„ციფრული სკოლა – საქართველო“- თავისი საქმიანობა 2018 წლის სექტემბერიდან დაიწყო, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით აიღო. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
ორწლიანი პროექტი თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვის იდეას ემყარება. მასში 120 სკოლა და 720 მონაწილე ჩაერთვება. პროექტში მონაწილე სკოლები ჯერ ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შეიმუშავებენ, შემდეგ კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს განახორციელებენ. ციფრული სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაეცნონ და გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები, მონაწილეობა მიიღონ ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაში, სადაც წარმატებული პრაქტიკის და ციფრული ინოვაციების ცოცხალი მაგალითები გაზიარდება.
თუ როგორ ინტეგრირდება ჩვენს რეალობაში ესტონურ გამოცდილებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროექტი, ტალინის უნივერსიტეტის მკვლევარი, საერთაშორისო ექსპერტი და პროექტ „ციფრული სკოლა- საქართველოს“ ხელმძღვანელი მარტ ლაანპერე გვიამბობს.
-რას ნიშნავს ციფრული სკოლა და რატომ არის მნიშვნელოვანი დღეს ციფრული ცვლილებების ხელშეწყობა?
-ციფრული სკოლა მოიაზრებს, როგორ უნდა დაინერგოს ციფრული კულტურა სკოლაში. მარტივად რომ ვთქვათ, მოსწავლეებს სკოლაშივე უნდა ჰქონდეთ წვდომა საჭირო ინსტრუმენტებზე და ამისათვის ისინი ლაბორატორიაში არ უნდა მიდიოდნენ.
მაგალითად, საქართველოსგან განსხვავებით, ესტონეთში ბუკების პროგრამა არ არსებობს. საქართველოს სკოლებს ინტერნეტის პრობლემა აქვთ, რის გამოც ვერ ხერხდება ბუკების უფრო ეფექტიანად გამოყენება. რამდენიმე წლის წინ მე ვითანამშრომლე პროგრამა „ირმის ნახტომთან“. დიახ, მაშინ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რაღაცები ცენტრალიზებულად ვრცელდებოდა.
ციფრული სკოლის პროექტის მიზანი კი სწორედ სკოლიდან წამოსული ინიციატივების ხელშეწყობაა. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვახალისებთ და ვეხმარებით სკოლებს თავად განსაზღვრონ, თუ რა მიმართულებით სურთ ციფრული კულტურის განვითარება და შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვა.
-აქამდე ჩვენთვის სტრატეგია დასული იყო მხოლოდ ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნაზე, ამ ინსტრუმენტების სკოლაში შეტანაზე. გეთანხმებით, რომ გვაქვს ინტერნეტის პრობლემაც, მაგრამ მხოლოდ ინტერნეტის ჩართვა ხომ არ ნიშნავს ციფრული სტრატეგიის დასახვას?
-რასაკვირველია, არა. ეს პროექტი ემყარება კანადელი პროფესორის მაიკლ ფულანის თეორიას, რომლის მიხედვით, ინოვაციური პრაქტიკის გასავრცელებლად და დასანერგად სკოლებში საჭიროა სამი კომპონენტის არსებობა, ანუ ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება სამ ურთიერთდამოკიდებულ სფეროს მოიცავს: პედაგოგიკას, ცვლილებების მენეჯმენტს და ტექნოლოგიას. ამ კომპონენტებს შორის აუცილებელია ბალანსის არსებობა.
პედაგოგიკაში იგულისხმება უფრო კრეატიული მიდგომების დანერგვა, სადაც მოსწავლე თვითრეგულირებადი მსწავლელი იქნება, თვითონ გადაწყვეტს სად და რა უნდა ისწავლოს და ა.შ.
ცვლილების მენეჯმენტში იგულისხმება ის, რომ ყველა სკოლაში უნდა არსებობდნენ კრეატიული მასწავლებლები. კვლევების თანახმად, მათი რაოდენობა, როგორც წესი, დაახლოებით 15%-ია. როგორ უნდა გავზარდოთ ეს რიცხვი? რა ტიპის აქტივობები უნდა დავნერგოთ? როგორი უნდა იყოს ანალიზისა და მონიტორინგის პროცესი? სკოლამ ის საჭიროებები, რაც აქვს, თვითონ უნდა განსაზღვროს და განსხვავებული სტრატეგიაც დაგეგმოს. ვთქვათ, რომელიმე სკოლამ განმავითარებელი შეფასებები უნდა დანერგოს და ამ მიმართულებით განავითაროს თავისი სტრატეგია, ვიღაცას კი, შესაძლოა, მათემატიკის მიმართულებით დასჭირდეს გაძლიერება. ცვლილებების მენეჯმენტის მიზანია კრეატიული მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა და ეტაპობრივად ინოვაციების მიმართულების, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება.
რაც შეეხება ტექნოლოგიებს, უნდა გვქონდეს პასუხი კითხვაზე – რა ტექნოლოგიური ინსტრუმენტები გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენს მიერ შერჩეული მეთოდი წარმატებით განვითარდეს?
პროექტის ფარგლებში მიღებული ცვლილებების დასანახად ერთი წელი მაინც უნდა იყოს გასული. ჩვენი პროექტი მოიცავს ოთხთვიანი ტრენინგების კურსს, რომელთა პირველი ციკლი 2019 წლის თებერვლიდან დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება. ივნისში გვექნება კონფერენცია ბათუმში, სადაც წარმატებული სტრატეგიის განმახორციელებელ სკოლებს დავაჯილდოებთ. იმ დროისთვის სკოლებში სტრატეგიის დაახლოებით 30% განხორციელებული უნდა იყოს. იდეა იმაშია, რომ პროექტი დაწყებულია და სკოლამ ინოვაციურ მიდგომებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.
– ინოვაციური პრაქტიკის გაღრმავება ახსენეთ, რა იგულისხმეთ და რა გამოცდილება აქვს ესტონეთს ისეთი, რომ ის მომხიბვლელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის?
-ინოვაციური პრაქტიკის სიღრმე დამოკიდებულია სკოლაზე. როგორც აღვნიშნე, სკოლა, საჭიროებიდან გამომდინარე, თვითონ ირჩევს სამუშაო მიმართულებას. მაგალითად, რომელიმე სკოლა წყვეტს, რომ გამოიყენოს ინტერაქტიული სასწავლო ობიექტები, ისეთი სწრაფი პასუხების სისტემა, როგორიც არის კაჰუტი. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი აქტივობა, მაგრამ ეს ინოვაციური პრაქტიკის პირველი დონეა, მეორე დონე კი ის არის, როდესაც მოსწავლეები თვითონ ქმნიან ამ რესურსებს. ასეთ პირობებში ისინი კიდევ უფრო უკეთ სწავლობენ, ანუ ინოვაციური პრაქტიკა უფრო ღრმავდება. გამოდის, რომ პირველ ეტაპზე რაღაცის ანალიზს აკეთებ, რამ და როგორ იმუშავა, აგროვებ მონაცემებს და შემდგომ კი იუმჯობესებ ამ პრაქტიკას.
-საქართველოში ამ ინსტრუმენტებთან მიმართებაში გამჭოლი კომპეტენციების დეფიციტია. ვთქვათ, ვისწავლე ყველა შესაძლებლობა, რომელიც ხელს შემიწყობს ინოვაციური პრაქტიკის დასანერგად, მაგრამ როგორ ვისწავლი მედია წიგნიერებას, ინფორმაციულ წიგნიერებას, ეკოლოგიურ წიგნიერებას? თუ ითვალისწინებს ციფრული სკოლა ასეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას?
-ამ პროქტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია ის , რომ ინიციატივა სკოლიდან უნდა მოდიოდეს და არავითარ შემთხვევაში ტრენერისგან ან სხვა რომელიმე ცენტრალიზებული ორგანიზაციიდან. რა თქმა უნდა, ტრენინგის დროს რაღაც მიმართულებებს ვიძლევით და ბედნიერი ვიქნებით, თუ ჯგუფის წევრები ამ კონკრეტული მიმართულებით იმუშავებენ, მაგრამ არც ეს იქნება თავსმოხვეული რამ. ჩვენ ვერ ავცდებით ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის თანამშრომლობა, მედიაუნარები, ციფრული უნარები და სხვ. მაგალითად, ესტონეთში მსგავს პროექტში 20 სკოლა იყო ჩართული და აქედან 3-4-მა სკოლამ გამჭოლი კომპეტენციების განვითარება შეარჩია.
