ნაწილი I
სტატია განკუთვნილია სასკოლო საზოგადოებებისთვის, რომლებიც ემზადებიან ავტორიზაციის პროცესისთვის და ესაჭიროებათ რჩევებისა და სასარგებლო ბმულებისგან შედგენილი გზამკვლევი.
სტატიის პირველი ნაწილი ეხმიანება – ავტორიზაციის სტანდარტების პირველ თემას, რაც გულისხმობს იმ კრიტერიუმების ერთობლიობას, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის ფილოსოფია, (სკოლის ფილოსოფია არის სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების მთლიანობა) შესაბამისად, ქვემოთ მოცემული სამი ზოგადი რჩევა და სტატიის ბოლოს თანდართული სასარგებლო ბმულები ვიმედოვნებ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლას პირველი სტანდარტის ფარგლებში მოქცეული თითოეული კომპონენტისა და კრიტერიუმის გააზრებასა და დაკმაყოფილებაში.
- საგანმანათლებლოსივრცესა და საზოგადოებაში სკოლის მიერ საკუთარი ადგილის გააზრება
სკოლა, როგორც ორგანიზაცია, რომლის უმთავრესი მიზანია, თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური ზრდის მხარდაჭერა, უნდა იყოს სტაბილური და მუდმივად განვითარებადი ინსტიტუცია, შესაბამისად, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ის ფუნდამენტური მისია, რომელსაც სასკოლო საზოგადოება ყოველდღიური საქმიანობით აღწევს.
სწორედ სკოლის მიერ, საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის გააზრება უნდა იყოს სკოლის მისია.
სკოლის მისია უნდა გვცემდეს ნათელ პასუხს კითხვაზე: რა არის სკოლის შექმნისა და მისი ყოველდღიური ღვაწლის მთავარი მიზანი? ამასთან, მისია უნდა იყოს ერთდროულად მიღწევადიც და ამბიციურიც.
ორგანიზაციის მისიის ფორმულირების კარგ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ: Google-ის მისია – „ჩვენი მისიაა ორგანიზება გავუკეთოთ მსოფლიოში არსებულ ინფორმაციას და გავხადოთ ის ხელმისაწვდომი და სასარგებლო“ (იხ. თანდართული ბმული).
Google-ის მისიის აგების ფორმულა შემდეგნაირად შეგვიძლია გავიაზროთ:
ფორმულა: ჩვენ გვჯერა X-ის (საჭიროა ორგანიზება გავუკეთოთ მსოფლიოში არსებულ ინფორმაციას) ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ Y (შევქმნათ სისტემა/სივრცე, სადაც მოხდება მსოფლიოში არსებული ინფორმაციის ორგანიზება), სადაც მოხდება Z (ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი და სასარგებლო).
მისიის შექმნისა და ფორმულირების პროცესში მნიშვნელოვანია:
(ა) თავიდან ავირიდოთ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან თანხვედრა/კოპირება;
(ბ) არ ჩავწეროთ ის, რაც ისედაც ევალება სკოლას შესაბამისი სტანდარტით.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი სკოლის მისიის შექმნის პროცესში სასკოლო საზოგადოების სრული ჩართულობის ორგანიზებაა.
სკოლის ფილოსოფიის შემდეგი კომპონენტი გახლავთ სკოლის განვითარების ხედვა, ანუ მოკლე განაცხადი, რომელიც ასახავს ორგანიზაციის განვითარების საშუალოვადიან, გრძელვადიან მიზნებს. როგორც წესი, ხედვა მოიაზრებს სკოლის 7–15-წლიანი განვითარების პერსპექტივას და როდესაც, ჩვენ ვეცნობით სკოლის ხედვას, ვიგებთ/უნდა ვიგებდეთ, როგორ ხედავს ორგანიზაცია საკუთარ თავს 7 – 15 წლის შემდგომ.
