ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს…“

  „მე მაქვს ცოდნა“ და „მე ვიცი“ – ეს არის ფლობისა და ყოფნის ორი განსხვავებული პრინციპის გამოხატულება ცოდნის სფეროში. ცოდნის ფლობა ნიშნავს – ცოდნის შეძენასა და არსებული ცოდნის შენახვას; ხოლო „ცოდნა“- ფუნქციონალურია და პროდუქტიული ფიქრის პროცესში მონაწილეობს.

ერიხ ფრომი

 

ახალი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ განათლების სისტემა, და არა მხოლოდ ქართული, ორინეტრირებულია სტანდარტიზაციაზე – ისეთი ცოდნის გადაცემაზე ან ცოდნის იმგვარი მეთოდებით გადაცემაზე, რომლის შედეგიც სტანდარტული ცნობიერებაა. ვაგროვებთ ცოდნას სკოლასა და უნივერსიტეტებში და გვაქვს იმედი, რომ ეს ცოდნა როდესმე „გამოგვადგება“, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი მინახავს, თვითგანვითარების გარეშე რომ წარმატებული გამხდარიყოს.

ეს პრობლემა რომ უნივერსალურია, ფრომის ეს ციტატიც საკმარისია: “არსებული განათლების სისტემა, როგორც წესი, მიმართულია იმაზე, რომ ასწავლოს ადამიანებს ცოდნის, როგორც გარკვეული ქონების შეძენა, რომელიც მეტნაკლებად შეეფერება იმ საკუთრებას და საზოგადოებრივ მდგომარეობას, რომელსაც მათთვის ეს ცოდნა მომავალში უზრუნველყოფს. ადამიანების მიერ მიღებული ცოდნის მინიმუმი, ზუსტად არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ მოცემულობის მიხედვით შეასრულონ სამსახურეობრივი მოვალეობები.“

დიახ, განათლების სისტემა ფუთავს ადამიანებს გასაყიდად, სარეალიზაციოდ. და არის ერთი ამბავი: როგორ დავწეროთ CV-ი, როგორ დავწეროთ CV-ი ისე, რომ დამსაქმებელმა მაშინვე „ხელი გვტაცოს“ და სამსახურში აგვიყვანოს. მერე ჩავებათ რუტინაში და ვაკეთოთ ის, რაც არასდროს გვსიამოვნებს, შედეგად კი მივიღოთ ფული, რომლსაც ბევრი არაფერი შეუძლია. მას შეუძლია დაგვაკმაყოფილოს საგნებით, მაგრამ ეს უბრალო დაკმაყოფილება სიამოვნებას და სიხარულს ვერ მოგვანიჭებს ან მხოლოდ –  მცირე დროით…

