სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რამდენიმე აქტივობა მედიაწიგნიერების განვითარებისთვის

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს განეკუთვნება მედიაწიგნიერება. ამ კომპეტენციებს შორის მკაცრი საზღვრები არ არსებობს, ისინი ერთმანეთისგან მომდინარეობს და ყალიბდება ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარების შერწყმით. ასევე სხვადასხვა საფეხურზე და სხვადასხვა საგნის სწავლა-სწავლების დროს წარმოიშობა მათი საჭიროებაც. მედიაწიგნიერების მახასიათებლებში აღნიშნულია: „აუცილებელია, მოსწავლემ შეძლოს … მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა”) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას”.

ახალი ინფორმაციის ფლობა – ეს არის უმნიშვნელოვანესი საჭიროება ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ გადაწყვეტილებებს შესაძლოა სრულიად სხვადასხვა შინაარსი და მასშტაბი ჰქონდეს. ასევე განსხვავებული ინფორმაციები სჭირდება ადამიანს ყოველდღიურად, დაწყებული ამინდით, დამთავრებული საერთაშორისო ურთიერთობებით. თუ ვზრდით მოქალაქეს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უნარი უნდა ჰქონდეს, მაშინ ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას.

ინფორმაციის მოსაძიებლად მოსწავლეს ჩვეულებრივ წიგნიერებასთან ერთად ციფრული წიგნიერებით გათვალისწინებული უნარებიც სჭირდება, მერე კი – მულტიმედიური ინფორმაციის აღქმისა და გამოყენების უნარიც. ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებით (გაზეთი, რადიო, ტელევიზია, სოციალური მედია) მოვიპოვებთ. ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რამდენად სანდოა მოპოვებული ინფორმაცია. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება ნდობა ან უნდობლობა კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ.

მაინც როგორ შეიძლება გაკვეთილის პირობებში ამ უნარის განვითარება? სტანდარტი აქ არ არსებობს და მასწავლებლის შემოქმედებითობას საზღვარს ვერავინ დაუწესებს. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთ ვარიანტს გთავაზობთ.
საუბარი გვაქვს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, რომელიც შეიძლება შემდეგი თანმიმდევრობით წარვმართოთ:

თავდაპირველად გავააქტიუროთ წინარე ცოდნა და გონებრივი იერიშით შევადგინოთ ორი გონებრივი რუკა:
პირველი: „რა არის ინფორმაცია?”

მეორე: „რისთვის გვჭირდება ინფორმაცია?”

აქ მოსწავლეთა მოსაზრებები, წესისამებრ, კრიტიკისა და შეფასებების გარეშე ფიქსირდება, მერე კი უკუკავშირისთვის ვიყენებთ მინილექციის მეთოდს. ვაწვდით განმარტებით მახასიათებლებს:

ახალი ამბავი ანუ ინფორმაცია არის შეტყობინება (გამოხატული ტექსტური, აუდიო, ვიდეო თუ მულტიმედიური ფორმით), რომელიც პასუხობს შემდეგ კითხვებს: ვინ, რა, როდის, სად, რატომ, როგორ? ინფორმაციის ენა უნდა იყოს ცხადი და გასაგები. იგი ობიექტურად უნდა ასახავდეს ფაქტსა თუ მოვლენას, ეს კი ნიშნავს, რომ რეპორტიორი ზედმიწევნით უნდა აღწერდეს ფაქტს მონაწილე მხარეებისთვის თანაბარი პირობების შექმნით, შეფასებების (ზედსართავი სახელების) გარეშე. კარგი და სარწმუნო ინფორმაცია რაც შეიძლება მრავალი კუთხით უნდა გვაჩვენებდეს ფაქტს, მაგრამ არ უნდა ამჟღავნებდეს ავტორის ტენდენციას, განწყობას. შეფასება ინფორმაციის მომხმარებლის კომპეტენციად რჩება.

მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, რომ ცხოვრებაში ადამიანს უხდება უამრავი გადაწყვეტილების მიღება და წარმატებას აღწევს ის, ვინც სწორ გადაწყვეტილებას იღებს. სწორი გადაწყვეტილების მიღებას კი კარგად ინფორმირებული ადამიანები ახერხებენ.

მედიასამყაროში ორიენტირება არ არის იოლი საქმე. საზოგადოებაში ხშირად წააწყდებით ასეთ სტერეოტიპებს: „როგორ, ტელევიზორში მოვისმინე და ტყუილს ხომ არ იტყოდნენ…” ან „ჟურნალისტების გჯერა? სულ ტყუილს წერენ და ლაპარაკობენ”. ამ საპირისპირო სტერეოტიპების გამოყენებით კლასში დისკუსიის ან დებატების მოწყობა კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. საკითხზე მსჯელობისას ორგანიზების ფორმად შეიძლება ჯგუფური მუშაობაც გამოვიყენოთ. 4 ჯგუფიდან ორმა ერთ სტერეოტიპზე იმსჯელოს, ორმა – მეორეზე. მოკლე პრეზენტაციების შემდეგ ვაჯამებთ საკითხს, რომ არც ერთი მიდგომა არ არის ერთმნიშვნელოვნად სწორი და მომხმარებელმა უნდა შეძლოს, ერთმანეთისგან გაარჩიოს სარწმუნო ანუ ობიექტური და გაყალბებული ანუ ტენდენციური ინფორმაცია.

