გასულ კვირას ერთ მასწავლებელს შევხვდი, რომელმაც ისეთი პრობლემური გაკვეთილის შესახებ მიამბო, რომ, შინ დაბრუნებული, კომპიუტერს მივუჯექი და ინტერნეტში მსგავსი საკითხების ანალიზისა და შეფასების ძებნა დავიწყე, ღამე თეთრად გავათენე და ახლა თქვენ გიზიარებთ განცდილს.
კატის კნუტი
მასწავლებელი საკლასო ოთახში რომ შევიდა, გოგონას ხმა მოესმა: „როგორ აწვალებ, ხელი გაუშვი!” ბიჭი ორიოდე კვირის შავ კნუტს აწვალებდა. როგორ – აღარ მოვყვები, რადგან ჩემი მიზანი არ არის, ამ ბიჭისადმი უარყოფითად განგაწყოთ. გადაწყვიტა, კნუტს გაკვეთილი მის ჩანთაში გაეტარებინა; გახსნა ზურგჩანთა, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა, კნუტი შიგ ჩააგდო და ელვა შესაკრავი შეკრა. მასწავლებელმა ურჩია, კნუტს ასე არ მოჰქცეოდა, ხოლო ბიჭის აგრესიულ პასუხზე, „ჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამო”, ცხოველთა უფლებების დამცველებთან დარეკვით დაემუქრა. ნეტავი არ დამუქრებოდა! ბიჭმა კნუტი ღია ფანჯრიდან მოპირდაპირე შენობის კედელს მიანარცხა. გონდაკარგული კნუტი კედლის ძირას დაეცა. „ეს რა ქენი, ბიჭო!” – აღმოხდათ თანაკლასელებს. მასწავლებელი აყვირდა: „გაეთრიე ჩემი კლასიდან, დეგენერატო, იდიოტო!” მოსწავლემ ფეხი არ მოიცვალა. მასწავლებელი ყვიროდა. ბავშვები კნუტის საშველად ეზოში ჩასვლას ითხოვდნენ…
უკვე ვგრძნობ, რომ ბიჭიც და მასწავლებელიც კრიტიკისა და განკითხვის ჯოჯოხეთურ ცეცხლს გაივლიან და ორივე მებრალება, მაგრამ იქნებ სხვა მასწავლებლებს აღარ მოუვიდეთ იგივე შეცდომა – ამ იმედით ვასაჯაროებ ამბავს.
რაზე მეტყველებს ცხოველების მიმართ გამოჩენილი სისასტიკე
ცხოველების მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს აქტიურ და პასიურ ფორმებად ყოფენ. პასიურ ფორმად მიიჩნევენ ცხოველებისადმი გამომჟღავნებულ გულმავიწყობასა და გულგრილობას, რამაც დაბმული ან მიტოვებული ცხოველი შესაძლოა სიკვდილამდე მიიყვანოს.
1985 წელს მკვლევრებმა შტეფან კელერტმა და ალან ფელტჰაუსმა შეისწავლეს ცხოველთა წვალების მიზეზები და დაადგინეს რამდენიმე მოტივი, რომელთა გამოც ზრდასრული ან მოზარდი შესაძლოა აწვალებდეს ცხოველს:
1. საკუთარი აგრესიის გაძლიერება, სხვების შოკში ჩაგდება და ამით გართობა;
2. ცხოველის კონტროლი მისთვის ტკივილის მიყენების გზით, რადგან თავად მას მკაცრად ექცევიან მშობლები, ვერ განაგებს საკუთარ ცხოვრებას და სურს, თავისზე სუსტი არსება აკონტროლოს;
3. ადამიანზე შურისძიება მისი ცხოველის წვალების გზით.
სხვა მკვლევრები (Frank Ascione, T. Thompson and T. Black) ასახელებენ მოზარდების განვითარებასთან დაკავშირებულ მოტივებს:
1. ამხანაგების ზეწოლას;
2. უგუნებობას (ცხოველის წვალება მოწყენილობის გასაქარვებლად);
3. სექსუალური დაკმაყოფილების სურვილს;
4. იძულებას (უფრო ძლიერი ინდივიდი აიძულებს ბავშვს, აწვალოს ცხოველი);
5. ცხოველების შიშს;
6. პოსტტრავმულ თამაშს (გაიხსენოს, როგორ შეაშინა ან უკბინა ადრე ცხოველმა, ხელახლა გამოაწვევინოს ტკივილი, მერე კი სასტიკად გაუსწორდეს);
7. შეზღუდვებს (გაიმეოროს მშობლების ან სხვა ზრდასრულების შეურაცხმყოფელი დისციპლინა ცხოველებზე).
გიყვართ ცხოველები? ეს თქვენი გენების ბრალია.
