სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მომავლის პროფესიები

პირადი ბლოგი დაახლოებით 10 წლის წინ გავაკეთე და მაშინ, როცა უზარმაზარ ქსელში ჩემს პატარა ავტორიზებულ სივრცეს ვინიშნავდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ბლოგერობა შესაძლოა ჩემი იდენტობის ერთ-ერთი ნაწილი გამხდარიყო. დღეს ინტერნეტში თუ მოძებნით მასალებს პროფესიების შესახებ, რომლებიც გასული 10 წლის განმავლობაში გაჩნდნენ, ერთ-ერთ პროფესიად სწორედ ბლოგერობა დაგხვდებათ. თუმცა იმ ასაკის ადამიანებს თუ ვკითხავთ, რა ასაკშიც ჩემი პირველი ბლოგი გავაკეთე, მათთვის იუთუბერები (ანუ ის ადამიანები, ვისაც Youtube-ზე საკუთარი არხი აქვთ და საკუთარ გადაღებულ ვიდეოებს განათავსებენ) გაცილებით საინტერესო ხალხია, ვიდრე ბლოგერები. დღევანდელი ბავშვების ძალიან დიდი ნაწილისთვის იუთუბერობა სასურველი მომავალია. მხოლოდ ჩემ გარშემო ათამდე ისეთი მოზარდი ტრიალებს, ვისაც ან უკვე აქვს საკუთარი არხი Youtube-ზე, ან უახლოეს მომავალში აპირებს მის გაკეთებას.

 

Youtube-ზე საკუთარი არხი, ბლოგი რომელიმე პლატფორმაზე, ან აქტიური გვერდი რომელიმე სოციალურ ქსელში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს. და თუ ამ საქმეს თავს კარგად გაართმევს, შესაძლოა აქედან შემოსავალი, საინტერესო სამსახურის შემოთავაზება, პოპულარობა ან ყველაფერი ერთად მოიპოვოს. თუმცა, თუ მომავლის პროფესიებზე მიდგება საქმე, სჯობს უფრო იშვიათი და გამოსაყენებელი რამ ავირჩიოთ. გასული წლების  განმავლობაში არაერთი სპეციალობა გაჩნდა, რომლებიც თანამედროვე ბავშვებისთვის თან საინტერესო და თან პერსპექტიული შეიძლება იყოს. რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით, შეგიძლიათ თამამად ურჩიოთ თქვენ გარშემო მოზარდებს მათზე ფიქრი.

 

  1. მობილური ტელეფონების აპლიკაციების დეველოპერი – თანამედროვე სმარტფონები იმდენად დაიხვეწა, რომ მასში ბევრ „ჭკვიან” პროგრამას, მინისაიტსა თუ დამხმარე ინსტრუმენტს თავისუფლად შეუძლია თანაცხოვრება და, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ათასობით აპლიკაციას შორის შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, რა გადმოვწეროთ ჩვენს ტელეფონში, რიგ სფეროებში მაინც დეფიციტურია ხარისხიანი აპლიკაციები. მაგალითად, მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ქართულენოვანი საბავშვო პროდუქტი არსებობს და ეს დეფიციტი პატარებს ინტერნეტში ბილინგვურ ცხოვრებას აიძულებთ. ალბათ სწორედ ბავშვები და ახალგაზრდები ხვდებიან ყველაზე კარგად, რა აკლიათ მათ და რა შეიძლება გახადონ უფრო უკეთესი და თუ ამაზე უკვე ფიქრობენ, ისღა დარჩენიათ, შესაბამისი პროგრამული ენები ისწავლონ და საჭირო პროდუქტების შექმნას მიჰყონ ხელი. მობილური ტელეფონების აპლიკაციების დეველოპერები და დიზაინერები დღეს მსოფლიოში შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად კადრებად ითვლებიან.
  2. დრონის ოპერატორები – ცნობილი ფრთიანი ფრაზა იმის შესახებ, რომ “დრონი მეფობენ და არა მეფენი” მფრინავი კამერის გამოჩენის შემდეგ, რომელსაც დრონი ქვია და უფრო და უფრო აქტიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში, ახალ შინაარსს იძენს. დრონი მომავლის მოწყობილობაა, რომელიც განუზომლად ამცირებს საჰაერო ფოტო- და ვიდეოგადაღების რესურსებს და, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია როგორც პირადი, ასევე კომერციული მიზნებისთვის; მართალია ინოვატორები უკვე ფიქრობენ იმაზე, როგორ გახადონ არსებული დრონები უფრო ჭკვიანები, რომ თავად მართონ საკუთარი თავი, მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, დრონის ოპერატორობა საინტერესო და საჭირო საქმე იქნება.
  3. სოციალური მედიის მენეჯერი – სოციალურ ქსელებს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სხვადასხვა მიზნით მოიხმარს. თუმცა ცოტა მათგანი თუ ფიქრობს იმაზე, როგორ ცვლის ყოველდღიურად მრავალმილიონიანი ინდუსტრია კომუნიკაციის ფორმასა და ტენდენციებს. ონლაინკომუნიკაციის უწყვეტი და უსასრულო ფორმატი ინტენრეტმომხმარებლებს საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად ვიყოთ ჩართული უამრავ განხილვასა და შეფასებაში, დავაგროვოთ და გავავრცელოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები, გავიცნოთ საინტერესო ხალხი და ვესაუბროთ მათ ნებისმიერ თემაზე. ამ უსაზღვრო სამყაროში, ცხადია, საჭიროა ადამიანები, ვინც სხვადასხვა კომპანიების, საჯარო პირების თუ, ე.წ. „სელებრითების” სოციალურ ქსელებში სათანადო რეპრეზენტაციაზე იზრუნებენ. სწორედ ასე გამოჩნდნენ წლების წინ სოციალური მედიის მენეჯერები, რომლებსაც რიგით ინტერნეტმომხმარებლებთან შედარებით მეტი ცოდნა აქვთ მარკეტინგის, პიარის, სოციოლოგიისა და კომუნიკაციების შესახებ და, რომელთა მიმართ მოთხოვნაც წლიდან წლამდე იზრდება.
  4. მონაცემების ანალიტიკოსი – ინტერნეტის განვითარება და ახალი მედია მნიშვნელოვნად ცვლის ბევრ რამეს, მათ შორის – ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების გზებს. არაერთი სპეციალისტის დაკვირვებით, ადამიანები უფრო აქტიურად კითხულობენ სტატიების სათაურებს, ვიდრე თავად სტატიებს, გრძელ ვიდეოებს გადახვევებით უყურებენ, ვრცელ ტექსტებში კი „ხელმოსაჭიდად” ვიზუალიზაციებს ეძებენ. შესაბამისად, დიდი მონაცემების ანალიზი, გადამუშავება და ეფექტურად მიწოდება აუდიტორიისთვის ახალი გამოწვევაა, რომელსაც ინფოგრაფიკების, ინტერაქტიული ვებსაიტების ან აპლიკაციების, ან სულაც მოკლე ვიდეოების გზით აღწევენ კარგად მომუშავე პირები თუ ორგანიზაციები. მონაცემების ანალიზი და მათი ადაპტაცია მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე ახალ მედიაში სულ უფრო საჭირო გახდება და, მთავარია, ახლავე დავიწყოთ ეფექტური გზების ძებნა და საჭირო უნარების გამომუშავება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი