შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლის პროფესია და ფსიქოლოგიური მდგრადობა (ნაწილი 2)

სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ რეზილიენტობის განმარტებასა და მნიშვნელობაზე, საწყის კვლევებსა და თანამედროვე ტენდენციებზე, ასევე მის მახასიათებლებსა და განზომილებებზე. ამჯერად შევეცდებით, მიმოვიხილოთ პრაქტიკულ მაგალითები  და ვისაუბროთ მასწავლებლების რეზილიენტობის მნიშვნელობაზე.

როგორც აღვნიშნეთ, რეზილიენტობა გულისხმობს სტრესულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებას, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების ძიებას ისე, რომ ინდივიდმა უკეთ შეძლოს დაბრკოლებებთან გამკლავება. მკვლევრებს შორის მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს პროცესის კვლევა. ერთი ნაწილი თვლის, რომ რეზილიენტობა უნდა შეფასდეს და გაიზომოს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებას ცდილობს. ისინი თვლიან, რომ მიუხედავად არსებული პოზიტიური თუ ნეგატიური გამოცდილებისა, ადამიანი ყველა სტრესულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს და გარემოპირობებიც სხვადასხვაგვარია. მკვლევართა ამ ნაწილს არგუმენტად მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებზე ჩატარებული კვლევები მოაქვს, რომელზეც წინა სტატიაში გვქონდა საუბარი. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მიუხედავად არასასურველი გარემოპირობებისა, მაღალი რისკჯგუფის ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალი რეზილიენტობით ხასიათდებოდა მოზრდილ ასაკში.  ჰქონდათ კარგი სამსახური, ჰყავდათ ოჯახი და მეგობრები და შეეძლოთ სირთულეებთან გამკლავება.

მკვლევართა მეორე ნაწილის აზრით, რეზილიენტობა პროცესია და არ შეიძლება ყველა დამოუკიდებელ შემთხვევაში ცალკე იქნეს განხილული, რადგან ყოველი მომდევნო შემთხვევა წინა გამოცდილებას ეფუძნება. ამ მოსაზრების მხარდამჭერთა აზრით, რეზილიენტობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სხვადასხვაგვარად ვლინდება და პიროვნების მიერ შერჩეული სტრატეგიებიც სხვადასხვაგვარია. ისინი თვლიან, რომ ადამიანები, რომელთაც პრობლემების გადაჭრის პოზიტიური გამოცდილება აქვთ, თავს არ არიდებენ სტრესულ სიტუაციებს, ბევრად მარტივად პოულობენ გამოსავალს  და მაღალი რეზილიენტობით გამოირჩევიან. მაგალითად, მოსწავლე, რომელიც ვერ ახერხებს თანატოლებთან არსებული პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას, არ შეუძლია გაუმკლავდეს საშინაო დავალებებს და არ გააჩნია პრობლემების დაძლევის პოზიტიური გამოცდილება, მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნება. ასევე შეიძლება იყოს მასწავლებელი, რომელიც ვერ ახერხებს ემოციების მართვას, სამსახურში პირადი პრობლემებისგან დისტანცირებას,  ვერ პოულობს გზებს სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებისთვის.

მასწავლებლის რეზილიენტობასა და მის მნიშვნელობაზე ბევრი კვლევა არსებობს. საინტერესო სტატიებია ასევე მაღალი რეზილიენტობის მქონე მასწავლებლებსა და მოსწავლის მიღწევების კავშირის შესახებ. ამჯერად მიმოვიხილავთ გერმანელი მკვლევრების მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველი სტუდენტების რეზილიენტობის კვლევას მოტივაციასთან მიმართებით. ამ შემთხვევაში ავტორები დაეყრდნენ, ე.წ. თვითგამორკვევის თეორიას (self-determination theory), რომელიც წარმოადგენს ადამიანის მოტივაციის შესწავლისადმი ფსიქოლოგიურ მიდგომას შინაგან და გარეგან მოტივაციაზე დაყრდნობით.

კვლევის ავტორები ეყრდნობოდნენ მოსაზრებას, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებობს პოზიტიური დამოკიდებულება შინაგანი მოტივაციით გამოწვეულ ცხოვრებისეულ მიზნებსა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას შორის. კვლევის მიზნებს წარმოადგენდა, იმის გარკვევა მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველ სტუდენტებში – არსებობდა თუ არა კავშირი შინაგანი მოტივაციით გამოწვეულ ცხოვრებისეულ მიზნებსა და რეზილიენტობას შორის.