ამ ლაბირინთში გზის გასაკვლევად მოზარდი, მომავალი მოქალაქე, განსაზღვრული უნარებით უნდა იყოს აღჭურვილი. როგორ შევაფასოთ ინფორმაცია? ახალი ამბის ობიექტურობის საზომი ზუსტი მონაცემები, თვითმხილველთაგან ოპერატიულად აღებული ინტერვიუებია. კონფლიქტების გაშუქების დროს მხარეებს აზრის გამოხატვის თანაბარი საშუალება უნდა მიეცეთ. თუ საქმე ექსპერტებზე მიდგება, პოლიტიკა პოლიტოლოგმა უნდა შეაფასოს და მისი აზრი სამედიცინო საკითხებზე ნაკლებსარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ.
მცირე სასწავლო პროექტები

შეიძლება მცირე სასწავლო პროექტის განხორციელება ამ მიმართებით. დავარქვათ ამ პროექტს მედიამონიტორინგი, ჯგუფებს კი მონიტორი 1, 2, 3, 4 ვუწოდოთ. ოთხ ჯგუფს დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში სხვადასხვა ტელევიზიის, რადიოს ან გაზეთის სამ-სამი ინფორმაციის შეფასება დავავალოთ. წინასწარ, მოსწავლეთა მონაწილეობით და ჩვენი დახმარებით, განვსაზღვროთ კრიტერიუმები, რომლებითაც ისინი ინფორმაციას შეაფასებენ.

1. სრულყოფილად არის თუ არა ასახული მოცემული ფაქტი, მოვლენა?
2. გამოყენებულია თუ არა თვითმხილველთა ინტერვიუები?
3. დაზუსტებულია თუ არა ინფორმაციის წყარო (პირი ან ორგანიზაცია)? 
4. კონფლიქტის აღწერის შემთხვევაში ეძლევათ თუ არა მხარეებს თანაბარი საშუალება საკითხის დასაზუსტებლად?
5. გაზვიადებული ხომ არ არის ფაქტი ან მოვლენა ეფექტის მოსახდენად?
6. ხომ არ ამჟღავნებს ჟურნალისტი ტენდენციას?

შემდეგ გაკვეთილზე ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს და იმსჯელებენ ინფორმაციების სანდოობაზე. მსჯელობა უნდა იყოს არგუმენტირებული. ეს პროცესი ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ყველა შეფასება იყოს ზუსტი, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ინფორმაცია უპირობოდ კი არ უნდა მიიღონ, არამედ შეძლონ მისი კრიტიკული შეფასება, გადახარისხება.

ამ უნარის განსავითარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტუაციის სიმულაციის მეთოდი. კლასი დავყოთ ჯგუფებად; გავაცნოთ ასეთი სიტუაცია: „გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდინარე, რომელიც ქალაქს კვეთს, დაბინძურებულია ქიმიური ნარჩენებით და ეს მოსახლეობის ჯანმრთელობის საშიშროებას უქმნის. ქალაქში პანიკაა, დაბნეულმა მოსახლეობამ არ იცის, როგორ მოიქცეს. რედაქცია თქვენს ჯგუფს ავალებს მოამზადოს ინფორმაცია ამის შესახებ. დაგეგმეთ, სად, ვისთან და როგორ მოიპოვებთ ინფორმაციას და რა ფორმით მიაწვდით მომხმარებელს”.

ეფექტური პრეზენტაციების მოსამზადებლად მოსწავლეებს დასჭირდებათ მრავალნაირი ცოდნა – სახელმწიფო ორგანოების ფუნქციებისა და დანიშნულების, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, კრიტიკულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილებების მიღების და სხვა. პრეზენტაციებზე გაკეთებული უკუკავშირი მათ დამატებითი ცოდნის მიღების საშუალებას მისცემს. შესაძლოა, პროფესიული არჩევანის დაგეგმვისთვისაც  გამოადგეთ.

ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომის საჭიროებაზე ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად კარგ სამსახურს გაგვიწევს ცუდი მაგალითი ჩვენი უახლოესი მედიაისტორიიდან. ვგულისხმობთ მოდელირებულ „ქრონიკას”, რომელიც მედიაში უპასუხისმგებლო ქმედების ქრესტომათიულ მაგალითად იქცა. ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ აზრის განსამტკიცებლად, რომ ინფორმაციის უპირობო ჭეშმარიტებად აღქმა დაუშვებელია.

განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მიმართ. ეს ინფორმაცია უმეტესად არაპროფესიონალთა მიერ იქმნება და თუ ოპერატიულობით უსწრებს სხვებს, სანდოობის ხარისხით ხშირად ჩამორჩება, ამიტომ ასეთი ინფორმაციაც სერიოზულ გადამოწმებას ითხოვს.

ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის კარგი მაგალითები მოსწავლეებმა შეიძლება მოისმინონ და იხილონ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების: სი-ენ-ენის, ევრონიუსის – გამოშვებებში.

ამ საქმიანობის ყოველ ეტაპზე ბლუმის ტაქსონომიის ზედა საფეხურების უნარებთან გვექნება შეხება, რადგან ინფორმაცია ანუ ცოდნა მიღებული იქნება არა პასიურად, არამედ კრიტიკულად, განსჯის, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების გზით. მხოლოდ ასე შეიძლება იქცეს სტატიკური ცოდნა ფუნქციურ და პირობისეულ ცოდნად, ხოლო სწორად შერჩეული ინფორმაცია – სწორი გადაწყვეტილების მიღების წინა პირობად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“