თანამედროვე სკოლამდელი განათლების რეფორმა ბავშვს ხედავს, როგორც აქტიურ მკვლევარს, რომელიც საკუთარი გამოცდილებით, კვლევითა და აღმოჩენებით ქმნის ცოდნას. ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაში“ ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპს, სასწავლო პროცესის დაგეგმვა აღარ ხდება წინასწარ განსაზღვრული ხისტი თემატური კალენდრით; პირიქით, იგი პროფესიული დაკვირვების საფუძველზე, ბავშვის ინტერესებისა და ყოველდღიური გამოცდილების გარშემო იგეგმება.
წარმოგიდგენთ პროექტს „წისქვილი“, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული კურიკულუმის პრაქტიკული რეალიზაციის თვალსაჩინო მაგალითს. პროექტი განკუთვნილია 4-6 წლის ბავშვებისთვის და მისი მიზანია, პრაქტიკული გამოცდილებით (ვიზიტები წისქვილსა და საცხობში) შეასწავლოს მათ წისქვილის დანიშნულება და მიზნად ისახავს ბავშვის დაკავშირებას ბუნებასთან (მარცვალი), ტექნოლოგიასთან (წისქვილი) და ტრადიციასთან (თონე). პროექტი „წისქვილი“ საშუალებას აძლევს ბავშვებს, ვიზიტებითა და ექსპერიმენტებით (მაგალითად, წისქვილის ბორბლის დამზადებით) შეისწავლონ მარცვლეულის „ჯადოსნური“ გარდასახვა. ეს არ არის მხოლოდ იზოლირებული ინფორმაციის მიწოდება; ეს არის ჰოლისტური განვითარების პროცესი, სადაც ყველა ბავშვის ჩართულობა და მათი ინდივიდუალიზაციის გათვალისწინებაა შესაძლებელი. ბავშვები ერთდროულად ივითარებენ კვლევის, თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. გარდა ამისა, მსგავსი პროექტები ქმნიან ბუნებრივ ხიდს ბაღიდან სკოლამდე, რადგან სწავლა ეფუძნება რეალურ გამოცდილებას და ბავშვის აქტიურ მონაწილეობას.
სტატიაში დეტალურად არის აღწერილი პროექტის განხორციელების სამივე ფაზა:
- დაგეგმვა და საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება, სადაც ბავშვები თავად განსაზღვრავენ, რა აინტერესებთ წისქვილისა და ფქვილის შესახებ;
- კვლევა და აქტიური თამაში, რაც მოიცავს ვიზიტებს წისქვილში, ინტერვიუებს მეწისქვილესთან და სიმულაციური „საცხობის“ მოწყობას ჯგუფში;
- შეჯამება და შედეგების გაზიარება, რაც გულისხმობს „პურის ფესტივალის“ მოწყობას, ოჯახური რეცეპტების წიგნის შექმნასა და ერთობლივ რეფლექსიას.
პროექტი სარეკომენდაციო სახისაა და ნებისმიერ აღმზრდელ-პედაგოგს აქვს შესაძლებლობა თავიანთი ჯგუფის აღსაზრდელების ინიციატივებსა და საჭიროებებს მოარგოს.
პროექტის სახელწოდება: წისქვილი
ასაკობრივი ჯგუფი: 4-6 წელი
პროექტის მიზანი: ბავშვებმა პრაქტიკული გამოცდილებით (ვიზიტი წისქვილსა და საცხობში) შეისწავლონ წისქვილის დანიშნულება, მარცვლეულის ფქვილად ქცევის, ცომის მოზელისა და პურის/მჭადის გამოცხობის პროცესი; განივითარონ თანამშრომლობისა და კვლევის უნარები.
პროექტის ხანგრძლივობა, დაახლოებით 7–10 დღე
პროექტის სამი ფაზა
| 1. პროექტის საკითხის შერჩევა, საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება და დაგეგმვა | 2. კვლევა | 3. შეჯამება, შედეგების გაზიარება და რეფლექსია |
|
რეკომენდაცია აღმზრდელ-პედაგოგებს: თუ ბავშვები ინტერესდებიან, როგორ ცხვება პური, როგორ იზრდება მარცვალი, რა გზას გადის იგი სანამ პროდუქტის სახით მოგვეწოდება, მაშინ შესაძლებელია ეს იდეა პროექტის წინაპირობა გახდეს. პროექტი იწყება ბავშვებზე დაკვირვებითა და ყოველდღიური გამოცდილებით; საყვარელი/ძირითადი საკვებით, პურითა და მჭადით, რომელსაც ისინი საკვებად მიირთმევენ. რადგან თანამედროვე ბავშვებისთვის პროდუქტის წარმოების პროცესი ხშირად უცნობია, მნიშვნელოვანია მისი დაკავშირება ბუნებასთან (მარცვალი), ტექნოლოგიასთან (წისქვილი) და ტრადიციასთან (თონე).
საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება ბავშვებთან ერთად — წისქვილი და თონე დილით, საუზმისას, რა გხვდება სუფრაზე? · როგორი სუნი, გემო აქვს ახლად გამომცხვარ ცხელ პურს? · რა ვიცით პურისა და ფქვილის შესახებ? როგორ ფიქრობ, საიდან ჩნდება ფქვილი? ის ხეზე იზრდება, მიწაშია დამალული თუ ბუჩქზე ასხია? · რა განსხვავებაა თეთრ ფქვილს, რუხსა და ყვითელ ფქვილს შორის, როცა ხელს შეახებ ან დაყნოსავ? რა ვიცით წისქვილის შესახებ? გინახავს თუ არა წისქვილი? როგორ ფიქრობ, რატომ სჭირდება მას დიდი ქვები, წყლის ბორბალი ან ელექტროენერგია? · როგორ ხდება, რომ მშრალი, ფხვნილისებრი ფქვილი და თხევადი წყალი ერთმანეთში არევისას წებოვანი, რბილი ცომი ხდება? · რატომ ეწებება პური თონის ცხელ კედლებს და რატომ არ ვარდება დაბლა ცეცხლში? გახსოვთ ზღაპარი „კოკროჭინა“ , რომელიც მარცვალს თესავდა, წისქვილში მიჰქონდა და პურს აცხობდა? ვინ ეხმარებოდა მას? · თუ შენ იქნებოდი მეწისქვილე, რა ჯადოსნურ სახელს დაარქმევდი შენს წისქვილს?
რეკომენდაცია აღმზრდელ-პედაგოგებს: აღნიშნულ შეკითხვებზე ბავშვებისგან მიღებული პასუხები განათავსეთ დაფაზე ან ფლიფჩართზე. მასწავლებელი ავსებს გონებრივ რუკას „პური-მჭადი“.
დაგეგმვის რუკის ცვლილება შესაძლებელია პროექტის მიმდინარეობისას. მაგალითად, ბავშვებმა შეიძლება მოითხოვონ „პურების“ გამოძერწვა ან მარცვლების დახარისხება ფერების მიხედვით. მასწავლებელი აცნობს ბავშვებს ქართული ხორბლის ჯიშებს. (იხ.დანართი 1) და აცნობს სხვადასხვა წისქვილს: ქარის, ელექტრო, წყლის.. (იხ. დანართი 2) გონებრივი რუკის განხილვის შემდეგ ბავშვებთან ერთად შემუშავდება გეგმა:
წისქვილსა თუ თონეში ვიზიტის დაგეგმვის რეკომენდაციები
|
II ფაზა: კვლევა და აქტიური თამაში
შესაძლებელია ბავშვებს შევთავაზოთ: 1.ექსპერიმენტი – წისქვილის ბორბლის დამზადება (იხ.დანართი 3) ან ბუნებრივი საფუვრის დამზადება (იხ.დანართი 4). ეს ფაზა მოიცავს გასვლით აქტივობასა და პრაქტიკულ მუშაობას.
1. ვიზიტი წისქვილში/საცხობში/თონეში:
დაკვირვება, როგორ ბრუნავს წისქვილის ქვა და როგორ გამოდის ფქვილი.
თონის დათვალიერება: როგორ ეწებება პური კედლებს.
ინტერვიუ მეწისქვილესთან ან მეპურესთან (ბავშვები სვამენ კითხვებს). ü მარცვლეულის დაფქვისას, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ იცვლის მარცვალი ფორმას და ხდება ფხვნილი (ფქვილი). ü თუ შესაძლებელია, მიეცით საშუალება ბავშვებს თავად ჩაყარონ მარცვალი წისქვილში (უფროსის ზედამხედველობით). ü წაახალისეთ „უცნაური“ კითხვები, მაგ: „რატომ აქვს ფქვილს თეთრი ფერი, თუ ხორბალი ყავისფერია?“. ü ჰკითხეთ ბავშვებს რა იყო მათთვის საინტერესო, უცნაური.
