სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„კი“ და „არა“ მოზარდების მშობლებისათვის

მშობლებსა და მოზარდებს შორის დაძაბული ურთიერთობის ეტაპი ბევრს გაუვლია, ბევრს კი გასავლელი აქვს. რა გზით იმართება კრიზისი, როგორ ხერხდება დაძაბულობის განმუხტვა, დროულ დათმობაზე წასვლა, რომ ორი მოსიყვარულე მხარე ბარიკადების სხვადასხვა მხარეს არ დარჩეს? მშობელმა დროებით მაინც უნდა  შეწყვიტოს ზემზრუნველობა და მოზარდის კონტროლი თუ პირიქით, უმჯობესია, რომ მეტი სიმკაცრით მოექცეს? პედაგოგიკის დოქტორმა და 18-წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებელმა რებეკა დერლეინიმ ამ თემაზე დიდხანს იმუშავა და გარკვეულ დასკვნებამდე მივიდა:

„საშინაო დავალება მშობლებისთვის განკუთვნილი არ არის – ეს ყველას უნდა გვახსოვდეს! რაც არ უნდა მოხდეს, არ ჩაეწეროთ იმ მოხალისე უფროსების სიაში, რომლებიც შვილების ნაცვლად წერენ საშინაო დავალებებს. ასეთი ქცევა თანაბრად აზარალებს ყველას, გამონაკლისის გარეშე. თავად განსაჯეთ:

შვილების მაგივრად საშინაო დავალების შესრულებით თქვენ აღიარებთ, რომ: ა). ბავშვი უმწეო და არცთუ ჭკვიანია – ნორმალურად დავალებასაც კი ვერ ართმევს თავს; ბ). მასწავლებელი უმეცარია – ვერ განუსხვავებია ერთმანეთისგან მეცხრეკლასელის მიერ  შესრულებულ დავალება და რთული პროექტი, რომელსაც ის მშობელთან ერთად ამზადებს; გ). შეურაცხყოფთ სკოლის კოლექტივს, რადგან ზოგადად პატივს არ სცემთ მის საქმიანობას. მისი ორიენტირი კი თქვენი შვილის განათლებაა;  დ). საშინაო დავალების მიხედვით მასწავლებელი ადგენს, როგორ აითვისა კლასმა თემა და არის თუ არა მზად ახლის ასათვისებლად. „გამრჯე” მშობელი ხელს უშლის ამ პროცესის განვითარებას და შეცდომაში შეჰყავს მასწავლებელი/ სკოლა; ე). თქვენ ღიად აჩვენებთ შვილს, რომ კარგი ნიშნისთვის ტყუილის თქმა შეიძლება.

 

მოზარდის ნიშნები მისი საქმეა – კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მასწავლებლები ხშირად აწყდებიან: ნიშნის მიმართ გამოხატული არაჯანსაღი ინტერესი. თანამედროვე მშობელს საშუალება აქვს მასწავლებელთან ცოცხალი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაამყაროს კავშირი, გააკონტროლოს შვილის აკადემიური მოსწრება. ასეთი ტიპის კომუნიკაციით მშობელი ხშირად ბოროტად სარგებლობს.  მაგალითად, ის სწრაფი შეტყობინების სახით იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ნიშანი მიიღო ბავშვმა, მომენტალურად რეაგირებს – ურეკავს მასწავლებელს და განაწყენებული ტონით ამცნობს: „ამ წამს ვნახე, რა მიიღო დღევანდელ საკონტროლოში ჩემმა შვილმა. ჯერ არ დავლაპარაკებივარ, მაგრამ როგორც კი სახლამდე მივაღწევ, ვუჩვენებ სეირს. მანამდე, იქნებ თქვენ ამიხსნათ რა შეეშალა?”

ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მოზარდი ჯერ ისევ გაკვეთილებზეა, სკოლიდან არ დაბრუნებულა, მშობელი კი საქმის გარჩევას ცდილობს. მშობელმა საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინოს ბავშვის ადგილას. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ მოზარდი და გრძნობთ მშობლების ინტენსიურ ყურადღებას, თითქოს მუდმივად ლუპის ქვეშ იმყოფებოდეთ. მოგეწონებოდათ მუდმივი კონტროლი? განმარტებების მიცემა დაშვებულ  შეცდომებთან დაკავშირებით? პირადად, ალბათ სირცხვილისგან მოვკვდებოდი ჩემს მშობლებს რომ გაეგოთ, რა ნიშნებს ვიღებდი მაღალ კლასებში. მაგრამ მაშინ არ არსებობდა ელექტრონული დღიურები და თუ დაბალ ნიშანს მივიღებდი, უბრალოდ, ვიცოდი, რომ მანამდე უნდა გამომესწორებინა, ვიდრე მასწავლებელი ჩემს ქულებს შეაჯამებდა. ჩემს თავს ხელში ავიყვანდი ხოლმე და გიჟივით ვიწყებდი მეცადინეობას. საბოლოოდ, იმ შედეგს ვაჩვენებდი, რაც ჩემს შესაძლებლობებს შეესაბამებოდა და მშობლებიც ამას ნორმალურად აღიქვამდნენ.

მიეცით შვილებს იმის უფლება, რომ ბოლომდე მიიყვანონ საქმე, იბორძიკონ და ზოგჯერ წაიქცნენ კიდეც, მერე კი თავად გამოასწორონ შეცდომები. თუ ამის საშუალებას არ მისცემთ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაუკონტროლებთ, დიდ ზიანს მიაყენებთ.

მოზარდი და სკოლა: როდის უნდა ჩაერიოს მშობელი – არსებობს მომენტი, როდესაც მშობლის ჩარევა აუცილებელია. თუკი მოზარდის ნიშნები სტაბილურად იკლებს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მოსწავლის თავს რაღაც ხდება. აუცილებელია მასთან საუბარი, მიზეზის გარკვევა. ბავშვთან საუბრის მერე, კარგი იქნებოდა მასწავლებელსაც გასაუბრებოდით, მოგესმინათ მისი მოსაზრებები. თუკი გაარკვევთ, რომ მიზეზი სიზარმაცეა, დაუწესეთ მას გარკვეული შეზღუდვები. „პრივილეგიების” აღდგენა ნიშნების გამოსწორების პარალელურად ხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შვილის სწავლა-განათლებისა და მისი სულიერი წონასწორობის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ შექმნათ სიტუაცია, როდესაც ყველა გარკვეულ ძალ-ღონეს ხმარობს სიტუაციის გამოსასწორებლად, მოზარდის გარდა.

როგორ დავეხმაროთ მოზარდს სკოლაში – განვიხილოთ რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებით მშობლები მოზარდის მხარდაჭერას შეძლებენ.
გამოხატეთ მოზარდის ცხოვრებისადმი ინტერესი. მოუსმინეთ მას, დაუსვით შეკითხვები, არ დაგავიწყდეთ, რაზე საუბრობდით წინა ჯერზე. ბავშვები  შესანიშნავად ასხვავებენ მათ მიმართ გამოხატულ ნამდვილ ინტერესსა და „მომაბეზრებელ ვალდებულებას”.
იარეთ სასკოლო ღონისძიებებზე, თამაშებზე, თეატრალურ დადგმებზე, ყველგან, სადაც თქვენი შვილები მონაწილეობენ და სადაც თქვენი, როგორც მაყურებლის დანახვას ისურვებდნენ. თუკი თქვენი იქ ყოფნა აღიზიანებთ და ამაში გამოგიტყდებიან, აღარ იაროთ და არ აგრძნობინოთ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ გულახდილები იყვნენ თქვენთან.
გაუშვით ბავშვები სავარჯიშოდ, გაძლიერებული სწავლების ან არჩეული პროფესიის გაცნობისთვის განკუთვნილ ბანაკებში, ღონისძიებებზე. იმის ნაცვლად, რომ მათი სასკოლო მეცადინეობები ეჭვიანად აკონტროლოთ, მიეცით სკოლის გარეთ განვითარების საშუალება.
უზრუნველყავით მოზარდები მათთვის აუცილებელი რესურსებით ან დაეხმარეთ ამ რესურსების მოძიება-მიღებაში: საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერი, წიგნები და ა.შ.
აჩვენეთ საკუთარი დისციპლინისა და სამუშაო ჩვევების მაგალითები. თუ ბავშვები ყოველდღიურად ხედავენ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ორგანიზებული მუშაობა,  აუცილებლად შეითვისებენ თქვენგან საჭირო, სასარგებლო ჩვევებს.
ხაზი გაუსვით განათლების მნიშვნელოვნებას. დაანახეთ მოზარდებს, ბავშვებს, რომ სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში შეძლება: ჩაეწერეთ რაიმე კურსებზე, მასტერ-კლასებზე, გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტები. გახსოვდეთ, რომ მოზარდები ბევრად ღრმად აღიქვამენ თქვენს ქცევებს, ვიდრე სიტყვებს.
მიეცით მოზარდს უფლება სახლში მოაწყოს სხვადასხვა წრეების შეხვედრები.  უზრუნველყავით გასამასპინძლებელი საკვებით.

