მუდმივი ცვლილებებითა და ტექნოლოგიური ნახტომებით გამორჩეულ საუკუნეში ახალგაზრდების განათლება პირდაპირპროპორციულად აისახება მსოფლიოს მომავალზე. თანამედროვე სამყაროში არიან ქვეყნები, რომლებიც დროს უსწრებენ და ზუსტად იციან, როგორ გამოიყენონ განათლების სისტემა მყარი ეკონომიკური თუ სოციალური ფონის შესაქმნელად. მათთვის, განათლებაში ჩადებული ფული და ამ თანხების სწორად განკარგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების პროცესში. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ფინეთი, შვეიცარია და გერმანია, სადაც საუნივერსიტეტო და პროფესიული განათლება უმაღლეს დონეზეა განვითარებული, ყველაზე კარგად იციან განათლების ფასი, მისი როლი და სწორედ ამიტომ აქვთ საათივით აწყობილი სისტემა.
რა ხდება ჩვენთან და როგორია სასკოლო საზოგადოების განწყობა 21-ე საუკუნეში პროფესიული განათლების მიმართ? როგორც განათლებისა და მეცნიერების გეგმებში ჩანს, პროფესიულ განათლებას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მომავალ ათწლეულში. არც აქამდე ვუჩიოდით პროფესიული კოლეჯების ნაკლებობას, თუმცა ფაქტია, რომ საუნივერსიტეტო განათლება დღემდე უფრო მეტად პოპულარულია და ყოველ წელს აბიტურიენტების რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს. რა თქმა უნდა, არავისთვის არის უცხო, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა ვერ შოულობს სამსახურს საკუთარი პროფესიით და უწევთ დაბალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმება ან ხელობის შესწავლა იმ ასაკში, როდესაც უკვე მყარი ეკონომიკური შემოსავალი უნდა ჰქონდეთ. ჩემი აზრით, ეს უდიდესი პრობლემა ერის საერთო ფსიქო-ემოციური ფონით არის განპირობებული. „ჩემმა შვილმა უნივერსიტეტი უნდა დაამთავროს და დიპლომი უნდა აიღოს’’ – არის ქართველი მშობლების უდიდესი ნაწილის ცხოვრებისეული კრედო და თუ ძირეულად არ მივუდექით ამ პრობლემას, ვშიშობ, უახლოესი ათწლეულის გეგმა ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს.
ასეთი დამოკიდებულება კი ერთი და ორი წლის წინ არ გაჩენილა. თვალს თუ გადავავლებთ ჩვენს ისტორიას მარტივად დავინახავთ, როგორ ჩამოყალიბდა მსგავსი ანომალიური დამოკიდებულებები (უპირატესობის მინიჭება უმაღლესი განათლებისათვის და ნეგატიური დამოკიდებულება პროფესიული განათლებისადმი) ჩვენს საზოგადოებაში.
საქართველოში პროფესიულ განათლებას დიდი ტრადიცია აქვს და მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ძველ თბილისში არაერთი ხელობა ისწავლებოდა. ხელობის ცოდნას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ მშობლები ჯერ კიდევ მცირეწლოვან შვილს მიაბარებდნენ ოსტატს, რათა მათი შვილი „კაცი გამოსულიყო“. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საკუთარ შვილებს ხელობას ასწავლიდნენ არა მხოლოდ ღარიბი ოჯახები, არამდე მდიდარი ოჯახებიც, რათა მათ შვილს ძნელბედობის ჟამს თავის გასატანად ხელობა გამოეყენებინა.
სამწუხაროდ, XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველო გასაბჭოვდა. ის იდეები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ეყრდნობოდა, იდეებად დარჩა. საბჭოთა განათლების სისტემა თითქოს ცდილობდა კიდეც, წაეხალისებინა პროფესიული განათლება და მას სხვადასხვა გზით პროპაგანდას უწევდა. იყო გავრცელებული ლოზუნგები როგორიცაა „შრომამ შექმნა ადამიანი“, არსებობდა მრავალი პროფესია. თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, საბჭოთა პერიოდში პროფესიული სასწავლებლების პრესტიჟი დაბალი იყო. მათთვის მუდმივი პრობლემა იყო კონტინგენტის შევსება, ვინაიდან სკოლებიდან უმთავრესად იმ მოსწავლეებს გზავნიდნენ, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით. აღნიშნული პრობლემა ძალიან კარგად აღწერა რევაზ ინანიშვილმა თავის მოთხრობაში „ჩიტების გამომზამთრებელი“, სადაც ცუდი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს პროფესიულ სასწავლებელში გაგზავნით ემუქრებიან. ასევე შეიძლება გავიხსენოთ ყველასთვის საყვარელი იუმორისტული ფილმი „თოჯინები იცინიან“, სადაც ყველაზე მძაფრადაა წარმოჩენილი ის მომენტი, რომელსაც შვილის მხრიდან იმედგაცრუება ჰქვია (უმაღლესის ნაცვლად პროფესიული განათლების არჩევა).
დღეს როდესაც ვსაუბრობთ XXI საუკუნეზე და ვადარებთ მას გასულ საუკუნეს, სამწუხაროდ, ვხვდებით, რომ ჩვენი საზოგადოება წინ ვერ წავიდა. ის შიშები და სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რომლებიც დღეს პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით არსებობს, შემთხვევით არ გაჩენილა და სწორედ გასული საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც პროფსასწავლებელი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა სასწავლებლად ითვლებოდა.
ასეთი საინტერესო ამბების განხილვისას, რომლებსაც ხშირად მიზიარებს ჩემი კოლეგა – ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – ანი სუხიტაშვილი, მოგვივიდა იდეა, რომ ჩვენს სკოლაში გაგვეკეთებინა პროექტი პროფესიულ განათლებაზე. პროექტში ჩაერთო კიდევ ერთი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – გოგა ჭანტურია და დავიწყეთ მასზე მუშაობა. რადგან სამივე ვასწავლით მე-9 კლასებს და მე ერთ-ერთი კლასის დამრიგებელიც ვარ, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მშობლებთან გასაუბრება ამ პროექტის მიზნებზე. გავაცანით მათ ინტერვენციების მონახაზი და ავუხსენით, რომ მათი ჩართულობა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. შეუძლებელია მშობლების მხარდაჭერის გარეშე მოსწავლემ თავისი ნებით აირჩიოს პროფესია, რადგან ხშირად გვქონია შემთხვევა, რომ მშობელი სასტიკი წინააღმდეგია, თავისმა შვილმა სკოლა მე-9 კლასის ბოლოს დატოვოს და პროფესიული სასწავლებელი აირჩიოს.
პროექტის დაგეგმვისთანავე ვიცოდით, რომ ძალიან რთული პროცესები გველოდა წინ. ჩავატარეთ გამოკითხვები სასკოლო საზოგადოებაში და, სამწუხაროდ, უმეტეს ნაწილს (მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი) არ ჰქონდა სრული ინფორმაცია არც პროფესიულ განათლებაზე და არც პროფესიულ კოლეჯებზე. ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მასწავლებლებიც კი მოსწავლეების პროფესიულ განათლებაში გადასვლას ისე უყურებენ, თითქოს კოლეჯში მხოლოდ ის მოსწავლე უნდა წავიდეს, ვისი აკადემიური მოსწრებაც დაბალია. დამოკიდებულება, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ ძალიან მყარია და თუ უახლოეს მომავალში ყინული არ დაიძვრება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო საგანგაშო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
როდესაც ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების პროფესიულ სასწავლებელში წაყვანა გადავწყვიტე, ვიგრძენი, რომ ამას მშობლების მხრიდან დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია. ბავშვებშიც იგრძნობოდა ეს გავლენა და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ კოლეჯში ნამდვილად გამოსადეგი, შემოსავლიანი პროფესიების სწავლა შეუძლიათ მცირე დროში, არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს, რომ რომელიმე პროფესია მოეწონა. თუმცა პირველი ინტერვენციის ფონზე ალბათ სხვა მოლოდინი არც უნდა მქონოდა…
ალბათ იკითხავთ, რაში ვხედავ გამოსავალს და როგორ შეიძლება სასკოლო საზოგადოებას აზრი შევუცვალოთ პროფესიულ განათლებაზე? გამოსავალი ერთადერთია – არ უნდა შევწყვიტოთ მისი პოპულარიზაცია. რაც შეიძლება მეტი ადამიანის მაგალითი უნდა მოვუყვანოთ ბავშვებს, რომლებმაც აირჩიეს პროფესიული განათლება და ახლა სტაბილური შემოსავალი აქვთ. უნდა ვატაროთ ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან ასეთ კოლეჯებში და მივაჩვიოთ, რომ შრომა არსებობს არა მხოლოდ გონებრივი, არამედ ფიზიკურიც და აუცილებელია ირგვლივ გვყავდეს პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც ზედმიწევნით კარგად ეცოდინებათ თავიანთი საქმე. საუნივერსიტეტო და პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდების სწორი გადანაწილებით შრომით ბაზარზე დასაქმების მაჩვენებელიც შესაძლოა გაიზარდოს და შესაბამისად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობაც თანდათან აუცილებლად შემცირდება.
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ინტერვენციის განხორციელების შემდეგ ჩემს კლასში და პარალელურ კლასებში მშობელთა და მოსწავლეთა დამოკიდებულება მცირედით მაინც შეიცვლება და მოსწავლეები შეძლებენ სწორი არჩევანის გაკეთებას მათივე კეთილდღეობისთვის. რადგან პროექტი მიმდინარეა და ჯერ მხოლოდ რამდენიმე ინტერვენცია განვახორციელეთ, მინდა რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ გავლენას მოახდენს მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებაზე. მაგალითად, ვაპირებთ, რომ მშობლები და ბავშვები ისეთ ადამიანს შევახვედროთ, რომელიც სკოლაში მშვენიერი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა, მაგრამ მე-9 კლასიდან გადაწყვიტა ბედი პროფესიულ სასწავლებელში ეცადა. მას მზარეულობა უნდოდა და მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, შეძლო მათი გადარწმუნება. ის საკმაოდ წარმატებულია და თავისი სახელობითი ნიშნითაც აპირებს ბაზარზე თავის დამკვიდრებას. დღეს მისი ოჯახის წევრები ძალიან ამაყობენ მისი გადაწყვეტილებით. ასევე მსურს, გავაცნო ისეთი ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები, შემდეგ სრულიად სხვა პროფესიით დაიწყეს მუშაობა და საკმაოდ მოზრდილ ასაკში გაიარეს პროფესიული გადამზადების კურსები. კიდევ ერთი ინტერვენცია, რომელიც დაგეგმილი გვაქვს არის იმ მშობლების მოწვევა კლასის საათის ფარგლებში, რომლებიც მუშაობენ როგორც სახელმწიფო სამსახურებში (რომელსაც სჭირდება უმაღლესი განათლება), არიან ასევე თვითდასაქმებული, მაგალითად, სილამაზის სალონებში, გათბობის სისტემების მონტაჟში და ა.შ. მნიშვნელოვანია, მათ საკუთარი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები დაანახონ ბავშვებს, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება და შეადარონ რომელ მშობელს აქვს მეტი შემოსავალი, მეტი თავისუფალი დრო, უსაფრთხო გარემო და ა.შ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკოლებს ხშირი ურთიერთობა ჰქონდეთ პროფესიულ კოლეჯებთან და სკოლებში ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილები, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ, არჩევით საგნებად ისწავლონ რომელიმე პროფესია. ამისთვის კი ჩვენი სკოლა და პროფესიული კოლეჯები მემორანდუმს გააფორმებენ ერთმანეთთან. ეს ძალიან დაეხმარება პროექტის მდგრადობასაც და ციკლურობასაც, რადგან ის არ არის ერთჯერადი ხასიათის და მომავალ წლებშიც უნდა გაგრძელდეს სკოლის სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე.
კოლეგებს კი მინდა, ვურჩიო, რომ ბევრი ვისაუბროთ მშობლებთან და მოსწავლეებთან შრომის ფასზე, ყველა პროფესიის უნიკალურობაზე, ხშირად მოვაწყოთ მშობელთა შეხვედრები პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან და მათთან ერთად ვესტუმროთ კოლეჯებს, რომ მათ დაინახონ, რაოდენ მნიშვნელოვანია, მათ შვილებს ჰქონდეთ სწორად შერჩეული პროფესია და არა წითელი დიპლომი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში უბრალოდ თაროზე დაიდოს და დაიმტვეროს.