სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მოდერნის და პოსტმოდერნის საერთო იდეური ძაფები მეოცე საუკუნის ქართულ ლირიკაში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი და დასასრული ორი ლიტერატურული მიმდინარეობით ამდიდრებს ქართულ მწერლობას – რომანტიზმითა და რეალიზმით, რომლებმაც მართლაც ღირებული და უკვდავი კლასიკური ტექსტები გვაჩუქეს. მეოცე საუკუნის დასაწყისი და დასასრულიც ორი დიდი მიმდინარეობით წარმოგვიდგება – მოდერნიზმითა და პოსტმოდერნიზმით. მოდერნიზმი სამ უდიდეს მიმდინარეობას აერთიანებს: იმპრესიონიზმს, სიმბოლიზმსა და ექსპრესიონიზმს. პოსტმოდერნის მწერლობა ამგვარად განტოტვილი არ გახლავთ, მაგრამ ის გამოირჩევა ფერებით, სტილური ნაირგვარობით, თემატურ-იდეური მრავალფეროვნებით.

შემთხვევითი არ არის, რომ მეოცე საუკუნის მიმდინარეობებს მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი დაერქვა. პოსტმოდერნიზმი იდეური მემკვიდრეა მოდერნიზმისა და აგრძელებს იმ კვალს, რომელიც მოდერნისტულმა მიმდინარეობებმა ღრმად დააჩნია ქართულ ლიტერატურულ სარბიელს.

თუკი მოდერნიზმის და პოსტმოდერნიზმის მწერლობას ვენის დიაგრამის პრინციპით შევადარებთ, ბევრ საერთოსაც ვიპოვით და განმასხვავებელსაც. მთავარი იდეური ორიენტირებია, სადაც უამრავი გადაკვეთა გვხვდება. პოსტმოდერნიზმი აგრძელებს იმ თემებსა და იდეებს, რომლებიც მოდერნიზმმა მოიტანა. რით გამოიხატებოდა მოდერნისტული მწერლობის თემატურ-იდეური მეინსტრიმი? მან, რეალისტური მწერლობისგან განსხვავებით, ფსიქოლოგიზმის გამოხატვა, პერსონაჟის სულში წვდომა და ადამიანის ქვეცნობიერის უღრმესი შრეების ამოცნობა, პერსონაჟის სულში ინტროსპექცია დაისახა მიზნად. მეოცე საუკუნის დასაწყისის რეალობა რევოლუციურად განსხვავებულია წინა საუკუნის სინამდვილისგან. ცივილიზაციის უეცარი გრიგალი შემოიჭრა და შეცვალა ადამიანის სული, გონება, ქცევის მოტივები და მისწრაფებები. სამყარო გაიხსნა, გაფართოვდა (თუ პირიქით, დაპატარავდა?). რკინიგზა, ავტომობილები, ვერტმფრენები, ფოსტა-ტელეგრაფი, სწრაფად მზარდი მეგაპოლისების ხმაურიანი ცხოვრება, ორომტრიალი, ქაოსი… ადამიანის სული დაიღალა, ღმერთს დაშორდა, რწმენა შეერყა, თვითძიების გზა გართულდა. საუკუნეთა მიჯნაზე ეს პრობლემები ჩვეული ვირტუოზობით ასახა დიდმა რეალისტმა დავით კლდიაშვილმა თავის მოთხრობებსა და პიესებში. სხვას რას უნდა მივაწეროთ პლატონ სამანიშვილის პანიკური შიში უდანაშაულო ნახევარძმის ვერგამოკვებისადმი, ოჯახის დაქცევისადმი, თუ არა ღვთისგან დაშორებას, რწმენისა და სიყვარულის დეფიციტს?

