სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მშობელთან კომუნიკაცია – კლასში ოჯახური ძალადობის მსხვერპლია

ახლახან მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაციას დავესწარი. მეცხრე და მეათეკლასელმა მოსწავლეებმა პროექტის სამიზნედ ოჯახური ძალადობის, ბავშვზე ძალადობის პრობლემა აირჩიეს და ძალადობის პრევენციის მიზნით თემის ცნობიერების ამაღლება სცადეს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, ოჯახში ბავშვებზე ყველაზე ხშირად ალკოჰოლდამოკიდებული მშობლები ძალადობენ. ეს ძალადობა ხან ფიზიკურია, ხან – ფსიქოლოგიური. პროექტისავე ფარგლებში პატარა მსახიობებმა პრობლემის თემაზე სიტუაცია გაითამაშეს და მეტყველი ვიდეოსიუჟეტი გადაიღეს. სიუჟეტის გმირის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბიჭუნას თვალები, მისი მფრთხალი მოძრაობები თანაგანცდას და შფოთვას იწვევდა.
ძალადობის, კერძოდ, ოჯახური ძალადობის რამდენი ასეთი მსხვერპლი ზის ჩვენს საკლასო ოთახებში და უსიტყვოდ ითხოვს შველას. ის ხან სიჩუმითა და დათრგუნვილობით იქცევს ჩვენს ყურადღებას, ხან აგრესიით. გამოცდილი პედაგოგის მზერას ეს საგანგაშო ნიშნები არ გამოეპარება. შველა სჭირდება მოზარდს, რომლისთვისაც მშობლიური და, წესით, ყველაზე უსაფრთხო გარემო განსაცდელად ქცეულა.

მასწავლებელთა სტანდარტის კრიტერიუმთა შორის მშობლებთან კომუნიკაციის თანამედროვე სტრატეგიების ცოდნა და საჭიროებაზე მორგება მნიშვნელოვან მახასიათებლადაა მიჩნეული. პედაგოგებისთვის ალბათ საინტერესო იქნება ფსიქოლოგთა რჩევები იმის შესახებ, როგორ დავეხმაროთ მოზარდს, როგორ წარვმართოთ კომუნიკაცია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოსწავლის მშობელთან, რომელიც შესაძლოა თავად იყოს მოძალადე ან ვერ იცავდეს შვილს მეორე მშობლის ძალადობისგან.

როგორ მოვემზადოთ მშობელთან საუბრისთვის

საუბრის წამოწყებამდე უნდა გვახსოვდეს:
● დიალოგი უფრო ეფექტური იქნება, თუ დავისახავთ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ და მიღწევად მიზნებს.
● ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და უნარები.
თუმცა არც ეს ნიშნავს იმას, რომ მიზნის მიღწევა ყოველთვის ხერხდება – ამ საუბარს ხომ ორი მონაწილე ჰყავს და შედეგზე გავლენასაც ორივე ახდენს. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია იმ მშობლებთან საუბრისას, რომლებიც პირადი პრობლემების გამო ძალადობენ შვილებზე. ასეთი ადამიანები თავისდა უნებურად ემორჩილებიან ფსიქოლოგიურ მექანიზმს, რომელიც ხელს უშლის მათ, რეალურად გააცნობიერონ საკუთარი და ოჯახის პრობლემები.

● ისინი უარყოფენ პრობლემების არსებობას – ვერ ამჩნევენ ან არ სურთ მათი აღიარება;
● შვილების პრობლემათა სათავეს ეძებენ თავად ბავშვში ან ოჯახის მიღმა (მაგალითად, სკოლაში);
● მათი თავდაცვითი მექანიზმები იქცევა კედლად, რომელში გაღწევაც უმრავლესობას უჭირს.

მოძალადე მშობელთან საუბრის წამოწყებისას უნდა გვახსოვდეს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში თავი არ დავიდანაშაულოთ – წარუმატებლობის რისკი თავიდანვე არსებობს, მაგრამ გვახსოვდეს ისიც, რომ კარგად წარმართულმა საუბარმა შესაძლოა გაცილებით იოლად და სწრაფად მიგვიყვანოს დასახულ მიზნამდე, ვიდრე წარმოგვედგინა.
საუბრის მიზნები
▪ განვსაზღვროთ, რა პრობლემები აქვს ბავშვს;
▪ გავარკვიოთ, საიდან მომდინარეობს ან შეიძლება მომდინარეობდეს ეს პრობლემები;
▪ შევთანხმდეთ, რომ ბავშვი თავად ვერ მოერევა ამ პრობლემებს, მას დახმარება სჭირდება;
▪ განვსაზღვროთ, ვინ და როგორ შეიძლება აღმოუჩინოს ეს დახმარება.
საუბრის ეტაპები

▪ მშობელთან ურთიერთობის წამოწყება (ე.წ. ყინულის გალღობა);
▪ პრობლემის წარდგენა;
▪ ბავშვის პრობლემის მიზეზთა განსაზღვრა;
▪ ბავშვისა და მშობლისთვის დახმარების შეთავაზება;
მშობელთან ურთიერთობის წამოწყება (ე.წ. ყინულის გალღობა)

მშობლები, რომელთა შვილებსაც ქცევის დარღვევა აქვთ, შვილებზე უმეტესად უარყოფით შეფასებებს ისმენენ. მათ როგორც მშობლებს ხშირად აკრიტიკებენ. ამიტომ მოსალოდნელია, სკოლაში მოსვლისთანავე თავდაცვითი პოზიცია დაიკავონ. აჯობებს, მათთან საუბარი წამოვიწყოთ ბავშვის ღირსების (მისი ქცევის, აკადემიური შედეგების, თვისებების…) ან თავად მშობლის დადებითი მხარეების (მაგალითად, მისი მონდომების) აღნიშვნით. ეს დაგვეხმარება:

▪ საუბრის წინ შევამციროთ მშობლის წინააღმდეგობა და დაძაბულობა;
▪ შევამციროთ რისკი, რომ ბავშვზე ჩვენი ნათქვამი ბავშვისავე საწინააღმდეგოდ შემობრუნდება; 
▪ გავზარდოთ ბავშვის დასახმარებლად მშობელთან თანამშრომლობის შანსი.
პრობლემის წარდგენა

ჩვენი მიზანია, მშობელთან ერთად მივიდეთ დასკვნამდე, რომ ბავშვს პრობლემები აქვს და ერთადვე ვიმსჯელოთ ამ პრობლემების ხასიათზე. თუ მშობელმა ეს არ აღიარა, არ გაიცნობიერა, ძნელი იქნება მიზეზების მიგნება და ბავშვის დასახმარებლად გამოსავლის პოვნა. საუბარი უნდა წარიმართოს ბავშვზე ზრუნვის განწყობით. აუხსენით მშობელს თქვენი ჩანაფიქრი: „მაწუხებს მისი მდგომარეობა, ვხედავ, რომ მის თავს რაღაც არასასიამოვნო ხდება…” არ დაგვავიწყდეს საერთო მიზანზე ყურადღების გამახვილება: „თქვენთვისაც და ჩემთვისაც მთავარია, ბავშვი იყოს კარგად”. მშობლების უმრავლესობისთვის ეს მიზანი მისაღები იქნება.

ბავშვები, რომლებსაც ძალადობის ნიშნები შევამჩნიეთ, კლასში უმეტესად პრობლემებს ქმნიან. თუ მშობელს ხისტად ვეტყვით: „თქვენი შვილი სირთულეებს გვიქმნის”,- დიდია ალბათობა, მშობელმა თავი იგრძნოს შეტევის ადრესატად, დამნაშავედ, რაც გაამძაფრებს მის თავდაცვით ქცევას; მაგალითად, მან შესაძლოა უარყოს პრობლემის არსებობა.

იმ მოსაზრების წინ წამოწევამ, რომ პრობლემები ბავშვის ბრალია, შესაძლოა მშობელს მისი დასჯისკენ უბიძგოს.
ასეთ ფორმულირებებს აჯობებს, აღვწეროთ ბავშვის შემაშფოთებელი ქცევა და ამით მივანიშნოთ მშობელს, რომ ის რთულ მდგომარეობაშია, აქვს პრობლემები, რომლებსაც თავს ვერ ართმევს. ფაქტის ამგვარად მიწოდება მშობელს უბიძგებს, იფიქროს პრობლემის მიზეზის მიგნებასა და აღმოფხვრაზე, ბავშვის მხარდაჭერაზე და არა მის დასჯაზე.
პრობლემის აღწერისას უნდა მოვერიდოთ ისეთ იარლიყებს, როგორებიცაა „აგრესიული”, „ვულგარული”, „აუტანელი”… ასევე – მშობლის დადანაშაულებას. ჯობს, უბრალოდ აღვწეროთ სიტუაციები:

„- როცა მასთან რვეულის შესამოწმებლად მივედი, აცახცახდა და თავზე ხელები გადაიფარა. ისე იქცეოდა, თითქოს ეშინოდა,რომ ჩავარტყამდი”.