კვლევა ჩატარდა 252 სტუდენტსა და მასწავლებელზე. რეზილიენტობის განზომილებების ხარისხის განსაზღვრის მიზნით მკვლევრებმა ემოციური და მოტივაციასთან დაკავშირებული ფაქტორების გამოკითხვა ჩაატარეს კითხვარით, სოციალური ფაქტორებისა – ინტერვიუს საშუალებით, ხოლო პროფესიული განზომილება – უკვე არსებული სკალის გამოყენებით.

კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას შინაგანი მოტივაციით ირჩევენ, მაღალი რეზილიენტობით გამორჩევიან პროფესიაში, ვიდრე ისინი, ვინც ამას გარეგანი მოტივაციით აკეთებენ. ისინი უფრო მარტივად და ემოციური დაძაბულობის გარეშე უმკლავდებიან პროფესიულ ასპარეზზე არსებულ სირთულეებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სტუდენტები უმეტესად მაღალი რეზილიენტობით და მოტივაციით გამორჩევიან, ვიდრე პროფესიაში გამოცდილების მქონე მასწავლებლები. მესამე და საინტერესო მიგნება მდგომარეობს შემდეგში, რომ ადამიანები, რომლებიც გარეგანი მოტივაციით ირჩევენ მასწავლებლის პროფესიას, ხშირ შემთხვევაში საერთოდ კარგავენ პროფესიასთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ მიზნებს და ავტომატურად აგრძელებენ საქმიანობას.

მსგავს საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ კიდევ ერთ კვლევაში, სადაც 325 სტუდენტი და მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას, დადგინდა, რომ მასწავლებლის კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებზე მაღალ დადებითი გავლენის მოხდენა ემოციურ ინტელექტსა და რეზილიენტობას შეუძლია. კითხვაზე, თუ რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც სკოლის ყოველდღიურობაში არსებული ემოციური სირთულეების დაძლევაში დახმარება შეუძლია, მასწავლებლებისა და სტუდენტების უმეტესობა პასუხობდა, რომ მნიშნელოვანი სასკოლო გარემო, მოქნილობა და ადაპტაციის უნარია.

საინტერესო იქნებოდა შესწავლილიყო ქეისები – როგორ ახერხებს მაღალი მოტივაციის მქონე მასწავლებელი, რომელიც გამოირჩევა დაბალი რეზილიენტობით, სასკოლო ცხოვრებაში არსებული სირთულეების მოგვარებას. შესაძლებელია აღნიშნულის პირველი კვლევის შედეგებთან შესაბამება. მაგალითად, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სკოლაში კათედრაზე არსებული დაძაბული გარემო მასზე ძალიან მოქმედებს, იწვევს გაღიზიანებას და სურვილს, საერთოდ არ გამოცხადდეს სამსახურში. მეორე პედაგოგს მსგავსი სურვილი უჩნდება მაშინ, როდესაც ის ვერ ახერხებს კლასში არსებული დისციპლინური პრობლემების მოგვარებას და არც დახმარების მიღება შეუძლია კოლეგებისაგან. ორივე პედაგოგი აღნიშნავს, რომ სამსახურში მიღებული სტრესი მოქმედებს მათ განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში მათ დათრგუნვასა და განწყობის შეცვლას იწვევს. აღნიშნული მაგალითები ცხადყოფს, რომ დაბალი რეზილიენტობის მქონე მასწავლებლის მოტივაცია დროთა განმავლობაში მაშინ იკლებს, როდესაც მას არ შეუძლია პრობლემების მოგვარება და ყოველდღიურად ემოციური სტრესის მიღების საფრთხის ქვეშ იმყოფება.

ზემოხსენებული კვლევები ადასტურებს სასკოლო გარემოს მნიშვნელობას მასწავლებლის ფსიქოლოგიურ მდგრადობასა და მოტივაციაზე. არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც მასწავლებლები რამდენიმე წლის შემდეგ ტოვებენ სკოლას, ცდილობენ სხვა სამსახურის მოძებნას ან დგანან ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობის საფრთხის წინაშე. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორმა და თითოეულმა მასწავლებელმა ხელი შეუწყოს ჯანსაღი სასკოლო კლიმატის ჩამოყალიბებას, რათა ამჟამინდელმა სტუდენტებმა (კვლევაში მონაწილე პირები) პროფესიაში შესვლის შემდეგ იგრძნონ, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი