სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ვახშამი გადაღლილ მასწავლებელთან

ბოლო სტატიის დაწერიდან სამი წელი გასულა, არადა,   რამოდენიმეჯერ თემაც მოვინიშნე, მაგრამ ……   უდაოა, ჩვენი ინტერნეტგაზეთისათვის წერა უდიდესი პატივია  და დიდი  პასუხისმგებლობაც ( ვინც წერს ან  წერდა, ყველა დამეთანხმება).   დრო, ძალისხმევა, ფიქრი არაფერია იმ ბოლო წუთებთან  შედარებით, როცა სტატიას ელფოსტაზე მიაბამ და ერთი დაწკაპუნებაღა დაგრჩა, შემდეგ  გამოხმაურებების შიშნარევი მოლოდინი, რომელიც მაშინაც არ გტოვებს, როცა წინა სტატიები მკითხველმა თითქოსდა მშვენივრად მიიღო, ყოველი ახალი სტატია  ყველაფრის  თავიდან გამეორებაა. ჰოდა, გასაკვირი ალბათ არ არის,    მხოლოდ სხვისი სტატიების კითხვით თავს კომფორტულად  ვგრძნობდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ისევ მივუჯექი  ლეპტოპს,  მგონი, ,,ჯოჯოხეთის წრეების“ გასავლელადაც მზად ვარ.   აქვე გეტყვით, რომ ამ დროის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე წერას არ ვაპირებ  (ამგვარს მაინც ვერ გავიხსენებ).  ჰო, კიდევ წინა სტატიებისაგან განსხვავებულის  დაწერა მინდა,  ცოტათი მაინც მოთხრობას რომ გავდეს.

თემის შესარჩევად  ჩემი საყვარელი ჰობი (წიგნების კითხვა) და ახლახან წაკითხული წიგნი, წლის ბესტსელერის სერიით გამოცემული შესანიშნავი ჰოლანდიელი მწერლის ჰერმან კოხის ,,ვახშამი“  დამეხმარა.    რომანის საკმაოდ ჩახლართულ სიუჟეტში მოულოდნელად ირკვევა, რომ  პროტაგონისტი პაულ ლომანი   ყოფილი მასწავლებელია,  თანაც ისტორიის მასწავლებელი, რაც ჩემთვის,   თავადაც  ისტორიკოსისთვის, მნიშვნელოვანია.    წიგნის შინაარსის მოყოლას  არ ვაპირებ (ასეთ საქციელი ცოტათი დანაშაულადაც კი მიმაჩნია), სტატია სრულად  ნაწარმოების შუანაწილში სულ   რამდენიმე გვერდზე   სკოლის დირექტორსა და ჩვენს მასწავლებელს შორის საუბარზე ავაგე.  პაულ ლომანი ყოფილი მასწავლებელი თავის ნებით არ გამხდარა,   ის აიძულეს, სკოლიდან წასულიყო. სკოლიდან კი მას შემდეგ გაუშვეს, როცა მოსწავლეებისათვის  სასწავლო მასალის არაორდინალური კუთხით დანახვას  შეეცადა,   თამამი კითხვები დასვა და მოსწავლეებს სთხოვა,  დაფიქრებულიყვნენ დასმულ კითხვებზე. ალბათ უკვე სიმპათიით  განიმსჭვალეთ მასწავლებლის მიმართ. შევთანხმდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება შესაძლოა შეგეცვალოთ.  პაულ ლომანისთვის საბედისწერო გაკვეთილი   მეორე მსოფლიო ომს ეხებოდა,   ომის მსხვერპლთა უზარმაზარ    რაოდენობას განიხილავდნენ, როცა მასწავლებელს   მოსწავლეების ყურადღება  მოულოდნელ ასპექტზე გადააქვს, ეკითხება, როგორ ფიქრობთ, რამდენი ნაძირალა იყო დაღუპულებს შორისო?  მძიმე კითხვაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. სანამ  გაკვეთილზე დასმულ სხვა კითხვებს გავეცნობით, საკუთარი  პრაქტიკას გავიხსენებ.  გასულ სასწავლო წელს ჩემებს ,,წიგნის ქურდი“ წავაკითხე,  თავშესაფარში შეყუჟული და სიკვდილის შიშით ატანილი ადამიანების სცენების წაკითხვის  შემდეგ მსგავსი კითხვა განსხვავებული ფორმულირებით მეც მომაფიქრდა, როგორ ფიქრობთ მეთქი, იმსახურებდნენ თუ არა ჩვეულებრივი გერმანელები ასეთ სასტიკ დასასრულს? პასუხები არაერთგვაროვანი იყო :  ზოგი ალბათ ღირსი იყო კიდეცო, უმეტესობა ალბათ არაო, ბავშვები საერთოდ რა შუაში იყვნენო, რაც მთავარია, ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ,,მშვიდობიანად“ დამთავრდა.

ჩვენს პაულს კი ასე არ გაუმართლა, არც არის გასაკვირი,  მოსწავლეების აზროვნების ,,ფრთების შესასხმელად“  მოაყოლა, მაგრამ რა  კითხვები მოაყოლა : ,,აბა, გამოთვალეთ, ყოველ ას კაცში რამდენი ვირიშვილი მამა იქნებოდა, შვილებს რომ ამცირებდაო, რამდენი იდიოტი, პირიდან საშინელი სუნი რომ ამოსდის და არაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლადო …. ახლა   იმაზე დაფიქრდით, თქვენი ოჯახის წევრებიდან და ნათესავებიდან  სულელური თავაზიანობით და სასტიკი ქცევებით  რამდენი გაღიზიანებთო, ალბათ გულზეც მოგეშვებოდათ ზოგიერთს თავზე ბომბი რომ დასცემოდაო,  როგორ ფიქრობთ,  რამდენ სამართლიანია  ამ ვირიშვილების მოხსენიება ღირსეულ  დაღუპულ ადამიანებთან ერთად, ესენიც მსხვერპლის რიცხვში უნდა ვიგულისხმოთ თუ არა თქვენი აზრითო?“ ….  ოჰო, ნათესავების თავზე დაცემული წარმოსახვითი ბომბისა რა მოგახსენოთ, მასწავლებლის სიტყვები კი ნამდვილად მეხივით გავარდა საკლასო ოთახში, ექომ დაზაფრული ბავშვებიდან  მშობლებამდე, მშობლებიდან კი დირექტორამდე მიაღწია. სკოლის დირექტორმა,   ბევრი რამის გამო გვჩივიან მშობლები, მაგრამ  გაკვეთილების შინაარსის გამო იშვიათადო ( ?!), ჰოდა, ერთი გაიხსენე, ესეთი რა უთხარი ბავშვებსო?    პაულსაც არაფერი დაუმალავს.  მათი უსიამოვნო საუბარი გადაღლილობის მოტივით მასწავლებლის სკოლიდან წასვლის შეთავაზებით დასრულდა,  პაულს ერთი პირობა  შინაგანი აგრესია მოეძალა,  მაგრამ საბოლოოდ დირექტორის წინადადებას იოლად    დათანხმდა კიდეც.

ისტორიის სწავლების პაულ ლომანისეულ  არცთუ ინტერესმოკლებულ  მიდგომებს და   დირექტორის  გულწრფელ, ნაკლებად სასიამოვნო მოსაზრებას მასწავლებლის საქმიანობის შესახებ ახლა   გვერდზე გადავდებ და  თქვენს ყურადღებას   ჩვენი მასწავლებლის კიდევ ერთ ,,საგმირო“ საქციელზე  გავამახვილებ.  სანამ გასასვლელისკენ მიუთითებდა, დირექტორმა ერთი მოსწავლე გოგონას სახელი და გვარი შეახსენა პაულს,  ხომ ვერ გაიხსენებ ამ გოგონას რა უთხარითო?    პაული კი მახსოვრობას სულაც  არ უჩივის, არც მომხდარის შელამაზებით იწუხებს თავს. გაიხსენა,  როგორ ისაუბრა გაკვეთილზე ისრაელ-პალესტინის ომებზე, ისრაელის საშინაო-საგარეო სირთულეებზე, ქვეყანაში განხორციელებულ ტერაქტებზე და როგორ მიუტანა ერთმა მხიარულმა  გოგონამ ამ თემაზე ესე, სადაც ისრაელში ფორთოხლის კრეფაზე, უდაბნოში ყვავილების მოშენებაზე, ისრაელში ბედნიერ და მხიარულ ცხოვრებაზე წერდა.  მოსწავლის ნამუშევარი ვერც  დირექტორსა  ხიბლავს, მე კი ისე დამაინტერესა საკითხის სულ სხვა კუთხით დანახვამ, სიამოვნებით წავიკითხავდი   გოგონას შესაძლოა სუსტ და  დავალებასთან შესაბამისობაში   არაადეკვატურ, მაგრამ უდავოდ ორიგინალურ  ესეს.  პაულს  სინანულის გარეშე გაახსენდა, როგორ უთხრა გოგონას უარი დავალების ჩაბარებაზე, კითხვაზე  ,,რატომ?“, ,,ნაგავია და იმიტომო“, მიახალა. თვალწინ დაუდგა ის წუთი,  როგორ მოერღვა და გაებზარა სახე 15 წლის მუდამ მოცინარ გოგონას. ავტორმა პაულ ლომანი ბოლომდე მაინც არ გაწირა და მის ფიქრებში მშვენიერი ფრაზით სინანულის გრძნობა გააღვიძა :,,იტყვი რაღაცს ენამახვილურს, ამოხეთქავ, ის კი, ვისაც ეუბნები, შენს ნათქვამს ტვირთივით აიკიდებს და მთელი ცხოვრება დაატარებს“.  ,,ენით დაკოდვის“  ნაცნობი ჭეშმარიტების ახლებური და მძაფრი გადმოცემით  კიდევ ერთხელ  ვიაზრებთ ჩვენი სიტყვის ძალას, სიტუაცია კი მტკივნეულად ნაცნობია, მოსწავლის სუსტი ნამუშევარი და მასზე რეაგირება  ჩვენი საქმიანობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

დასასრულს,  პაულ ლომანის ერთ მონოლოგს გავეცნოთ, რომელიც, ჩემი აზრით, სახალისო  კაზუსია მასწავლებლის მართებული და არასწორი მიდგომებით. ტექსტში წინადადებების ბოლოს  დასმული   სამი ემოციის (დადებითი, უარყოფითი, ნეიტრალური) ,,სმაილიკები“  ჩემია და შესაბამისად ჩემს დამოკიდებულებებს გამოხატავს, რომელიც შესაძლოა თქვენსას არ დაემთხვეს.

,, ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის მოსწავლეები იყვნენ J, ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი საგანი, რაც შეიძლება, საინტერესოდ მიმეწოდებინა მათთვის J. ვცდილობდი, ჩემზე ჰქონოდათ სწორება L.  არასოდეს მიცდია მათი ყურადღების უფერული და მოდური ამბებით მიპყრობა K.  ყოველთვის ჩემი თავი მედგა თვალწინ K.  კარგად მახსოვს, უფროს კლასებში რა მაინტერესებდა და რა არა K.  სწორედ ამაზე ვაგებდი მოსწავლეებთან ჩემს ურთიერთობებს“ L.

დაბოლოს, ვისაც ჰერმან კოხის წიგნი ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ წაიკითხოთ. არა მგონია, წიგნის გმირებთან ერთად ვახშამი მოგინდეთ, მაგრამ მშვენიერი ფსიქოლოგიური წიაღსვლებით გაჯერებულ ნაწარმოებს კი გაეცნობით, პერსონაჟების საქციელის  კვალდაკვალ კიდევ ერთხელ დაფიქრდებით მოზარდებში დაბუდებულ და უეცრად ამოხეთქილ  ძალადობის გამოვლინებებზე, შეეცდებით დანაშაულისა და სასჯელის მუდმივი დილემის თქვენეულ გადაწყვეტას და  სხვა საინტერესო თემებიც არ მოგაკლდებათ.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“