მაგ: 2035 წლისთვის ჩვენი გამორჩეული უნარი იქნება, მოვახდინოთ მსოფლიო დონის კვლევების, საგანმანათლებლო სერვისების და გაცვლითი პროგრამების ინტეგრირება ჩვენს სკოლაში, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს 50 წარმატებული სკოლის რეიტინგულ სიაში.
ფორმულა: ჩვენი მიზანია X დროის შემდეგ (2035 წლისთვის) ვიყოთ Y შესაძლებლობების (გამორჩეული უნარი იქნება, მოვახდინოთ მსოფლიო დონის კვლევების, საგანმანათლებლო სერვისების და გაცვლითი პროგრამების ინტეგრირება ჩვენს სკოლაში) მქონე სკოლა, რომელიც მიაღწევს Z შედეგებს (დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს 50 წარმატებული სკოლის რეიტინგულ სიაში).
ჩვენი სკოლის ხედვაზე მუშაობის/ფორმულირების პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი:
ა. ხედვას შეეძლოს სასკოლო საზოგადოების კონსოლიდირება და შთაგონება;
ბ. ხედვაში იკვეთებოდეს განსხვავება არსებულსა და სასურველ/მისაღწევ რეალობას შორის;
გ. ხედვა ფორმულირებული იყოს ნათლად და ლაკონიურად;
დ. ხედვა სტრატეგიული განვითარების გეგმის საფუძველს წარმოადგენს;
ე. ხედვა უნდა მოიცავს წარმატების გაზომვის ნიშნულს (მაგ: მსოფლიოს მასშტაბით 50 წარმატებული/საუკეთესო სკოლის სიაში ადგილის დამკვიდრება 2035 წლისთვის);
სკოლის ფილოსოფიის შემდეგი კომპონენტია ღირებულებები, ანუ ის ძირითადი პრინციპები, რომელთა ყოველდღიური სწავლა-სწავლების პროცესში გაცოცხლებითაც სკოლა გეგმავს მისიაში გაცხადებული მიზნების მიღწევას. როგორც წესი, სასკოლო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს 5 – 7 ღირებულება, რომელიც არის სასკოლო კულტურის ნაწილი, შესაბამისად აღიარებს და ეყრდნობა მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.
ფორმულა: მისიის მიღწევას ვგეგმავთ A, B, C ღირებულებების ყოველდღიურ პრაქტიკაში განხორციელებით.
სკოლის ფილოსოფია ანუ მისია, ხედვა და ღირებულებები უნდა იყოს საჯაროდ გამოქვეყნებული სკოლის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე, ამასთან, ის უნდა ჟღერდებოდეს სასკოლო ღონისძიებებზე, სასურველია შესაბამისი ბანერის დამზადება და თვალსაჩინო ადგილზე, სკოლის სივრცეში განთავსება.
- სკოლის მიერ დაგეგმვის პრაქტიკა
აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ავტორიზაციის პროცესი, როგორც გარე კონტროლის მექანიზმი, ამოწმებს (და შესაბამის რჩევებსა და რეკომენდაციებს გასცემს კონკრეტული სკოლისათვის კონკრეტულ დროით მონაკვეთში სამუშაოდ) რამდენად შეუძლია სკოლას, როგორც ორგანიზაციას, მართოს საკუთარი თავი, პროცესები, რომლებსაც ახორციელებს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორ, რა მექანიზმებით ახერხებს სკოლა დაგეგმოს, განახორციელოს, გასწიოს მონიტორინგი და შედეგები ასახოს ეფექტიანად, პროცესის გამართვისა და პროდუქტიულობის ზრდისთვის.
სწორედ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით სარგებლიანია, სკოლა პროცესებს წარმართავდეს დემინგის, PDCA ციკლის გამოყენებით, რაც დაგეგმვის, განხორციელების, შეფასებისა და გადახედვის ეტაპების ციკლურობას გვთავაზობს.
