პროფესია ეს შრომითი საქმიანობაა, რომელიც გარკვეულ მომზადებას მოითხოვს და ადამიანის საარსებო საშუალების მოპოვების პირობას წარმოადგენს.
პროფესიული ორიენტაცია კი არის მეცნიერება ადამიანის მიერ თავისი ბუნების, მოწოდების, უნარ-ჩვევათა შესაბამისი პროფესიის არჩევის შესახებ, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებათა მრავალფეროვნება.
მოზარდის მიერ პროფესიის არჩევასა და მომავალი საქმიანობისათვის შესაფერისი ობიექტის მიგნებაში დიდი როლი აკისრია ოჯახსა და სკოლას.
რაც უფრო სწორად აირჩევს ინდივიდი თავისთვის შესაფერის პროფესიას, მით უფრო წარმატებული იქნება მისი მოღვაწეობა. მაგრამ ახალგაზრდას ხშირად არ შეუძლია სწორი არჩევნის გაკეთება. პროფორიენტაციის საბოლოო მიზანია, ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენა თავისი მომავალი ცხოვრების უკეთესი პროექტის შემუშავებაში.
პროფესიაზე სწორად ორიენტირებული მოსწავლეები უნდა ერკვეოდნენ პროფესიებში, ზოგადად მაინც. ხოლო იმ პროფესიებზე, რომლებიც მათ ინტერესთა სფეროშია მოქცეული, საფუძვლიანი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, კარგად უნდა იცნობდნენ ამ პროფესიების „რომანტიკულ” და „არარომანტიკულ” მხარეებს. იცოდნენ, აქვს თუ არა მათ ამ პროფესიისათვის საჭირო მონაცემები, შინაგანი შესაძლებლობები. ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს თავის მიერ არჩეული პროფესიის სამივე პრინციპის დაცვა: „მინდა“, „საჭიროა“, „შემიძლია“. მაშინ მოსწავლის სწორი პროფესიული ორიენტაციის ფორმირების საქმე მოგვარებული იქნება.
სკოლა, საგნის მასწავლებელი, კლასი და საერთოდ სასკოლო გარემო მეტად თუ ნაკლებად გავლენას ახდენენ ბავშვის პროფესიული ინტერესების ფორმირებაზე, თუმცა ზოგიერთი მასწავლებელი, უკეთეს შემთხვევაში, ახერხებს მოსწავლის დაინტერესებას იმ სასწავლო საგნით, რომელსაც თვითონ ასწავლის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პროფესიისადმი ინტერესი, რომელიც არ შეესაბამება მის ბუნებრივ მოწოდებას და ამან შეიძლება ის კიდევ უფრო დააშოროს სწორ პროფორიენტაციას.
პროფორიენტაციის სამსახურმა ანგარიში უნდა გაუწიოს იმ გარემოებას, რომ არასწორად ორიენტირებული ადამიანი ძალიან მალე კარგავს ინტერესს თავისი პროფესიისადმი და იწყებს საქმიანობის ერთი სფეროდან მეორისკენ სვლას, უკეთესი სამუშაო ადგილის პოვნის მიზნით.
აღზრდისა და პროფორიენტაციის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას ინდივიდების ისე მომზადების გზით, რომ მათ შეძლონ დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულება; ასევე, საერთო ინტერესების აღზრდა-განვითარების საქმეს, უზრუნველყოს თითოეული ინდივიდის შესაძლებლობათა სრული დიფერენცირებული განვითარება. აღზრდა და პროფორიენტაცია არის ერთ-ერთი და ძირითადი პირობა იმისა, რომ ყველამ შეძლოს უნარებისა და შესაძლებლობათა გამომჟღავნება, დადებით პიროვნულ თვისებათა სრული განვითარება და საზოგადოებაში შესატყვისი ადგილის პოვნა, რათა იგი სასარგებლო პიროვნება იყოს, როგორც საკუთარი თავისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.
სკოლაში პროფესიული კონსულტაცია უნდა დაეხმაროს მოსწავლეს იმის გადაწყვეტაში, თუ რა მიმართულება, რა პროფესია იქნება თითოეული მოსწავლისათვის უფრო ხელსაყრელი. პროფესიული კონსულტანტის ასეთ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად უნდა დაედოს მოსწავლის ინდივიდუალურ უნარ-შესაძლებლობათა და ბუნებრივ მიდრეკილებათა საფუძვლიანი შესწავლა.
სამწუხაროდ, პროფესიული წარმატება მხოლოდ საქმიანობით ვლინდება, მაგრამ ადამიანის უნარების თავისებურებანი უფრო ადრე ვლინდება მის ინტერესებში, მიდრეკილებებსა და ქცევის გამოვლენილ ფორმებში, იმაში თუ სადაა მისი მოქმედება წარმატებული და სად წარუმატებელი. წარმატება და წარუმატებლობას კი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს ინდივიდის მიდრეკილებათა და პროფესიული ვარგისიანობის დადგენა-შეფასებისათვის.
ვინაიდან ამ დროს კვლევის ობიექტია მოსწავლის პიროვნება თავისი მიდრეკილებებით, ინტერესებით, ცოდნა-ჩვევებით, საკუთარ თავზე წარმოდგენებით, ამიტომ ბუნებრივია მუშაობის წარმატება კვლევის სხვადასხვა მეთოდებზე იქნება დამოკიდებული.
კვლევის მეთოდები. პროფესიული ორიენტაცია უნდა განისაზღვროს მოსწავლის არა მხოლოდ ერთი რომელიმე ძლიერ განვითარებული უნარის მიხედვით, არამედ პიროვნების მთლიანი ორგანიზაციით, მისი აქტივობის, მთლიანი მობილიზაციის უნარით, რომლის საფუძვლად იგულისხმება ინდივიდის უნარ შესაძლებლობათა ერთობლიობაც, რაშიც წამყვანი როლი აქვს ინდივიდის მიდრეკილებებსა და ნიჭიერებას, მის ინტერესებსა და ნებელობით თვისებებს, როგორც პიროვნების ქცევისა და პროფესიული ვარგისიანობის განმსაზღვრელ ძალებს.
ამავე დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ამა თუ იმ პროფესიის მოთხოვნილებათა ყველა ნიუანსი, რათა პროფესიის არჩევის დროს არ აღმოვჩნდეთ სუბიექტივიზმის გავლენის ქვეშ, თორემ იქმნება საფრთხე, რომ მოსწავლე მისთვის შეუფერებელი პროფესიას დაეუფლება.
ამ ამოცანის გადაჭრისათვის საჭირო იყო სათანადო მეთოდური საშუალებების შემუშავება და ისეთი მეთოდების შერჩევა, რომელიც პროფორიენტაციული კვლევა-ძიებისათვის გამოდგებოდა.
გზა, რომელსაც ამ პრობლემის გადასაწყვეტად უნდა მივმართოთ, არის ადამიანის ფსიქიკურ უნარებს შორის სხვაობისა და ინდივიდუალური თვისებების შემსწავლელი მეცნიერების _ დიფერენციალური ფსიქოლოგიის მეთოდების გამოყენების გზა. მისი ძირითადი მიზანია, დაადგინოს თვისებათა ის კომპლექსი, რომლითაც ამოიწურება გამოსაკვლევი სუბიექტის ინდივიდუალობა: მისი ფიზიკური მდგომარეობა, სულიერი მიდრეკილებები, ინტერესები და უნარ-შესაძლებლობანი, აზროვნება, გრძნობები და ნებისყოფა; ტემპერამენტი, ხასიათი და განწყობები. განსაკუთრებით სიმპტომატურია მოსწავლის მიერ საკუთარი ძალების შეფასება.
ამ მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამერიკელ ფსიქოლოგ დემბოს თვითშეფასების მეთოდი, რისკისადმი დამოკიდებულების ტესტი, დამოკიდებულებების ხარისხის განსაზღვრა და ტემპერამენტის სტრუქტურული კითხვარი.
განვიხილოთ მოსწავლეთა პროფორიენტაციის შესწავლის მიზნით უკვე გამოყენებული მეთოდები:
კვლევა ჩატარებულ იქნა 120 მოსწავლეზე. მათ შორის 60 მე-9 კლასელზე და 60 მე-11 კლასელზე. გამოყენებული იქნა თვითშეფასების დონის საკვლევი ტესტი, რისკისადმი დამოკიდებულების ტესტი და დამოუკიდებლობის ხარისხის განსაზღვრის ტექსტი.
შედეგების ანალიზი. მე-11-კლასელებში თვითშეფასების შედეგები შემდეგნაირად განაწილდა: ვაჟები – 40 ქულა, რაც მაღალ თვითშეფასებას გულისხმობს. მათ აქვთ სხვა ადამიანებზე დომინირების დიდი მოთხოვნილება, უყვართ ხაზგასმა საკუთარ „მეზე“. გოგონები – 32 ქულა, რაც საშუალო თვითშეფასებას გულისხმობს. მათი საკუთარი თავისა და სხვებისადმი დამოკიდებულება შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით „კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და სხვებით“. მე-9-კლასელების ორივე ჯგუფში გამოვლინდა დაბალი თვითშეფასება (ვაჟები – 20 ქულა, გოგონები 21 ქულა), რაც გულისხმობს, რომ ამ ჯგუფში მყოფი ადამიანები უკმაყოფილო არიან საკუთარი თავით, არ აკმაყოფილებთ თავიანთი ინტელექტი, ასაკი, სქესი… ეს შეიძლება გარდატეხის ასაკის კრიზისის შედეგიც იყოს, შესაბამისად, პროფორიენტაციაზე მომუშავე ადამიანმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მე-9 კლასის მოსწავლეების თვითშეფასების ამაღლებაზე, გამოავლინონ მათი უნარები და წინ წამოწიონ. ხოლო მე-11 კლასის ვაჟების შემთხვევაში, მათ უნდა მიეცეთ ისეთი ქეისები, რომლებიც გამოავლენენ მათ რეალურ უნარებსა და შესაძლებლობებს, რათა მაღალმა თვითშეფასებამ გავლენა არ მოახდინოს შესაძლებლობების დანახვასა და პროფესიის არჩევაზე.
რისკისადმი დამოკიდებულების ტესტში ისევ მე-11-კლასელი ვაჟები აჩენენ მაღალ მაჩვენებლებს. ისინი რისკის მოყვარული არიან, თუმცა შემდეგ ხშირად ფიქრობენ და წუხან თავიანთ მოქმედებებზე. საინტერესოა გოგონების მაჩვენებლები, აქ მათი საშუალო ქულა არის 31, რაც რისკის დაბალი მოყვარულის მაჩვენებელია. მათ არ შეუძლიათ სარისკო გადაწყვეტილების მიღება, ხშირად ეშინიათ წარუმატებლობის. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას დაეუფლება სამომავლოდ, ხოლო ნაწილს არჩეული აქვს ის პროფესია, რომელიც უფრო „პოპულარულია“ იმ დროისათვის. მე-9-კლასელი მოსწავლეების რისკის დონე საშუალოა (72 ქულა). ისინი სარისკო მოქმედებებს ძირითადად სპორტის სხვადასხვა სახეობებში ავლენენ, შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ერთი ხაზით – სპორტი ან ხელოვნება. პროფესიის არჩევისას ძირითად აქცენტს აკეთებენ სპორტზე ან ხელოვნებაზე, მხოლოდ 12% ფიქრობს ხელობის დაუფლებაზე და ვიწრო სპეციალობით მუშაობაზე. საგულისხმოა ის, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა სოციალურმა გარემომ მოახდინა.
დამოუკიდებლობის ხარისხის განსაზღვრისას გამოვლინდა რომ მე-11-კლასელი ვაჟები საკმაოდ დამოკიდებულნი არიან გარშემომყოფების აზრზე. მცირე წარუმატებლობამაც კი მათ შეიძლება საკუთარი თავის რწმენა დაუკარგოს. ხოლო დანარჩენი სამივე ჯგუფი (მე-11 კლასელი გოგონები – 25 ქულა, მე-9 კლასელი გოგონები – 22 ქულა, მე-9-კლასელი ვაჟები – 23 ქულა) ავლენს საშუალო დამოუკიდებლობის ხარისხს. ისინი შეიძლება იყვნენ სანდო მეგობრები, ყოველთვის ყურს უგდებენ გარშემომყოფების აზრს და ითვალისწინებენ მას. შესაბამისად, მათი პროფესიის არჩევაზე ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ოჯახის აზრი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ოჯახს და სკოლას დიდი როლი აკისრია მოსწავლის ჩამოყალიბებაში. სკოლამ უნდა შეძლოს ამ ინდივიდუალური თავისებურებების დანახვა, რათა მოსწავლემ არ მიიღოს სარისკო გადაწყვეტილება პროფესიის არჩევაში. როგორც შედეგებიდან ვნახეთ, მაღალი კლასის ვაჟები მეტად რისკიანი არიან, თუმცა მათთვის საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი მაღალი თვითშეფასება და სარისკო გადაწყვეტილებები მათ სწორედ იმისთვის სჭირდებათ, რომ საზოგადოებას თავიანთი შესაძლებლობები „დაუმტკიცონ“. საჭიროა სკოლამ სწორად განსაზღვროს მათი შესაძლებლობები და გამოავლინოს ის უნარები, რომელიც მათ რეალურად აქვთ. რაც შეეხება ამავე ასაკის გოგონებს, ისინი ნაკლებად არიან დარწმუნებული საკუთარ თავში და ეძებენ იმ უნარებს, რომლებიც დაეხმარებათ სწორ პროფორიენტაციაში, მათთვის საჭიროა სწორი მოტივის შერჩევა.
პროფორიენტაცია სრულყოფილი იქნება, თუ ვაწარმოებთ ბავშვის ქცევაზე სისტემატური დაკვირვების ორგანიზებას, რომლის მიზანი უნდა იყოს ინდივიდის პროფესიულად ღირებული ფსიქო–ფიზიკური ძალების დადგენა. ბავშვზე დაკვირვება ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ასეთ თვისებათა შესახებ სრულ ინფორმაციას იძლეოდეს.
ა) ამოვწეროთ ადამიანის ის ძირითადი ფსიქო-ფიზიკური უნარები, რომლებიც საჭიროა მოცემული პროფესიისათვის და მათ შევადაროთ ინდივიდის მიერ გამომჟღავნებული პროფესიულად ღირებული უნარები, რაც საშუალებას მოგვცემს დავასკვნათ, შეეფერება თუ არა ეს ინდივიდი ჩვენთვის საინტერესო პროფესიას.
ბ) ვაწარმოოთ დაკვირვება ინდივიდის მიერ გამომჟღავნებულ პროფესიულად ღირებულ ფსიქო-ფიზიკურ უნარებზე, მოვახდინოთ მიღებული შედეგის ფიქსაცია მათი სისტემურობისა და დონეების მიხედვით. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავიგოთ ამ ინდივიდის პროფესიული მოწოდების შესახებ, ხოლო შემდეგ ვეძებოთ მოცემული ინდივიდის შესაფერისი პროფესია. ეს კი დაგვეხმარება ინდივიდს მივცეთ სწორი პროფესიული ორიენტაცია.