–პროექტის მიხედვით, ესტონეთში ინოვაცია სკოლის კულტურის ცვლილების ნაწილია. მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების როლის ცვლილება კი ყველაზე ეფექტიანად სკოლის დონეზე შეიძლება განხორციელდეს. როგორ შეუძლია ციფრულ სკოლას გააუმჯობესოს ან ხელი შეუწყოსკოორდინირებულ თანამშრომლობას ? ამის მაგალითს ხომ არ გაიხსენებდით?
-სკოლის სამ დონეს გამოვყოფდი: მიკრო დონე, სადაც მასწავლებელი საკლასო ოთახშია. მაკრო დონე, როდესაც სახელმწიფო დონეზე ხდება რეგულაციების მიღება, კურიკულუმის, სასწავლო გეგმის შემუშავება და სხვ, მაგრამ ეს არასაკმარისია და ხშირად ვერ აღწევს საკლასო ოთახამდე, სახელმწიფოს ჰგონია, რომ მოამზადებს მასწავლებლებს, შეუშვებს საკლასო ოთახში და ისინი სასწაულებრივად შეცვლიან ყველაფერს. სინამდვილეში ასე არ ხდება.
შუა რგოლი სკოლის დონეა და თუ იმ დონეზე არ განხორციელდა ეს ყველაფერი, არანაირი ინოვაციური პრაქტიკა არ გავრცელდება, რადგან მხოლოდ სკოლამ იცის, ვინ ჰყავს ინოვატორ მასწავლებლებად და როგორ შეიძლება მათი, როგორც რესურსის, გამოყენება.
2014 წელს გვყავდა ამ პროექტის გამარჯვებული სკოლა, რომელმაც რუსი მოსწავლეებისთვის ესტონური ენის სწავლა გადაწყვიტა. მოსახლეობის ეს ორი ჯგუფი – ესტონელები და რუსები – გაყოფილები იყვნენ და ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ. ჩვენ გვაქვს ასეთი პროექტი „კლილ“(CLIL – digital language immersion), რომელიც მეორე ენის სწავლებას მოიაზრებს, მაგრამ მასში ციფრული ინსტრუმენტი არ გამოიყენებოდა. სკოლამ გადაწყვიტა, რომ გაეციფრულებინა ყველაფერი. თავიდან ექვსმა მასწავლებელმა ღია გაკვეთილებზე გამოიყენა უმარტივესი ინსტრუმენტები. შემდეგ მოიწვიეს სხვა მასწავლებლები. თავიდან პროექტში ჩართული მასწავლებლები მხოლოდ 10%-ს წარმოადგენდნენ, საბოლოოდ კი მასწავლებლების 100%-მა ერთხელ მაინც გამოიყენა ციფრული ინსტრუმენტები , 50%-მა კი გააგრძელა ყოველდღიურ სასწავლო რესურსებში მათი დანერგა.
-თუ არსებობს ესტონეთში იმის გამოცდილება, რომ ციფრულმა სკოლამ გავლენა იქონია მასწავლებლის პროფესიულ ზრდაზე, განვითარებაზე? რა შედეგით იმუშავა ამ მოდელმა?
-საქართველოში მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა რეგულირებადია. მასწავლებელთა სახლიც სთავაზობს გარკვეულ სერვისებს, რომელთა გავლის მერე მასწავლებელს ქულების აღება შეუძლია. ასევე კარგი იქნება თუ სკოლის ინიციატივით განხორციელდება ვორქშოპი ან ტრენინგი დ ა მასწავლებელი ამაშიც კრედიტებს აიღებს.
რაც შეეხება ესტონეთის გამოცდილებას, მასწავლებლებს ასეთივე აქტივობებში ჩართვის მხოლოდ შინაგანი მოტივაცია ამოძრავებთ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამისკენ დირექტორი უბიძგებს. საქმე ისაა, რომ სამ წელიწადში ერთხელ დირექტორი თვითშეფასების ანგარიშს ადგენს, სადაც მან მასწავლებლის ყველა აქტივობა უნდა აღწეროს.
მაგალითად, ესტონეთის ერთ-ერთმა სკოლამ ახლახან „ციფრული შესვენებები“ დანერგა. ჩვენ გაკვეთილებს შორის გვაქვს ორი დიდი შესვენება. ერთს მასწავლებლები სადილისთვის იყენებენ, მეორეს კი, კვირაში ორჯერ, ციფრული ინსტრუმენტების გაზიარებისთვის. ამ აქტივობას უკვე ძალიან ბევრი სკოლა მიმართავს.
თუ სკოლა მართლაც ინოვაციური პრაქტიკების გაღრმავების მიმდევარია, ცდილობს, მათი განვითარებისთვის შესაბამისი კურსი სკოლის გარეთ მოიძიოს. ეს ყველაფერი არანაირად არ რეგულირდება, ყველა ინიციატივა მოდის „ქვემოდან“ – სკოლიდან.
–ჯერჯერობით საქართველოში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა რეგულაციებთან არის მიბმული. თუკი ესტონეთში მასწავლებლის ხელფასი არც ისეთი დიდია, რა არის ის მთავარი გასაღები, რომელიც მასწავლებელს შინაგან მოტივაციას უღვიძებს და თან გეზს ციფრული განათლებისკენ აღებინებს?
-მე საქართველოზე უფრო რთული მაგალითებიც მინახავს, მაგალითად მოლდოვაში, სადაც მასწავლებლები მიხვდნენ თამაშის წესებს და დახელოვნდნენ კრედიტების მიღებაში, მთელ ენერგიას ამაში დებენ. თუმცა ეს ძალიან ჰგავს მოსწავლეთა ნიშნების მიღებას. თუ ყველაფერი ნიშნებზე დააფუძნე, რა თქმა უნდა, მოსწავლე დაინტერესებული მხოლოდ მაღალი ნიშნით იქნება. სოციალურ ქსელში დიდ ხანს ზიარდებოდა ინდოეთში ეროვნული გამოცდების ამსახველი ფოტო, სადაც მშობლები მესამე სართულზე ხოხავენ, რომ ბავშვებს სწორი პასუხები მიანიშნონ. იქ ბავშვის მომავალი ნიშანზეა დამოკიდებული.
ესტონეთში სხვა პრობლემაა – მასწავლებლების დეფიციტის. თუ ვინმე მასწავლებლობის სურვილს გამოთქვამს, გარე დაბრკოლებებს არ ვუქმნით. დაახლოებით 6-7 წლის წინ ჩვენც გვქონდა მასწავლებელთა პროფესიული ზრდის საფეხურები. ყოველ ახალ საფეხურზე მასწავლებლის ხელფასი 20%-ით იზრდებოდა.
ჩვენი სკოლის მასწავლებელი ძირითადად დამოკიდებულია შინაგან მოტივაციაზე და სკოლის ლიდერებზე ან ტექნოლოგიების სპეციალისტებზე, რომლებიც ეხმარებიან საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაში. ისინი სთავაზობენ სხვადასხვა კურსების გავლას არა კრედიტების დასაგროვებლად, არამედ ცოდნის გაღრმავებისთვის. თან გაგვიმართლა – მეზობლად ფინეთი გვყავს, საიდანაც ბევრი რამ გადმოვიღეთ. ფინეთში მასწავლებელი დიდი ავტორიტეტის მქონეა. როგორც პროფესიონალს, ენდობიან. მასწავლებლის პოზიციაზე დიდი რიგებია. ხელფასიც მაღალია – თვეში 4 ათასი ევრო.
-როგორ შეირჩევიან ციფრული სკოლის წევრები? რამდენ სკოლას მოიცავს პირველი ეტაპი?
-პროექტი ორწლიანია. პირველ ეტაპზე 60 სკოლა გადამზადდება, მეორე წელსაც ამდენივე სკოლა. თითოეული სკოლიდან ექვსი მონაწილე იქნება წარდგენილი. აუცილებელია დირექტორი და ერთი ისტ მენეჯერი იყოს, დანარჩენი ინოვატორი მასწავლებლები. სკოლამ თვითონ უნდა შეარჩიოს ისინი.
