“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა მარიამ ყაუხჩიშვილმა, რომელმაც განათლება შვეიცარიაში მიიღო და საქართველოში დაბრუნებული ცდილობდა ევროპული ღირებულებები საგანმანათლებლო ცხოვრებაში შეეტანა, 1903 წელს დაარსა სკოლა, რომელიც დღეს ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის სახელით არის ცნობილი. სკოლა დღესაც გამოირჩევა ჰუმანისტური და თავისუფალი მიდგომებით და სკოლის ცხოვრების ცენტრში კვლავაც მოსწავლე და მისი საჭიროებებია მოქცეული. სკოლას 2004 წლიდან ირინა ჯგერენაია ხელმძღვანელობს, რომელიც ჟურნალ „მასწავლებლის’’ სტუმარია .
12 წელია უკვე ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობთ. რა ცვლილებები გამოიარა სკოლამ თქვენი ხელმძღვანელობის განმავლობაში და რა არის ამ დროისთვის სკოლისთვის და თქვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი?
მახსენდება ცნობილი როკჯგუფის Pink Floyd -ის ჰიტი – ,,The Wall “,“, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს უგულებელყოფილი იდეებისა და შეხედულებების გამო სისტემის მარწუხებში მოქცეული სულების პროტესტს. სისტემის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მე და ბევრმა ჩემმა თანატოლმა ვიცოდით, რომ შეგვეძლო რაღაც ახლისა და განსხვავებულის თქმა, შეგვეძლო სკოლასა და ჩვენ შორის აღმართული კედლის მსხვრევა. ჩემთვის ამ იდეასთან მიახლოება, 2002 წლიდან საქართველოს ზოგადი განათლების რეფორმით დაიწყო, მაშინ ქუთაისის 25-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი გახლდით. რეფორმის ლოგიკური შედეგი კი 2004 წლის 18 ოქტომბერის საქართველოს მთავრობის განკარგულება # 84 იყო, რომლითაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები განისაზღვრა. დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა, შეიცვალა სისტემაში მანამდე არსებული მიდგომები და შეხედულებები: საგანმანათლებლო სისტემის ცენტრში მოექცა მოსწავლე და მისაღწევი შედეგები, ერთ მოსწავლეზე გათვლილმა დაფინანსების ვაუჩერულმა სისტემამ ხელი შეუწყო სკოლების დეცენტრალიზაციას და გაზარდა ავტონომიურობის ხარისხი. ამ ცვლილებებით აღსავსე პერიოდში 2004 წლის 17 ნოემბერს მე-17 საჯარო სკოლაში მოვედი როგორც დირექტორი.
საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია სკოლი დაარსებისა და მისი დამაარსებლის ისტორია. არც სკოლის საგანმანათლებლო წარსულია ცნობილი…
დღემდე აღმაფრთოვანებს სკოლის დამაარსებლის მარიამ ყაუხჩიშვილის ბიოგრაფია. მარიამმა განათლება ჟენევაში მიიღო და ევროპული ღირებულებებით დაბრუნებულმა 1898 წელს ქუთაისში პროგიმნაზიის კურსით სასწავლებელი დააარსა. იმ წლებში ქალთა და ვაჟთა სკოლები ცალ-ცალკე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზია ქალთათვის იყო განკუთვნილი, მარიამ ყაუხჩიშვილმა ვაჟებიც ჩარიცხა. განსაკუთრებულ ყურადღებას რთულად აღსაზრდელებს აქცევდა. თავად მარიამი ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი კარგ მოქალაქეებად აღეზარდა. იმ დროისათვის სასწავლებელი ერთადერთი იყო, სადაც საქართველოს ისტორიას ასწავლიდნენ. მარიამ ყაუხჩიშვილის გიმნაზიის აღმზრდელობითი მეთოდები უაღრესად პროგრესული და ჰუმანური იყო. არ იყენებდნენ ფიზიკურ დასჯას, მოსწავლის გარიცხვა პედსაბჭოს სისუსტედ ითვლებოდა, წარმატებულ ბავშვებს აჯილდოებდნენ, მჭიდრო კავშირი ჰქონდათ მშობლებთან. 1939 წლიდან გიმნაზია უკვე მე-17 სკოლაა. 2015 წლის 19 მაისს ვიზეიმეთ სკოლის დაარსებიდან 117 წელი. ვამაყობთ, რომ საუკუნის წინანდელი პრინციპული, ფუნდამენტური ღირებულება – მოსწავლეზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა – დღესაც ჩვენი სკოლის აზროვნების, ფილოსოფიისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფერთა და ფორმათა ამ მარადიულ მეტამორფოზაში უცვლელი დარჩა ჩვენი ფასეულობები განათლების, წარმატების, ტრადიციის, ერთსულოვნების, სულიერების, მოქალაქეობის, პლურალიზმის, პატრიოტიზმის, პლურლინგვური განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მშობლიური ენისადმი.
რა შეიცვალა თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში სკოლაში და განსაკუთრებით რა მნიშვნელოვან მოვლენებს გამოყოფდით სკოლის საგანმანათლებლო ცხოვრებიდან?
ასეთი საინტერესო წარსულის მქონე სკოლა 2005 წელიდან საქართველოს 100 სკოლიდან ერთ-ერთია, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება დაიწყო. რეფორმის ფარგლებში შეიცვალა შეფასების სისტემა, მოსწავლეებმა მიიღეს უფასო სახელმძღვანელოები, მიმდინარეობდა ინტენსიური ტრენინგები, მასწავლებლები ეუფლებოდნენ სწავლისა და სწავლების ახალ მეთოდებსა და სტრატეგიებს, ტრადიციული გაკვეთილები მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულმა გაკვეთილებმა შეცვალა, რომელთა ცენტრში მოსწავლე იდგა. რთული, მაგრამ საინტერესო ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდით. წარმოუდგენლად მაღალი იყო პედაგოგთა მონდომება ენთუზიაზმი და მოტივაცია პროფესიული ზრდისათვის. პილოტირების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ გადავწყვიტეთ უაღრესად გაბედული ნაბიჯის გადადგმა: სკოლაში მოვაწყვეთ ღია კარის დღე, რომელზეც მოვიწვიეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ე.ს.გ.-ს დეპარტამენტი სვიმონ ჯანაშიას ხელმძღვანელობით, ტრენერთა ჯგუფი, მშობლები, სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები. აქტივობის მიზანი იყო პრაქტიკაში გვეჩვენებინა მიღებული თეორიული ცოდნა და თანამშრომლობით გარემოში გადაგვეჭრა ის პრობლემა თუ სირთულე, რომელიც ამ პროცესში წარმოიქმნებოდა. ექსპერიმენტმა გაამართლა, დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები. მას შემდეგ ღია კარის დღეები ჩვენი სკოლის კულტურის განუყოფელი ნაწილია. დაუღალავმა შრომამ და სკოლის თანამშრომელთა ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო: სკოლაში დამკვიდრდა ჰოლისტური განათლების სისტემა, შეიქმნა პოზიტიური მაქსიმალურად უსაფრთხო ძალადობისაგან დაცული გარემო, დიდ მნიშვნელობას იძენს სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა. მოქმედებს მშობელთა მკითხველთა კლუბი, მშობლების თოჯინების თეატრი, მონიტორინგის ჯგუფში გაერთიანებული მშობლები მორიგეობენ სკოლაში და თვალყურს ადევნებენ სასკოლო ცხოვრებას, ბავშვების უსაფრთხოებას. თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ დღეს სკოლა თემის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. მოსწავლეების, მათი მშობლების კეთილგანწყობა და გულწრფელი სიყვარული კი ჩვენი მთავარი ჯილდოა.
ხშირად დადიხართ სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგზე. რა ცოდნას გიზიარებენ უცხოელი კოლეგები და როგორია მათი გამოცდილება?
ბევრ საერთაშორისო ტრენინგსა და კონფერენციას ვესწრები, ვარ საერთაშორისო ორგანიზაცია NAMAშშ-ის წევრი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროფესორი, ფსიქოლოგი რიჩარდ ფაიფერი ძალიან საინტერესო ადამიანია. მისი ლექცია ,,გაბრაზებული ტვინის მკურნალობა’’ ერთ-ერთი საუკეთესოა. მასწავლებლებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, იყოს არამარტო კვალიფიციური, არამედ გაწონასწორებული, შეეძლოს საკუთარ თავში ემოციისა და სიბრაზის მართვა. ბატონმა რიჩარდმა საჩუქრად გადმომცა მისი ნაშრომების კრებული, რომელსაც ამშვენებს წარწერა : ,,გაბრაზდი, მაგრამ ნუ შესცოდავ, დაე შენი აღშფოთების მზე ჩაეშვას’’. სიამოვნებით ვთანამშრომლობ ჩემს უცხოელ კოლეგებთან, ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას. ვცდილობ გავეცნო წარმატებული სკოლების გამოცდილებას მათთან ვიზიტით. ასევე ჩვენც ვმასპინძლობთ თურქეთის, უკრაინის, სომხეთის, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლების დელეგაციებს. შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ ჩვენს ეპოქაში მასწავლებელი ყველა ქვეყანაში მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა ამა თუ იმ სახელმწიფოში. მოტივაციის ამაღლება, კლასის მართვა, ახალგაზრდების წიგნთან მიყვანა, საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვა, თანამედროვე განათლების სისტემის მთავარ გამოწვევებად რჩება.
წლების წინ თქვენი სკოლა ერთ-ერთი იყო, სადაც ხშირად ტარდებოდა სხვადასხვა არაფორმალური გაკვეთილი, შეხვედრები, ტრენინგები, მიდიოდა თავისუფალი საუბრები… დღეს ამ მხრივ როგორია სკოლის არაფორმალური ცხოვრება და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი გარემოს არსებობა მოსწავლეებისთვის?
