეოგრაფია: „ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გეოგრაფიული მდებარეობა ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“. მოსწავლეები ირჩევენ პოზიციას და ერთ არგუმენტს ასახელებენ.
ფიზიკა: „ხახუნის ძალა ყველა შემთხვევაში ხელს უშლის მოძრაობას“. მოსწავლეები ირჩევენ შესაბამის პოზიციას და მოკლედ ხსნიან საკუთარ პასუხს.
უცხო ენა: მასწავლებელი ამბობს მარტივ მოსაზრებას შესწავლილი თემის შესახებ, მაგალითად: „Learning a foreign language is easier when you practice every day“. მოსწავლეები იკავებენ შესაბამის პოზიციას და ერთი წინადადებით ხსნიან საკუთარ არჩევანს.
მათემატიკა: „ერთსა და იმავე მათემატიკურ ამოცანას ამოხსნის მხოლოდ ერთი სწორი გზა აქვს“. მოსწავლეები ირჩევენ პოზიციას და მოჰყავთ მაგალითი ან არგუმენტი.
ამ აქტივობაში ფიზიკური მოძრაობა უბრალოდ „გასამოძრავებლად“ არ გამოიყენება, იგი მოსწავლეების მიერ გადაწყვეტილების მიღებასა და საკითხის შესახებ მსჯელობას უკავშირდება.
- 7. „გააგრძელე სხვისი აზრი“ – ეს აქტივობა მოსწავლეებს ერთმანეთის მოსმენასა და უკვე გამოთქმულ მოსაზრებაზე საკუთარი აზრის აგებაში ეხმარება. მასწავლებელი სვამს კითხვას და პირველი მოსწავლე გამოთქვამს ერთ მოსაზრებას. მაგალითად, „ჩემი აზრით, ამ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მიზეზი იყო…“ მეორე მოსწავლემ არ უნდა გაიმეოროს პირველის პასუხი. მან უნდა დაიწყოს ასე: „ამ მოსაზრებას დავამატებდი, რომ…“ მესამე: „ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ…“ პირველი მოსწავლე: „პერსონაჟმა ეს გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღო“. მეორე: „ამ მოსაზრებას დავამატებდი, რომ მის გადაწყვეტილებაზე გარემოცვაც მოქმედებდა“. მესამე: „ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მისი წარსული გამოცდილებაც“, – და ა. შ.
აქტივობის დროს მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ნამდვილად მოუსმინონ წინა პასუხს და წინასწარ მომზადებული მოსაზრება არ გამოთქვან.
თუ კლასი დიდია, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეები ჯგუფებად დაყოს და თითოეულ ჯგუფში შეიქმნას ერთი აზრობრივი ჯაჭვი.
- 8. „რა არის მთავარი?“ – მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს 4-5 ინფორმაციას და სთხოვს, განსაზღვრონ, რომელი მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე შეიძლება მოსწავლეებმა მოისმინონ ოთხი-ხუთი ფაქტი კონკრეტული მოვლენის შესახებ, მერე კი მასწავლებელმა მისცეს ასეთი დავალების ინსტრუქცია: „აირჩიე ერთი ფაქტი, რომლის ცოდნის გარეშეც ამ მოვლენის გაგება ყველაზე მეტად გაგვიჭირდებოდა“. მოსწავლემ უნდა დაასაბუთოს თავისი არჩევანი.
პრაქტიკული მაგალითები
ბიოლოგია: მოცემულია რამდენიმე ფაქტი ეკოსისტემის შესახებ. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ფუნქციონირების გასაგებად?
ქართული: მთლიანი ტექსტიდან აღებულია მხოლოდ ხუთი წინადადება. რომელი გამოხატავს მთავარ სათქმელს?
გეოგრაფია: გვაქვს რეგიონის შესახებ რამდენიმე მონაცემი. რომელი უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში?
დავალება შეიძლება შესრულდეს წყვილებში. პირველ ეტაპზე თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად აკეთებს არჩევანს. შემდეგ მეწყვილეს უხსნის საკუთარ გადაწყვეტილებას. თუ პასუხები განსხვავებულია, წყვილმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ ვარიანტს დატოვებს და რატომ. აქტივობის ეს ფორმა მოსწავლეებს მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევაში ეხმარება.
