სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბედნიერების დღესასწაული

ვისაც ესმა ონიანის მხატვრობა უნახავს და პოეზია წაუკითხავს, უფრო მოკლედ რომ ვთქვათ –  ვინც მის ვეებერთელა, უღრმეს და უნატიფეს შემოქმედებით სამყაროში ერთხელ მაინც მოხვედრილა, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება გაკვირვების განცდა – ეს ყველაზე ადამიანური მდგომარეობა, რომელიც ღვთაებრივ საწყისთან გაახლოებს.

საკვირველი – ასეთია ესმა ონიანის შემოქმედება.

ხოლო კიდევ უფრო საკვირველი იმის აღმოჩენაა, რომ ეს დიდი ხელოვანი საბავშვო ლექსებსაც წერდა.

ერთი შეხედვით, საოცარი ამაში რა უნდა იყოსო, იკითხავთ. მართლაც, ნიჭიერ ადამიანს ხომ ყველაფერი ხელეწიფება, თუმცა საბავშვო პოეზიაზე ასე მარტივადაც ნუ იტყვით. ვინ იცის, იქნებ ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ მწერლისთვის, სწორედ ბავშვებისთვის წერაა! ამ ფაქტს ბევრი ცნობილი და დიდი მწერალი საკუთარი გამოცდილებით დაგიდასტურებთ. ბევრმა მათგანმა მოსინჯა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბევრს კი, მცდელობისაც შეეშინდა – ყველაზე წრფელი და პატიოსანი შიშით…

ესმა ონიანი კი, ვინც ისეთ რეგისტრში დაიუნჯა ფერი მხატვრობაში, სადაც ადამიანური განზომილება ღვთაებრივის, პირველსაწყისის ზღვარზე გადადის; ვინც იმ სიმაღლის პოეზია შექმნა, საიდანაც ადამიანური აზროვნება ღვთაებრივის, პირველქმნილის ვიბრაციებს გამოსცემს – არაფერსაც არ შეუშინდა და ზუსტად იმ სიხარულით შექმნა საბავშვო ლექსები, რა სიხარულითაც ის, საერთოდ, ამქვეყნად, შემოქმედებისთვის მოვიდა.

ესმა ონიანის ნახატებს შორის ერთი გამორჩეულად ნათელი და ბედნიერებით გაჟღენთილი ტილო შეგხვდებათ – პატარა გოგონა, ვეება ლურჯი და ღრმა თვალებით, იის ძირში ჩაცუცქულა. ეს იები კი ფესვებიანად ხატია, თითქოს მიწის სიბნელეში გასაუჩინარებლად ძალიან დაენანა მხატვარს, თითქოს ამ იების მიწა მარტო მიწა კი არა, ზეცაცაა, გამჭვირვალე სივრცე, რომელშიც სიხარულით გაუშლია თავისი მყიფე ფესვები და გოგონას მხოლოდ გაზაფხულზე კი არა, კიდევ ბევრ კეთილ და ამავე დროს ძნელ ამბავზე ესაუბრება…

ეს ნახატი, პირადად ჩემთვის, ჯადოსნური კარია, რომელსაც შევაღებ და ფეხაკრეფით, სუნთქვაშეკრული შევდივარ იმ მეწამულ სამოთხეში, ესმას დიდ მხატვრობაში…

ეს ნახატია ჩემთვის კარი ესმას საბავშვო პოეზიაშიც – გოგონა და ია მეპატიჟებიან მხიარულ, ფერად, ბავშვური გულისძგერით აწკრიალებულ ლექსებში, სადაც ყველას და ყველაფერს თავისი თავგადასავალი აქვს, თავისი სახელი, ფათერაკი და ნატვრა…

ნუკრი ნუცა, ტურა ტასო, პეპელა ლელა, ლია კალიაშვილი და კიდევ ბევრი, ბევრი პერსონაჟი, რომლებიც ბავშვობის კარნავალს შეგიქმნით, რომლებსაც თქვენი შვილები ყველაზე მეტად ენდობიან, რადგან სწორედ მათი გულების სიხშირიდანაა დაწერილი ეს ლექსები – ყველაზე ნამდვილი და ბუნებრივი, ბავშვური განცდებით.

ამ მხიარულ და ფერად სამყაროში ჯერ კიდევ წერენ ერთმანეთს წერილებს მეგობრები. აი მაგალითად, ციყვსა და კურდღელს როგორი მიმოწერა გაუჩაღებიათ!:

„გამარჯობა ძმაო ციყვო,

მოვიცალე როგორც იყო

ამ წერილის მოსაწერად.

ისე, როგორ მოგიკითხო?

ციყვი პასუხობს:

„- ჩემს ყურგრძელა ძმა კურდღელას

შორი ტყიდან გამარჯობა,

მენატრება თქვენთან ველზე

სტუმრობა და ნავარდობა“…

და ასე გრძელდება დიდხანს, ვიდრე მონატრებული მეგობრები ერთმანეთს ტყეების ამბებს თავიდან ბოლომდე არ უამბობენ.

ამ სამყაროშიც, ისევე როგორც ყველგან, რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირფასები და საყვარლები დედები არიან. უფრო სწორად, დედების და შვილების ურთიერთობა – დაუძაბავი, მზრუნველი. მერე რა, თუკი დედა რჩევას გაძლევს, ამის გამო მოწყენა არ ღირს. დათვის ბელი ბედოც კი უჯერებს თავის მშობელს, სხვა რა გზა აქვს დიდი ზამთრის წინ?

“ – ბუნაგიდან, ბედო,

გასვლა არ გაბედო,

დაიძინე ტკბილად,

პირში თათი გედოს,

გავატარებთ ზამთარს

ჯანმრთელად და მხნედო“.

ეს პერსონაჟები ზუსტად იმ ამბებით არიან გართული, რაც დედამიწაზე ყველა ბავშვს მოსწონს, ზუსტად ის აინტერესებთ, იზიდავთ, ეტანებიან, რაც ყველა ბავშვს – სპორტი, მოგზაურობა, ზამთარში – ფაფუკ თოვლში კოტრიალი, ზაფხულში – ბიბინა მდელოზე ან მდინარის პირას; ამ ლექსებში სიმშვიდე და სიმსუბუქეა, ყველა ჰარმონია კი იმ ბგერიდან იწყება, რომელსაც მხოლოდ ბავშვის ბაგე გამოსცემს.

აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაუსვით მსგავსი შეკითხვა სამყურა ბალახს:

„ოხ სამყურავ, რატომ გაქვს

ერთი ყური ზედმეტი?“

ბავშვობა ზუსტად ასეთი შეკითხვებისგან იქმნება. ეს შეკითხვებია ჩვენს ხსოვნაში გაზაფხულის ნაღმებად დაყურსული. ძალიან როცა ვიზრდებით და ათასი დარდი და დიდური აზრი ტვინს და გულს გამოგვიჭედავს ხოლმე, აი, სწორედ მაშინ მოფრინდებიან  პოეტი-ანგელოზები და ჩვენს ხსოვნაში ამ კითხვებს გახეთქავენ _

– უკვდავების წყაროებად, სიცოცხლის ნაკადულებად, ბედნიერების დღესასწაულებად.

ესმა ონიანის საბავშვო ლექსები ეს უწყინარი ნაღმებია, გაზაფხული კი – თქვენ ხართ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი