“სალომემ მითხრა, რომ ერთმა მისმა მეგობარმა ორი ბავშვი მოკლა, მეორემ ხუთი. სკოლაში, ” – მითხრა ერთ დილას ჩემმა 5 წლის შვილმა, როცა საბავშვო ბაღისკენ მიმავალ ავტობუსში ვისხედით. სალომე მისი უფროსი მეგობარია, უკვე სკოლაში დადის და მის მეგობრებს არავინ მოუკლავთ. სხვა ბავშვებმა მოკლეს სხვა ბავშვები სხვა სკოლაში და მიუხედავად იმისა, რომ სახლში ტელევიზორი არ გვაქვს და ამ თემაზეც ბავშვებთან არ გვისაუბრია, როგორც ჩანს, საიდანღაც მაინც გაიგო და ასე სცადა ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკის წამოწყება.
იმას, რომ ბავშვებს ვერაფერს დავუმალავდი 13 ივნისის ტრაგედიის მერე მივხვდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფროსი შვილი მაშინ 3 წლისაც არ იყო, არც დახოცილი ზოოპარკის ცხოველები უნახავს და არც დატბორილი ვერეს ხეობა, მომდევნო ბევრი თვის განმავლობაში წვიმის შიში ჰქონდა აკვიატებული და იგონებდა ამბებს იმაზე, როგორ კვდებოდნენ ცხოველები.
თავის მოტყუებას სჯობს სინამდვილეს თვალებში შეხედო და ალბათ რაც უფრო ადრე მოემზადები ამისთვის, მით უფრო გაგიმარტივდება სიმართლეებს შორის ორიენტაცია – ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ის ამბები, რაც ჩვენს გარშემო ხდება და რაც დააინტერესებთ, ყველაფერი მოვუყვე შელამაზებების გარეშე, ჩვეულებრივ, როგორც იყო ისე.
მარტივი აღმოჩნდა.
ტყუილად არ არის, ზღაპრები ყველაზე სასტიკი დანაშაულებების ქრონიკებს რომ შეიცავენ, ადამიანის ყველა მანკიერი მხარე ათასი მხრიდან რომაა აღწერილი და გარემოც, რომელშიც ზღაპრების გმირები ცხოვრობენ, იშვიათად თუა მათდამი მეგობრული – ბავშვებს შეუძლიათ ამ ამბების გაგება, ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და უსამართლობის შეგრძნებაც, რომელიც ამ ამბების მოსმენისას უჩნდებათ, ბრძოლის სურვილს უჩენთ. ეს ჩვენ გვიჭირს, უფროსებს იმის თქმა, რომ ჩვენს გვერდით მკვლელობა მოხდა, რომელშიც შესაძლოა ჩვენც ვიყავით დამნაშავეები, ჩვენ მივაყენეთ ზიანი ბუნებას, რომლის წინაშეც სინამდვილეში უძლურები ვართ და მარტოები აღმოვჩნდით სასტიკი, მაგრამ მოსალოდნელი სტიქიის წინაშე, ჩვენ დავხუჭეთ თვალი, როცა ვინმეს უსამართლოდ ექცეოდნენ და ვიფიქრეთ, რომ ვინმე სხვა დაიცავდა, ვინც მარტო აღმოჩნდა ბოროტების პირისპირ, ჩვენ ვერ შევაფასეთ საფრთხე სათანადოდ, ჩვენ ენერგიულად ვიცავთ საკუთარი კომფორტის ზონებს და გვავიწყდება, რომ შეუძლებელია იყო კომფორტულად, როცა გარშემო ყველაფერი პარალიზებულია და ვიგონებთ სასტიკი ამბების ადაპტირებულ ვერსიებს, რომლებსაც ბავშვებს ვუყვებით, სინამდვილეში კი მათზე მეტად ჩვენ გვჭირდება ასეთი ფორმულირებები.
ეს ამბავი იმას გავს, სკოლის პერიოდში, საიდანღაც რომ აღმომაჩნდა “ვეფხისტყაოსნის” ადაპტირებული ვერსია, რომლის მხოლოდ რამდენიმე გვერდის წაკითხვა შევძელი. ეს წიგნი ზარმაცი ხალხისთვის იყო შექმნილი, ვისაც ბავშვების რიტმებში, მეტაფორებში, მხატვრულ ხატებში გარკვევა უნდოდა თავიდან აეცილებინა, მე კი ზუსტად ამ უზარმაზარი პოემის რიტმიკა, დინამიკა და მისი ავტორის ლექსიკა მიზიდავდა.
ხო, ჩემი კლასელიც მოკლეს ადრე, როცა პატარა გოგო ვიყავი, სკოლა ახალი დამთავრებული გვქონდა, ვიღაც მოჩხუბრებს აშველებდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. ეგეთი უკონფლიქტო ბავშვი ცოტა მახსენდება ჩემი სკოლის პერიოდიდან. ადამიანები სასტიკები არიან და ხშირად ამ სისასტიკეს უდანაშაულოები ეწირებიან. არ ვიცი, იმ სკოლის ბავშვებიდან ვინ იყო კეთილი და ბოროტი, მაგრამ ეგ არც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო საინტერესოა, რატომ ხდებიან ბოროტები ისინი, ვინც სხვებს წირავენ სასიკვდილოდ, რატომ აქვთ სკოლაში ბავშვებს დანა, რატომ ვერ ამჩნევენ უფროსები საშიშ სიტუაციებს ან რატომ გონიათ სკოლაში მოსიარულე ბავშვებს, ან თუნდაც დიდებს, რომ კონფლიქტები დანით და იარაღით უნდა მოაგვარონ – ვუთხარი ჩემ შვილს იმ დილას. შეიძლება არც არაფერი, მაგრამ ალბათ სჯობს იცოდე და აღიარო, რომ აქ, ჩვენს გარემოში, წლებია დანებით კლავენ პატარა ბიჭები (და არამარტო) ერთმანეთს და სხვები ვერაფერს აკეთებენ ამის წინააღმდეგ.