სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

„პოეტის შთაგონებით დასნეულება” – პაოლო იაშვილის „პოეზიის” სწავლებისათვის 

პაოლო პოეზიით სუნთქავდა და ცოცხლობდა. თვითონაც პოეტური ბუნების იყო, მთელი სისავსით განიცდიდა სიცოცხლის მშვენიერებას. გურამ ასათიანი წერდა მასზე: „თავის თანამედროვეთა, თანამოკალმეთა – ყველა იმ ადამიანთა მოწმობით, ვისაც ერთხელ მაინც რგებია მასთან სიახლოვე, – პაოლო იაშვილი სიცოცხლეში უხვად, უსასყიდლოდ, უზომოდ აფრქვევდა თავის გარშემო ძვირფას რითმებს, კაშკაშა პოეტურ სახეებს, მომხიბვლელ ღიმილს, მეგობრულ სითბოს, რაინდულ გულისთქმას, გონებამახვილობისა და ენამჭევრობის ნამდვილ ფეიერვერკებს, იმ იშვიათ მადლს, რომლითაც ის ბუნებამ ასე მრავალმხრივ დააჯილდოვა. პაოლო იაშვილი იყო ნამდვილი ავთანდილი, სიმღერის, სიყვარულის ჟინით შეპყრობილი მშვენიერი რაინდი, რომელიც თავის გარშემო შეუნელებელ აღტაცებას ბადებდა განუმეორებელი პოეტური ეშხით, მოხდენილობით, სილამაზის თანდაყოლილი უტყუარი გრძნობით”.

ლექს „პოეზიაში” წარმოჩნდა, თუ რას ფიქრობდა პოეტი პოეზიის არსზე. პირველსავე სტრიქონებში: „გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, /და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები” – ლექსის ლირიკული გმირი გამოხატავს პოეზიის გარეშე ცხოვრების უაზრობას. მეტაფორულად წარმოაჩენს, რომ, თუ პოეტს გაუთავდა  „სიტყვის მადანი”, ესე იგი, სიტყვის საბადო, მისი ცხოვრებაც დამთავრებულია. პოეტი ყოველ დღეს ქებით უნდა შეეგებოს მზეს, ე.ი. ხოტბა შეასხას ლექსით. შოთა რუსთაველი რომ წერს: „აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ხელოვანება,/ ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება”.

რუსთველის აზრით, პოეზიისთვის უმთავრესია ენა, ლექსიკის სიმდიდრე, გული და ხელოვანება – გრძნობა და პოეტური ოსტატობა, ღვთის შემწეობა, ნიჭი, რათა პოეტმა შეძლოს სასურველი საგნისკენ ფიქრის წარმართვა, მისი სიღრმისეული გამოხატვა. პოეზია ხომ „სიბრძნის დარგია” – მრავალფეროვანი სამყაროს შესამეცნებელი.

„ვეფხისტყაოსნის” პროლოგის მიხედვით, ნამდვილმა პოეტმა არასოდეს უნდა „შეამციროს ქართული”; ქართულში აქ სწორედ სიტყვა იგულისხმება:

„მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა

ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა”.

პოეტი ლექსის წერისას გამოიცდება. თუ შემოკლდება სიტყვა, მაშინ ლექსის შექმნა გაუჭირდება, მან არ უნდა გააღარიბოს პოეტური ენა, „არა ქმნას სიტყვა-მცირობა” და დიდი შემართება, გმირობა გამოიჩინოს ამ საქმეში.

პოეტი თუ „დამარცხდა” სიტყვასთან ბრძოლაში, მაშინ, პაოლო იაშვილის თქმით, „მზეს ქებით ვეღარ დახვდება”. ეს მეტაფორა იმას ნიშნავს, რომ პოეტის დანიშნულებაა სიცოცხლის სილამაზის წარმოჩენა, მზის ქება, ამას დაბრმავება ურჩევნია. პოეტისთვის ლექსი – გულის ნაწილი – მისი სისხლი და ხორცია. ის მუდამ  უნდა ძგერდეს გულივით – ეს მეტაფორულადაა ნათქვამი: „უნაპიროდ, სამუდამოდ უნდა იყოს გაჩაღებული”.

ასეთი „გაჩაღებული” ლექსებით შემოვიდა პაოლო ქართულ პოეზიაში. 1916 წელს პარიზიდან დაბრუნებულმა მეგობრებთან ერთად დააარსა ჟურნალი „ცისფერი ყანწები”, რომლის რედაქტორი თვითონ იყო და დაწერა პირველთქმა, საოცარი ენერგიით დამუხტული ტექსტი, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოს მგოსნებს! ყველა მეოცნებეს! ქართველ ხალხს! ისმინეთ ყველამ ჩვენი ქადაგება! მრავალის სასიკვდილოდ გავჩნდით ჩვენ ბინძური მზით გამთბარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა დაკარგა მშვენება სითამამისა. საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილებით და ოცნებადაკარგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ციფერი ტაძრისაკენ!”.

ასეთი სითამამით დაიბადა საქართველოში სიმბოლისტური სკოლა. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე და სხვა ცისფერყანწელები ქმნიდნენ ახალ ესთეტიკას, ახალ პოეტურ კულტურას. მათ, მართლაც, განაახლეს ქართულ ლექსი და ქართული პოეზია „გამართეს ევროპის რადიუსით”, როგორც ამას ტიციან ტაბიძე აღნიშნავდა ხატოვნად და წერდა: „ძველ პოეზიას კადნიერად ვახურავთ ჩალმას”, ან კიდევ: „ამიტომ არ აქვს არცერთ ყანწელს აქამდე შიში, რომ მოვედებით საქართველოს ლექსის ნიაღვრად”. მართლაც, ლექსის ნიაღვრებად წამოვიდა მათი საოცარი ენერგიით დამუხტული სტრიქონები.

პაოლოს აქვს დაწერილი ლექსი „ავტოპორტრეტი”, რომელშიც საკუთარ თავზე წერს, რომ ის არის „ლამაზ რითმისთვის ერთი წუთით ჩაფიქრებული”. მას ფრანგი სიმბოლისტები ჰყავდა კერპებად: შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, პოლ ვალერი, ლოტრეამონი… მაგრამ მთავარი კერპი რუსთაველი იყო, როგორც მისი პოეტური გენის ძირი და ფესვი, ამიტომაც წერდა: „და რუსთაველთან გადავდივარ მე ალავერდსა”.

მას თავიდანვე ყველასგან გამოარჩევდა მეამბოხე სულისკვეთება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნიშანდობლივია ერთი უსათაურო ლექსი, რომელიც ჟურნალ „ცისფერ ყანწებში” დაიბეჭდა:

„პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,

ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა, შექსპირს უარი,

რა ვქნა, თუ ჩემთვის ბეთჰოვენი, მხოლოდ ყრუ არი

და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი.

ვფიქრობ ლექსებით ჩქარი და ხან გველივით ზანტი,

მაგრამ ყოველთვის მირჩევნია ცეცხლის ანთება.

ჩემი ოცნების ნაპერწკლები ხალხს გავუფანტე,

და უკვდავება ცივ ხელებით მე მელანდება”.

ამ ლექსში წარმოჩნდა პოეზიის ახალი გზების ძიების წყურვილი, კლასიკოსთა ნაკვალევზე სიარულის უგულებელყოფა (დანტე, შექსპირი, ბეთჰოვენი – სწორედ კლასიკის სიმბოლოებია ამ ლექსში), საკუთარი ხმის მოპოვების აუცილებლობა და საოცარი თავდაჯერებულობა გამარჯვებისა: „უკვდავება მელანდება”.

ლექს „პოეზიაში” კი ვკითხულობთ, რომ  ადამიანს ცხოვრებაში უამრავი გასაჭირი, ხიფათი,  შეიძლება გადახდეს, გადაულახავი დაბრკოლება შეხვდეს, ცხოვრებამ დაჩაგროს, გარიყოს და ყაჩაღივით გახიზნოს („თულები“ ყაჩაღს ნიშნავს). სწორედ ამას გამოხატავს სტრიქონები:

„არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,

მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად”.

