სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026
6 ოქტომბერი, სამშაბათი, 2026

უხილავი ბარიერი საკლასო ოთახში: მათემატიკური შფოთვის დაძლევის გზები

მათემატიკა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და, ამავე დროს, რთულ სასწავლო დისციპლინად მიიჩნევა.

ზოგიერთი მოსწავლე მათემატიკის სწავლის დროს განიცდის შიშს, დაძაბულობას და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება. ეს მდგომარეობა ხშირად გამოიხატება ფრაზებით: „მათემატიკა ძალიან რთული საგანია“ „ვერ ვსწავლობ“, „არ მაქვს მათემატიკის ნიჭი“, „ამ ამოცანას ვერასოდეს ამოვხსნი“ და სხვა.

მათემატიკური შფოთვა (Mathematics Anxiety) არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს მათემატიკურ დავალებასა და, საზოგადოდ, რიცხვებთან შეჯახებისას მღელვარება იპყრობს. ის მსუბუქი დაძაბულობიდან ძლიერ შიშამდე მერყეობს. მათემატიკური შფოთვა ერთგვარად უნიკალური ფენომენია, რადგან არ არსებობს ფართოდ გავრცელებული შფოთვითი მდგომარეობები ლიტერატურის, ისტორიის და სხვა სპეციფიკური საგნების მიმართ.

მათემატიკური შფოთვის მიმართ ინტერესი ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი.

მათემატიკური შფოთვა საკლასო გარემოთი არ შემოიფარგლება – ის შესაძლოა აღმოცენდეს სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში, რის გამოც ინტელექტუალური და სავსებით ქმედობაუნარიანი ადამიანები თავს არიდებენ ყოველგვარ საქმეს, სადაც კი რიცხვებთან შეხება უწევთ.

1954 წელს ფსიქოლოგმა მერი გოფმა (Mary Gough) პირველად გამოიყენა ტერმინი „mathematphobla“ მათემატიკის მიმართ შიშის აღსანიშნავად. 1957 წელს მისმა კოლეგებმა რალფ დრეგერმა (Ralph Drager) და ლუის აიკენმა (LewisAiken) სიტყვახმარებაში შემოიტანეს ცნება „რიცხვების შფოთვა“ (numberanxiety). მიჩნეულია, რომ სწორედ ეს უკანასკნელი დაედო საფუძვლად ტერმინ „მათემატიკურ შფოთვას“.

ტერმინის დამკვიდრებასა და ფენომენის მეცნიერულ შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფრენკ რიჩარდსონმა და რიჩარდ სუინმა. მათ შეადგინეს მათემატიკური შფოთვის შეფასების სკალა – MARS. ეს იყო პირველი ოფიციალური და სტანდარტიზებული საზომი ინსტრუმენტი, რომელმაც მკვლევრებსა და ფსიქოლოგებს საშუალება მისცა, გაეზომათ და რიცხობრივად შეეფასებინათ, რამხელა სტრესსა და პანიკას განიცდის ზოგიერთი ადამიანი მათემატიკის მიმართ. მათემატიკური შფოთვის ყველა თანამედროვე ტესტი დღემდე ამ სკალას ეფუძნება.

მოგვიანებით მარკ ეშკრაფტმა, ამერიკელმა კოგნიტიურმა ფსიქოლოგმა და მათემატიკური შფოთვის ერთ-ერთმა ანგარიშგასაწევმა  მკვლევარმა, განმარტა ეს ფენომენი როგორც დაძაბულობისა და შიშის მდგომარეობა,რომელიც ხელს უშლის მათემატიკური ამოცანების შესრულებას („Math Anxiety, Personal, Educational and Cognitive Consequences“, 2002).

ეშკრაფტის კვლევებმა აჩვენა, რომ მათემატიკური შფოთვა „მათემატიკის არცოდნას“ არ ნიშნავს. შფოთვა ხელს უშლის მუშა მეხსიერებას, რომლის ამოქმედება აუცილებელია მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას. მოსწავლემ შესაძლოა იცოდეს ამოცანის ამოხსნის გზა, მაგრამ შფოთვის გამო ვერ შეძლოს ცოდნის გამოყენება და ჩამოუყალიბდეს მცდარი წარმოდგენა: „მე მათემატიკას ვერ ვისწავლი“.

ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს მათემატიკური ნიჭი არ აქვს.

ამრიგად, მოსწავლემ შესაძლოა იცოდეს მასალა, მაგრამ შფოთვის გამო:

  • უჭირდეს აზროვნება და ყურადღების კონცენტრირება;
  • ეშინოდეს შეცდომის დაშვების;
  • უარს ამბობდეს ამოცანის ამოხსნაზე;
  • ჰქონდეს განცდა: „მე მათემატიკას ვერ ვისწავლი“.
  • გამოცდის ან დაფასთან გასვლის დროს ვერ შეძლოს ცოდნის სრულფასოვნად გამოვლენა.

მათემატიკური სირთულე გულისხმობს, რომ მოსწავლეს უჭირს კონკრეტული საკითხის გაგება, ხოლო მათემატიკური შფოთვა არის ემოციური რეაქცია, რომელიც თავად სწავლის პროცესს ართულებს. ის უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ყურადღებაზე, თვითრწმენასა და აკადემიურ მიღწევებზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეს შესაძლოა მათემატიკის შესწავლისთვის საჭირო გონებრივი უნარები ჰქონდეს.

