სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დუალური განათლების ისტორიული წინაპირობები ნაწილი მესამე

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველაზე გავლენიანი სამეურნეო სკოლებისა და ტექნიკური (ე.წ. სატეხნიკო) სასწავლებლების ინიციატივები წარმოების სექტორიდან, დამსაქმებლებიდან მოდიოდა. სასწავლებლების დაარსების იდეა, უმრავლეს შემთხვევებში, ჩნდებოდა მას შემდეგ, რაც სამეურნეო საზოგადოებები / საწარმოს დამფუძნებლები აღმოაჩენდნენ ამა თუ იმ დარგში პროფესიონალი კადრების სიმწირეს და პროფესიული უნარების არასათანადო განვითარების პრობლემას. ამიტომ ხშირად ხდებოდა ისე, რომ საწარმოს, ან საზოგადოების დაარსებიდან ძალიან მალე, ყალიბდებოდა მასთან არსებული პროფესიული სასწავლებლები კონკრეტული საწარმოს, ან მთელი დარგის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ამ მხრივ ცალკე აღნიშნვას იმსახურებს დარგის გულშემატკივარი პროფესიონალების, მაშინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლების – ილია წინამძღვრიშვილის, ნატო ლოლუას, ერმილე ნაკაშიძის, ისაია ფურცელაძისა და კონსტანტინე ამირაჯიბის კერძო ძალისხმევა და მათი წარმატებული პროექტები.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს „სამინისტრო სკოლებსაც“ ევალებოდა  სასოფლო-სამეურნეო დარგობრივი ცოდნის გავრცელება, ეს პროგრამები შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცოდნის გამავრცელებლები სოფლის მასწავლებლები იყვნენ – ადამიანები, რომლებიც არ ფლობდნენ რელევანტურ პრაქტიკულ ცოდნას. ამდენად, ეს პროექტი არ მუშაობდა. გარდა ამისა, 20-იან წლებამდე საქართველოში, თითქმის, არ მოღვაწეობდნენ ისეთი პროფესიონალები, რომლებსაც რუსეთსა და ევროპაში უმაღლესი განათლება ჰქონდათ მიღებული და ამა თუ იმ დარგში ფლობდნენ აკადემიურ ცოდნას, ამიტომ  პროფესიული განათლება პრაქტიკოს მეურნეებზე იყო მინდობილი.

ეს ფაქტორები გავლენას ახდენდა როგორც სასწავლებლების ორგანიზაციული მოწყობის, ისე – კურიკულუმის დიზაინის თავისებურებებზე. პირველ რიგში კი იმ ფაქტზე, რომ სანამ დამსაქმებლებსა და მოსწავლეებს შორის დისციპლინური ლოგიკით სტრუქტურირებული ჰოლისტური ცოდნის მთელი რიგი ბარიერები ამოიზრდებოდა, სასწავლო პროგრამები უშუალოდ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე იყო მიმართული. მეორე მხრივ, პრაქტიკოსი მეურნეებისა და ხელოსნების გამოცდილებაც არ იყო სრულყოფილი. მის ფრაგმენტულობასა და არათანმიმდევრულობას სწორედ აკადემიური ცოდნისგან მოწყვეტილი განვითარება განაპირობებდა.

პარტნიორობის გამოცდილება კურიკულუმის განვითარებისთვის. ბოლო წლებში რამდენჯერმე საკმაოდ უცნაური გამოცდილების მოწმე გავხდით, როცა  უახლესი ტექნიკით აღჭურვილი პროფესიული სასწავლებლების შენობების გახსნას განათლების რეფორმებთან და პროგრესთან აიგივებდნენ,  მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ბაზრისა და დარგების მოთხოვნის შესაბამისი, კომპეტენციების განვითარებაზე მიმართული საგანმანათლებლო პროგრამები, ანდა, უბრალოდ, არ არსებობდა ადამიანური რესურსი, რომლებიც ამ მანქანა-დანადგარების მოხმარებაზე ცოდნის გავრცელებას უზრუნველყოფდა.

პროფესიული სასწავლებლის დაარსება რომ მხოლოდ შენობის აშენებასა და ინფრასტრუქტურის შეძენას არ ნიშნავს, ეს საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ესმოდათ. სკოლის კონცეფციის ჩამოყალიბებას – წესდების შემუშავებასა და საგანმანათლებლო პროდუქტის განვითარებას დამფუძნებლები, როგორც წესი, დიდ ყურადღებას უთმობდნენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი კონცეფციის ჩამოყალიბება დროში უსწრებდა სკოლების აშენებასა და მათს აღჭურვას, რადგან ინფრასტრუქტურასა და მანქანა-დანადგარებს განიხილავდნენ არა როგორც თვითმიზანს, რომელსაც შემდგომში მოერგებოდა პროგრამა, არამედ – ინსტრუმენტს, რომელიც თავად უნდა მორგებოდა კურიკულუმის საჭიროებებს.

დგება საკითხი – რას უნდა მორგებოდა თავად კურიკულუმი?  როგორც ცნობილია, მაშინდელი პროფესიული სკოლების სასწავლო გეგმები საზოგადოების აქტიური ჩართულობით იხვეწებოდა და იძენდა საბოლოო სახეს. პროფესიონალები და პოტენციური ბენეფიციარები სკოლის კონცეფციებს პერიოდიკის ფურცლებზე ეცნობოდნენ. ასე მოხდა პირველი ქართული სამეურნეო სკოლის – წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ილია წინამძღვრიშვილის კერძო წამოწყება და რომ კონცეფციის შემუშავების პროცესში მასთან ერთად მონაწილეობდნენ გავლენიანი პროფესიონალები, ნიკო ცხვედაძე და იაკობ გოგებაშვილი, რომლებსაც საზოგადოების ნდობა ჰქონდათ, ილია წინამძღვრიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, 1880 წელს სასწავლებლის კონცეფცია პრესაში გამოექვეყნებინა. პროგრამის გასაჯაროებამ გაამართლა, რადგან პრესისავე საშუალებით სულ მალე პროექტის გარშემო მეურნისა და განმანათლებლის, ივანე როსტომაშვილის სასარგებლო შენიშვნები გამოქვეყნდა. ამ უკუკავშირის საფუძველზე სასწავლებლის პროექტმა პანსიონის ტიპის სკოლის დატვირთვა შეიძინა, რათა მისი მუშაობა მხოლოდ ლოკალური სოფლების საზღვრებში არ ჩაკეტილიყო და ფართო მნიშვნელობა შეეძინა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში კიდევ ერთი სამეურნეო სასწავლებლის გახსნის ინიციატივით გამოვიდა ერეკლე მეორის შთამომავალი, ქსნის ერისთავი – გიორგი. სკოლის გახსნას წინ უძღვოდა წესდებისა და სასწავლო გეგმის ჩამოყალიბება, რაც ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის მმართველმა – მიხეილ მორბედაძემ ითავა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო მას სასწავლებლის პროგრამული და ორგანიზაციული განვითარების საქმეში სრულ ნდობას უცხადებდა, მორბედაძემ კონცეფცია საჯაროდ გამოაქვეყნა და საზოგადოებას საშუალება მისცა, დოკუმენტს გაზ. „ივერიის“ საშუალებით გაცნობოდა. ჯანსაღმა და პრობლემაზე ორიენტირებულმა კრიტიკამ ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა – პროფესიონალთა შეფასებით, პროგრამაში უფრო მკაფიოდ უნდა განსაზღვრულიყო მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებანი. მათი აზრით, კონცეფცია უფრო მეტად თავად-აზნაურთა ინტერესებზე მორგებული ჩანდა, მაშინ როდესაც სამეურნეო განათლებაზე მოთხოვნა, პირველ რიგში, გლეხობიდან მოდიოდა.

მიზნობრივი ჯგუფის საგანმანათლებლო საჭიროებებს სრულად პასუხობდა ქუთაისის ქალთა სამეურნეო საზოგადოების – „შრომის“ მიერ 1904 წელს დაარსებული სამეურნეო სკოლის პროგრამა. ადგილობრივი ქალები აქ ზოგად განათლებასა და პროფესიულ ცოდნას 5 წლის მანძილზე იღებდნენ. ქალთა სამეურნეო სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის აგებულება სრულად შეესაბამებოდა ადგილობრივ მოთხოვნებს როგორც საბაზრო, ისე – გენდერული თვალსაზრისით. აღსაზრდელებს აქ სწორედ ის აუცილებელი ან ლეგიტიმური ცოდნა გადაეცემოდათ, რომლის დაუფლების პირობასაც ქალებს კულტურა უყენებდა. სკოლაში სწავლა შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობდა: მებოსტნეობა, მეაბრეშუმეობა, აბრეშუმის თესლის დამზადება, ჭრა-კერვა, ქსოვა, მეფუტკრეობა, მერძეობა, მეოჯახეობა, მზარეულობა, შინაური ფრინველის მოშენება და სხვ.

სკოლას დაარსებიდან ერთი წლის თავზე 68 მოსწავლე და 10 მასწავლებელი ქალი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა უმეტესი ნაწილი სწავლების გასამრჯელოს არ იღებდა. ანაზღაურების გარეშე იმუშავეს წინამძღვრიანთკარის როგორც სკოლის შენობების დამპროექტებლებმა – ევგენი თევდორეს ძე ბელოიმ, მიხეილ ისაის ძე სალამბეგოვმა, ისე – მშენებლობის ხელმძღვანელმა, ინჟინერ-მშენებელმა, მიხეილ ბებუთაშვილმა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20-ს დასაწყისში საქართველოში პროფესიული სასწავლებლების დაარსებაში საკმაოდ დიდი იყო საზოგადოების, მეწარმეებისა და ინტელიგენციის კონტრიბუცია. პირველ რიგში იმიტომ, რომ სხვადასხვა თემები სათანადოდ აფასებდნენ სამეურნეო და ტექნიკური განათლების მნიშვნელობას, გარდა ამისა, ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობა და, ამასთანავე, პრესტიჟი განათლებისა და პროგრესის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ყოველივე აღნიშნულით, თითოეული განხილული საგანმანათლებლო ინიციატივა ახლო დგას დუალური განათლების გერმანულ მოდელთან.

გურიის სავაჭრო ამხანაგობა და საწარმოში კეთებით სწავლა (learning by doing). მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებას განსაკუთრებით აფერხებდა წვრილი ვაჭრებისა და ე.წ. ჩარჩების საქმიანობა, რომელთაც იმ დროისათვის ბაზარზე სრული კონტროლი ჰქონდათ დამყარებული. ისინი ე.წ. კარტელური შეთანხმებით ახერხებდნენ პროდუქციის ფასების ხელოვნურად დაწევას, რითაც თავად დიდ სარგებელს ნახულობდნენ. წვრილ მეურნეებს დამოუკიდებლად არ შესწევდათ ძალა ბაზრის სადავეების ხელში ასაღებად და დიდად ზარალდებოდნენ. მცირე მეწარმეების რესურსების გაერთიანებისა და არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების ბაზრიდან განდევნის მიზნით მე-19 სუკუნის მიწურულს ინტელიგენციასა და მრეწველებს შორის გაჩნდა სავაჭრო ამხანაგობის დაარსების იდეა. ორგანიზაცია უზრუნველყოფდა პროდუქციის რეალურ ფასად შეძენასა და გასაღებას. ამხანაგობამ 1893 წელს შეიმუშავა წესდება, რომელიც მანამდე არსებული სავაჭრო დეპოებისა და ამხანაგობების გამოცდილებას ეყრდნობოდა.

სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალი“ ორ ჯგუფად ჩამოყალიბდა – თბილისსა და გურიაში. გურიის ჯგუფი დაკომპლექტებული იყო მეურნეებითა და წვრილი ვაჭრებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორგანიზაციას საზოგადოება აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდა. ის მეპაიეების შენატანების გარდა, არაერთი შემომწირველის კონტრიბუციით სარგებლობდა, რომლებიც უძრავ ქონებას უსასყიდლოდ გადასცემდნენ ამხანაგობას. გურიის „შუამავლის“ წარმომადგენლობითობასა და გავლენიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1895-დან 1898 წლამდე წევრთა რაოდენობა აქ 200-დან 500-მდე გაიზარდა.

თავდაპირველად ამხანაგობის ფუნქცია იყო ყველა სახის პროდუქციის შესყიდვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. მეურნეები ამხანაგობაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. ისინი რეკომენდაციებს აძლევდნენ ამხანაგობას, თუ წელიწადის განსაზღვრულ პერიოდში რომელ პროდუქტზე გაიზრდებოდა მოთხოვნა. „შუამავლის“ მომდევნო წლების სტრატეგიის მთავარი აქცენტი კი აბრეშუმის წარმოება იყო, რისთვისაც მან წამოიწყო აბრეშუმის პარკის თესლის შეძენა, გასაღება და პროდუქციის რეალიზაცია. სულ მალე „შუამავალი“ გამოცდილების გაზიარებისა და საექსპორტო მცდელობებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაუკავშირდა იმერეთის მეაბრეშუმეთა პირველ საზოგადოებას.

აღნიშნულმა გარემოებებმა და წარმოების რაოდენობრივმა ზრდამ პროდუქციის ხარისხობრივი განვითარებისა და, შესაბამისად, კვალიფიციური კადრების მომზადების საჭიროება გამოკვეთა. ამ მიზნით სოფ. დვაბზუში დავით მამულაიშვილის მიერ შემოწირულ მიწაზე გურიის „შუამავალმა“ აბრეშუმის ძაფსახვევი სახელოსნო და სკოლა გახსნა. ყმაწვილები  აქ სწავლობდნენ მეაბრეშუმეობის თეორიას და მიღებულ ცოდნას საწარმოშივე იყენებდნენ. ისინი სწავლობდნენ კეთებით, რეალურ სამუშაო გარემოში და მათ მიერ დამზადებულ პროდუქტს არა მხოლოდ საგანმანათლებლო ღირებულება ჰქონდა, არამედ „შუამავალი“ აქაური ნაწარმის რეალიზაციასაც უზრუნველყოფდა.

ბედის ირონიაა, რომ გურიის სავაჭრო ამხანაგობის ლიკვიდაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ორგანიზაციული მართვის უნარებისა და ცოდნის დეფიციტი გახდა. მიუხედავად ამისა, „შუამავალის“ საგანმანათლებლო პროექტი – დვაბზუს მეაბრეშუმეობის სახელოსნო და სკოლა, მრავალი ასპექტით იყო უნიკალური. პირველ რიგში, მის დაარსებაში წვლილი შეიტანა კერძო შემომწირველმა, გარდა ამისა, ეს იყო ვაჭართა და მეურნეთა საზოგადოებებიდან, ანუ კერძო სექტორიდან წამოსული ინიციატივა, რომელიც აღნიშნული თემების მოთხოვნებს თანაბრად ითვალისწინებდა. რაც შეეხება, სასწავლო პროგრამას, ის  დაბალანსებული იყო სკოლაში მიმდინარე თეორიული გავკეთილებითა და საწარმოში – პრაქტიკული მეცადინეობებით. თითოეული ამ ნიშნით მეაბრეშუმეობის სკოლა და სახელოსნო ძალიან მოგვაგონებს პროფესიული განათლების გერმანულ გამოცდილებას. ამიტომ ვფიქრობთ, დუალური მოდელის ელემენტების იმპორტს წინ უნდა უძღვოდეს მსგავსი მაგალითების სიღრმისეული კვლევა – წარმატებისა და წარუმატებლობის განმაპირობებელი ფაქტორების მეცნიერული და მიუკერძოებელი ანალიზი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“