“Plan” დაგეგმვის ეტაპი გულისხმობს პროცესების აღწერას, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას;
„Do” განხორციელების ეტაპი – მოქმედებას, გეგმის შესაბამისად;
„Check” შეფასება – გვეხმარება დავინახოთ, მისდევს თუ არა მიმდინარე პროცესი იმ გეგმას, რომელიც განვსაზღვრეთ;
„Act” გადახედვა – მოითხოვს შეფასების პროცესის შედეგად მიღებული უკუკავშირების გათვალისწინებას და მათ ეფექტიანად ასახვას გეგმაში (საჭიროებისამებრ გეგმის მოდიფიცირებას).
- სკოლაში სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის მოქმედება
სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა წარმოადგენს გზას სკოლის ამჟამინდელ და სასურველ შედეგს შორის.
სტრატეგიულ გეგმაში ნათლად და მკაფიოდ, მისიასთან შესაბამისად, უნდა იყოს განსაზღვრული სკოლის მიზნები და ამოცანები.
სკოლის სამოქმედო გეგმა 1-წლიანია, მასში სტრატეგიული გეგმის შესაბამისად არის გაწერილი კონკრეტული მიზნები, ამოცანები, აქტივობები – რომელთა შესრულებისთვისაც განსაზღვრულია დროის მონაკვეთი და პასუხისმგებელი პირი/პირები.
სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები მტკიცდება, თუმცა მათი გასაჯაროება არ არის სავალდებულო. რაც შეეხება სამოქმედო გეგმის წლიურ ანგარიშს, ეს საჯარო დოკუმენტია და სკოლამ უნდა უზრუნველყოს მისი, საკუთარ ვებ- და სოცგვერდებზე განთავსება.
ცხადია, როგორც სტრატეგიული, ისე სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონიტორინგის პროცესის ეფექტიანად განხორციელებას. ამ მიმართულებით, განსაზღვრული უნდა იყოს: მონიტორინგის შინაარსობრივი მხარე, პროცედურები და სიხშირე.
(ა) მონიტორინგის სიხშირე სტრატეგიული გეგმის შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად:
ყოველი წლის ბოლოს, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ.
(ბ) მონიტორინგის სიხშირე სამოქმედო გეგმის შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად:
ყოველი თვის ბოლოს, სამ თვეში ერთხელ, ექვს თვეში ერთხელ, წლის ბოლოს.
როგორ მოვახდინოთ მონიტორინგის პროცესის ეფექტიანად წარმართვა?
ამისთვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ინსტრუმენტი: მოვითხოვოთ ანგარიში, დაგეგმილ-ჩატარებული შეხვედრების ოქმი, შევქმნათ ელ. სივრცე, სადაც ნათლად იქნება გაწერილი ყველა მიზნის/ამოცანის/აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები და შესაბამისი დროის მონაკვეთი; ამოცანის/მიზნის/აქტივობის წარმატებულად განხორციელების გაზომვადი ინდიკატორები.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონიტორინგის შედეგების გაანალიზებასა და შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვაზეა დამოკიდებული როგორ განხორციელდება სკოლის სამოქმედო და სტრატეგიული გეგმები.
რაც შეეხება ცვლილებებს აღნიშნულ გეგმებში, რა თქმა უნდა, ცვლილებები შესაძლებელია და საჭიროც, ოღონდ ცვლილებას/ცვლილებებს წონადი არგუმენტი/არგუმენტები უნდა განაპირობებდეს, მაგ: ცვლილება კანონმდებლობაში, ახალი გამოწვევები (მათ შორის ჩვენგან დამოუკიდებელი გამოწვევები, როგორიც იყო პანდემია) მონიტორინგის პროცესის შედეგები და ა.შ. აუცილებელია სკოლას გაწერილი ჰქონდეს, ის გზა რომლითაც, საჭიროებისამებრ შეიტანს ცვლილებებს გეგმაში.
სასარგებლო ბმულები:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=SRq8I7basLY
სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=OOEayAu78wM
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=SP8k4wRcFcg
სკოლის მართვის თანამედროვე მეთოდები, PDCA ციკლის გამოყენების გზა იხ. ბმული
https://www.youtube.com/watch?v=KgMg6MK3AZQ&t=50s