 

მათემატიკური შფოთვის მიზეზებია:

  • წარუმატებლობის შიში;
  • რთული ამოცანების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება;
  • მასწავლებლის ან მშობლის მიერ შექმნილი წესები;
  • ნეგატიური გამოცდილება;
  • თანატოლებთან შედარება.

 

მათემატიკური შფოთვის გავლენა მოსწავლეზე:

  • აკადემიური შედეგების გაუარესება;
  • მოტივაციის დაქვეითება;
  • დაბალი თვითრწმენა;
  • შეცდომის დაშვების შიში.

 

პრაქტიკამ დამანახა, რომ მოსწავლის წარმატება მხოლოდ საგნობრივ ცოდნაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც მოზარდი სწავლობს, სვამს კითხვებს, უშვებს შეცდომებს და ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

მათემატიკური შფოთვა სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ზოგიერთი მოსწავლე თავს არიდებს დაფასთან გასვლას, ზოგიერთს ეშინია პასუხის გაცემის, ზოგი კი ამოცანის წაკითხვისთანავე ამბობს: „მე ამას ვერ გავაკეთებ“. მდგომარეობა განსაკუთრებით რთულდება, როდესაც მოსწავლე თავს ადარებს თანატოლებს და ასკვნის, რომ სხვები მასზე უკეთესად სწავლობენ. ასეთ დროს ის ხშირად ყურადღებას ამახვილებს არა ამოცანის ამოხსნის გზაზე, არამედ შესაძლო შეცდომაზე, რომლის შიშიც ხელს უშლის ლოგიკურ აზროვნებაში, კონცენტრაციასა და ცოდნის გამოყენებაში.

 

მასწავლებლის როლი:

  • უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა;
  • შეცდომის აღქმა სასწავლო პროცესის ნაწილად;
  • ინდივიდუალური მიდგომა;
  • თამაშები, პრაქტიკული ამოცანები და ტექნოლოგიები;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება’

 

ეფექტური პედაგოგიური მიდგომები:

  • პირველი – შეცდომისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ შეცდომა სწავლის პროცესის ნაწილია.
  • მეორე – მარტივიდან რთულისკენ სწავლება. თავდაპირველი წარმატება ზრდის მოსწავლის თავდაჯერებას და აადვილებს შიშის დაძლევას.
  • მესამე – წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა. თანამშრომლობითი სწავლა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი მოსაზრება თანატოლებთან ერთად განიხილონ, რაც ასევე უწყობს ხელს პასუხის გაცემის შიშის დაძლევას.
  • მეოთხე – მათემატიკის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან. როცა მოსწავლე ხედავს, რომ მათემატიკა მხოლოდ ფორმულებისა და წესების ერთობლიობა არ არის და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენება, საგნის მიმართ დამოკიდებულებაც ეცვლება.
  • მეხუთე – თამაშისა და სიმულაციების გამოყენება. თამაშის ელემენტების შემოტანა ხელს უწყობს უფრო საინტერესო და ნაკლებად სტრესული გარემოს შექმნას, ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას.
  • მეექვსე – ხელოვნური ინტელექტის მიზნობრივი გამოყენება და მოსწავლის მცირე წარმატებების აღნიშვნა. AI ინსტრუმენტები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც უსაფრთხო, ინდივიდუალური ასისტენტები. მასწავლებლის მიერ თუნდაც მცირე პროგრესის შემჩნევა და პოზიტიური უკუკავშირი მოსწავლეს საკუთარი ძალების რწმენას უბრუნებს.

 

მათემატიკური შფოთვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც მასწავლებელი ყოველდღე ეჯახება, მაგრამ ის არ წარმოადგენს მოსწავლის მუდმივ და შეუცვლელ მდგომარეობას. სწორი პედაგოგიური მიდგომით, მხარდაჭერით და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნით მოსწავლეს თანდათან დავაძლევინებთ მათემატიკის მიმართ შიშს და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას დავუბრუნებთ.

ჯამში, მათემატიკის სწავლებისას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება არა მშრალი და სწორი პასუხის მიღებას, არამედ მოსწავლეებისთვის იმის ჩვენებას, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, კვლევა, ექსპერიმენტირება და წარმატების მიღწევა. მათემატიკური შფოთვის დაძლევისკენ გადადმული პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი სწორედ მოსწავლისთვის პოზიტიური თვითაღქმის „მე შემიძლია“ ფორმირებაა.

მათემატიკური შფოთვის დაძლევა ერთ დღეში არ ხდება, ეს ხანგრძლივი და თანმიმდევრული პროცესია. კვლევების თანახმად, მის შესამცირებლად საგანმანათლებლო სტრატეგიებთან ერთად ფსიქოლოგიურიც უნდა იქნეს გამოყენებული, თუმცა ცხადია, რომ როდესაც კლასში ემოციური ფონი უსაფრთხოა და მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდება, აკადემიური მაჩვენებლები უმჯობესდება და საგნის მიმართ ინტერესიც იზრდება.

გამოყენებული ელექტრონული რესურსები:

  1. https://www.apa.org/topics/anxiety/helping-kids-manage-math-anxiety
  2. https://www.nationalnumeracy.org.uk/what-issue/about-maths-anxiety
  3. https://www.cne.psychol.cam.ac.uk/what-is-mathematics-anxiety

4.https://www.education.vic.gov.au/Documents/school/teachers/teachingresources/discipline/maths/MTT_Mathematics_Anxiety.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“