- 9. „თუ მხოლოდ ერთი რჩევა უნდა მისცე…“ – მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს კონკრეტულ სიტუაციას და სთხოვს, წარმოიდგინონ, რომ ამ სიტუაციაში მყოფი ადამიანისთვის მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა შეუძლიათ. შემდეგ ეკითხება: „რას ურჩევდი და რატომ?“
პრაქტიკული მაგალითები
სამოქალაქო განათლება: „მოსწავლე ხედავს, რომ თანაკლასელს უსამართლოდ ექცევიან. მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოს, რას ურჩევდი?“
ლიტერატურა: „წარმოიდგინე, რომ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელში“ ჯოყოლასთვის ერთი რჩევის მიცემა შეგიძლია. რას ურჩევდი მას და რატომ?“
ბიოლოგია: „წარმოიდგინე, რომ შენმა თანაკლასელმა სახლში მცენარე გაახარა, მაგრამ მცენარეს ფოთლები გაუყვითლდა. მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოს, რას ურჩევდი და რატომ?“
ჯანმრთელობა/ფსიქოლოგია: „წარმოიდგინე, რომ გამოცდის დაწყებამდე თანაკლასელი ძალიან ნერვიულობს და ამბობს, რომ არაფერი ახსოვს. მხოლოდ ერთი პრაქტიკული რჩევის მიცემა რომ შეგეძლოს, რას ურჩევდი და რატომ?“
პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს დამატებით კითხვას: „რატომ აირჩიე სწორედ ეს რჩევა?“ საკმარისია მოკლე, 1-2-წინადადებიანი განმარტება. აქტივობისთვის წინასწარ განისაზღვრება 3-5 წუთი, რათა მსჯელობა სრულფასოვან დისკუსიაში არ გადაიზარდოს და ენერჯაიზერზე საგაკვეთილო დროის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯოს. რამდენიმე პასუხის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი მოკლედ აჯამებს მოსაზრებებს და გაკვეთილის ძირითად თემას უბრუნდება.
- 10. „შეაერთე ორი რამ“ – მასწავლებელი ასახელებს ორ, თითქოსდა ერთმანეთისგან განსხვავებულ ცნებას. მოსწავლეებმა უნდა იპოვონ მათ შორის კავშირი და მოკლედ ახსნან, როგორ უკავშირდება ერთი ცნება მეორეს. მაგალითად:
◦ წყალი + ქალაქი: მოსწავლემ შეიძლება იმსჯელოს, რატომ არის წყლის რესურსები მნიშვნელოვანი ქალაქის არსებობისა და განვითარებისთვის, მათ შორის სასმელად, ჰიგიენისა და სხვა საჭიროებისთვის.
◦ მიგრაცია + ეკონომიკა: მოსწავლემ უნდა დააკავშიროს მოსახლეობის გადაადგილება დასაქმებასთან, სამუშაო ძალის ცვლილებასთან ან შემოსავლებთან.
◦ ლიტერატურა + ისტორია: მოსწავლემ შეიძლება ახსნას, როგორ ასახავს ლიტერატურული ნაწარმოები კონკრეტული ეპოქის მოვლენებს, საზოგადოებრივ გარემოსა და ადამიანების ცხოვრებას.
◦ უჯრედი + ენერგია: მოსწავლემ უნდა ახსნას, რისთვის სჭირდება უჯრედს ენერგია და როგორ უკავშირდება ენერგიის მიღება უჯრედის ფუნქციონირებას.
კლიმატი + სოფლის მეურნეობა – მოსწავლემ უნდა დააკავშიროს ტემპერატურა და ნალექი სოფლის მეურნეობის განვითარებასთან და მოსავლის მიღების პირობებთან.
◦ გეომეტრია + ხელოვნება: როგორ შეიძლება გეომეტრიული ფორმების გამოყენება ნახატში, ორნამენტში, დიზაინში.