თუმცა, პოეტის აზრით, არაფერი შეედრება იმ ტკივილს, რასაც შთაგონებით დასნეულება ჰქვია. ასე რომ, პოეტურ ნიჭს  ავტორი წარმოაჩენს, როგორც სენს, რომელიც სულს აავადებს. რა თქმა, სნეულება გადატანითი მნიშვნელობითაა, რადგან ამ სენით შეპყრობილი ადამიანი ვეღარ იცხოვრებს სხვებივით, ვაჟა ფშაველას „გველისმჭამელის” მინდიასავით ვეღარ მიბაძავს ბრიყვებს, ვეღარ მოჭრის ხეს, რადგან მისი ენა ესმის, ვეღარ დახოცავს ნადირს, რადგან მათიც ესმის. პოეტიც ასეთი მზერა- და სმენაგახსნილია, მას ესმის, რას ლაპარაკობენ ხეები, ჩიტები, მთები, ცა და მიწა, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს ლექს “ჩინარში”: “მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთ და უსულთ შორის და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის”, ე.ი. პოეტს სწამდა, რომ ბუნებას ჰქონდა თავისი ენა, არა ნაკლებ ცოცხალი (ცხოველი) და გამომხატველი, ვიდრე ადამიანებისა.  ამიტომაც, პოეტი, ერთი მხრივ, ჰარმონიულად შეერწყმის ბუნებას, მეორე მხრივ, კონფლიქტი აქვს თანამოძმეებთან, რომელნიც ჯერ მის „განკურნებას” ეცდებიან და თუ არ დამორჩილდება, გარიყავენ. საზოგადოებას უჭირს, შეეგუოს ადამიანს, რომელიც „არც მიწისაა, არც ცისა”, რომლის გრძნობა-გონებასაც „სულ სხვა ხელისუფალი ჰყავს” (აკაკი).  ამიტომაც წერს პაოლო იაშვილი, რომ:

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული

და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი”.

მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული

ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი ტვინი ვერანი”.

აქ შეიძლება გავიხსენოთ ნიკო სამადაშვილის არაჩვეულებრივი სტრიქონები: „ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,

ლექსები, ტანზე გამონაყარი” („ნიკო სამადაშვილს”).

„ლექსის მწერლობა” ნიჭია, რომელიც ცეცხლივით ენთება პოეტის სხეულში. ასე მეტაფორულად გამოხატავს პოეტი, თუ რა ძალა აქვს ნიჭს და როგორ ვლინდება იგი. პოეტი სხვანაირად ხედავს და აღიქვამს ყოველივეს, ამიტომ ბევრი თვალი და ბევრი გული სჭირდება. პოეტი უამრავ სტრიქონს წერს, რათა საბოლოოდ მიაგნოს იმ ერთს, რომელშიც სრულყოფილად გამოხატავს სათქმელს. ამ წადილს ასეთი შედარებით გამოხატავს პოეტი:  „რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა”.

ვალერიან გაფრინდაშვილი კი ასე წარმოაჩენდა მსგავს სურვილს: „ისეთი ლექსი დავწერო მინდა, რომ არ დამჭირდეს კვლავ ლექსის წერაო”. სიტყვასთან ჭიდილს პაოლო იაშვილი ასეთი შთამბეჭდავი მხატვრული სახეებით: შედარებითა და მეტაფორით, გადმოგვცემს:

„შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი

და სისხლი, აზრი სული იქცნენ იმის მონებად,

გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი

აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება”.

აქ წარმოჩენილია, თუ როგორ იპყრობს პოეტის მთელ არსებას ლექსი. ისევ ტიციან ტაბიძე გვახსენდება არაჩვეულებრივი ენერგიის სტრიქონებით:

„მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს”.

პაოლო იაშვილი ხატოვნად ამბობს, რომ პოეტი ლექსში მთელ თავის სულსა და გულს ატანს, ამიტომაცაა, რომ თითო ლექსში ცხოვრების თითო წელი ექვითება:

„რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი

ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს”.

მისი აზრით, როცა აღარ შეეძლება პოეტს ლექსის წერა, მისი სიცოცხლეც მაშინ დასრულდება. ასე რომ, ლექსი სულია მისთვის:

„და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,

მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია”.

იგი ოცნებობდა პოეზიის გზით თავისუფლების მოპოვებაზე, ამიტომაც წერდა:

„როგორც აფრის ტკაცუნი, მოვარდნილი ზღვიდან,

ისეთი ვაჟკაცური გაქროლება მინდა”.

ამავე ლექსში, „როგორც აფრის ტკაცუნი” რომ ჰქვია, წერია: „მორთმეულია სამყარო გობით, მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობა”.

ამ სტრიქონებში უცნაური ძალით იჭრება ადამიანად ყოფნის ბედნიერების განცდა. ათასფერიანი სამყარო პოეტს მიერთმევა გაურჯელად, ხელის გაუნძრევლად, მაგრამ ღვთისგან შექმნილი ეს სამყარო თითქოს მოლოდინითაა სავსე. იგი პოეტის შეხებას ელის, თუ როდის და როგორ გადაადნობს იგი ამ სილამაზეს სიტყვებად:

„და ყოველ ყვავილს, ვარსკვლავს და კოპიტს

ჩემი ლექსისთვის მართებს მადლობა”.

ამ ყვავილებს, ვარსკვლავებს, ხეებს, პოეზიაში უნდათ, რომ ხელახლა იშვან, სიტყვის წიაღში განიბანონ და ამგვარად ეზიარონ მარადისობას. ლექსის ყოველი წაკითხვა ხომ მათ გააცოცხლებს და დააბრუნებს ამ მადლიან სამყაროში.

პაოლოსთვის პოეზია  მთავარი იარაღი იყო ცხოვრების უკუღმართობასთან საბრძოლველად. მას აქვს ლექსი „პოეტის საქმე”, რომელშიც წერს, რომ  მწერალი ისე უნდა შრომობდეს, როგორც მეგუთნე გლეხი: „და რაც კი ძალა მომეპოვება, მინდა ლექსებით გადმოლაგება”.

პაოლო იაშვილი ლექსში „მაგიდა – ჩემი პარნასი” წარმოაჩენს პოეტის დაუღალავ გარჯას რითმებისა და რიტმის, მხატვრული სახეების მოსახელთებლად. აქაც შთაგონება წარმოჩენილია, როგორც ვიღაცის, არამიწიერის, ღვთაებრივის კარნახი:

„მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი,

აავსებს წერილს წუხანდელ ცის დარდი,

და მღერის, მღერის კალამის წვერი,

კალამის წვერი – ბულბულის ნისკარტი”.

არაჩვეულებრივი მეტაფორაა – „კალამის წვერი-ბულბულის ნისკარტი”.

„არის საღვთო ბილიკები”, პოეზიის წმინდა საუფლოსკენ მიმავალიო, – წერდა გალაკტიონი. ამ საღვთო ბილიკებზე სიარული მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს, მათ შორისაა, პაოლო იაშვილი, რომლის უპირველესი ასპარეზი პოეზია იყო. იგი ქმნიდა მშვენიერ ლექსებს და პოეტურ სახეებში გარდაქმნიდა განცდებს, ტკივილებს, სიხარულს, მთელ ცხოვრებას, მაგრამ განსაცდელად მძიმე დრო მოევლინა – კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა, თავისი იდეოლოგიის მქადაგებლად ექცია. ტიციან ტაბიძე წერდა მისადმი მიძღვნილ ლექსში:

“საქართველოს მზე გაანათებს სიცოცხლეს ლამაზს,

მაშინაც, როცა პოეზიით დავიღუპებით”.

თითქოს წინასწარმეტყველებდა საშინელ მომავალს.

პაოლო რაინდული ბუნების კაცი იყო და იდეალებს ვერ უღალატებდა, ამიტომაც, როცა გამოსავალი ვეღარაფერში ნახა, 1937 წელს, პროტესტის ნიშნად მწერალთა სასახლეში საკუთარი სანადირო თოფით მოიკლა თავი. უფრო ადრე, 1922 წელს გაზ. „ბახტრიონში” წერდა: „ილია ჭავჭავაძემ დაამტკიცა, რომ საქართველოში თვითმკვლელობა და მკვლელობა – ორივე ბუნებრივი ხვედრია პოეტისათვის”.  სამწუხაროდ, ასეთი ბუნებრივი ხვედრი ერგო მასაც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იგი ბოლომდე ღირსეულ პიროვნებად დარჩა. მისი თვითმკვლელობაც მისივე პოეზიის ნაწილად იქცა, თითქოს სისხლით დაწერა სიცოცხლის ბოლო სტრიქონები. განა, თვითონვე არ წერდა თბილისისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში:

„შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო ლექსები,

როგორც სისხლის წვეთებიო”.

მართლაც, თბილისის ალაყაფთან სისხლის წვეთები ლექსის სტრიქონებივით დაალაგა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი