პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

არაფრით სავსე ჩანთა

საკუთარი პრაქტიკის შესახებ წერილებს თქვენთვის რაჭიდან ვწერდი. სოფლის პატარა სკოლაში ყოველდღიურად ათამდე მოსწავლეს ვასწავლიდი, თუმცა თითქმის ყველა მოსწავლესთან ვურთიერთობდი სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის დროს. სამწლიანმა პრაქტიკამ უზარმაზარი გამოცდილება შემძინა, საკუთარი შესაძლებლობები აღმომაჩენინა. სურვილსა და მოქმედებას სოფლის მონოტონური რიტმი, ბევრი თავისუფალი დრო და მოსწავლეთა მცირე რაოდენობა დაერთო, ყოველივე ამან კი მე და ჩემს მოსწავლეებს ნაყოფიერი სამი წელი გვაჩუქა.

ახლა ქალაქის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვმუშაობ. ყოველდღიურად სამოცამდე ბავშვს ვასწავლი, რაც საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა ნელ-ნელა სიყვარული მოვიდა და პროფესიული თვითკმაყოფილებაც დამიბრუნდა.

ქალაქელ ბავშვებს რაჭველებზე ვუამბობ, რაჭველებს კი წერილებს ვწერ და ქალაქელებს ვაცნობ. ასე ვქსოვ ურთიერთობებს და თბილისელმა გოგო-ბიჭებმა რაჭაში გამგზავრების სურვილი რომ გამოთქვეს, უზომოდ გამიხარდა. ლიტერატურული პროცესები არც უწერაში შეწყვეტილა და ახალ გარემოშიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ბავშვების აქტიურ მკითხველებად გადაქცევამდე დიდი და რთული გზაა. პირველ ნაბიჯად ხმამაღალი კითხვა და მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუ“ ავირჩიე, პარალელურად ვგეგმავ როლურ თამაშებს. ვმუშაობთ მრავალი კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ მეხუთეკლასელების ცხოვრებაში პირველად ჩნდება ქულები და დიდი სიფრთხილეა საჭირო განმსაზღვრელი შეფასების რთულ სამყაროში გზის გასაკვლევად. ასტრიდის დაბადების დღეც გვიახლოვდება, მერე გალაკტიონის ლექსებს წავიკითხავთ კლასიკური მუსიკის ფონზე და სილუეტურ თეატრს გავეცნობით. ამასობაში პირველი ლიტერატურული კაფეს დროც მოვა.

 

საინტერესო გაკვეთილისთვის იდეა ლურჯ ავტობუსში დაიბადა. ოქტომბრის მზიან შაბათ დღეს ლექციაზე მივდიოდი, გზაში მეგობრის რჩევით წიგნს „თევზი ხეზე“ ვკითხულობდი. წიგნის მთავარ გმირს, ელის, დისლექსია აქვს, რის გამოც მისი ყოველდღიურობა სკოლაში მხოლოდ პრობლემებსა და ტკივილს უკავშირდება. მერე ელის ცხოვრებაში ახალი მასწავლებელი – მისტერ დენიელსი ჩნდება და ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ერთ-ერთ ეპიზოდზე ცრემლები ვერ შევიკავე და როცა მივხვდი, სად ვიყავი: ხალხით სავსე ავტობუსში, გვერდით ჩემი რვა წლის გოგო მეჯდა, ხელში ჭრელყდიანი წიგნი მეკავა და წიგნის სიუჟეტით მთელი არსებით მოცულს არაადეკვატური სახე მამხელდა, – საკუთარ თავზე გამეცინა, მერე სურვილი გამიჩნდა, მისტერ დენიელის მსგავსად, მეც დამევალებინა მეხუთეკლასელებისთვის საყვარელი ნივთების მოტანა, რათა ჩვენც უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი. მცირეოდენი მასწავლებლური გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა, რათა ვირტუალურად წარმომედგინა მოვლენების სავარაუდო განვითარება და ასე დაიგეგმა ქალაქის ტრანსპორტში მეორე დღის გაკვეთილი.

 

პირადი მაგალითი

შემიმჩნევია, როცა მოსწავლეებთან ერთად თავადაც ვაკეთებ იმას, რასაც მათ ვავალებ, საოცარ შედეგს ვიღებ, ამიტომ გადავწყვიტე, მეც გამეცნო მათთვის საყვარელი ნივთი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, სკოლაში წასაღებად ჩემი პატარა გოგოს ნაჭრის თოჯინა შევარჩიე. ერთი ქართული საწარმოა – „სოკომორო“, ბავშვების ნახატებს აცოცხლებენ, თეკლას მერვე დაბადების დღის აღნიშვნა უჩემოდ მოუწია, საჩუქრად თბილისიდან რაჭაში გავუგზავნე „სოკომოროს“ მიერ გაცოცხლებული თავისივე ნახატი. რამდენიმე თვის წინ სახლის ფარდაზე მე დამხატა. სწორედ ეს ნახატი „გავაცოცხლეთ“ და ფიზიკურად ვერ, მაგრამ წარმოსახვით შექმნილი დედა ესტუმრა პატარა გოგოს ნაძვების სამყაროში. ამ ყოველივეს მეხუთეკლასელებს ვუამბობ, ნივთებისადმი დამოკიდებულებასა და პირადი ამბების მოგროვებაზე ვსაუბრობთ, მერე „თევზს ხეზე“ ვაცნობ და მეცხრე თავს, სახელად „არაფრით სავსე ჩანთას“, ვუკითხავ.

