სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როცა მოსწავლე დახმარებას ითხოვს

ერთ-ერთ ტრენინგზე ახალგაზრდა პედაგოგი კოლეგებს თავისი გასაჭირის შესახებ უამბობდა: სადამრიგებლო კლასში მყავს ბიჭი, რომელიც ყოვლად აუტანლად, აგრესიულად იქცევა, უზრდელობს, ყველა მასწავლებელს ამწარებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ხელი არ უნდა ვკრათ, რადგან ოჯახში უმძიმესი მდგომარეობა აქვს, მამა გალოთდა და სულ აურზაურში არიან, მინდა, რამით დავეხმარო, ხომ ვერაფერს მირჩევთო.

ალკოჰოლიზმის, ამ მავნე სოციალური დაავადების, უარყოფითი ზეგავლენა მხოლოდ ერთ ადამიანზე არ აისახება – ის მძიმე დაღს ასვამს ალკოჰოლდამოკიდებულის ოჯახის წევრებს და, საერთოდ, საზოგადოებას. სამწუხაროდ, არც ქართული რეალობაა თავისუფალი ამ პრობლემისგან. ალკოჰოლდამოკიდებულთა რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა მოძალებული კრიზისების, დევნილობის, უმუშევრობისა და საერთო არასტაბილურობის ფონზე.

კლასში შეიძლება გვყავდეს ალკოჰოლდამოკიდებულის შვილი, რომელიც ფსიქოლოგიური, ზოგჯერ კი ფიზიკური წნეხის ქვეშ იმყოფება. ასეთი მოსწავლეები განსაკუთრებით დაკვირვებულ და ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვენ. მასწავლებელს მათ შესაცნობად და დასახმარებლად სათანადო ცოდნა და უნარები სჭირდება. 

ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები ქცევის წესით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ისინი არიან:

* აგრესიულები (ყველასა და ყველაფრის მიმართ);
* იზოლირებულები (რომლებიც პასიურ წინააღმდეგობას გამოხატავენ);
* კულტურულები (უზრუნველყოფილები, სვამენ ხარისხიან სასმელს, კარგ საზოგადოებაში);
* შეშინებულები (დარცხვენილები, დანაშაულის განცდით აღსავსენი);
* მხიარულები (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, თავხედები).

მათგან მომდინარე პრობლემებიც სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ხშირად ოჯახის ზრდასრულ წევრებს, მიუხედავად დიდი ფსიქოლოგიური და მატერიალური სირთულეებისა, არ შეუძლიათ ან არ სურთ ალკოჰოლდამოკიდებულთან ურთიერთობის გაწყვეტა, არასრულწლოვან წევრებს, ბავშვებს, კი დამოუკიდებელი არჩევანი არ აქვთ, მათ ბედს უფროსები წყვეტენ.

ასეთი ოჯახი ურთულესი გარემოა მოზარდისთვის, ის დაღს ასვამს ბავშვის ხასიათს, ქცევას და მას სხვადასხვა როლს აკისრებს:
ოჯახის გმირი

ის ზრუნავს ოჯახზე, სახლზე, მფარველობს დებსა და ძმებს. სკოლაში მას მაღალი შეფასებები აქვს, გამორჩეულად სწავლობს, მისდევს სპორტს. ის პასუხისმგებლობას გრძნობს შინაურ პრობლემებზე, ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ნორმალური ატმოსფერო, მთელ ქვეყანას დაუმტკიცოს, რომ მასთან ყველაფერი რიგზეა.  ასეთები უმეტესად უფროსი შვილები არიან. 