გამოიყენეთ სახლში წამახალისებელი სტიმულების სისტემა. ოჯახის წრეში აღნიშნეთ მოზარდის  წარმატება.

მშობლები არაჯანსაღად და ზედმეტად ერევიან ბავშვის ცხოვრებაში – არასწორია, როდესაც დავალებების შესრულებისა და ბავშვისთვის ვადების შესახსენებლად მასწავლებელს დავალების ინტერნეტში განთავსებას ან ფოსტაზე გამოგზავნას თხოვთ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა, მაგრამ მოზარდებმა თავად უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ჩაიწერონ დავალებები, არ უნდა იყვნენ დამოკიდებულები თქვენს შეხსენებაზე. თუკი თქვენ გაქვთ ინფორმაცია დავალებების შესახებ, გამოიყენეთ ის საკუთარი გადაწყვეტილებების მისაღებად (მაგალითად, არ მისცეთ ბავშვს ნება ისეირნოს მთელი საღამო, როდესაც მეორე დღეს საკონტროლო აქვს), მაგრამ არ გაათავისუფლოთ ის პასუხისმგებლობისგან.

არასწორია, როდესაც სხვა ადამიანებს ჭკუას ასწავლით, როგორ უნდა აკეთონ თავიანთი საქმე. თქვენთვის რამდენიც გინდათ იმდენი იფიქრეთ, რომ შეგიძლიათ მასწავლებელზე უკეთ ასწავლოთ ან მწვრთნელზე უკეთ ავარჯიშოთ, მაგრამ ნამდვილად ზედმეტია ამის შესახებ პროფესიონალ მასწავლებლებთან საუბარი და მათთვის შენიშვნების მიცემა.

არასწორია, როდესაც ყოველდღიურად ახსენებთ მოზარდს სად და როდის უნდა წავიდეს – ვარჯიშზე, წრეზე. ისინი ვერასდროს შეძლებენ დაგეგმონ ან მიჰყვნენ გასაკეთებელი საქმეების გეგმას თუ მათ ცხოვრებაში მარადიული მაღვიძარას როლს შეასრულებთ.

არასწორია, როდესაც მასწავლებლებს ურეკავთ და იგებთ მოზარდის დავალებას. თუ თქვენი შვილები გაკვეთილს არ უსმენდნენ, ისინი თვითონ უნდა მივიდნენ მასწავლებელთან ან ინფორმაციის მოპოვების სხვა გზა გამონახონ. მოზარდის ნაცვლად ამის კეთებით ხელს უწყობთ მათ გაზარმაცებას.

არასწორია, როდესაც მასწავლებლებს საშინაო დავალების გადავადებას, შეცდომების პატიებას, თქვენი შვილებისთვის გამონაკლისის დაშვებას თხოვთ. მოზარდებმა თვითონ უნდა აგონ პასუხი საკუთარ სიზარმაცესა თუ უყურადღებობაზე. თუ თქვენ მათ ახლა დაიცავთ, სამომავლოდ თავიანთი სისუსტეებისთვის პასუხი მაინც მათ მოეკითხებად.

არასწორია, როდესაც მოზარდის ყველა რვეულსა და წიგნაკს ამოწმებთ. მიეცით მას თავისუფლება საკუთარი მუშაობის მეთოდები დამოუკიდებლად ეძიოს. შესაძლოა მისი ჩაწერის მანერა თქვენთვის სრულიად გაუგებარი იყოს, მაგრამ თვითონ ბავშვი შესანიშნავად იგებს საკუთარ ჩანაწერებს”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“