პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

საჩუქარი შვილებს

მრავალი წლის წინ, როდესაც მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება დავიწყე, მახსოვს ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელიც მთელი კურსის მანძილიზე დიდი ყურადღებით მისმენდა, მითხრა: „ძალიან გული მწყდება, რომ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ახლა გვიყვებით, უფრო ადრე არ ვიცოდი. მაშინ ხომ ამდენ შეცდომას არ დავუშვებდი არც მოსწავლეებთან და არც საკუთარ შვილებთან“.

ეს ისტორია ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ ჩემი სტატიების ერთგულმა მკითხველმა (ის თავად ასე მოიხსენიებს საკუთარ თავს) ცოტა ხნის წინ მომწერა, როგორი დანაშაულის გრძნობა აქვს შვილების მიმართ. „მე ძალიან ვცდილობ შევიცვალო, გავხდე უფრო თანამგრძნობი, ლოიალური, თუ გნებავთ უფრო კეთილი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თავს ვერ ვიკავებ, ვყვირი, ჩხუბობ, ბავშვებს საყვედურებით ვავსებ, ვსჯი. მოკლედ, ხანდახან ისეთი ბრაზი და მრისხანება მიპყრობს, რომ მერე თავად ძალიან მრცხვენია. მე არ ვმუშაობ, არც მიმუშავია, ჩემმა მეუღლემ და მე ასე გადავწყვიტეთ, რადგან სამი შვილი გვყავს და ძიძის გარეშე მათი აღზრდა სხვანაირად ვერ წარმოგვედგინა. ჩემი ცხოვრება მათზე ზრუნვას, მათ კეთილდღეობას, კომფორტს, განათლებას, სულიერ და პიროვნულ წონასწორობას მივუძღვენი, რასაც სრულებით არ ვნანობ. მხოლოდ ის მაღიზიანებს, რომ ხანდახან სრულიად ვერ ვაკონტროლებ საკუთარ თავს და ბავშვებზე ვიყრი ჯავრს. ცოდვა გამხელილი სჯობსო, ხომ გაგიგონიათ და არის მომენტები, როდესაც იმასაც კი ვფიქრობ, რომ იქნებ სჯობდა ასეთი „გიჟი დედა“ არ ვყოფილიყავი  და, შვილების გარდა, საკუთარი თავისთვის, კარიერისთვის დამეთმო ცოტა დრო და ენერგია? მაგრამ მსგავს ფიქრებს მაშინვე უკუვაგდებ, რადგან ვთვლი, რომ დედამ შვილების აღზრდაზე უკეთესი რა უნდა აკეთოს? ისინი ხომ ჩემი ცხოვრებაა, ჩემი იმედი და მომავალია. მე მათზე დიდ იმედს ვამყარებ და იმედი მაქვს იმედგაცრუება არ მემუქრება“.

ამ წერილზე საკუთარი მოსაზრების გამოსათქმელად და ქალბატონი ნინოსთვის პასუხის გასაცემად რომ ვემზადებოდი, ერთ საინტერესო წერილს გადავაწყდი, რომლის ავტორია რუსი ფსიქოლოგი ვერონიკა ხლებოვა. წერილის სათაურია: „საჩუქრები ჩემი შვილებისთვის. ის, რასაც მაღაზიაში ვერ იყიდი“.

„მე შვილებს გავუკეთებ საჩუქარს -ვიზრუნებ ჩემს ჯანმრთელობაზე. და ამის გამო მათ აღარ მოუწევთ ჩემ გამო შფოთვა. მათ აღარ მოუწევთ, ცხოვრება დაიმძიმონ იმაზე ფიქრით, რომ დედას უდროო დროს დაკარგავენ. ჩემს შვილებს აღარ მოუწევთ ზედმეტი ფიქრი დედისთვის საავადმყოფოების მოძიებაზე, საუკეთესო ექიმების შერჩევაზე. მე აუცილებლად ვიზრუნებ ჯანმრთელობაზე, რათა ჩემმა შვილებმა აღარ ინერვიულონ ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს. ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. მიუხედავად ამისა, არასდროს ვაიძულებ საკუთარ თავს, გადავიქანცო სამსახურში, გამოვიფიტო და გადავიღალო. მე ვჩუქნი ჩემს შვილებს ცხოვრებისადმი დამოკიდებულების ასეთ მოდელს – არ იძალადო საკუთარ თავზე და არ იმუშაო ისეთ სამსახურში, რომელიც არ გიყვარს.

მე თავს უფლებას ვაძლევ, მქონდეს გრძნობები და ემოციები. ხან მოწყენილი და სევდიანიც ვარ, ხან ვდარდობ კიდეც. იშვიათად, მაგრამ მაინც მაქვს შურიანობის შემოტევები. თუ მეცინება, შემიძლია ხმამაღლა გადავიხარხარო. მე განვიცდი ყველაფერს, რაც ჩემ გარშემო ხდება და მიმაჩნია, რომ ამ გრძნობებით შევძლებ, თავი ავარიდო ნებისმიერ დეპრესიას. ამ წელს რამდენჯერმე მომიხდა დანაკარგის გადატანა. სევდა და მწუხარება გადაივლიდა გარკვეული დროის შემდეგ და მე ვხურავდი განვლილ ფურცელს. ამის შემდეგ მოდიოდნენ ახალი იდეები, ახალი ადამიანები, ახალი გარემოებები. თქვენ წარმოიდგინეთ შური – ეს არის შესანიშნავი ბარომეტრი იმისა, თუ რა არის ის, რაც მე ამ ცხოვრებაში მაკლია. შური მეხმარება გავიხსენო ის, რისი გადაწყვეტაც მე ჯერჯერობით ვერ მოვახერხე ან ის, თუ რას ვერ შევეგუე. მისი წყალობით, ვახერხებ ვიფიქრო იმაზეც, რაც მაკლია, რაც მსურს.

მე ვაჩუქებ ჩემს შვილებს შესაძლებლობას – შეიგრძნონ საკუთარი თავი, იცხოვრონ საკუთარი გრძნობებით, შეძლონ გათავისულდნენ წარსულისგან, რათა იფიქრონ იმაზე, რაც ჯერჯერობით აკლიათ; იცინონ, როდესაც რამე სასაცილო ხდება და განიცადონ სიამოვნება სიხარულისგან.

როდესაც თეატრში წასვლა მინდება, აუცილებლად მივდივარ. თუ მსურს სამოგზაუროდ წასვლა, ვიწყებ დაგეგმვას, რათა განვახორციელო ჩანაფიქრი. თუ დაღლილობას ვგრძნობ, ვეძებ შესაძლებლობას, რომ დავისვენო.

მე ვაჩუქებ შვილებს უფლებას, მოუსმინონ საკუთარ თავს, პატივი სცენ საკუთარ მოთხოვნილებებს. და არ თქვან უარი საკუთარი სურვილების განხორციელებაზე.

მე ვაჩუქებ შვილებს საკუთარი თავისა და ტალანტის რწმენას და ისინი აუცილებლად შეძლებენ მათ რეალიზებას, თუ ამაში საკმარის ძალისხმევას ჩადებენ. და თუ რამდენი ძალისხმევის დახარჯვა გახდება ამისათვის საჭირო, ამას თავად გადაწყვეტენ, საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების, საკუთარი უნარების, შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით. მე ვასწავლი მათ ურთიერთობებს, გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მაგრამ მე აუცილებლად მივცემ მათ შეცდომების უფლებას, რომლებსაც თავად გადახარშავენ, თავადვე მოიშუშებენ ჭრილობებს და ამ ყველაფრისგან გამოცდილებას მიიღებენ. მხოლოდ ამ ყველაფრის სწავლებით მოახერხებენ ისინი ჩემ გარეშე ცხოვრებას. მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუ შვილები ჩემ გარეშე მოახერხებენ წარმატებულ ცხოვრებას. მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი არ დაიმძიმონ თავი დანაშაულის შეგრძნებით და არ განიცადონ ჩემ მიმართ სიბრალული, ჩემი „წასვლის შემდეგ“. ჩვენ „უბრალოდ“ ახლობელი ადამიანები ვიქნებით.

ძალიან ბევრ დროს დავუთმობ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას. ასე ჩემი შვილები არ გახდებიან ჩემი მეურვეები, რომლებიც შეეცდებიან ჩემი ცხოვრების საკუთარი ცხოვრებით შევსებას; საკუთარი წარმატებებით და იმაზე ოცნებით, როგორ მოახერხებენ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინონ.

მე თავად შევძენ საკუთარ ცხოვრებას აზრს, რამეთუ ჩემთვის საკუთარი მიზნები, გრძნობები, სურვილები ძალიან მნიშვნელოვანია. მე თვითონ მოვახერხებ საკუთარი საჭიროების პოვნას, საკუთარი მნიშვნელოვნების გააზრებას, რათა მოვახერხო ჩემივე ნიჭისა და სურვილების რეალიზება. ჩემზე უკეთ ამ ამოცანას ვერავინ გადაჭრის.

ვაჩუქებ შვილებს ძალიან ბევრ დამოუკიდებლობას. არაფერში მჭირდება მათზე კონტროლი, არ მჯერა, რომ ჩემი კონტროლი დაეხმარება ჩემს შვილებს სწორი გზის არჩევაში. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კონტროლი მხოლოდ წინააღმდეგობას შექმნის და მე არ მსურს, ჩემმა შვილებმა ცხოვრება ამ წინააღმდეგობასთან ბრძოლაში გაატარონ.

მე ვაძლევ თავისუფლებას შვილებს, იცხოვრონ სისხლსავსე, საინტერესო და უბრალოდ უკეთესი ცხოვრებით. მჯერა, რომ ისინი თავად მოახერხებენ, გახადონ ცხოვრება სრულფასოვანი და ბედნიერებით აღსავსე, რასაც მათი სურვილები და სიცოცხლის წყურვილი განაპირობებს“.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“