2. სიმულაციური სივრცეების მოწყობა ჯგუფსა და ეზოში:
სიმულაციური „საცხობის“ მოწყობა.
საჭირო მასალები: ფქვილი, ტომარა, საცერი, წინსაფრები, ცომის საზელი ჯამები, სათამაშო ღუმელი, თონე, სიმინდისა და ხორბლის თავთავები.ერთობლივი გამოცხობა და პროცესზე დაკვირვება (როგორ ფუვდება ცომი).
სიმულაციური „პურ-ფუნთუშეულის“მაღაზიის მოწყობა. საჭირო მასალები: თეჯირი-დახლი, პურისა და ფუნთუშეულის ნაირსახეობა, კალათები, გამყიდველის სამოსი, სალარო, ფასები, ფულის კუპიურები… 3. სიმულაციური „წისქვილის“ და „თონის“ მაკეტების დამზადება. რესურსები: დიდი მუყაოები, წებოვანი ლენტი, მარკერი, სახაზავი, მაკრატელი და ა.შ.
4. ეზოში ტალახის სამზარეულოს მოწყობა: სხვადასვა ჭურჭელი: თასები, ჯამები, საცერი, ღუმელი, თონე და ა.შ. ასეთ მაპროვოცირებელ გარემოში ბავშვები თავისუფლებას მისცემენ შემოქმედებითობას და თავად აირჩევენ რა, სად და როგორ ითამაშონ.
|
III ფაზა: შეჯამება, შედეგების გაზიარება და რეფლექსია
შედეგების გაზიარება:
„პურის ფესტივალი“ – ბავშვები მასპინძლობენ სხვა ჯგუფებს ან მშობლებს თავიანთი გამომცხვარი მჭადითა და პურის სახეობებით (ლავაში, შოთი, საფუვრიანი პური, პური მარცვლეულით, პური ქიშმიშით და ა.შ.).
მშობელთა ჩართულობა: ოჯახური რეცეპტების წიგნი: მშობლები ბავშვებთან ერთად იკვლევენ ოჯახში პურისა თუ მჭადის გამოცხობის ტრადიციებს, წერენ ან ხატავენ თავიანთ „საიდუმლო რეცეპტს“ და ფოტოებს ურთავენ ჯგუფურ კოლექციას. ერთობლივი კულინარიული ვორქშოპი: მშობლები ეხმარებიან ბავშვებს ცომის მოზელაში, უზიარებენ პურის ცხობის ტრადიციულ ხერხებს (მაგ. შოთის, ლავაშის, კატლეტისებრი მჭადების გამოძერწვა). საოჯახო რელიკვიები და ისტორიები: მშობლებს საბავშვო ბაღში/სკოლაში მოაქვთ ძველი საოჯახო ნივთები (ხის ვარცლი, ხელსაფქვავი, პურის ჩასაკრავი, პურის შესანახი ტილოს ტომსიკა, ძველი წისქვილის ფოტოები…) და ბავშვებს უყვებიან თავიანთი პაპა-ბებიების გამოცდილებაზე. პურის ფესტივალი და გამოფენა ბავშვები და მშობლები ერთობლივად მასპინძლობენ სხვა ჯგუფებს, თემსა თუ სტუმრებს. სუფრაზე წარმოდგენილია ბავშვების მიერ მშობლებთან ერთად მომზადებული პურპროდუქტების მრავალფეროვნება: შოთი, ლავაში, ტრადიციული მჭადი, საფუვრიანი პური, მარცვლოვანი პური, ტკბილი პური ქიშმიშით, მჭადი და სხვა. ბავშვები ირგებენ „პატარა მეპურისა“ და „მეწისქვილის“ როლებს და სტუმრებს თავად უხსნიან პურის გზას ყანა-წისქვილი-თონის ჯაჭვში. ფოტოგამოფენა: ჩვენი მოგზაურობა წისქვილში: ფოტოკოლაჟი, სადაც ასახულია ბავშვების ემოციები წისქვილში ვიზიტისას, ფქვილის შეგრძნებისას და ცომის მოზელის პროცესში. გამოფენას თან ახლავს ბავშვების მიერ დახატული ჯადოსნური წისქვილები და მარილიანი ცომისგან გამოძერწილი პურის ფიგურები. რეფლექსია (კითხვები ბავშვებისთვის):
· როგორ იგრძენით თავი, როცა ცომს ზელდით?
· რა იყო ყველაზე რთული პურის გამოცხობისას?
· რომელი როლი უფრო მოგეწონათ – მეწისქვილის თუ მეპურის?
რეფლექსია მშობლებისათვის (კითხვები ან უკუკავშირის ბარათები მშობლებისათვის) აღმზრდელ-პედაგოგების რეფლექსია: რამდენად გამართლდა მოლოდინები, რა გამომწვევებს წააწყდნენ პროექტის პროცესისას, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რა შედეგები მიიღეს, რამ გაამართლა-რამ არა, რას გაითვალისწინებენ სამომავლოდ და ა.შ. |
დანართები:
დანართი №1: ქართული ხორბლის საგანძური
(მასწავლებლისთვის: გამოიყენეთ ეს ინფორმაცია ხორბლისა და ფქვილის სახეობების შედარებისას)
საქართველო ხორბლის სამშობლოდ ითვლება. ჩვენთან ხორბლის არაერთი უნიკალური ჯიში არსებობს, რომლებსაც ბავშვებს „პურის ოჯახის წევრებად“ წარვუდგენთ:
- ზანდური: ერთ-ერთი უძველესი ქართული ხორბალი. იგი ძალიან გამძლეა და „ჯანმრთელ პურს“ იძლევა. ბავშვებს ვეტყვით, რომ ის „პურის პაპაა“.
- დოლის პური: ყველაზე გავრცელებული ქართული ხორბალი. მისგან ცხვება ნამდვილი, არომატული ქართული პური. მას წითური ფერი დაჰკრავს, ამიტომ ბავშვებთან შეგვიძლია „წითური პური“ ვუწოდოთ.
- დიკა: ეს ხორბალი მთაში იზრდება. იგი ძალიან სწრაფად მწიფდება. ბავშვებს ავუხსნათ, რომ დიკა „მოხერხებული“ ხორბალია, რადგან მოკლე ზაფხულშიც ასწრებს გაზრდას.
- მახა: დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ჯიში. მას განსაკუთრებული გემო აქვს და მდიდარია ვიტამინებით.
დანართი №2: წისქვილები – სამი ძმა
(მასწავლებლისთვის: გამოიყენეთ ეს ინფორმაცია იმის ასახსნელად, თუ როგორ ეხმარება ბუნება და ტექნოლოგია ადამიანს)
იმისათვის, რომ მძიმე წისქვილის ქვა დატრიალდეს და მარცვალი დაფქვას, მას სჭირდება ძალა (ენერგია). ეს ძალა სხვადასხვაგვარია:
- წყლის წისქვილი (ბუნების ძალა)
ეს წისქვილი მდინარის პირას შენდება.
- როგორ მუშაობს: მდინარის წყალი ეცემა დიდ ხის ბორბალს, ატრიალებს მას, ბორბალი კი ატრიალებს ქვას.
- ბავშვებისთვის: „მდინარე ეხმარება მეწისქვილეს, რომ პური გამოაცხოს“.
- ქარის წისქვილი (ჰაერის ძალა)
ასეთი წისქვილები მაღალ ადგილებში შენდება, სადაც ხშირად ქარია.
- როგორ მუშაობს: ქარი აწვება წისქვილის დიდ „ფრთებს“, ატრიალებს მათ, რაც შემდეგ ქვას მოძრაობაში მოჰყავს.
- ბავშვებისთვის: „ქარი უბერავს წისქვილის ფრთებს და აცეკვებს წისქვილის ქვას“.
- ელექტროწისქვილი (თანამედროვე ძალა)
ეს წისქვილი ყველაზე სწრაფია და მას წყალი ან ქარი არ სჭირდება.
- როგორ მუშაობს: ის მუშაობს დენზე (ელექტროენერგიაზე), ისევე როგორც სახლში მიქსერი ან მტვერსასრუტი.
- ბავშვებისთვის: „ეს წისქვილი ძალიან ჩქარია, მას ღილაკზე თითის დაჭერით ვრთავთ“.
დანართი №3: ექსპერიმენტი – „ჩვენი პატარა წისქვილი“
(ინსტრუქცია მასწავლებლისთვის: წისქვილის ბორბლის დამზადება ბავშვებს ეხმარება მექანიკური ენერგიის აღქმაში)
საჭირო მასალა:
- სქელი მუყაო ან პლასტმასის თეფში (ბორბლის ფუძისთვის)
- პლასტმასის ერთჯერადი კოვზები (6-8 ცალი) – ეს იქნება წისქვილის „ფრთები“
- ხის გრძელი ჩხირი (შამფური ან ფანქარი) – ბორბლის ღერძისთვის
- წებო (ცხელი წებო ან პლასტილინი).