ნუთუ ყველა ბავშვმა შეიძლება გამოიჩინოს სისასტიკე ცხოველების მიმართ, თუ ის ოდესმე ცხოველის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა?
ცხოველების სიყვარულში გენებისა და გარემო ფაქტორების როლის დასადგენად გამოკითხვას ჰომო- (იდენტურ) და ჰეტეროზიგოტურ ტყუპებს უტარებდნენ. მთავარი კითხვა, რომლითაც ადგენდნენ ცხოველებისადმი ინდივიდის დამოკიდებულებას, შემდეგნაირად ჟღერდა: „უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში რამდენჯერ ეთამაშე შენს საყვარელ ცხოველს?”
აღმოჩნდა, რომ იდენტური ტყუპები, ჰეტეროზიგოტურთაგან განსხვავებით, ერთნაირ პასუხს იძლეოდნენ. მსგავს გარემო პირობებში (ცხოველთა გარემოცვაში) აღზრდილი ჰეტეროზიგოტური ტყუპების პასუხები ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, სხვადასხვა გარემოში გაზრდილი ჰომოზიგოტურებისა კი ყოველთვის ერთმანეთს ემთხვეოდა. ამრიგად, ცხოველებზე მზრუნველობა მემკვიდრეობითი თვისებაა და ისევე გადაეცემა გენებით, როგორც თმის ფერი ან რომელიმე სხვა გარეგნული ნიშანი.
არც იმას აქვს მნიშვნელობა, დასხმია თუ არა თავს ცხოველი ადამიანს – მას, ვისაც მემკვიდრეობით აქვს მიღებული ცხოველების სიყვარული, არც ცხოველების თავდასხმა აშინებს და აღებინებს ხელს ოთხფეხა მეგობრებზე. სხვებს კი ასეთი საშიშროება არ გამოუცდიათ, მაგრამ მაინც მიაჩნიათ, რომ „ძაღლებს ხმელი პურიც ეყოფათ” და „სახლშიმათი ადგილი არ არის”.
როგორც ჩანს, ცხოველები ყველას ვერ ეყვარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება, მათ ცუდად მოვეპყროთ.
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ცხოველს აწვალებს
ფსიქოლოგები გვირჩევენ, ასეთ დროს მეტი ყურადღება დავუთმოთ ბავშვებს, არ ვეჩხუბოთ მათ – ჩხუბით მათში წარუშლელ კვალს დავტოვებთ. გამოვიჩინოთ კეთილგონიერება და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ქცევით უარყოფით გავლენას ვახდენთ უმწეო ბავშვზე, რომლის ქცევაშიც მომავალში იჩენს თავს ჩხუბის შედეგი.
მხოლოდ ბავშვს კი არა, თქვენ, მშობლებსაც გჭირდებათ შველა, რომ ჩხუბისგან თავის შეკავება ისწავლოთ. პრობლემის ამოცნობა იმას არ ნიშნავს, რომ ჩხუბით მოაშლევინებთ ამ ცუდ საქციელს. ჩხუბს ძალიან ცუდი გავლენა აქვს ბავშვზე. ბავშვს ვერ შეცვლით, თუ ჯერ არ დააფასეთ და აგრძნობინეთ, რომ ნაკლოვანებებითურთ გიყვართ.
გაათვითცნობიერეთ სიტუაციის სისასტიკე. საქმე მხოლოდ ცხოველის მოკვლით ან წამებით არ მთავრდება. ბავშვი, რომელიც ცხოველზე ძალადობს, მომავალში სხვა ძალადობის პოტენციური ჩამდენია. ამას ადასტურებს ფსიქოლოგებისა და კრიმინოლოგების კვლევები. ცხოველების წვალებას შესაძლოა მოჰყვეს აგრესია ადამიანების მიმართ. ბავშვები, რომლებიც ცხოველებს სასტიკად უსწორდებიან, დანაშაულის ჩადენის რისკის წინაშე დგანან, ამიტომ სასწრაფო ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ.
რა მოხდა შემდეგ გაკვეთილზე
ბიჭი საკლასო ოთახში აღარ შევიდა. მასწავლებელი ნანობდა, რომ ეჩხუბა. განა აწვალებდა ბიჭი კნუტს, თანამზრახველები რომ არ ჰყოლოდა? აღმოჩნდებოდა ახლო მომავალში ვინმე, ვინც ბიჭს იმ პრობლემების სახელდებასა და მოგვარებაში დაეხმარებოდა, რომლებსაც ის მალავდა? ოინების მოყვარულმა მოსწავლეებმა ხმაურით დაიწყეს გაკვეთილი. მასწავლებელს არავისთვის მიუცია შენიშვნა. მერე ბავშვები თანდათან მიყუჩდნენ. ყველას – მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც – წიგნი ჰქონდა გადაშლილი. ისხდნენ თავჩაღუნულები და მდუმარებაში ილეოდა 45 წუთი.