პირველ ეტაპზე მოსწავლეებს უბრალოდ ერთი კავშირის დასახელება უნდა ვთხოვოთ, მომდევნო ეტაპზე კი მიზეზებიც უნდა დავასახელებინოთ: „დაასაბუთე, რატომ შეიძლება ამ ორი ცნების დაკავშირება“.
შეიძლება, განვიხილოთ დავალების კიდევ ერთი ვარიანტი, როცა მასწავლებელი თავად აძლევს მოსწავლეებს ერთი შეხედვით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ცნებებს, მაგალითად: სამკუთხედი + არქიტექტურა ან მდინარე + ეკონომიკა. მოსწავლემ უნდა იპოვოს მათ შორის რეალური კავშირი და ახსნას, როგორ უკავშირდება ერთი ცნება მეორეს. მსგავსი წყვილები შეიძლება იყოს:
◦ კლიმატი + ტურიზმი: როგორ მოქმედებს კონკრეტული რეგიონის კლიმატი ტურისტულ სეზონსა და ტურისტულ საქმიანობაზე;
◦ ფოტოსინთეზი + საკვები: როგორ უკავშირდება მცენარის ფოტოსინთეზი ადამიანის საკვებს;
◦ ლიტერატურა + ფსიქოლოგია: როგორ შეიძლება პერსონაჟის ქცევის ახსნა მისი ემოციებით, მოტივებითა და გამოცდილებით;
◦ მიგრაცია + შრომის ბაზარი: როგორ შეიძლება, მოსახლეობის მიგრაციამ გავლენა მოახდინოს დასაქმებასა და სამუშაო ძალის რაოდენობაზე;
◦ ტექნოლოგია + განათლება: როგორ ცვლის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლისა და ინფორმაციის მიღების პროცესს.
დავალების მიზანია, მოსწავლემ უკვე ნასწავლი ინფორმაცია სხვადასხვა სფეროს შორის კავშირის დასანახად გამოიყენოს და საკუთარი მსჯელობა მოკლედ დაასაბუთოს. აქტივობა განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა მოსწავლეებს გონებრივი გადართვა სჭირდებათ, მაგრამ კლასის ფიზიკური გააქტიურება საჭირო არ არის.
- 11. „შექმენი ერთი წუთის გამოწვევა“ – ამ აქტივობის დროს მოსწავლე თავად ხდება დავალების ავტორი. მასწავლებელი ეუბნება: „მოიფიქრე პატარა დავალება, რომელსაც შენი თანაკლასელი ერთ წუთში შეასრულებს“. მაგალითად, მოსწავლემ შეიძლება მოიფიქროს:
◦ ერთი მათემატიკური ამოცანა;
◦ ერთი გრამატიკული კითხვა;
◦ ერთი ისტორიული მინიშნება;
◦ ერთი უცხო ენაზე სათარგმნი დავალება;
◦ ერთი ბიოლოგიური კითხვა;
◦ ერთი ლოგიკური ამოცანა.
შემდეგ მასწავლებელი რამდენიმე დავალებას ირჩევს და კლასი ცდილობს მათ შესრულებას. მთავარი პირობაა, დავალება იყოს მოკლე, გასაგები და ერთ წუთში შესასრულებელი.
უფრო რთულ ვარიანტში მოსწავლემ უნდა მიუთითოს, რას ამოწმებს მისი დავალება – ცოდნას, გაგებას, ლოგიკურ მსჯელობას, ყურადღებას თუ პრობლემის გადაჭრის უნარს. ასე მოსწავლე მხოლოდ პასუხის მიმღები აღარ არის, ის სასწავლო დავალების შემქმნელიც ხდება.
რას მივაქციოთ ყურადღება საბაზო საფეხურზე
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურისთვის ენერჯაიზერის შერჩევისას მნიშვნელოვანია, აქტივობა მოსწავლის ასაკობრივ შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს.
აქტივობა არ უნდა იყოს ზედმეტად ბავშვური. ამ ასაკში მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, დავალება მათ აზროვნებას და საკუთარ პოზიციას ითვალისწინებდეს.
