(ნაწილი პირველი)
ბოლო დროს განათლების ქართველი ექსპერტები დაუფარავად საუბრობენ იმის შესახებ, რომ, დახარჯული ფინანსების მიუხედავად, საქართველოში სასკოლო განათლების ხარისხი ვერ უმჯობესდება და რომ ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ეფექტური საგანმანათლებლო სტრატეგიების შერჩევა, რის გარეშეც გაზრდილი დაფინანსება შეიძლება მთლიანად წყალში გადაიყაროს. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად ისეთი სკოლა ისახება, სადაც „მოსწავლეთა ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ძალების გაშლა–განვითარება” გახდება შესაძლებელი.
როგორ შეიქმნას ამგვარი სკოლა კოგნიტიურ ფსიქოლოგიაში ჩატარებული ყველა იმ კვლევის კვალდაკვალ, რომლებიც მოწმობს რომ:
- სკოლაში მოსწავლე ითრგუნება და კარგავს სწავლის მოტივაციას, შემდეგ კი ვეღარ ახერხებს შინაგანი ძალების რეალიზებას;
- გაუშლელი შინაგანი ძალები სერიოზულ ზიანს აყენებს მოზარდის ფსიკიკას, ჯანსაღ, სრულფასოვან პიროვნებად მისი ჩამოყალიბების პროცესს;
- სწავლის მოტივაცია მცირდება არა „სიზარმაცის“ ან ინტერესის უქონლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ, კლასიდან კლასში გადასვლის პარალელურად, მოზარდები ეტაპობრივად კარგავენ თვითრწმენას, თვითეფექტურობის განცდას – წარუმატებლობა, განსჯითი დამოკიდებულება, სხვებთან შედარება, შფოთვა, გადაულახავი სირთულეები უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ თვითრწმენასა და თვითეფექტურობაზე?
არასწორი აღზრდის შედეგები ჩვენში კვლევების გარეშეც თვალსაჩინოა. რატომ არის, რომ „განათლებული“ და „წარმატებული“ პოლიტიკოსები თუ საჯარო მოხელეები ვერ ახერხებენ თვითკონტროლს და ღია, საჯარო სივრცეში ხმამაღლა ილანძღებიან, იგინებიან, სხვადასხვა ფორმით ძალადობენ, საქვეყნო საქმე კი მუდამ გაუკეთებელი რჩება?
რისი ბრალია, რომ სადაც საჭირო არ არის, იქ გავყვირით, სადაც ჯერ არს – ხმის ამომღებიც არავინაა?! რისი ბრალია, რომ შიში უაზროდ მძლავრობს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, რადგან პატარა, სუბიექტური, უადგილო შიშები განუზომელი ობიექტური საფრთხეების გამომწვევია? ამას ცოდნა და გააზრება უნდა და, ჩანს, ამის თავი აღარ გვაქვს, ამიტომაც აღმოვჩნდებით არასწორი პოლიტიკის წინაშე, ამიტომაც უდარდელობით, უჰაერობით, უწყლობით, და კიდევ ათასი უ-ობით, სადაცაა, ყველანი დავიხოცებით, ქვეყანა კი თავზე მანამდე ჩამოგვენგრევა.
დიდი ხანია, ვნატრობთ, უკეთეს, არაძალადობრივ საზოგადოებაში ცხოვრებას[1] და დიდი ხანია, საზოგადოების ერთი ნაწილი ამაოდ ჩივის, რომ ჩვენი ტემპერამენტის მქონე ხალხისთვის ემოციური რეგულაციის სწავლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია[2].
შიში, ბრაზი, რისხვა, აღშფოთება – ემოციებია, რომელთა რეგულაციას სწავლა სჭირდება. გასაღები კი ის სასწავლო სტრატეგიებია, რომელთა დასანერგავად განათლების სფეროს მესვეურები და წარმომადგენლები ძალ-ღონეს და ფინანსებს არ უნდა იშურებდნენ.
ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული უახლესი კვლევები ერთგვარი საგანმანათლებლო ინსტრუმენტებია, რომლებიც გვეხმარება, მოსწავლეებს ვასწავლოთ თავიანთი ქცევის მართვა, რაც იმთავითვე ემოციების მართვას, რეგულაციას უკავშირდება.
შედეგები თვალსაჩინოა: სკოლებში ემოციური რეგულაციის სწავლებას იმთავითვე კლასის ქცევის გაუმჯობესება მოჰყვება ხოლმე, მაგრამ, ამასთან ერთად, ბავშვებისთვის ემოციური რეგულაციის სწავლება აუცილებელია, რათა დავანახოთ კავშირი საკუთარ გრძნობებსა და ქმედებებს შორის. ეს პოზიტიური და სასარგებლო ცვლილება ხანგრძლივია და სასიცოცხლოდ აუცილებელიც.
ჩვენი პოზიტიური ნაბიჯების დროა. ათვლის წერტილი საკლასო ოთახი და ის გარემო იყოს, რომლებიც გადანაცვლებული მოდუსებით ბავშვისთვის პირობით ოჯახად მიიჩნევა.
„ტესტის დღე“
წარმოიდგინეთ, რომ ტესტის დღეა. საკლასო ოთახში ემოციების ცვენაა. ჯო მთელი დილაა წრიალებს. მან შეამნია, რომ მასწავლებელმა ტესტი დასარიგებლად მოამზადა და პანიკაშია: ადგილიდან დგება, საკლასო ოთახში დარბის, მეგობრის ფანქრებს ხელს ჰკრავს და ისვრის.
რას გააკეთებდით, მისი მასწავლებელი რომ იყოთ?
ცხადია, იოლი არ არის მოსწავლის ამგვარი ქცევის მოთმენა, მაგრამ იმედია, მოთმინების ფიალას ბრაზით არ აივსებთ და ჯოს დაჯდომას არ უბრძანებთ, არც კლასიდან გააძევებთ, თუმცაღა ინსტინქტი აშკარად გთხოვთ მის დასჯას. ჯოს ამგვარ ქცევას რომ ტესტი იწვევს, აშკარაა. ნუთუ დასჯით?!
ამერიკის განათლებისა და ფსიქოლოგიის ლიცენზირებული სკოლის ფსიქოლოგის, ლორი ჯეკსონის პასუხი ყველა მსგავს შემთხვევაზე არის: „არა!“ მან წამყვან სპეცმასწავლებელთან სტივენ პეკთან ერთად შექმნა The Connections Model, რომელშიც ტექნოლოგია და სწავლების სტრატეგიები განავითარა. მათი მეშვეობით მოსწავლეს უიოლებენ სწავლას ემოციების თვითკონტროლისა და თვითმართვის გზით. აღნიშნული მოდელი მოიცავს KidConnect Classroom app ინსტრუმენტს, რომელიც მოსწავლეს ეხმარება, ჯერ ამოიცნოს, მერე კი მართონ საკუთარი ემოციები.
თუ უფროსებს შეგვიძლია ჩვენი გრძნობა-განცდების მართვა სეირნობით ან ღრმა სუნთქვით, პატარებს ამის უნარი არ გააჩნიათ. თვითმართვის ფორმა, რომელსაც ემოციურ რეგულაციას უწოდებენ, ჩვენი ტვინის სიღრმიდან, კერძოდ, ემოციური ცენტრიდან მომდინარეობს. როდესაც ვერ ვმართავთ ემოციებს, თითოეულმა მოვლენამ ან აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები ან დაგვაყენოს სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, რომელსაც ემოციური დისრეგულაცია ჰქვია. ბავშვებისთვის ემოციების უმართაობა – დისრეგულაცია – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არასასურველი ცვლილებების მომტანია, იწვევს სირთულეებს მეგობრებთან, თანატოლებთან ურთიერთობაში, დასწავლის უნარებს თანდათანობით აფერხებს და, საბოლოოდ, სწავლას შეუძლებელს ხდის.
სწორედ ამიტომ გვჭირდება, ბავშვებს ვასწავლოთ ემოციების შეკავება, რათა მათ შეძლონ გრძნობებისა და თანამდევი ქცევის თვითკონტროლი.
ქვემოთ წარმოდგენილი ნიმუშები ერთგვარი პროდუქტებია, რომლებიც აქტიურად გამოიყენება საკლასო მუშაობის დროს[3].
ნაბიჯი პირველი:
ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების გამოცნობა
- შიში
- სიხარული
- ბედნიერება
- ნდობა
- რწმენა
- წინათგრძნობა/მოლოდინი
- ბრაზი
- ზიზღი
- მწუხარება
- გაკვირვება
- გაოცება
- უპატივცემულობა
- შეურაცხყოფა
ჩვენს პირობებში ამისთვის მათ შეიძლება შევთავაზოთ აქტივობა, რომლის დროსაც სიტყვას სათანადოდ დააკავშირებენ სურათთან ან/და სიმბოლოსთან
შედეგი:
ნაბიჯი მეორე:
დააკავშირე აზრი, რომ ემოცია მართავს ქცევებს
თუმცა ისიც სათქმელია, რომ საკლასო ოთახში ემოციებზე საუბარი არ უნდა გახდეს ყველაზე არსებითი. უხერხულობას იწვევს მოწაფისთვის ამის კითხვა: „როგორ გრძნობ თავს?“. ნაცვლად ამისა, შეიძლება ვკითხოთ, მოვლენა, ტესტი რა შეგრძნებებს იწვევს მასში, ხოლო თანმხლები ემოცია – როგორ ქცევას.
ემოციებისა და იმის სწავლა, თუ როგორ მართავენ ისინი ქცევას, პოზიტიური მიდგომაა, მოწაფეები ემოციებს ქცევასთან აკავშირებენ. ეს კავშირი კრიტიკული და არსებითია და ჩვენ მის გააზრება მუდმივ საქმიანობად უნდა ვაქციოთ, რამდენადაც ამას ბავშვის აზროვნებს ცვლილებებისკენ მივყავართ.
გამოწვევაა ისეთ აქტივობათა პოვნა, რომლებითაც ვაწავლით ამ ცნებებს, და თუ ისინი სწორად შევარჩიეთ, სწავლებასაც იოლად მოვახერხებთ.
„ჩვენ განვავითარეთ რამდენიმე სახალისო საკლასო აქტივობა, რომლებიც ნამდვილად ეხმარება მოწაფეებს ემოციებისა და ქცევების ურთიერთდაკავშირებაში“, – აცხადებს ბატონი ჯეკსონი. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქარიშხლის მსგავსი მოვლენა იმაზე სასაუბროდ, როგორ ზღუდავს ესა თუ ის ფაქტი ცალკეულ ქცევებს (როგორიცაა საბნის ქვეშ დამალვა), რომლებმაც რიგრიგობით შეიძლება გამოავლინონ ემოცია (შიში). ეს იმაზე უფრო სასარგებლო და სახალისო იქნება ბავშვებისთვის, ვიდრე იმის გაგება, რას გულისხმობს ემოციური რეგულაციის იდეა. ისინი თანდათან ისწავლიან მოვლენების ემოციებთან დაკავშირებას და დაინახავენ კონტროლის საჭიროებას მათ სამართავად.
ეს აქსიომაა და იმისთვის, რომ ყურადღების მიერ მართული სწავლა ვისწავლოთ თუ ვასწავლოთ, ყველაფერი ანიდან უნდა დავიწყოთ. ჰოემდე ხომ ვრცელი გზაა და, ვინძლო, უმართავმა ემოციებმა იქამდე ვერც კი მიგვაღწევინოს.
[1] https://mastsavlebeli.ge/?p=17124
[2] https://www.youtube.com/watch?v=gpPgmJJyeXY
[3] https://www.weareteachers.com/emotional-regulation/