ასეთ ბავშვს უჭირს ვინმესთან დაახლოება და საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება. უფრო მეტიც – მას უჭირს საკუთარ გრძნობებში გარკვევა. გმირი ძნელად ენდობა ადამიანებს, ცხოვრობს მუდმივ დაძაბულობაში. ჩვეულებრივ, არ არის დამთმობი, გაუთვალისწინებელ სიტუაციებში სტიქიურად იპყრობს პანიკა.
განტევების ვაცი

ოჯახში მას ხელიდან წასულად მიიჩნევენ; კონფლიქტურია, აგრესიული, ვულგარული და არ იცავს წესებს. განტევების ვაცი მასწავლებლის მოთმინების სასინჯი ქვაა. მას ხშირად ადანაშაულებენ; მისკენაა მიმართული ოჯახური აშლილობები და პრობლემები. ასეთ ბავშვს უჭირს თანატოლებისა და უფროსების გარემოცვაში ყოფნა. მას არაკეთილგანწყობილად ხვდებიან და თავისი მიუღებელი ქცევებით ხშირად გაძევების კანდიდატად იქცევა. გარეგნულად ახირებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, შინაგანად კი დასახიჩრებული, მარტოსული და გაბოროტებულია.
თილისმა (მასხარა)

ამ როლში უმეტესად უმცროსი შვილი გვევლინება, რომელიც ალკოჰოლდამოკიდებული მშობლის რჩეულია, რადგან თავისი ენაკვიმატობით იოლად ახერხებს ოჯახის წევრთა გამხიარულებას და ამით პრობლემიდან ყურადღების გადატანას. მისი როლი ოჯახში შექმნილი მძიმე სიტუაციის შემსუბუქებაა. მასთან ახლოს ვერ მიხვალ, რადგან მუდამ სიცილის გაუვალი კედლის მიღმა იმალება. ის გარშემო მყოფთა სული და გულია, ყველას უყვარს, რადგან ყველას გამხიარულება შეუძლია, თუმცა სერიოზულად მას არავინ ეკიდება. ნიღბის მიღმა ის დიდი ძალისხმევის ფასად უმკლავდება სტრესს, სევდიანი, მფრთხალი და მარტოსულია.
ანგელოზი (უჩინარი ბავშვი)

კარჩაკეტილი და მარტოსულია; მას ვერ ამჩნევენ (ხშირად არ ახსოვთ); არც დადებითი და არც უარყოფითი ნიშნით არ იქცევს ყურადღებას. უმეტესად ეს შუათანა შვილია, რომელიც ემალება (ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც) ოჯახურ სკანდალებს. წარმოსახვის უნარი მეტად განვითარებული აქვს. ეს ფაქტორები წარმოშობს ფსიქიკური დაავადებების რისკს. ის იდეალური ბავშვია, რომელიც არასოდეს ქმნის პრობლემებს, თუმცა თავად ვერც ოჯახურ და ვერც სასკოლო გარემოში თავს მშვიდად ვერ გრძნობს. ცოტას ლაპარაკობს, ვერ პოულობს თავის ადგილს კოლექტივში, ჯგუფში. გარეგნულად მფრთხალი და თავშეკავებულია. აქვს სახიჩრობისა და უსუსურობის განცდა.

როგორ დავეხმაროთ მათ? 

მასწავლებელს, აღმზრდელს გულისყურის დაძაბვა მართებს, რომ მოსწავლის ქცევას დააკვირდეს და მისი პრობლემა და როლი განსაზღვროს. თუ ეს მოხერხდა, მომდევნო ეტაპი უკვე იმ რჩევების გათვალისწინება იქნება, რომლებსაც ფსიქოლოგები ალკოჰოლდამოკიდებულთა კონკრეტულ როლში მყოფი შვილებისთვის გვთავაზობენ:
ოჯახის გმირი

• ყურადღება გაამახვილეთ მეტისმეტად კომპეტენტურ ბავშვებზე, რომლებიც დიდი დატვირთვით მუშაობენ და ახალ-ახალ დავალებებს თავდაუზოგავად ეჭიდებიან. დაეხმარეთ მათ საქმესა და თამაშს შორის წონასწორობის პოვნაში.

• შეეცადეთ დაარწმუნოთ ისინი,  არ მოიკლონ თამაშის პოტენციური სარგებელი იმ მიზეზით, რომ მეტისმეტად დაკავებულნი არიან ან სხვათა საჭიროებებს საკუთარზე წინ აყენებენ.

• აუხსენით, რომ ხანდახან დასვენებასა და უქმად ყოფნაში ცუდი არაფერია.

• დაარწმუნეთ, რომ არ არის აუცილებელი, მუდამ გამორჩეულნი იყვნენ და სხვების სიამოვნების ნაცვლად შეიძლება ხანდახან საკუთარ თავსაც ასიამოვნონ – არც ამაშია რაიმე ცუდი.

• აუმაღლეთ თვითშეფასება იმის გათვალისწინებით, რაც სინამდვილეშია და არა იმით, რასაც აკეთებს. აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ, მიუხედავად წარმატებისა თუ მარცხისა.

• დაეხმარეთ გაიგოს, რომ მარცხიც ჩვეულებრივი მოვლენაა.

• ასწავლეთ მოქნილობა და ელასტიკურობა შემოქმედებითი სავარჯიშოების გამოგონებით.

• წააქეზეთ, ხშირად გამოხატოს გრძნობები როგორც საუბარში, ასევე მხატვრული ფორმით.

• გახსოვდეთ, რომ, განურჩევლად იმისა, რამდენად კომპეტენტურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მას მაინც ძალიან სჭირდება უფროსების რჩევა-დარიგება.
განტევების ვაცი
• მისი ქცევა დახმარების თხოვნად აღიქვით და არა თქვენთან დაპირისპირებად.

• ნუ მიმართავთ ყველაზე ბანალურ მიდგომას – მასზე ხელის ჩაქნევას. სხვა როლებთან შედარებით, განტევების ვაცი ყველაზე ნაკლებსიმპათიურია, რადგან თავისი ქცევით იწვევს გულისწყრომასა და რისხვას და… თქვენგან უდიდეს მოთმინებას მოითხოვს.

• შეამოწმეთ საკუთარი გრძნობები ასეთი ბავშვის მიმართ; მიეცით თავს ნება აღიაროთ, რომ გაგიჭირდებათ მისი შეყვარება. მასწავლებელი არ არის ვალდებული, თანაბარი სიმპათიით იყოს განწყობილი ყველა ბავშვის მიმართ, მაგრამ ის ვალდებულია, ყველას მიმართ იყოს სამართლიანი.

• სამართლიანობის გრძნობის უარყოფით ნუ გააძლიერებთ იმ უარყოფითი ფაქტორების სისტემას, რომლებიც ისედაც აწუხებს ალკოჰოლდამოკიდებულის ოჯახს და ამ ოჯახის ბავშვს.

• მკვეთრად შეიცვალეთ ქცევა განტევების ვაცის მიმართ, თუ ის უარყოფითია, რადგან არსებობს ალბათობა, თქვენი დამოკიდებულების შეცვლამ ისიც უკეთესობისაკენ შემოაბრუნოს.

• ნუ დაუმალავთ წყენას, თუ ისეთი რამ გააკეთა, რამაც გაგაბრაზათ; უთხარით ამის შესახებ, ოღონდ თავშეკავებულად. უთხარით, რომ ბრაზობთ მის კონკრეტულ საქციელზე და არა პირადად მასზე. 

• იზრუნეთ იმაზე, რომ ბავშვმა ზუსტად იცოდეს, სად გადის ნებადართულის ზღვარი. ნათლად აუხსენით წესები, დაუწესეთ გონივრული და მოქნილი საზღვრები. ელაპარაკეთ იმაზე, რას ელით მისგან და არა იმაზე, რა არ შეიძლება.

• შეაქეთ ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო, დადებითი საქციელისთვის.

• ურჩიეთ სპორტის რომელიმე კარგად ორგანიზებულ სახეობაში ჩაბმა, რომელშიც განიტვირთება, განიმუხტება ძლიერი ემოციებისგან და ჩამოუყალიბდება დადებითი ურთიერთობა თანატოლებთან.

• დაეხმარეთ სხვა მოსწავლეებს, რამდენადაც შეიძლება გაუგონ განტევების ვაცს და მიიღონ ის, რა თქმა უნდა, საკუთარი უფლებებისა და გრძნობების შეულახავად.
თილისმა (მასხარა)

• შეეცადეთ მისი ნდობის მოპოვებას, დაეხმარეთ, რომ გაიხსნას; მართალია უდარდელის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ დიდი კეთილგანწყობა უნდა იგრძნოს, რათა გენდოთ და ნიღაბი მოიხსნას.

• აუხსენით, რომ არ არის საჭირო, დაფაროს თავისი ნამდვილი მე, რომ სხვებს ის მაშინაც ეყვარებათ, თუ ანეკდოტებს არ მოჰყვება.

• მოუყევით რამე ამბავს, რომლითაც თქვენს გრძნობებს გამოხატავთ. ამით საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რომ გრძნობების გამოხატვაში ცუდი არაფერია. შეგიძლიათ უამბოთ გამოგონილი ამბავი ბავშვზე, რომელიც იღიმება, მაგრამ გულში დარდობს, ტირის. ეს დაგეხმარებათ, მიუახლოვდეთ მას იმ გზით, რომელიც საფრთხის განცდას არ აღუძრავს.

• დაავალეთ რამე გამორჩეული, რაც საკუთარი გრძნობების შემოქმედებითად გამოხატვის საშუალებას მისცემს.

• აჩვენეთ კონკრეტული მოვლენის შესაბამისი ემოციები და რეაქციები. აუხსენით, რომ ჩვენ ვიცინით გასართობზე, მაგრამ ვტირით, როცა სამწუხარო ფაქტის შემსწრნი გავხდებით. ვბრაზობთ, როცა ვინმე გვაწყენინებს… თუ მან გაიცინა, როცა ვინმეს ცუდი რამ დაემართება, შეაბრუნეთ ეს სიტუაცია სასარგებლოდ და აუხსენით, რომ სულაც არ არის სასაცილო, თუ ვიღაც დაეცა, ფეხი იტკინა და სტკივა.

• თუ ასაკი ამის საშუალებას იძლევა, დაითანხმეთ, დაიწყოს დღიურის წარმოება. დაარწმუნეთ, რომ თქვენ გარდა მას არავინ წაიკითხავს. აუხსენით, რომ ამ თემებზე ყოველთვის შეუძლია თქვენთან საუბარი.
ანგელოზი (უჩინარი ბავშვი)

• შეეცადეთ, გაუღვივოთ მას კლასისადმი, ჯგუფისადმი კუთვნილების განცდა, რათა ამის შესაძლებლობა ირწმუნოს.

• უბიძგეთ, მონაწილეობა მიიღოს თამაშებში, რომლებიც სხვა ბავშვებთან ურთიერთობას მოითხოვს, მაგრამ ძალდაუტანებლად.

• აღნიშნეთ, თვალსაჩინოდ განათავსეთ მისი ნამუშევრები ან საინტერესო საგნები, რომ თავდაჯერების მოპოვებასა და პირადი ღირსების გრძნობის ამაღლებაში დაეხმაროთ.

• წააქეზეთ მისი თვითდამკვიდრების მცდელობა, კონსტრუქციული მსჯელობის ან მოსაზრების გამოთქმის შემთხვევაში შეაქეთ.

• დაეხმარეთ, შეიცნოს და უსაფრთხო ხერხით გამოხატოს თავისი გრძნობა, მაგალითად, მხატვრული სამუშაოს შესრულებით.

• დააკვირდით, კლასიდან ვისთან თანამშრომლობა ეხალისება ყველაზე მეტად, გაითვალისწინეთ ეს კლასის ორგანიზებისას.

• ჩაინიშნეთ, რამდენჯერ მიმართეთ, რამდენჯერ შეაქეთ ის. დღის ბოლოს გადახედეთ ამ ჩანიშვნებს – ეს სწორად ორიენტირებას გაგიადვილებთ. შეგიძლიათ, მისი რეაქციები, მასში მომხდარი ცვლილებებიც ჩაინიშნოთ, რომ დინამიკას მიადევნოთ თვალი და მისი ანალიზით თქვენი შემდგომი სტრატეგიაც განსაზღვროთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“