ბოლო დროს სულ უფრო მეტს საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის ეფექტურ გამოყენებაზე, შორს არ არის ის დრო, როდესაც ბევრ ავტომატურ საქმიანობას ჭკვიანი რობოტები ჩაანაცვლებენ. ბევრი პროფესია გაქრება, გაჩნდება ახალი პროფესიები… აი, მერე კი ნამდვილად მოუწევს ადამიანს იმაზე ფიქრი, რა დარჩა მისი გასაკეთებელი? ბუნებრივია, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო დანიშნულებით გამოყენებას (ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეაა)  აუცილებლად დიდი ხმაური და ეჭვი მოჰყვება: რომ სწავლის პროცესში სწავლება ორიენტირებულია ინდივიდუალურ მოსწავლეზე (სტუდენტზე), რომ თითოეული განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს… რომ რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს რობოტი, ის ვერ შეძლებს ყველაზე ცუდი მასწავლებლის ჩანაცვლებასაც კი და ასე შემდეგ…  ახლა კი გულწრფელები ვიყოთ და შევიხედოთ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში… როგორი მასწავლებელი/ლექტორია იქ უმეტესად? რომელსაც თითოეულ მოსწავლეზე გათვლილი სწავლის მეთოდი აქვს? – ეს ხომ სიცრუეა…? ცოდნა სტანდარტიზებულია, მისი გადაცემის გზებიც… მასწავლებელს ყველა წუთი გათვლილი აქვს: როგორ უნდა ახსნას მასალა და როდის რომელი კითხვა უნდა დასვას – წინასწარ შემუშავებული… დიახ, მასწავლებელი სარგებლობს პროგრამით, ვფიქრობ, არაეფექტური პროგრამით და  რატომ არ შეიძლება, კარგად დაპროგრამებულმა რობოტმა ასწავლოს ?  მაშინ მითხარით, რით არის მასწავლებელი კარგ რობოტზე უკეთესი? (კითხვები პროვოკაციულია და მაინცდამაიინც, ჩემს კითხვად ნუ მიიღებთ) მით უფრო, თუ გაკვეთილში ჩართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები და უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი იქნება სასწავლო პროცესი. ვიცი, უკვე მესმის ხმები, თუნდაც ამ სტატიის ჩაკითხვისას: „ის ხომ რობოტია, ის ხომ რობოტია?“… დიახ, ის იქნება ჭკვიანი რობოტი, რომელშიც ჩატვირთული იქნება დარგის მთელი ცოდნა… დიახ, ასეთი ჭკვიანი რობოტი გაკვეთილზე არ იჭორავებს კატებზე და ძაღლებზე, არც საკუთარ პრობლემებზე და ვერც მოსწავლეს „გადაეკიდება“… ინტერაქციაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს ხდება გაკვეთილზე…

ამ ყველაფერს იმიტომ არ ვყვები, რომ დავასაბუთო, რობოტიზაცია მომწონს თუ არ მომწონს. ეს, უბრალოდ, ახლო მომავლის რეალობაა. თანამედროვე განათლების სისტემა, რომელიც სრულიად არ არის შემოქმედებითი, თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს ხელოვნური ინტელექტით. წარმოიდგინეთ, რამდენი მასწავლებელი ვეღარ ჩაარტყამს თავში სახაზავს მოსწავლეს, ვეღარ დაჩაგრავს, ვეღარ დაუძახებს: დებილს, დეგენერატს, უტვინოს… ვეღარ დააკომპლექსებს და ასე შემდეგ (დიახ, კარგი მასწავლებლებიც არსებობენ, რომლებიც პირიქით იქცევიან, მაგრამ ისინი ერთეულები არიან და, დარწმუნებული ვარ, ისინიც დამეთანხმებიან ამაში).

ცოტა ფენტეზურ ხედვასაც შემოგთავაზებთ ამ მიმართულებით და გეტყვით, რომ შესაძლოა, სრულიადაც გაუქმდეს სკოლები და ოჯახის მასწავლებლის დახმარებით და კომპიუტერის მეშვეობით, სადაც ელექტრონული ფორმატით იქნება გაკვეთილები, მოსწავლე მიიღებს განათლებას და შეძლებს სწავლას, თანაც ისე, რომ მაინცდამაინც, 7 საათზე მაღვიძარა არ გააღვიძებს: „დროზე ადექი, გაგვიანდება“.  ჯარისკაცებივით სკოლებისკენ სირბილიც დამთავრდება, ტრანსპორტისგან დილის საათებში ქალაქებიც განიტვირთება… შემდეგ, წლის ბოლოს, ბავშვი წავა და ჩააბარებს შემდეგ კლასში გადასასვლელ გამოცდებს; მეტ თავისუფალ დროს კი ბავშვები მოახმარენ შემოქმედებითი არაფორმალური განათლების მიღებას, სპორტს და ასე შემდეგ. თუ მკითხავთ, რომ როგორ შეძლებს ყველა ოჯახი დაიქირავოს ოჯახის მასწავლებელი? – გიპასუხებთ, რომ ეს აუცილებელი არ იქნება და მშობელსაც შეეძლება ამის გაკეთება, რადგან ელექტრონულად ყველაფერი გამზადებული იქნება და მხოლოდღა ზედამხედველობა იქნება საჭირო, თანაც, მითხარით, რომელ ოჯახში არ დადის ამა თუ იმ საგანში მოსამზადებლად მასწავლებელი?