„- მე მჯერა, რომ ის, რასაც რიცხვებით განვსაზღვრავთ, შესაძლოა, სულაც არ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერ გაზომავ იმას, რაც ადამიანებს ადამიანებად აქცევს“, – ეუბნება მისტერ დენიელსი ერთ-ერთ მოსწავლეს. აბა, როგორია?! შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ეს თავი ელის სიტყვებით მთავრდება, მას (მისტერ დენიელსს), მგონი, ჩემი განსხვავებულობაც მოსწონსო.

ათი წლის ადამიანებს ვეუბნები, რომ მათი განსხვავებულობა ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, კიდევ ერთხელ ვუმეორებ დავალების ინსტრუქციას და ერთმანეთს ვემშვიდობებით. არ ვიცი, რა მელის მეორე დღეს, რა და როგორ მივიდა მათ გულებამდე.

 

ბუცები, ცეკვის ჩუსტები, საყვარელი ძაღლის სურათი

საყვარელ ნივთებზე სასაუბროდ პრეზენტაციის ფორმა ავირჩიეთ, ერთად შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები, განვსაზღვრეთ დრო და აქტიურ მსმენელად გადავიქეცი.

გაკვეთილი ძალიან ემოციური გამოვიდა. რა აღარ მოიტანეს: ბუცები, წიგნები, ცეკვის ჩუსტები, თოჯინები, სიგელები, სოფლის სახლის ჭიშკრის გასაღები, საყვარელი ძაღლის სურათები, ერთცენტიანი, დაბადების დღის მისალოცი ბარათები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ორმოცი ზომის ბოტასები და სანდროს განმარტება, კალათბურთელობაზე ვოცნებობ, ერთხელ ცნობილი კალათბურთელი მესტუმრა სახლში, რომელი ფირმის ბოტასებიც მირჩია, მაღაზიაში მხოლოდ სამი ზომით დიდი დამხვდა, მაინც ვიყიდე, თავიდან ფეხი მისრიალებდა, მაგრამ მაინც გაუხდელად მეცვაო.

მერე ზეპირად მოყოლილი ამბები  დაწერეს, ერთმანეთი შეაფასეს, უკვირდათ და უხაროდათ, როგორ აღმოაჩინეს კლასელებში მოცეკვავეები, ფეხბურთელები, კარატის მოყვარულები, მკითხველები.

პირადად ჩემთვის გაკვეთილი მაშინ შედგა, როცა  საკლასო ოთახში დადებითი ემოციების მოზღვავება  ვიგრძენი და გაკვეთილის ბოლოს დაფასთან ჩამწკრივებული ნივთებისთვის სურათების  გადაღების ნებართვა  მთხოვეს. რაღაც დროის მერე მეკითხებოდნენ, კიდევ ჩაუტარდებოდათ თუ არა „ასეთი“ გაკვეთილი. ვეთანხმები ბავშვებს,  დროდადრო საგაკვეთილო პროცესის მსგავსი როლური თამაშებით გახალისება სასკოლო რუტინას ამრავალფეროვნებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვან ასპექტზე მინდა ყურადღების გამახვილება. კერძოდ, ის, რომ მცირერიცხოვან საკლასო ოთახში სწავლა-სწავლება მეტად ეფექტურია, ვიდრე – მრავალრიცხოვანში, რადგან ქალაქის აჩქარებულ რიტმში დრო არ რჩება მოსწავლე-მასწავლებელს პირადი ურთიერთობისთვის. არადა, სკოლის უმთავრესი დანიშნულება სწორედ რომ ჯანსაღ დამოკიდებულებებსა და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა მგონია, ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის ინტერესების გაცნობა  ათბობს სიტუაციას და როცა ამგვარი დადებითი განცდებითაა გაჯერებული მათი სასწავლო ცხოვრება, სკოლის შესაყვარებლად განსაკუთრებული მიზეზი  უჩნდებათ. ჩემ მიერ აღწერილმა აქტივობამ კი საშუალება მოგვცა უფრო ახლოს გაგვეცნო და შეგვეყვარებინა ერთმანეთი, სიამოვნებასთან ერთად შევეჭიდეთ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებზე ფიქრს, დროის მართვას, შეფასების კრიტერიუმებზე მუშაობას, განმავითარებელი კომენტარების წერასა და ურთიერთშეფასებას.

წერილის ბოლოს ისევ წიგნს დავუბრუნდები, ძალიან მინდა, საყვარელი ნივთების შესახებ ჩატარებული გაკვეთილის მერე თითოეულმა მოსწავლემ  ელის მსგავსად იფიქროს, მგონი, ლელა მასწავლებელს ჩემი განსხვავებულობა მოსწონსო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“