„- როცა საკონტროლოში უარყოფითი შეფასება მიიღო, აკანკალდა და მივხვდი, რომ რაღაცის ეშინია…”

„- ვხედავ, რომ სკოლაში მოდის აღელვებული, გაბრაზებული და როცა ვინმე მიუახლოვდება, ყვირილს იწყებს, ხანდახან – ცემასაც”.

„- ხშირად არ ესმის, რაზე ველაპარაკები, ფიქრშია წასული, რაღაცით შეშფოთებულია”.

როგორ შევიმუშაოთ საერთო აზრი

მშობელს შესაძლოა ჩვენგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს.

შესაძლოა მოხდეს ისე, რომ პრობლემები, რომლებსაც ამჩნევს მასწავლებელი, მშობლისთვის არ წარმოადგენდეს პრობლემას: „მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბიჭი თანატოლებთან კინკლაობს”.
შესაძლოა, პრობლემის მიზეზსაც ბავშვში ხედავდეს: „ზარმაცია, უხასიათო, გაუგონარი!”
შესაძლოა, არ მოისურვოს ფაქტების აღიარება და დაიჩემოს: „ჩემი შვილი ასე არ მოიქცეოდა!”
არ არის გამორიცხული, მშობელს გაუჭირდეს აღწერილი პრობლემების დაჯერება, რადგან ბავშვი შინ ცუდად არ იქცევა. ეჭვს ნუ შეიტანთ მშობლის ნათქვამში – ხდება ხოლმე, რომ მოზარდი, რომელსაც ეშინია აგრესიული მამის, შინ ჩუმი და მორიდებულია და, მშობლების აზრით, კეთილი და თავაზიანიც, მაშინ როცა სკოლაში დაძაბულობაზე აგრესიულად რეაგირებს.

ჩვენი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: „მჯერა, რომ ბავშვი შინ მშვიდი და თავაზიანია, მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ, რატომ იქცევა სხვადასხვანაირად სკოლაში და შინ? როგორ აღწევთ, რომ შინ კარგად იქცეოდეს?” თუ კითხვებს ამგვარად დავსვამთ, თუნდაც მშობელმა კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს, ეს საუბარი მას დაფიქრებისკენ უბიძგებს. შეიძლება ვთხოვოთ, დააკვირდეს შვილს და იფიქროს, რა შეიძლება აფორიაქებდეს მას, რას შეიძლება განიცდიდეს, იქნებ მასთან გულახდილი საუბარიც სცადოს.

თუ მშობელი გვეკამათება და ამტკიცებს, რომ პრობლემა არ არსებობს, ისევ უნდა გავუმეოროთ: „მაწუხებს მისი მდგომარეობა, ვხედავ, მის თავს რაღაც არასასიამოვნო     ხდება… მას დახმარება სჭირდება”.

შეიძლება, ბავშვის განვითარების შესახებ ჩვენი ცოდნაც გამოვიყენოთ: „მის ქცევაში დიდი შიში და დაძაბულობა იგრძნობა. მას არ შეუძლია იმხიარულოს, ითამაშოს… ეს არაბუნებრივია ამ ასაკში…”

„ის გონიერი ბიჭია, მაგრამ არ შეუძლია სწავლა. როგორც ჩანს, რაღაც აწუხებს, ხელს უშლის… ეს რაღაც მთელ ენერგიას ართმევს…”

ეს იქნება ჩვენი საუბრის პირველი ეტაპი. მივცეთ მშობელს დრო დასაფიქრებლად, შვილზე დასაკვირვებლად. ვაგრძნობინოთ, რომ მოკავშირეები ვართ და ერთად მოგვიწევს ბავშვზე ზრუნვა. შევთანხმდეთ მომდევნო შეხვედრაზე.
წერილის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ფსიქოლოგების რჩევებს ბავშვის პრობლემის მიზეზის დასადგენად და ბავშვისა და მშობლისთვის დახმარების შეთავაზების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“