„ისეთი კარგი ბავშვია, არასდროს ხმაურობს, დავალებებსაც ასრულებს და გაკვეთილზე პრობლემას არ ქმნის“.
მასწავლებლის მხრივ ეს, ერთი შეხედვით, დადებითი შეფასებაა. საკლასო ოთახში, სადაც ყოველდღიურობაა ხმაური, კამათი, უყურადღებობა, დავალების შეუსრულებლობა და რთული ქცევა, მშვიდი მოსწავლე ის ბავშვია, რომლის არსებობაც დამატებით ძალისხმევას არ მოითხოვს.
მაგრამ ისმის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რას ნიშნავს სინამდვილეში ბავშვის სიმშვიდე?
ზოგი მოსწავლე ბუნებით მშვიდი და ნაკლებად კომუნიკაბელურია. მათ უბრალოდ არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, საუბარს მოსმენა ურჩევნიათ და კომფორტულად გრძნობენ თავს მაშინაც კი, როცა აქტიურად არ მონაწილეობენ დისკუსიაში.
ზოგჯერ კი „მშვიდი ბავშვი“ ნიშნავს ბავშვს, რომელიც ვერ ბედავს თავისი საჭიროებების გამოხატვას.
შესაძლოა, მასწავლებლის თვალში ყველაზე „ნაკლებპრობლემური“ მოსწავლე სწორედ ის ბავშვი იყოს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დაკვირვება.
ზოგჯერ ბავშვის პრობლემა სწორედ ის არის, რომ მისი პრობლემა არასდროს იქცევა საკლასო ოთახის პრობლემად.
მშვიდი მოსწავლე და ჩუმი მოსწავლე ერთი და იგივე არ არის. სასწავლო პროცესში მოსწავლის ქცევის შეფასებისას მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ტემპერამენტი, სიმშვიდე, მორცხვობა, ინტროვერსია და პასიურობა.
ბავშვი შეიძლება იყოს მშვიდი, მაგრამ ამავე დროს აქტიურად სწავლობდეს, ყურადღებით უსმენდეს მასწავლებელს, სვამდეს კითხვებს მაშინ, როდესაც ამის საჭიროებას ხედავს, ასრულებდეს დავალებებს და თანატოლებთან ურთიერთობდეს მისთვის კომფორტული გზით.
და ისიც შეიძლება, გარეგნულად მშვიდი იყოს, მაგრამ რეალურად – სასწავლო პროცესისგან დისტანცირებული.
მაგალითად, თუ მოსწავლე:
- არასდროს სვამს კითხვას, თუნდაც აშკარად უჭირდეს დავალების შესრულება;
- ყოველთვის ამბობს: „გავიგე“, მაგრამ მერე დავალებას ვერ ასრულებს;
- არ ითხოვს დახმარებას;
- უსამართლო მოპყრობასაც კი არ აპროტესტებს;
- თითქმის არასდროს გამოთქვამს აზრს;
- ჯგუფურ მუშაობაში ყოველთვის სხვებს უთმობს გადაწყვეტილების მიღების უფლებას;
- შეცდომის დაშვებისას ძალიან ღელავს;
- თვალს არიდებს მასწავლებელს, როდესაც კითხვა ისმის;
- თანატოლებთან ურთიერთობაში თითქმის არ ჩანს, –
მიზეზი შესაძლოა არა მისი მშვიდი ბუნება, არამედ საკუთარი საჭიროებების გამოხატვის სირთულე იყოს.
რატომ შეიძლება იყოს ბავშვი ზედმეტად ჩუმი?
ერთი მიზეზის დასახელება შეუძლებელია. ბავშვის ქცევაზე ერთდროულად მოქმედებს მისი პიროვნული თავისებურებები, ოჯახური გარემო, თანატოლებთან ურთიერთობა, სასწავლო გამოცდილება და სკოლის კულტურა.
- შეცდომის შიში
ზოგი ბავშვი ისეა ორიენტირებული „სწორი პასუხის“ გაცემაზე, რომ მცდარ პასუხს პასუხის უქონლობას ამჯობინებს. ხელის აწევა მისთვის ნიშნავს რისკს, შეცდეს და სხვების წინაშე თავი უხერხულად იგრძნოს. თუ მოსწავლეს ერთხელ ან რამდენჯერმე დასცინეს არასწორი პასუხის გამო, შესაძლოა, მომავალში აღარც ეცადოს პასუხის გაცემას. ასეთ დროს დუმილი თავის დაცვის სტრატეგია ხდება.
ბავშვი ფიქრობს:
„თუ არაფერს ვიტყვი, არც შემეშლება“.
ამიტომ კლასში სრული სიჩუმე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ყველა მოსწავლეს კარგად ესმის მასალა. ზოგჯერ ეს იმის ნიშანია, რომ ბავშვებს აქვთ პასუხი, მაგრამ არ არიან დარწმუნებული, რომ პასუხის გაცემა უსაფრთხოა.
- დაბალი აკადემიური თვითრწმენა
მოსწავლემ შესაძლოა დავალება ვერ შეასრულოს არა იმიტომ, რომ არ შეუძლია სწავლა, არამედ იმიტომ, რომ წინასწარ სჯერა: ვერ შეძლებს. თუ ბავშვი მუდმივად ადარებს საკუთარ თავს თანაკლასელებს და ხედავს, რომ სხვები უფრო სწრაფად პასუხობენ, შესაძლოა, თანდათან ჩამოუყალიბდეს განცდა:
„მე მაინც არ გამომივა.“
ასეთი მოსწავლე აღარ სვამს კითხვებს, აღარ ცდილობს პასუხის გაცემას და აღარ ითხოვს დამატებით ახსნას. მასწავლებლისთვის ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს როგორც „კარგი ქცევა“. სინამდვილეში კი ბავშვი სასწავლო პროცესში ჩართვის ნაცვლად თავის არიდების გზას ირჩევდეს.
- დახმარების თხოვნის სირთულე
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც სკოლა უნდა ავითარებდეს, არის დახმარების საჭიროების ამოცნობა და მისი თხოვნა. თუმცა ეს უნარი ყველა ბავშვს თანაბრად არ აქვს განვითარებული.
ზოგი მოსწავლე ფიქრობს, რომ დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანია.
ზოგს ეშინია, მასწავლებელი არ შეაწუხოს.
ზოგმა კი უბრალოდ არ იცის, როგორ უნდა თქვას: „ვერ გავიგე“.
ამიტომ მასწავლებლის „რატომ არ მკითხე?“ ყოველთვის სწორი რეაქცია არ არის. აქ უფრო მნიშვნელოვანია კითხვა:
„იყო თუ არა საკლასო ოთახში ისეთი გარემო, რომ მოსწავლეს თავისუფლად შესძლებოდა კითხვის დასმა?“
- თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები
ზედმეტი სიმშვიდე ზოგჯერ თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემასაც უკავშირდება. შესაძლოა, ბავშვი ფიზიკურად იმყოფებოდეს კლასში, მაგრამ სოციალური ჯგუფის სრულფასოვან წევრად თავს ვერ გრძნობდეს. მაგალითად, ჯგუფური დავალების დროს ის ყოველთვის ბოლო არჩევანია. შესვენებაზე მარტო რჩება. მის აზრს ხშირად უგულებელყოფენ. ამ შემთხვევაში ბავშვმა შესაძლოა თანდათან ისწავლოს, რომ უმჯობესია, არ ილაპარაკოს და ყურადღება არ მიიქციოს.
აქ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მხოლოდ ღია კონფლიქტი არ ეძებოს. ბულინგი ყოველთვის ხმაურიანი არ არის. ზოგჯერ ის შეიძლება გამოიხატოს იგნორირებით, ჯგუფიდან გარიყვით, დაცინვის მოლოდინით, ბავშვის მუდმივად „გარეთ დატოვებით“.
- ზედმეტად მორჩილი ბავშვის მახე
სკოლაში ხშირად დადებითად ფასდება მორჩილება:
„არ კამათობს“.
„არ აპროტესტებს“.
„ყველაფერს აკეთებს, რასაც ვთხოვ“.
„ძალიან დამჯერი ბავშვია“.
მაგრამ განათლების მიზანი მორჩილი ადამიანის აღზრდა არ არის.
სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს შესაძლებლობა, დასვას კითხვა, არ დაეთანხმოს, დაასაბუთოს საკუთარი აზრი, მოითხოვოს დახმარება და გამოხატოს საკუთარი საჭიროება. თუ მოსწავლე არასდროს ამბობს: „არ ვეთანხმები“, „არ მესმის“, „არ მომწონს“, „დამეხმარეთ“ ან „მე განსხვავებული აზრი მაქვს“, – მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს: მართლა სიმშვიდეა ეს თუ საკუთარი ხმის დათმობა?
ერთი ქცევა პრობლემის არსებობის დასტურად არ გამოდგება, მაგრამ რამდენიმე ნიშნის ერთობლიობა შესაძლოა დამატებითი დაკვირვების საჭიროებაზე მიანიშნებდეს. აი ეს ნიშნები:
- მანამდე აქტიური მოსწავლე მოულოდნელად ჩუმდება, აღარ სვამს კითხვებს და აღარ ურთიერთობს თანაკლასელებთან.
- მოსწავლე არასდროს ითხოვს დახმარებას, მაშინაც კი, როცა აშკარად უჭირს დავალების შესრულება.
- შეცდომაზე მისი რეაქცია არაპროპორციულად ძლიერია: იბნევა, წითლდება, წყვეტს ან საერთოდ აღარ ცდილობს მუშაობას.
- მუდმივად უთმობს ადგილს სხვებს. ჯგუფური მუშაობის დროს ყოველთვის ამბობს: „როგორც თქვენ გინდათ“, „მე არ ვიცი“, „თქვენ გადაწყვიტეთ“.
- კლასის გარეთაც იზოლირებულია – შესვენებაზე მუდმივად მარტოა, თანატოლებთან კონტაქტს თავს არიდებს, სხვა ბავშვებიც არ რთავენ საქმიანობაში.
როგორ განვასხვაოთ მშვიდი ხასიათი პრობლემური პასიურობისგან?
მასწავლებელმა არ უნდა იფიქროს, რომ ყველა მშვიდ ბავშვს დახმარება სჭირდება. მშვიდი ხასიათი თავისთავად პრობლემა არ არის. საჭიროა, დავაკვირდეთ ბავშვის ფუნქციონირებას სხვადასხვა სიტუაციაში.
მაგალითად:
- საუბრობს თუ არა ბავშვი იმ ადამიანებთან, ვისთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს?
- გამოხატავს თუ არა საკუთარ ინტერესებს?
- სვამს თუ არა კითხვებს ინდივიდუალური საუბრის დროს?
- ჰყავს თუ არა მეგობრები?
- შეუძლია თუ არა უარის თქმა?
- შეუძლია თუ არა საკუთარი აზრის დაცვა?
- როგორ რეაგირებს შეცდომაზე?
- იცის თუ არა, ვის მიმართოს დახმარებისთვის?
თუ ბავშვი მშვიდია, მაგრამ საკუთარ აზრს თავისუფლად გამოხატავს უსაფრთხო გარემოში, სიჩუმე შესაძლოა უბრალოდ მისი ხასიათის თავისებურება იყოს.
პრობლემა მაშინ წარმოიშობა, როდესაც სიმშვიდე ბავშვის შესაძლებლობებს ზღუდავს.
რა არ უნდა გააკეთოს მასწავლებელმა?
უპირველეს ყოვლისა, არ ღირს ბავშვის საჯაროდ „გამოღვიძება“ ფრაზებით:
„შენ რატომ არასდროს იღებ ხმას?“
„რამე მაინც თქვი“.
„სხვები პასუხობენ და შენ რატომ ვერ პასუხობ?“
„ასე ჩუმი რატომ ხარ?“
ამით შესაძლოა ბავშვის ჩართულობა კი არ გაიზარდოს, არამედ კიდევ უფრო გაუძლიერდეს შიში.
ასევე არ არის სასურველი მისთვის იარლიყის მიწებება:
„ეს მორცხვი ბავშვია“.
როდესაც ბავშვს მუდმივად ასე მოიხსენიებენ, მორცხვობა შეიძლება მისი იდენტობის ნაწილად იქცეს. მასწავლებლის მიზანი არ უნდა იყოს ბავშვის ექსტროვერტად ქცევა – მიზანი ისეთი გარემოს შექმნა უნდა იყოს, სადაც როგორც მშვიდ, ისე აქტიურ მოსწავლესაც შეუძლია, თამამად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
რა შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა?
დაიწყეთ ინდივიდუალური საუბრით. ზოგი ბავშვი მთელ კლასთან საუბარს ვერ ბედავს, მაგრამ მასწავლებელთან ინდივიდუალურად თავისუფლად საუბრობს.
პასუხი ასეთი საუბრისას დასმულ ერთ კითხვაზე: „როგორ მიდის შენთვის გაკვეთილები?“ – შესაძლოა გაცილებით ინფორმაციული აღმოჩნდეს, ვიდრე მთელი კლასის წინაშე დასმულ ათ კითხვაზე პასუხი.
გამოიყენეთ წერილობითი პასუხები. ყველა მოსწავლე არ არის ვალდებული, ცოდნა ზეპირი პასუხით აჩვენოს. მოკლე წერილობითი პასუხები, ბარათები, ანონიმური კითხვები და მცირე ინდივიდუალური დავალებები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, გაიგოს, რას ფიქრობენ ის ბავშვები, რომლებიც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ.
ადროვეთ მოსწავლეს პასუხის გაცემა. ერთი მოსწავლის შეყოვნებისას მეორისთვის სიტყვის მიცემა უნებლიეთ ასწავლის ბავშვს, რომ ნელა ფიქრი სირცხვილია.
შექმენით გარემო, სადაც შეცდომის დაშვება საშიში არ არის. მოსწავლის შეცდომაზე მასწავლებლის რეაქცია კლასის კულტურას ქმნის. იქ, სადაც შეცდომა განიხილება როგორც სწავლის ბუნებრივი ნაწილი, მოსწავლეებს უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, სცადონ, იფიქრონ და საკუთარი აზრი გამოთქვან.
დააკვირდით არა მხოლოდ იმას, „ვინ ლაპარაკობს“, არამედ „ვინ არ ლაპარაკობს“. ყოველი გაკვეთილის ბოლოს დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა:
- ვინ მონაწილეობდა პროცესში?
- ვინ თითქმის არ მონაწილეობდა?
- ვინ არ ითხოვა დახმარება?
- ვინ არასდროს აირჩიეს ჯგუფში?
- ვინ შეიცვალა ბოლო პერიოდში?
ასეთი დაკვირვების შედეგი მზა დიაგნოზი არ არის – უბრალოდ სიგნალია, რომ ბავშვის ქცევა უფრო ყურადღებით შესწავლას მოითხოვს.
დაბოლოს, ყველა მშვიდი ბავშვი არ არის გადასარჩენი.
მნიშვნელოვანია მეორე უკიდურესობის თავიდან აცილებაც.
თუ ყველა მშვიდი მოსწავლის ქცევას პრობლემად მივიჩნევთ, შესაძლოა, ბავშვის პიროვნება დავაზიანოთ.
არიან ბავშვები, რომლებსაც მოსწონთ მოსმენა, ფიქრი და დაკვირვება. მათ არ სჭირდებათ მუდმივად ლაპარაკი იმის დასამტკიცებლად, რომ სწავლობენ. ამიტომ მასწავლებლის ამოცანა არ არის, ყველა ბავშვი ერთნაირად აქტიური გახადოს. მისი ამოცანაა, შექმნას გარემო, სადაც ბავშვს შეუძლია, შეინარჩუნოს სიმშვიდე და, ამავე დროს, ჰქონდეს საკუთარი ხმა.
არ ისაუბროს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დასვას კითხვა.
არ იყოს ლიდერი, მაგრამ საკუთარი აზრი გამოხატოს.
შეცდეს ისე, რომ ამის გამო არ შერცხვეს.
დახმარება ითხოვოს ისე, რომ თავი სუსტად არ იგრძნოს.
და მასწავლებელს უთხრას:
„ვერ გავიგე.“
ამიტომ მომდევნო ჯერზე, როდესაც კლასში ყველაზე მშვიდ მოსწავლეს შეხედავთ და გაიფიქრებთ: „რა კარგი ბავშვია, საერთოდ არ მაწუხებს“, – ერთი კითხვაც დაუსვით საკუთარ თავს: „იმიტომ არ მაწუხებს, რომ არაფერი უჭირს თუ იმიტომ, რომ მისი სირთულე ჯერ არ გამოჩენილა?“
ზოგჯერ მასწავლებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვი ის კი არ არის, ვინც ყველაზე ხმამაღლა ითხოვს ყურადღებას, არამედ ის, ვისი დუმილის მოსმენაც უნდა ვისწავლოთ.
გამოყენებული ლიტერატურა
- Coplan, R. J., & Rudasill, K. M. (2016). Quiet at school: An educator’s guide to shy, quiet, and anxious students. Teachers College Press.
- Hymel, S., & Swearer, S. M. (2015). Four decades of research on school bullying: An introduction. American Psychologist, 70(4), 293–299. https://doi.org/10.1037/a0038928
- Jones, M. H., & Dindia, K. (2004). A meta-analytic perspective on sex differences in self-silencing. Communication Monographs, 71(2), 103–125.
- OECD. (2019). PISA 2018 results (Volume III): What school life means for students’ lives. OECD Publishing.
- Rubin, K. H., Coplan, R. J., & Bowker, J. C. (2009). Social withdrawal in childhood. Annual Review of Psychology, 60, 141–171. https://doi.org/10.1146/annurev.psych.60.110707.163642
- UNESCO. (2020). Global education monitoring report 2020: Inclusion and education: All means all. UNESCO.
- Wentzel, K. R. (2017). Peer relationships, motivation, and academic performance at school. In A. J. Elliot, C. S. Dweck, & D. S. Yeager (Eds.), Handbook of competence and motivation: Theory and application (2nd ed.). Guilford Press.