დამზადების ეტაპები:
- მუყაოსგან გამოჭერით წრე და ცენტრში გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი.
- წრის გარშემო, თანაბარ მანძილზე, დაამაგრეთ კოვზები ისე, რომ მათი ჩაღრმავებული მხარე ერთი მიმართულებით იყურებოდეს.
- ცენტრში გაუყარეთ ხის ჩხირი.
- ცდა: დააჭერინეთ ბავშვებს ჩხირის ბოლოები და კოვზებს დაასხით წყლის ჭავლი (ან დაუბერეთ თმის საშრობით, თუ ქარის წისქვილს აკეთებთ). ბორბალი ამუშავდება!
დანართი №4: ბუნებრივი საფუვრის („პურის დედა“) დამზადება (აღმზრდელ-პედაგოგისთვის: ეს არის გრძელვადიანი კვლევა, რომელიც ბავშვებს ყურადღების კონცენტრირებასა და დაკვირვებას ასწავლის)
ბუნებრივი საფუარი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ჰაერში და ფქვილში არსებული ბაქტერიებისგან იქმნება.
საჭირო მასალა:
- მინის ქილა
- ხორბლის ან ჭვავის ფქვილი
- თბილი წყალი.
პროცესი (ეტაპობრივი):
- დღე 1: ქილაში აურიეთ 2 კოვზი ფქვილი და 2 კოვზი თბილი წყალი. მასა უნდა ჰგავდეს სქელ არაჟანს. დააფარეთ მარლა და დადგით თბილ ადგილას.
- დღე 2: დააკვირდით – შეიძლება გაჩნდეს პატარა ბუშტუკები. დაამატეთ კიდევ 1 კოვზი ფქვილი და 1 კოვზი წყალი („გამოკვება“).
- დღე 3-5: ყოველდღე დაამატეთ ცოტა ფქვილი და წყალი. მასა დაიწყებს ამოსვლას, გახდება ფუმფულა და ექნება მომჟავო სუნი.
ბავშვებისთვის ასახსნელი ამბავი: „ეს არის ჯადოსნური ფაფა, რომელიც ჰაერიდან იჭერს პატარა, უხილავ ელფებს (ბაქტერიებს). როცა ეს ელფები მრავლდებიან, ისინი ბუშტუკებს უშვებენ და ჩვენს პურს მაღლა სწევენ, რომ ის რბილი და გემრიელი გამოვიდეს.
რეკომენდაცია აღმზრდელ-პედაგოგებს: ბავშვებს სთხოვეთ, ყოველ დილით შეამოწმონ ქილა, დააკვირდნენ და მარკერით მონიშნონ ქილაზე, თუ რა სიმაღლეზეა „პურის დედა“. ეს მათ გაზომვისა და მონაცემების აღრიცხვის უნარს განუვითარებს.
ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე სტატიაში გამოყენებულია ხობის მუნიციპალიტეტის ქ. ხობის N 2 საბავშვო ბაგა-ბაღის 4-5-წლიანთა ასაკობრივი ჯგუფში განხორციელებული პროექტის- „გზა ხორბლის მარცვლიდან პურამდე“- ფოტომასალა. აღმზრდელ-პედაგოგი: ქრისტინე პერტაია.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ადრეული განათლების კურიკულუმი „თამაში“, ნაწილი I (მეთოდური სახელმძღვანელო) და ნაწილი II (პრაქტიკული სახელმძღვანელო/სცენარები), 2020 წ. ავტორები: ხათუნა დოლიძე, თამარ ბაქრაძე, ნინო ჯიჯავაძე.
- Helm, J. H., & Katz, L. G. (2016). Young Investigators: The Project Approach in the Early Years. Teachers College Press — აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს პროექტული მიდგომის (Project Approach) მეთოდოლოგიურ საფუძველს.
- Dodge, D. T., Colker, L. J. & Heroman, C. (2007). The Creative Curriculum for Preschool. Teaching Strategies — შემოქმედებითი კურიკულუმის პრინციპებისათვის.
- ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი (2019). გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). ავტორები: ნინო ჯიჯავაძე, თამთა კუხალეიშვილი