სკოლის არაფორმალური ცხოვრება დღეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სიახლეებით დატვირთულია. სკოლის კულტურას ამდიდრებს სხვადასხვა პროფესიის ცნობილი, წარმატებული ადამიანების მოწვევა და არაფორმალური შეხვედრები გამოჩენილ ექიმებთან, მეცნიერებთან, მწერლებთან, მხატვრებთან, მასწავლებლებთან, ისტორიკოსებთან მსახიობებთან რეჟისორებთან, დიპლომატებთან. ხშირად ეს შეხვედრები ძალიან მასშტაბური ხასიათისაა. გასულ წელს მწერლის საერთაშორისო დღეს სკოლაში მოწვეულმა 33 მწერალმა ერთდროულად ჩაატარა 33 გაკვეთილი 33 კლასში. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ემოციები მოჰყვება თითოეულ ასეთ დღესასწაულად ქცეულ დღეს. მარტინ სელიგმანის პოზიტიური ფსიქოლოგიის მიხედვით დადებითი ემოციებით გაჯერებული გარემო ზღუდავს და პერსპექტივაში აქრობს ნეგატივს, ძალადობას, სასოწარკვეთას. სკოლა და ოჯახი, სადაც პოზიტიური გარემოა, ბავშვს აძლევს თავისუფლებას, ,,გაიფურჩქნოს“.
როგორია დირექტორისა და მოსწავლეების ურთიერთობა? რა იცით მათი საჭიროებების შესახებ?
ჩვენს სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი როგორც ინდივიდი, როგორც პიროვნება. ყოველდღიური ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები, საუბრები, ერთობლივი პროექტები, მაღალი მოლოდინებით განმაწყობს. ჩემთვის ცნობილია უმეტესის ოჯახური მდგომაროება, შესაძლებლობები და უნარები, მისწრაფებები და გატაცებები, რაც განაპირობებს მათ აქტიურ ჩართულობას როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე სხვადასხვა სასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკურ ღონისძიებაში.
ხართ ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საგაკვეთილო საათები აღარ გაქვთ, როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს, როდესაც ამ საგანს ასწავლიდით?
90-იან წლებში ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ამ პერიოდს ტკბილად გაიხსენებო, ალბათ, გამეცინებოდა. სკოლაში, ისევე როგორც ყველგან, სიცივეს, სიბნელეს, გაურკვევლობასა და მომავლის შიშს დაესადგურებინა. მაშინ სიტყვა მოტივაციას არავინ ახსენებდა, მაგრამ მაშინ ის გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დღეს. უფროსები ვგრძნობდით, რომ მომავალი თაობის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის სახელით, მოდუნების უფლება არ გვქონდა. რას ვაკეთებდი მათ დასაინტერესებლად? ჩემ მიერ ჩატარებული ფიზიკის გაკვეთილები (პროექტები, ინტეგრირებული, ინტერაქტიული გაკვეთილები, ჯგუფური აქტივობები, შემეცნებითი პროცესები და სხვა) არწმუნებდათ, რომ ეს მეცნიერება გაცილებით მეტია ვიდრე ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნის მიცემა.
რა არის ამ პროფესიის მთავარი საიდუმლო და თქვენ საიდან იღებთ შთაგონებას, რომ საგანმანათლებლო ცხოვრება მოსაწყენი არ გახდეს?
მეც ვეძებ პასუხებს, მათ შორის იმ ადამიანებისგანაც, რომლებსაც მხოლოდ მათი ნააზრევით ვიცნობ, და რომლებიც ნამდვილ მეგობრებად და თანამოაზრეებად მესახებიან. ასეთია ამერიკელი მწერალი პალაციო და მისი ნაწარმოები ,,საოცრება, თანამედროვეობის დიდი ფრანგი მწერალი და მასწავლებელი დენიელ პენაკი და მისი ავტობიოგრაფიული წიგნი სკოლის სევდა“. ,, რომანივით საკითხავი’’ ეს არის ამბავი იმისა, როგორ იქცა „კლასის მაჩანჩალა ოროსანი“ წარმატებულ პედაგოგად და ცნობილ მწერლად. პენაკი რომანივით შეფუთულ სასწავლო მეთოდებს გვთავაზობს, ამ მეთოდების ცენტრში ბავშვისადმი დიდი, უპირობო სიყვარული დგას. საზოგადოებაში ხომ ასეთი პოპულარულია მითები „ოროსანი აინშტაინის“ და „გონებაჩლუნგი ედისონის“ შესახებ. ,,ჩვენ უნდა შევძლოთ აქ და ახლა დავინახოთ ინდივიდი და გენიოსი თითოეულ ბავშვში და არა მაშინ, როცა შინაგან სულიერ ძალებზე დაყრდნობით ფერფლიდან აღმდგარი და წარმოჩენილი ისედაც ყველასაგან მიღებული და პატივცემული იქნება“. ამიტომ, მნიშვნელობა არა აქვს მოსწავლეთა სოციალურ, რელიგიურ თუ ეთნიკურ კუთვნილებას, მნიშვნელოვანი მხოლოდ მათი დაფრთიანება, სწორი მიმართულების მიცემაა. მასწავლებლობის სიღრმეც და სიმაღლეც ესაა: ფრენის სწავლაში ’’გაბრუებული მერცხალი ცხოვრებისაკენ უნდა შემოაბრუნო და მორჩა’’.