სულ 120 სკოლიდან 720 მონაწილე გადამზადდება. ერთ ჯგუფთან მუშაობა ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგი შედგება 24 საკონტაქტო საათისგან, რომელიც ოთხ დღეზე განაწილდება, თვეში ერთი შეხვედრა. ერთ ტრენინგზე თავს ოთხი სკოლა მოიყრის. გუნდები მოყვებიან , თუ რა ინოვაციური იდეების განხორციელება სურთ, როგორ უნდა დაგეგმონ. შემდგომ სამ კვირაში დაგეგემილი უნდა განახორციელონ, შემდეგ შეაჯამონ. ტრენინგები განხორციელდება „დიჯი-სოლთის“ მიერ (ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ციფრული წიგნიერების განვითარება), ტალინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის ერთ-ერთი მიზანია პრაქტიკის კარგი მაგალითები გავრცელდეს სხვა სკოლებშიც. ყველა სკოლას ექნება წვდომა ინსტრუმენტებზე, მათ შორის „ციფრულ სარკეზე“, რომელიც ტალინის უნივერსიტეტმა განავითარა (ესტონეთის სკოლების 90% იყენებს ამ ინსტრუმენტს), რომლის მიხედვით ფასდება ციფრულად რამდენად მოწიფულია სკოლა. შეფასების ინსტრუმენტები ემყარება ზემოთ აღნიშნულ სამ კომპონენტს: პედაგოგიკა, ცვლილებების მენეჯმენტი და ტექნოლოგია. შეფასებაზე დაყრდნობით იგეგმება სტრატეგია. მეორე ინსტრუმენტი არის ევროკომისიის მიერ განვითარებული ინსტრუმენტი „სელფი“. მთელი სკოლა – მასწავლებლები, მოსწავლეები, დირექცია აფასებს სკოლის ციფრულ მოწიფულობას, სხვადასხვა მიმართულებით რამდენად იყენებს ტექნოლოგიებს, რა სასწავლო პრაქტიკისთვის იყენებს და სხვ.
კიდევ ერთი ინსტრუმენტი ლაპლანერია, რომელშიც მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დაგეგმონ და ატვირთონ გაკვეთილი. ასევე, ციფრული ინსტრუმენტია პრესბუქი, რომელიც საშუალებას იძლევა, სკოლამ შექმნას ინტერაქტიული სასწავლო სახელმძღვანელოები.
ეს ყველაფერი ინტერნეტში ქართულად იქნება ხელმისაწვდომი, შეიქმნება სასწავლო სცენარები და ინტერაქტიული სახელმძღვანელოები. აუცილებელი მოთხოვნა იქნება ბლოგის წარმოება, ყოველკვირეულად უნდა აისახოს რა გაკეთდა სკოლაში, როგორ მიმდინარეობდა ცვლილებები. სხვა სკოლებისთვის ესეც ერთგვარი გამოცდილების გაზიარება იქნება.
„სამსუნგ ელექტრონიქსი ბალტიისპირეთი“-ს დაფინანსებით ტალინის უნივერსიტეტმა ციფრული სკოლის განვითარების საპილოტე პროექტი 2014 წელს რვა სკოლაში დაიწყო. პროექტის პოპულარიზებისთვის დიდი თანხები გამოიყო. ციფრული განვითარების საპილოტე სკოლების უმრავლესობა ლიდერები გახდნენ თავიანთ რეგიონებში, ინოვაციური პრაქტიკის გასავრცელებლად სკოლის კარი გაუღეს სხვა სკოლის მასწავლებლებსაც.
-განათლების სისტემის დონეზე რა გავლენა იქონია ციფრული სკოლის პროექტმა?
-ბევრი პროგრაა მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პროგრამებში არ არის ისეთი ჰოლისტური მიდგომა, სადაც სამივე – პედაგოგიკა, ცვლილებების მენეჯმენტი და ტექნოლოგია – კომპონენტი მუშაობს. ამჟამად ტალინის უნივერსიტეტი ახორციელებს ახალ პროექტს „საგანმანათლებლო ლაბორატორია“, რომელიც სამივე კომპონენტის გამოყენების მოდელზეა აგებული. პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტი და სკოლა თანამშრომლობენ კვლევების გამოყენების მიზნით და ახალი ინოვაციური პრაქტიკების დასანერგად.
დაინტერესებულ სკოლებს შესაძლებლობა აქვთ ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილონ https://dgturn.wordpress.com.
პროექტს საქართველოში განახორცილებს https://www.dgsalt.org/ – ამბობს
პროექტის ტრენინგმასალებზე პასუხისმგებელი პირი, ტალინის უნივერსიტეტის უმცროსი მკვლევარი- ეკა ჯელაძე.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ https://docs.google.com/forms/d/1VJuuwfyBJvEpnmYyGkBgyg0njbm0ffQYR29ELqv_9Ag/edit. პროექტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ დიჯისოლთს: dgsaltinfo@gmail.com, ტელ : 577640155