თუ ადამიანები ამ მხრივ დროის ეკონომიას გააკეთებენ და ამ დროს დახარჯავენ მიღებული ცოდნის შემოქმედებით გააზრებაში და იმაში, როგორ აამოქმედონ მიღებული ცოდნა, დამერწმუნეთ, ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება…

ეს იქნება გადასვლა ცოდნის დაგროვებიდან ცოდნის მოხმარებაზე…

ჩემი იდეა მთლად ფენტეზური არ მოგეჩვენებათ, თუ გაიაზრებთ იმას, რას აძლევს თანამედროვე სკოლა მოსწავლეს და როგორ იყენებს ის ამ ცოდნას? როგორც წესი, სკოლა „დაგეშილია“ უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოამზადონ მოსწავლეები და ორიენტირებულები არიან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ პროგრამებზე, მერე სტუდენტმა არ იცის, რატომ ამთავრებს საერთოდ უნივერსიტეტს, რაში ეხმარება ის ცოდნა, რომელსაც უმაღლესი აძლევს? შემდეგ იწყება დიპლომების თაროებზე შემოდება და ორდიპლომიანი ტაქსტსტების მონოლოგები ტაქსიში ჩაჯდომისთანავე…

და მაინც, რა არის ცოდნა? როგორი ცოდნა გვჭირდება და რას ნიშნავს, რომ ცოდნა ფუნქციონალური უნდა იყოს?

ამ სტატიაში ისევ ფრომს დავიხმარ, რადგან რისი თქმაც მინდა, მას უკვე აქვს კარგად ჩამოყალიბებული: „ცოდნის“ პრინციპის ყოფნასთან მიმართების გასაგებად, გამოგვადგება ისეთი მოაზროვნეების იდეები, როგორებიც იყვნენ, ბუდა, იუდეველი წინასწარმეტყვეები, იესო, მაისტერ ეკჰარტი, ზიგმუნდ ფროიდი და კარლ მარქსი. მათი აზრით, ცოდნა იწყება ჩვენი უბრალო მგრძნობელობითი აღქმის არასანდოობის გაცნობიერებით, რომ ჩვენი წარმოდგენა ფიზიკური რეალობის შესახებ არ შეესაბამება „ჭეშმარიტ რეალობას“, და უპირველეს ყოვლისა იმისი შეგნებით, რომ ადამიანების უმრავლესობა, სანახევრო ძილის მდგომარეობაში ცხოვრობს და არ იცის იმის შესახებ, რომ დიდი ნაწილი იმისა, რასაც ჭეშმარიტებად და თავისთავად მოცემულობად მიიჩნევენ, მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, რომელიც მათი საცხოვრებელი სოციალური გარემოს სუგესტიური გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა. ამრიგად, ჭეშმარიტი განათლება ილუზიის დანგრევით იწყება, დიდი იმედგაცრუებით. იცოდე – ნიშნავს შეაღწიო მოვლენის ზედაპირს მიღმა მის ფესვებამდე, მიზეზებამდე; იცოდე – ნიშნავს „ხედავდე“ რეალობას ისეთად, როგორიც არის, ყოველგვარი გაფორმებების გარეშე. ცოდნა – არ ნიშნავს ჭეშმარიტების ფლობას; ეს ნიშნავს შეაღწიო მოვლენების წიაღში და კრიტიკული პოზიციის შენარჩუნებით, აქტიურად უახლოვდებოდე ჭეშმარიტებას.“

 

ცოდნა, რომელიც ჩვენს ტრანსფორმაციას არ იწვევს, ცოდნა, რომელიც ჩვენს კითხვებზე პასუხს არ გვცემს, ცოდნა, რომელიც ჩვენ არ გვეხება, ცოდნა, რომელიც ქმედებაში არ გადადის, ცოდნა არ არის… დაგროვილი ინფორმაციაა.

სად იყო ფრომი, რუსთაველი რომ წერდა: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისაო“.

კაცობრიობამ ცოდნა დააგროვა, ახლა კი ცოდნის გამოყენების დროა… გამოყენებისას კი ახალ ცოდნასაც ვიძენთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი