საკლასო ოთახის კედლებზე ასახული ყოველდღიური საგაკვეთილო ფუსფუსი წიგნიერების ხელშემწყობი მთავარი პირობაა. ჩვენს სკოლაში მშვენიერი ბიბლიოთეკაა, სადაც ბავშვები თავს კომფორტულად გრძნობენ, თუმცა საკლასო ოთახის წიგნიერი გარემო უმნიშვნელოვანესია. ამიტომ მისი გამრავალფეროვნებისთვის ბევრს ვფიქრობ. საინტერესოა, მაინც რა შეგვიძლია ქართულის მასწავლებლებსა თუ დამრიგებლებს?
თბილისის წიგნის დღეები კარს მოგვადგა, რომელიც 8-11 ნოემბერს ექსპოჯორჯიაში გაიმართება. გადავწყვიტე, საგამოფენო დარბაზს ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვესტუმრო, მიზნად კი დავისახე:
- კლასის ბიბლიოთეკის შექმნა;
- საერთო საკითხავი წიგნის ყიდვა;
- წიგნიერი გარემოს ნახვა;
- პიკნიკი;
- ბლოგისთვის პოსტების მომზადება.
სასურველია, წინასწარ ავაგოთ პრეზენტაცია, რითაც გავაცნობთ მოსალოდნელ სიტუაციას და შევუქმნით განწყობას. მოვამზადოთ წიგნის ფესტივალის ამსახველი ფოტომასალა, ან ვაჩვენოთ წიგნზე შეყვარებული მეგობრების ვიდეომომართვები. მეგობრის ოთახის კედელი კი, რომელიც წერილებით, სამახსოვრო ბარათებით, საყვარელი მწერლებისა და მსახიობების პლაკატებითაა აჭრელებული, ბოლო ლუკმად შემოვიტოვოთ. პირადი მაგალითი იქნება იმისა, როგორ შეგვიძლია ჩვენი ამბებით საინტერესო გავხადოთ კლასის ერთი კუთხე. წიგნის დღეების ამსახველი ფოტომასალა, წიგნების პოსტერები, მწერლების სურათები, კადრები საყვარელი ფილმებიდან და ანიმაციებიდან – მულტიმედიური სამყაროს საკლასო ოთახში შემოტანა, ბავშვების მოტივაციას აამაღლებს და „შინ“ მყოფობის განცდას შექმნის. წინასწარი განწყობის შექმნა პირველი ნაბიჯია, შემდეგ სამოქმედო გეგმის ჯერი დგება.
კლასის ბიბლიოთეკა
ჩვენ ასე შევთანხმდით: სურვილისამებრ ვიკრიბებით კვირა დღეს, ვადგენ სასურველი წიგნების სიას და შემთხვევითი წესით თითოეულს გვხვდება ერთი ავტორი. ვეძებთ და ვყიდულობთ. ათი წიგნიც რომ შეგვიგროვდეს, მშვენიერი იქნება. საკლასო ოთახში გამოვყოფთ პატარა კუთხეს, სადაც ერთად შეძენილ წიგნებს საგულდაგულოდ მოვათავსებთ. ცხადია, წიგნების გამომზეურებით არ უნდა დასრულდეს წამოწყებული აქტივობა. პირიქით, ნაყიდი წიგნების საგაკვეთილო პროცესში ჩაბმა პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება.
საერთო წიგნი
ორი თვეა მე და ჩემი 41 მეექვსეკლასელი მოსწავლე თეა თოფურიას წიგნს – „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ – ვკითხულობთ. ყოველ პარასკევს შეფასებისგან თავისუფალი გაკვეთილი გვაქვს და კვირის განმავლობაში წაკითხული ნაწილის ირგვლივ ვსაუბრობთ. ამ წამოწყების შესახებ შემდეგ სტატიაში დაწვრილებით გიამბობთ. ახლა კი იმას გეტყვით, რომ თეას წიგნს მალე დავასრულებთ და გადავწყვიტე, კიდევ ერთი ქართველი ავტორის გიორგი მასხარაშვილის წიგნი – „14 კრისტალის თეორია“ – წავიკითხოთ. წიგნის დღეები კი ზუსტად ის ადგილია, სადაც ყველა შევიძენთ და მოვემზადებით ზამთრის დღეებისთვის.