ახალმა მოდურმა ფილოსოფიურმა მიმდინარეობებმა, ექსისტენციალიზმმა და ინტუიტივიზმმა მოიტანა მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, საკუთარი თავის ძიების გზა ადამიანური ყოფის წარმმართველი გახდა. კირკეგორის, დოსტოევსკის, ნიცშეს და სარტრის ქმნილებებში არნახული სიმძაფრით გამოიხატა პიროვნების ორიენტირების კარგვის ტრაგედიები, ჯოჯოხეთად ქცეული ყოფა, სადაც ყველაფერი აბსურდის თეატრის სცენაა. გავიხსენოთ მოდერნსა და პოსტმოდერნს შორის „გახიდული“ საოცარი ირლანდიელი – სემუელ ბეკეტი, რომლის პროვოკაციული პიესა „გოდოს მოლოდინში“ ეპოქის სულს აბსურდით გადმოსცემს. მასში ყოფისადმი საოცარი პესიმიზმია გამოხატული, თუმცა ყოფის აბსურდულობის განცდა (თუ ცოდნა) თავისებურად აძლიერებს ადამიანს. მოდერნიზმი ქმნის ახალ ფორმებს, ხოლო პოსტმოდერნიზმი უკვე არსებულს ახალ სიცოცხლეს, ახალ მნიშვნელობას ანიჭებს, ხატავს სინამდვილეს ისეთ ჭრილში, ისეთი რაკურსით, რომელიც მანამდე არავის შეუმჩნევია.

ამ ორმა მიმდინარეობამ მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურა უსახსოვრა ჩვენს ერს. მათი საერთო იდეური ორიენტირების საილუსტრაციოდ ამ მიმდინარეობათა რამდენიმე ლირიკული ნიმუშის ანალიზს შემოგთავაზებთ. მთავარი იდეური მოტივები უკავშირდება:

  1. ავტორის როგორც ლირიკული გმირის თვითძიების გზას და პიროვნულ ტრაგედიებს, ავტოპორტრეტებს (მაგალითისთვის განვიხილოთ პაოლო იაშვილის „წერილი დედას“ და მიხეილ ქვლივიძის „ავტოპორტრეტი“);
  2. აგრეთვე აქტუალურია მარტოსულობის თემა, ავტორი-პროტაგონისტი თავის ღრმა სულიერ ტიკივილებს გვიზიარებს და ალეგორიულად ეს ხეების მხატვრული სახეებით გადმოიცემა ოსტატურად (გიორგი ლეონიძის „ოლე“ და გივი გეგეჭკორის „მუხა საბურთალოს ბაზრის მოედანზე“);
  3. დაბოლოს: მარად აქტუალური და მარად უცვლელი თემა – სასიყვარულო ვნებების გამოსახვა პოეტურ ტექსტში (მაგალითისთვის მოვიხმოთ ტიციან ტაბიძის „ანანურთან“ და ოთარ ჭილაძის „რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით?“).

პაოლო იაშვილის „წერილი დედას“ აცოცხლებს სოფლის იდილიური გარემოდან დიდ ქალაქში გადმოხვეწილი, სულიერი ტკივილებით სნეული, სკეფსისით გაწამებული ლირიკული გმირის აღსარებას, ხოლო მიხეილ ქვლივიძის „ავტოპორტრეტში“ ცოცხლდება პოეტი-კეთილი ავანტიურისტი, რომელიც ცდილობს, სამყარო შეცვალოს. პაოლო იაშვილის გმირს უიმედობა დაუფლებია, თუმცა თვითშეფასებით ის ენათესავება ქვლივიძის ლირიკულ გმირს. ის თვითკრიტიკულია. თუ პირველი ასე იხსენიებს თავს: „…და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე – სალახანა“, – მეორე აცხადებს: „მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე – კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“ ეს უკანასკნელი, პაოლოს გმირისგან განსხვავებით, საკმაოდ ამბიციურია და ენათესავება ტიციან ტაბიძის ამავე თემატიკის ლექსის (ამ ლექსსაც „ავტოპორტრეტი“ ჰქვია) ლირიკულ გმირს, რომელიც საკუთარ თავს ფაშა ეფენდის და დენდის უწოდებს, ბაღდადურ დიდებაზე ოცნებობს,  ხოლო ლექსის დასასრულს მისი ფანტაზია კოსმიურ მასშტაბებს სწვდება:

„იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი, –

ცხოვრებავ, ხელში მაქვს მე შენი სადავე,

რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო“.