მოკლე არ ნიშნავს მარტივს. ორწუთიანი აქტივობაც შეიძლება საკმაოდ შინაარსიანი იყოს, თუ მოსწავლეს გადაწყვეტილების მიღება ან მიზეზის დასახელება უწევს.
პასუხზე მნიშვნელოვანი ზოგჯერ მიზეზია. კითხვა „რატომ მიგაჩნია ასე?“ ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ სწრაფი პასუხი გააზრებულ მოსაზრებად იქცეს.
ყველა ენერჯაიზერი არ ითხოვს მოძრაობას. თუ კლასი უკვე აქტიურად მუშაობს, მაგრამ დაღლილია ერთფეროვანი წერითი ან მოსმენითი საქმიანობით, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს მოკლე საუბარი, ვარაუდი ან პრობლემური კითხვა.
ენერჯაიზერის დასრულება წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება შემდეგ – დავალებასთან დაბრუნება, პასუხების შეჯამება, ახალ საკითხზე გადასვლა თუ მოსწავლეების მიერ შექმნილი კითხვების გამოყენება.
დრო წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. საბაზო საფეხურზე განსაკუთრებით ადვილია, საინტერესო მსჯელობა სრულფასოვან დისკუსიად იქცეს. თუ მიზანი ენერჯაიზერის გამოყენებაა, საკმარისია 2-5 წუთი და მკაფიოდ განსაზღვრული დასასრული.
ენერჯაიზერი საბაზო საფეხურზე – ხანმოკლე ცვლილება, რომელიც აზროვნებას აფხიზლებს
საბაზო საფეხურზე ენერჯაიზერის ფორმა თანდათან სცდება მოძრაობისა და გართობის ფუნქციას. ამ ასაკში მასწავლებელს უკვე შეუძლია, გამოიყენოს ისეთი მოკლე აქტივობები, რომლებიც მოსწავლეს არჩევანის გაკეთებისკენ, ვარაუდის გამოთქმისკენ, პრობლემის სხვა კუთხით დანახვისკენ, არგუმენტის მოფიქრებისკენ ან თანაკლასელის აზრის გაგრძელებისკენ უბიძგებს. ამიტომ ზოგჯერ საუკეთესო ენერჯაიზერი შესაძლოა სულაც არ იყოს ხმაურიანი ან მოძრავი. ერთი საინტერესო კითხვა, ერთი განსხვავებული მოსაზრება ან ერთი წუთით ამოცანის ავტორად ქცევა შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მოსწავლე ერთფეროვანი საქმიანობიდან გამოვიდეს და სასწავლო პროცესს ახალი ყურადღებით დაუბრუნდეს.
საბაზო საფეხურზე საინტერესოა ისიც, რომ ენერჯაიზერი შეიძლება არა მხოლოდ ყურადღების აღდგენას, არამედ უკვე არსებული ცოდნის სხვაგვარად გამოყენებას ემსახურებოდეს. მოსწავლე იხსენებს, ადარებს, ვარაუდობს, აკავშირებს, არჩევს, ასაბუთებს და საკუთარ კითხვასაც კი ქმნის.
თუმცა აქ წარმოდგენილ ნებისმიერ აქტივობას საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ფიზიკური მოძრაობაც დავუმატოთ. მაგალითად, მოსწავლეებმა პასუხის სხვადასხვა ვარიანტი ოთახის სხვადასხვა ადგილას დადგომით გამოხატონ ან თითოეულ პასუხს განსაზღვრული მოძრაობა შეუსაბამონ. მთავარია, მოძრაობა აქტივობის მიზანს უკავშირდებოდეს და მხოლოდ ფიზიკური გააქტიურების მიზნით არ გამოიყენებოდეს.
სწორად შერჩეული ენერჯაიზერი ამ ასაკში არა უბრალოდ ენერგიას, არამედ ცნობისმოყვარეობას, აზროვნებასა და მონაწილეობის სურვილს ააქტიურებს, ამიტომ მისი შერჩევისას მთავარი კითხვაა არა „რა თამაში ჩავატარო?“ – არამედ „რისი გააქტიურება სჭირდება ჩემს კლასს ახლა – ყურადღების, აზროვნების, კომუნიკაციის თუ ინტერესის?“