წიგნის ერთად წაკითხვა მრავალმხრივ საინტერესო აქტივობაა: ერთმანეთის უკეთესად გაცნობისთვის, ლექსიკური მარაგის გამდიდრებისთვის, სასწავლო პროცესის გახალისებისთვის, მკითხველის უნარ-ჩვევების შეძენისთვის.
წიგნიერი გარემო
ასეთი დღეებისთვის საგანგებოდ ქმნიან გარემოს, სადაც ყველაფერი წიგნებს უკავშირდება. სადღესასწაულო განწყობა გადამდებია. დამეთანხმებით, არაჩვეულებრივი გზაა იმისთვის, რათა მასწავლებლებმა მოსწავლეებს ვანახოთ თავისუფალი გარემო, სადაც შეხვდებიან მწერლებს, რედაქტორებს, გამომცემლებს, პოეტებს, მკითხველებს. ნახავენ როგორ ეძებენ წიგნებს ხელები, როგორ ფურცლავენ სასურველ წიგნს თითები, როგორ არჩევენ თვალები. საინტერესოა ადამიანების თვალთავლი ასეთ დროს. სხვისი არჩევანი და გადაწყვეტილებები უნებურად შენც გათამამებს, ძიებისკენ გიბიძგებს.
ფოკუსი დეტალებზე
წერითი აქტივობებისთვის იდეები შემოგაკლდათ? წიგნის დღეები ამ დანაკლისსაც შეგვივსებთ. მთავარია, მოსწავლეებს ვთხოვოთ, რომ თვალებზე გამადიდებელი შუშა მოირგონ და ფოკუსი დეტალებზე გაასწორონ. როგორც ჩემი საყვარელი ენათმეცნიერი, ჯონ ვარინერი, ამბობდა, საკუთარი გამოცდილება ნაწერს განსხვავებულს ხდისო. ეს კი სწორედ დეტალების შემჩნევით იწყება – მე რასაც ვამჩნევ, განმასხავებს სხვისგან და ეს მხდის საინტერესოს. დავალების მიზანია ფოკუსის მაკრო რეჟიმში გადმორთვა და გარესამყაროს წერილობით აღქმა. ჩანახატებისთვისაც მოიძებნება ადგილი – საკლასო ოთახის კედლებზე ან ბლოგის სივრცეში. თემის შერჩევისას ჩვენი დახმარებაც დასჭირდებათ: სამი მყიდველი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია; ჩანახატი წიგნის დღეების შესახებ; წიგნი, რომელმაც დამიძახა და ა.შ.
პიკნიკი
წინასწარ პიკნიკისთვის მომზადებაც შეიძლება: თბილი პლედები და წასახემსებლად მცირე საგზალი საკმარისი იქნება ახალი წიგნების ნება-ნება დასათვალიერებლად, შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. საგამოფენო პავილიონის დიდი, მყუდრო ეზო კი პიკნიკისთვის შესაფერისი ადგილია.
მართალია, თბილისის წიგნის დღეები ხვალ იწყება და შეიძლება იფიქროთ, ამ სტატიას გამოქვეყნება დააგვიანდა, მე კი თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობას შეგახსენებთ, რომელიც ყოველწლიურად დეკემბრის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება. რაც მთავარია, მოსწავლეებთან ერთად წიგნიერ გარემოში მოგზაურობა დაუვიწყარ დღეებად გვექცევა და ამ დღის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას უკვე დაიმუხტებით ბავშვების სიხარულით.