სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მე და ჩემი forte-piano

მუსიკის უმთავრესი დანიშნულება ბავშვის შემოქმედებითი საწყისის განვითარებაა. მეცადინეობა ძალდაუტანებლად, მხიარულად და გატაცებით უნდა მიმდინარეობდეს. მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ბავშვთან თამაშით მიდგომის ფორმები; ასე იგი თავშესაქცევ მუსიკალურ სამყაროში აღმოჩნდება.

თანამედროვე სამყაროში ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იჩენენ ინტერესს კომპიუტერის, კარაოკეს, საბავშვო სინთეზატორის მიმართ. ამ გარემოში მათ თითქმის არ ეძლევათ საშუალება, უსმინონ კლასიკურ მუსიკას. ჩვენი ამოცანაა, ბავშვებს გავაცნოთ კლასიკური მუსიკის შედევრები, დავაინტერესოთ და განვუვითაროთ მათ მუსიკალური შესაძლებლობები.

სასურველია, ადამიანი თავიდანვე მუსიკალურ გარემოში აღიზარდოს. თუ ორი წლის ბავშვი როგორღაც ახერხებს თვლას (ერთი, ორი, სამი…), სიტყვების დამახსოვრებასა და გამოთქმას, მას შეიძლება ვასწავლოთ სიმღერაც, პიანინოს კლავიატურაზე სმენით ბგერის მოძებნა-ამოცნობაც და ა.შ.

რაღა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც მცირე ასაკშივე ინტუიციით პოულობენ კლავიატურას და მასზე დაკვრა-თამაშს იწყებენ. იშვიათად ასეთ თამაშს დაუჯერებელი შედეგიც მოჰყვება და აი, გასული საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც ჯაზი უბრალო ამერიკელთა სახლებში შეიჭრა, მუსიკალურ ასპარეზზე სამიოდე წლის შავკანიანი ბიჭუნა – ფრენკ რობინსონი, იგივე შუგარ ჩილი გამოჩნდა. მან რამდენიმე მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგ ცნობილი ჯაზური კოლექტივების გასტროლებში მონაწილეობდა. პატარა ფრენკი თეთრ სახლში, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის წინაშეც გამოდიოდა. ჩაწერილი აქვს საკუთარი ალბომი. გადაღებულია რომანტიკულ კომედიაში „No Leave, No Love”, სადაც ასრულებს იმ დროის ჰიტს „Caldonia”:

 

პედაგოგები ნორჩ მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ვაცნობდეთ იმ ინსტრუმენტის ისტორიას, რომლის დაუფლებასაც ისინი იწყებენ. მაგალითად, ფორტეპიანოს ყველა ბავშვობიდანვე იცნობს. ამ ინსტრუმენტის მონაწილეობის გარეშე ალბათ მნიშვნელოვანი ვერაფერი მოხდებოდა მუსიკალურ ცხოვრებაში. ფორტეპიანო როგორც სოლო ინსტრუმენტად, ასევე ხმისა და სხვა საკრავების თანმხლებად გამოიყენება.

დღეს სწორედ ფორტეპიანოზე შევაჩერებ ყურადღებას.

 

ბავშვის მეტად დასაინტერესებლად შეგვიძლია პიანინოს თავი ავხადოთ, დავათვალიერებინოთ, თან მოვუთხროთ მისი წარმოშობის ისტორია და ავუხსნათ აგებულება.

XVIII საუკუნის მიჯნაზე კომპოზიტორები და მუსიკოსები მწვავედ გრძნობდნენ ახალი ტიპის კლავიშიანი ინსტრუმენტის საჭიროებას, რომელიც გამომსახველობით არ ჩამოუვარდებოდა ვიოლინოს. უფრო მეტიც – აუცილებელი გახდა ინსტრუმენტი ფართო დიაპაზონით, ძლიერი ფორტისიმოთი, უნაზესი პიანისიმოთი და ფაქიზი დინამიკური გადასვლებით.

1700-1711 წლებში ფლორენციელმა ბარტოლომეო კრისტოფორიმ („პრინც-ორფევსის” – ფერდინანდო მედიჩის კარზე მუსიკალური საკრავების მდიდარი კოლექციის შემკეთებელმა და მომვლელმა) შექმნა პირველი ფორტეპიანო, რომელსაც დაარქვა „კლავესინი ჩუმი და ხმამაღალი ხმოვანებით”. ეს სახელწოდება შემდეგ შემოკლდა – („პიანოფორტე”) და გაჩნდა სიტყვა „ფორტეპიანო” – კლავიშებიან-სიმებიანი ინსტრუმენტების, პიანინოსა და როიალის, კრებითი სახელი. ისინი ერთმანეთისგან ძირითადად სიმების ჰორიზონტალური (როიალი) და ვერტიკალური (პიანინო) განლაგებით განსხვავდება. როიალი („სამეფო”) საკონცერტო ინსტრუმენტია, ხოლო პიანინო (პატარა ფორტეპიანო) – საოჯახო, „საკლასო” გამოყენებისაა.

კრისტოფორის მიერ შექმნილი ფორტეპიანოს მექანიზმი მეტისმეტად მარტივი აღმოჩნდა. მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში გერმანელი, ავსტრიელი, ინგლისელი, ფრანგი ოსტატები აუმჯობესებდნენ და ხვეწდნენ ამ შესანიშნავ გამოგონებას.

აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ ფორტეპიანოს უახლოესი წინამორბედები – კლავიკორდი და კლავესინი. ისინი საშინაო და სალონურ ინსტრუმენტებად მიიჩნეოდა. კლავიკორდი თუ რბილი და ჩუმი ჟღერადობის გამო ნაკლებად მიესადაგებოდა საკონცერტო დარბაზებს, სამაგიეროდ სახლის პირობებში ფასდაუდებელი გახლდათ. კლავესინი, რომელიც ძვირფასი ხისგან მზადდებოდა და ორნამენტებით უხვად იყო მორთული, შეძლებული ოჯახების მდიდრულ „სათამაშოდ” ითვლებოდა. კლავიკორდთან შედარებით უფრო ჟღერადი კლავესინი ბაროკოს ეპოქაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და საკონცერტო ინსტრუმენტადაც გადაიქცა. მოგვიანებით ეს ორი საკრავი ფორტეპიანომ თანდათან უფრო და უფრო გასწია განზე და ცალკეული ეპიზოდური პარტიებიღა დაუტოვა შესასრულებლად. და მიუხედავად იმისა, რომ კლავიკორდი და კლავესინი დღეს დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობს, მათი მოსმენა მაინც შესაძლებელია ძველებური ან ავანგარდული მუსიკის კონცერტებზე.

დომენიკო სკარლატი. სონატა რე მინორი. ასრულებს ელეინ კომპარონი

კლავესინის ხსენება შეუძლებელია XX საუკუნის ცნობილი პოლონელი კლავესინისტის ვანდა ლანდოვსკას გარეშე, რომელმაც მსმენელებს ამ საკრავის სრულფასოვნება აჩვენა და მის არაძველმოდურობაშიც დაარწმუნა. 

ხალხური ცეკვა. ასრულებს ვანდა ლანდოვსკა

როდესაც ფორტეპიანო პირველად გამოჩნდა, ევროპაში გაბატონებული იყო როკოკოს სტილი. ეს გახლდათ ბაროკოდან კლასიციზმისკენ გარდამავალი პერიოდი. კლასიციზმის ეპოქაში კი ფორტეპიანო განსაკუთრებით პოპულარული ინსტრუმენტი გახდა საშინაო მუსიცირებისა და საკონცერტო შესრულებისთვის. ის კარგად მოერგო იმ დროისათვის პოპულარულ სონატის ჟანრს (მუციო კლემენტისა და ვოლფჰანგ ამადეუს მოცარტის ნაწარმოებები). კლასიციზმი შეცვალა რომანტიზმმა, როდესაც ხელოვნებაში უმთავრესი მნიშვნელობა მიენიჭა ემოციების გამოხატვას. ფორტეპიანოს ახალმა გამომსახველობითმა შესაძლებლობებმა კომპოზიტორებს ბეთჰოვენს, შუმანს, ლისტს, შოპენს თავიანთი ნაწარმოებებით ღრმა გრძნობების გადმოცემის საშუალება მისცა, რამაც საბოლოოდ ფორტეპიანო სოლო ინსტრუმენტად აქცია და ცენტრალური ადგილი მიაკუთვნა ევროპის საკონცერტო დარბაზებში.

ფ. ლისტი. უნგრული რაფსოდია №2. ასრულებს ლანგ ლანგი

არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ფორტეპიანო ჩვენშიც. საქართველოში ფორტეპიანო (პიანინო და როიალი) XIX საუკუნის საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ შემოიტანა. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან კი ეს ინსტრუმენტი ჰქონდა თითქმის ყველა ქალაქელ თუ სოფლელ ოჯახს.

ფორტეპიანოს კორპუსში თუჯის ჩარჩო იდგმება. მას შემდეგ, რაც დეკა და თუჯის ჩარჩო კორპუსში ჩამაგრდება, ფორტეპიანო მზად არის სიმების დასამაგრებლად.

ბგერა წარმოიშობა ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. ჩაქუჩის პირზე ქეჩაა დაკრული. ჩაქუჩი კლავიშის შესატყვის ერთ, ორ ან სამ სიმს ეხება და უკან ბრუნდება (კლავიატურაზე სულ 88 კლავიშია: 52 – თეთრი და 36 – შავი).

 

200-ზე მეტი ერთმანეთის პარალელურად გაჭიმული ფოლადის სიმი 88 ბგერას გამოსცემს. დაბალ რეგისტრში თითო ბგერას თითო სიმი შეეფარდება, საშუალო რეგისტრში სიმები დაწყვილებულია, ხოლო ზედა რეგისტრში თითო ბგერისთვის სამ-სამია განკუთვნილი. ეს წყვილები და სამეულები უნისონშია აწყობილი ანუ ერთსა და იმავე ბგერას გამოსცემს.

სიმები გადაჭიმულია ხის დეტალებზე – ჯორაკებზე, ჯორაკები კი მიმაგრებულია ხის სარეზონანსო დეკაზე (პიანინოში დეკა ვერტიკალურად მდებარეობს, როიალში კი ჰორიზონტალურად). სარეზონანსო დეკა მთის ნაძვის თხელი ფირფიტებისგან არის დამზადებული, რადგან ეს ხე საკმაოდ მოქნილია იმისთვის, რომ ბგერის რხევები მიიღოს და საკმაოდ გამძლე, რომ ფორტეპიანოს სიმების დატვირთვას გაუძლოს. ნაძვის ფირფიტებს ძალიან ფრთხილად ამუშავებენ სპეციალურ კლიმატურ კამერებში, ცხელი ჰაერით აშრობენ და მჭიდროდ აწებებენ ერთმანეთზე. გამომშრალი ხე,  წესისამებრ, კარგად რეზონირებს. იგი ჩადგმულია კორპუსის შიგნით, სიმების უკან (პიანინო) ან ქვეშ (როიალი). ზუსტი და სკრუპულოზური ტექნოლოგიით დამზადებული სარეზონანსო დეკა ინსტრუმენტს სრულყოფილ ჟღერადობას სძენს.

ინსტრუმენტის პედლები შემსრულებელს ეხმარება ხმოვანების გაძლიერებასა (მარჯვენა პედალი) და შესუსტება-შერბილებაში (მარცხენა პედალი).

ფორტეპიანო მოითხოვს ფაქიზ მოპყრობას და დროდადრო აწყობას, რამდენადაც სიმების მოშვება ხმოვანებას ცვლის. ამწყობი ყურადღებით უსმენს ბგერის სიმაღლეს და სპეციალური ხელსაწყოთი სათანდოდ ჭიმავს სიმს, რის შემდეგაც ფორტეპიანო მზად არის საბოლოო შემოწმებისათვის.

XX საუკუნეში გამოჩნდა პრინციპულად განსხვავებული ინსტრუმენტები – ელექტროპიანინოები და სინთეზატორები, თუმცა ისინი მუსიკალური შესაძლებლობებით ფორტეპიანოს ვერ შეედრებიან და მის ღირსეულ კონკურენტებად ვერ ჩაითვლებიან.

დოკუმენტური ფილმი როიალის „მომთვინიერებელ” (იდეალური ჟღერადობის მისაღწევად) შტეფან კნიუპფერზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“