ასეთივე პატივმოყვარეობით არის შეპყრობილი ქვლივიძის ლირიკული გმირიც. ის ჯერ მკითხველს ეკითხება: „გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად? ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო?“ ბოლოს კი ოსტატური ჰიპერბოლით გამაოგნებელ, ეპატაჟურ გამოხატვას აძლევს საკუთარ ამბიციებს: „ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!..“

მოდერნის და პოსტმოდერნის თვითმაძიებელი გმირი ხშირად იტანჯება მარტოსულობით, მისთვის სამყარო უკაცრიელია, არავინ ჰყავს გამგები, თანამდგომი, გარშემო ყველა და ყველაფერი მისი მტერია. ეს იდეები საოცარი ექსპრესიით არის გაცხადებული ლეონიძის „ოლესა“ და გივი გეგეჭკორის ლექსში „მუხა საბურთალოს ბაზრის მოედანზე“. პირველ ლირიკულ გმირს რომ დავაკვირდეთ და შემდეგ მეორისკენ მივამართოთ მზერა, თვალწინ წარმოგვიდგება არა მხოლოდ მარტოობის სიმბოლოდ ქცეული ხეები, არამედ მეოცე საუკუნის ადამიანი, განდეგილი და დამუნჯებული ყოფის სირთულით. ოლე ლიახვის კლდეზე იხილა გოგლამ, გაბზარული, დახეთქილი, „შიგნიდანვე გამომწვარი მარტოობის შხამით“, რომელიც სიმართლის, გამძლეობის, აღდგომისა და ამაღლების სიმბოლოა. „ბალღამის და ცრემლის სვეტად ქცეულ“ ოლეს მაინც შესწევს ძალა, სიყვარულს დაელოდოს, გაარღვიოს არტახები, გაანგრიოს ჯებირები, მიუწვდომელს მისწვდეს, ეძებოს ხსნა და ოქროს თავით ცისკენ მიაპყროს მზერა. მიუხედავად იმისა, რომ გარემომცველ სინამდვილეში მას ერთგული არავინ ჰყავს, ყველა მისი სასტიკი მტერია: მზე შემწველი-ცოფიანიც, ქარის ეშვებიც, მეხი-ბრეშაც, ყინვის კარჩხიც, წვიმის შუბიც, ყორანიც, ყველას მისი მოთხრა და წაქცევა უნდა, ერთი სული აქვთ, გააქრონ და მიწასთან გაასწორონ, მაგრამ ლექსი მაინც საოცრად იმედიანია ფინალისკენ. ჩნდება მოლოდინი, რომ, მიწას მიჭედილი, რაშივით ცაში აიჭრება, ან დარბაზში შუაბოძად დადგება, ან გრძელ ტივებს გაუძღვება, თვით მეხიც ვერ შეძლებს მის განადგურებას. ტექსტი თვითრეფლექსიაა და გვასწავლის, რომ ცხოვრება სავსეა განსაცდელით, მაგრამ ამ ბრძოლაში მუდამ არსებობს გადარჩენის გზა, ყველაფერი ჩვენს სულიერ სიმტკიცეზეა დამოკიდებული. ოლე სიმბოლისტური პოეზიის უაღრესად გამომსახველი სახეა და ის მარტოსული, მაგრამ ვერწაქცეული ადამიანის ხატად რჩება.

გივი გეგეჭკორის ლექსის გმირი მუხა, რომელიც საბურთალოს ბაზრის მოედანზე დგას, ასევე მარტოსულია, მიუსაფარი, მაგრამ სავსე გრძნობებით, სევდით, სიკეთით, მთავარ გმირს უშურველად ასაჩუქრებს: „გაუგებარ სიხარულს, ღირსი ვარ თუ არა ვარ, ხელგაშლილად მჩუქნი“… მთვარის ყვითელ სისხლში განბანილი მისი ხელები (უძლიერესი მეტაფორული ხატი!) პოეტის სულს იპარავს, „როგორც კლეპტომანი“.

ოლესგან განხვავებით, მუხა განასახიერებს ადამიანს, რომელიც ვერ მოხვდა, როგორც ინგლისელები იტყვიან, right time right place – საჭირო დროსა და ადგილას. პოეტი თავის გმირს ეკითხება:

„მთიდან როგორ ჩამოხველ და აქ როდის მოსულხარ, ქედმაღალო მუხავ,

ყური ვით შეაჩვიე ამ ქალაქის ლაპარაკს, უხიაგს და უხამსს.

შენ არ დაგაჯილდოვებს მედიდური არწივი თუნდაც ერთის ნახვით,

შენ არ გეხახუნება ვნებიანი ქსუტუნით გამაძღარი ტახი.

შენ არ ამოგიდგება გვერდით მთელი კორომი, შენი ძმა და ასლი,

შენს ჩრდილს ვერვინ იჩრდილებს, არვინ არ წამოწვება, სუფრას არვინ გაშლის.

შენ ტყის ჩუმი სინათლით არ ხარ გაშუქებული და ქალაქის ბორგვით

ცხოვრობ და შენს გარშემო ბრუნავს გადარეული მანქანების ჯოგი“.

მუხაში საკუთარი ორეული იხილა ავტორმა. დიდი ქალაქის ხმაურში ისიც ეული და მიუსაფარია, ფიქრობს ქართლის სოფელში დაფუძნებასა და ბუხრის პირას იდილიურ ცხოვრებაზე, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა და რომ მისი „ყოველი ქალაქიდან გაქცევა გათავდება კრახით“.

ასეთივე იდეური კავშირები გვხვდება მოდერნისა და პოსტმოდერნის იმ ტექსტებში, სადაც ლირიკული გმირების სასიყვარულო ვნებები აისახება. აუხდენელი, აკრძალული ან განუხორციელებელი სიყვარულის თემა ყველა ეპოქის ყველა სტილის მწერლობაში აქტუალურია. ტიციან ტაბიძის „ანანურთან“ ერთგვარი ლირიკული აღსარებაა, სადაც ძალზე ფაქიზად და შთამბეჭდავადაა ასახული ტიციანის ცნობილი მუზის, თამუნია წერეთლისადმი ვერახდენილი სიყვარულის მძაფრი სენტიმენტები. ლირიკული გმირი სინანულით ამბობს, რომ მათი „გათიშვა ყველას სურდა“. აუხდენელი სიყვარული ენით აუწერელ ტკივილს იწვევს, თუმცა პოეტი თავისი ჯადოსნური კალმით ახერხებს გამოუთქმელის გამოთქმას:

„გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები,

შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“…

თუ ტიციანის ლექსში სატრფო, მუზა პასიურად არის წარმოდგენილი და მას მხოლოდ შთამაგონებელ და მშვენიერ არსებად ხატავს პოეტი, ოთარ ჭილაძის ლექსში „რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით?“ საუბარია უარმყოფელ სატრფოზე, რომლისგანაც ლირიკულმა გმირმა ბევრი ტკივილი იწვნია და ახლა ხვდება, რომ ეს გრძნობა გაუფასურდა, სიტყვას „მიყვარხარ“ უკვე „იაფი სცენის სურნელი ახლავს“, მაგრამ პოეტი საუბრობს შემთხვევითობაზე, რომელიც სინამდვილეში მარადისობის გამოძახილია და თავისი გრძნობა ნამდვილ განცდა-ვნებად მიაჩნია. ეს გრძნობა იმდენად ღრმაა, რომ, რუსთველის არ იყოს („ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა“), ტკივილის და განსაცდელის მომტანია, თუმცა ამ ტკივილში იშვება უფლის შემმეცნებელი სული: „…რადგან დღეოდან მე შენი ხმა ვარ, რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის, ჩემს დასაცავად და დასაღუპად“…

ტიციანიც და ოთარ ჭილაძეც ხაზს უსვამენ, რომ შეყვარებულ წყვილს ბევრი მტერი ჰყავს, ჭორები, უცხო თვალის დაცინვა და ქირდვა, აგრესიული გარემო შეყვარებულებს სასიცოცხლო ძალებისგან წრეტს და აუძლურებს და ხშირად თვით გრძნობასაც კლავს. მაგრამ ის, რაც ტრაგიკულია, ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალს შობს.

უამრავი სხვა მიმართულების თემატურ-იდეური ნათესაობის მიგნება არის შესაძლებელი მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ლირიკულ ტექსტებში, სადაც მკაფიოდ საცნაურდება, რომ პოსტმოდერნის ენა გამგრძელებელია იმ პოეტური მემკვიდრეობისა, რომელიც მას წინამორბედებმა დაუტოვეს. ამგვარი კავშირების ძიება პოეტურ ტექსტებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მაღალი სააზროვნო უნარის – სინთეზირების დაუფლებაში, არამედ ამ ლიტერატურული მიმდინარეობების იდეურ-მხატვრულ თავისებურებებს გაააზრებინებს საფუძვლიანად, აზიარებს ჩხრეკისა და აღმოჩენის ლიტერატურისმცოდნეობით უნარებს. ეს იქნება ერთგვარი ევრისტიკული კოგნიტიური სტრატეგია, რომელიც ფასდაუდებელია ტექსტებზე დაკვირვების უნარების სტიმულირებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“