ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ერთი ადგილის გააზრებისთვის

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ შესწავლისას მოსწავლეებს, მართალია, უკვე აქვთ ძველ ქართულ ტექსტებზე მუშაობის გამოცდილება შუშანიკისა და აბოს წამების გაცნობის შედეგად, მაგრამ მაინც თავისებურ სირთულეს წარმოშობს ამ თხზულებაში გამოყენებული სახე-სიმბოლოები, რომელთა ახსნა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.

ერთ–ერთი ასეთი სახეა „ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი“ – იმ მრავალფეროვან ეპითეტთაგანი, რომლებითაც ამკობს ჰაგიოგრაფი წმინდანს. ტროპული მეტყველების ეს ნიმუში თხზულების პირველსავე თავში გვხვდება: „მადლითა სავსე, განსრულებული სიბრძნით, დიდი მღვდელი და კეთილად განმგებელი, მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. „კაცისა“ და „ანგელოზის“ ერთ კონტექსტში მოხსენიება შესაძლოა პარადოქსულად მოეჩვენოთ მოსწავლეებს, ამიტომ ანგელოზზე სრული წარმოდგენა უნდა შევუქმნათ, რომ ადვილად შეძლონ გრიგოლთან მისი დაკავშირება და სიმბოლოს გააზრება.

ვუსვამ კითხვებს: ვინ არიან ანგელოზები? როგორი თვისებები ახასიათებთ? თქვენი ვარაუდით, რა კუთხით უნდა უკავშირდებოდეს ხანძთელი ანგელოზს? ერთ-ერთ მოსწავლეს მოვაძებნინებ ამ სიტყვის განმარტებას ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში. „ანგელოზი – (ბერძ.) მოციქული, უსხეულო არსება, სიმშვიდის, სიკეთის, სინაზის განსახიერება“. ავუხსნი, რომ გრიგოლი სიმშვიდითა და სიკეთით უახლოვდება ზეციურ ქმნილებას. შემდეგ ბიბლიური ფაქტების მოშველიებით ჩავუტარებ მინილექციას იმის შესახებ, ანგელოზის რომელი თვისების გამოვლენის გამო ეწოდა მას „ქუეყანისა ანგელოზი“.

ადამიანის ანგელოზთან გათანასწორებას პირობითი დატვირთვა აქვს, რადგან წმინდა წერილებში ანგელოზებს ადამიანებთან შედარებით აღმატებული მდგომარეობა უკავიათ. ისინი ზეცაში ღმერთს ემსახურებიან და მფარველობენ ადამიანებს, რასაც ავთანდილიც აღნიშნავს („მცავს თუ ცისა ძალთა დასი“, 169-ე სტროფი).

ანგელოზმა საოცარი თავმდაბლობა გამოავლინა, როდესაც მას იოანემ დაუჩოქა: „და დავვარდი წინაშე ფერხთა მისთა თაყვანსაცემად მისა და მრქუა მე: იხილე ნუ, შენისთანა მონაი ვარ მე და ძმათა შენთა, ღმერთსა თაყვანის-ეც“ (გამოცხ. 19:10) წავუკითხავ წერილიდან ამ ადგილს და ავუხსნი, რომ ჰაგიოგრაფი გრიგოლს ანგელოზურ თავმდაბლობას მიაწერს, ხოლო ზეცისათვის ის ჩვეულებრივი ადამიანია, „ზეცისა კაცი“.

თხზულების IVთავი იძლევა იმის საშუალებას, კვლავ დავუბრუნდეთ ამ სახე-სიმბოლოს, რადგან ახლა უკვე ხუედიოსს მოიკითხავენ გრიგოლი და მისი თანამოაზრენი „ვითარცა ზეცის ანგელოზს“. ანგელოზი, რომელსაც ზეცაში იერარქიის გარკვეული საფეხური უკავია, არის სიმბოლური სახე გრიგოლისა და ხუედიოსის მიწიერი წმინდა ცხოვრებისა. ზეციერი თავმდაბალი ანგელოზები და მიწიერი ღვთისმოშიში ადამიანები სხვადასხვა განზომილებაში საერთო საქმის მსახურებად დგანან: იცავენ სიწმინდეს და ერთობლივად სცემენ თაყვანს უზენაეს შემოქმედს.

ბიბლიური ტექსტის დამოწმება და ციურ არსებებზე მიწოდებული განმარტება მოსწავლეებს სწორ წარმოდგენას ჩამოუყალიბებს ამ საკითხზე, ხოლო სწავლებისადმი ასეთი მიდგომა მათ განუვითარებს ჰაგიოგრაფიული ტექსტების აღქმისა და წვდომის უნარს, გაუფართოებს ცოდნის თვალსაწიერს.

ესგ-თან კავშირი:

  1. ქართ. X.1. იყენებს ფაქტებსა და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
  2. ქართ.X.8. მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;

3, ქართ.X.9. მსჯელობს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, მათ შორის – სახე-სიმბოლოებსა და მათ ფუნქციაზე ნაწარმოებში;

  1. ქართ.X.10. იყენებს ლექსიკონს უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასადგენად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სასკოლო სახელმძღვანელო, X კლასი, ქართული ენა და ლიტერატურა, გიგინეიშვილი, როდონაია
  2. ახალი აღთქუმაი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, გამომცემლობა „ალილო“, თბილისი, 2009 წელი
  3. შ. რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი“, სასკოლო გამოცემა
  4. გ. მურღულია, „საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე“
  5. მასწავლებლის წიგნი, „ქართული ენა და ლიტერატურა“, X კლასი, გიგინეიშვილი, როდონაია
  6. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“