კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

კითხვები მხატვრული სახის გასააზრებლად

ნაწარმოების შესწავლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მთავარი გმირის (ზოგჯერ, ერთი შეხედვით, არამთავარი), პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრებას. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს, არა მხოლოდ გაიგოს ნაწარმოების შექმნის მიზეზი (იდეა), არამედ ჩასწვდეს ეპოქის ტკივილსა და მწერლის სატკივარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ეს მეოცე საუკუნის მწერალთა ნააზრევის შესწავლისას, როცა ეპოქალური ძნელბედობით გადათელილი  „სისხლიან-ცხედრიანი“ გზა-სავალი ქვეყნისა და მამულიშვილისათვის ბუნდოვანი გამხდარა და როცა „სიტყვა ნაწყვეტი“ გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე თუნდაც ერთი დიდი ნარკვევი. ამ პრობლემის გადასაჭრელად მასწავლებელს მართებულად დასმული კითხვა და ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დაეხმარება. სხვაგვარად, წარმოუდგენელია მოსწავლის დაინტერესება, მისგან მართებული პასუხის მოსმენა.

      ამ საკითხით დაინტერესებულთათვის განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს:

  1. დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ კითხვისას მოსწავლემ უნდა გაიაზროს კირილე მიმინოშვილის სახე.

ეს პერსონაჟი ნაწარმოებში გამოჩნდება მამის გადაწყვეტილებით გამტკნარებული და-ძმის (პლატონი, დარიკო)  საუბრისას, თუმცა მისი ოჯახის წევრების დარდის საგანმა („კრიჭაშეკრული“ დარიკო) კირილე უზომოდ გაამხიარულა. მკითხველს თავიდან ესმის მისი სიცილის მიზეზი (სიტუაცია ტრაგიკომიკურია, კირილე კი, მისივე თქმით, იქ არის, „სადაც სიამე და მოლხენაა“) აკი, პლატონსაც ეღიმება, მაგრამ მალევე იხსნება „გვაროვნობით“ მხიარული მიმინოშვილის („მიმინოს შვილი“) ხასიათის თავისებურება („შვილი რომ ეყოლოს, სეირი არ იქნება?“), შემდეგ იგი შემზარავად დამაფიქრებელ ფრაზასაც ამბობს: „ჩხუბი და ცილობა უნდა ავუტეხოთ ერთმანეთში საწყალ დედაბრებს“. პლატონი მასთან ყოფნას „საფრთხილოდ“ მიიჩნევს და არც ცდება. მთვრალი კირილე შაფათაძის ოჯახში ჯერ „დაჩემებით სცლიდა“ ყანწებს, შემდეგ აურზაური ატეხა. ბოლოს, ბიძამისის (ჯიმშერ სალობერიძის) ოჯახში მისულმა სტუმრების თვალწინ სირცხვილისაგან ცოცხალ-მკვდარ პლატონს („ცოცხლებში აღარ ერია“) „უშვილო დედაბრის“ საძებნელად სიარული დააყვედრა და ბოღმამორეული ცხენის მოსაკლავად გაექანა… (მხიარული, ხუმარა, სეირის მოყვარული, თანაგრძნობის ნიჭის უქონელი, გამმეტებელი თუ „უინტელექტო პროტესტით“ გამსჭვალული კირილე?).

კირილეს ხასიათის გასააზრებლად მოსწავლემ უნდა ახსნას კონკრეტულ სიტუაციებში კირილე მიმინოშვილის ქცევის მიზეზი.

ა) მართლა ის კაცია კირილე, რომელიც მხიარულია იმიტომ, რომ „სხვასაც ეამება მისი შეხედვა“ (ანუ სხვისი დუხჭირი ცხოვრების შემამსუბუქებელია) თუ სეირის მოყვარული ცინიკოსია („შვილი რომ ეყოლოს, სეირი არ იქნება?“)?

  ბ) მხოლოდ უსაქმური და უპასუხისმგებლო ადამიანია (რომელსაც თვეში ერთხელ სახლში მისულს ყველაფერი ძველებურად ხვდება) თუ ბოღმისა და ჯავრის სხვაზე გადამტანი (შაფათაძის სტუმრებზე), გამმეტებელი (ჯიმშერ სალობერიძის ოჯახში ატეხილი აურზაური) უბედური, უმიზნო ადამიანია, რომელსაც „მხიარულება“ ადამიანის დამცირება, მისი ნაკლის ხაზგასმა ჰგონია, ხოლო გართობა (ქორწილი, სუფრასთან მოლხენა) ჯავრის ამოყრის საშუალება (იქნებ, ამიტომ ცლის „დაჩემებით“ ყანწს ყანწზე)?

 ამ კითხვებზე პასუხის გაცემისთანავე მკითხველს (მოსწავლეს) ებადება კითხვა:

  • რა ჯავრსა და ბოღმაზეა საუბარი?
  • რამ გააბოროტა კაცი, რომელიც ერთი სუფრიდან მეორე სუფრაზე მოსახვედრად „შეუსვენებლად“ ირთობს თავს?

  ამ კითხვაზე მართებული პასუხის ძიებისას კი უკვე ეპოქალური სატკივარიც გამოიკვეთება და იკვრება სურათი ფუნქციადაკარგული აზნაურისა, რომელსაც საკუთარი თაობისა და წოდების უუნარობა, უარსობა გაუსიგრძეგანებია და გალიაში გამომწყვდეული ცხოველივით გზადაკარგულსა და უღონოს თითქოს „მამხილებლის“ მისიის შესრულება გადაუწყვეტია. ეს მხილება კი სასტიკი, დაუნდობელი, მაგრამ „უინტელექტოა“. ამიტომაც, აღიზიანებს საზოგადოებას, მაგრამ ვერ წამლობს.

  1. მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ წაკითხვისას მოსწავლემ უნდა გაიაზროს ივანეს სახე.

ნაწარმოებში იგი გამოჩნდება, როგორც ავთანდილ ხევისთავის გაზრდილი მღვდელი, რომელიც „აჩრდილივით“ დასდევს ახალდაქორწინებულებს, „ეკლესიურ დარიგებას“ აძლევს მათ და „ულევი ლოცვით“ ლოცავს –  თან ჩუმჩუმად ჯაყოს ოინბაზობას „ყურში აწვეთებს“ ჯერ კიდევ „უფლებამოსილ“ თეიმურაზს. თავის მამულში ხიზნად ჩასულ ნათავადარს უკვე „გესლიანი“ ნახუცარი ივანე ხვდება, რომელიც გამზრდელის (ავთანდილის) შვილს „ქვიშაზე გაგუდულ თევზად“ მოიხსენებს და მკვახედ ეტყვის, რომ „წყლის წასვლის“ მოლოდინს სამსახურის შოვნა სჯობდა. „ახალი რელიგიის“, ანუ მიწიერი ფასეულობების (მატერიალური საფუძვლის) განმტკიცების „მქადაგებელი“ „ცხოვრების ნამდვილ აზნაურს“ (ჯაყოს) ადღეგრძელებს და ერთი ტომარა ფქვილის ფასად მას „ღარიბ-ღატაკი გლეხობისა თუ გაჭირვებული ქვრივ-ობლის პატრონად“ მოიხსენებს. ივანეს მთავარი არგუმენტია ის, რომ ადრე ღატაკი ქართველობის უმეტესობა „ახალი დროების“ შემოსვლის შედეგად „ერეკლე მეფეზე“ უკეთ ცხოვრობს: მან ირწმუნა „ახალი ქვეყანა“, ძველს რწმენა (ანაფორა) გააყოლა. მან ღვთის რწმენა დაკარგა იმიტომ, რომ უფრო ძლიერი – მშრომელი ხალხის ძალა და მომავალი – ირწმუნა. მისთვის „ბედთან ჭიდილი“ გმირობა არ არის (ეს სახიფათოა!); სამაგიეროდ, „ბედთან შეგუება“ ხსნის გზაა, რადგან სხვა შემთხვევაში დაიღუპება. ეს არის კაცი, რომლის დევიზია: „საკუთარი თავი და სარგებლობა“ – აკი, თეიმურაზსაც შერიგების გზას ურჩევს.

 

ივანეს სახის გასააზრებლად სასურველია აიხსნას ივანეს „ცხოვრებისეული ფილოსოფია“:

 

  • როგორ და რატომ იქცა „მლოცველი“ და „ღვთის რწმენის“ მქადაგებელი ნახუცრად?
  • რატომ არ შეებრალა ნაამაგარი ოჯახის თუნდაც „წყალწაღებული“ თეიმურაზი?
  • რამდენად შეეფერება ყოფილ მღვდელს ჯაყოს (პირუტყვი, მოძალადე) დალოცვა?
  • იცის თუ არა მან, რას ნიშნავს „სიკეთის თესვა და ქვრივ-ობლის პატრონობა“?
  • იქნებ, დასცინის „ახალ დროებას“ („კოჭლ დროებას“) და შავბნელი ეპოქის შედეგად აღზევებულ ჯაყოს (აკი ჯაყომაც „იჭვის თვალი გადაავლო ყველას და პირი ღია დარჩა“)?
  • მის მიერ განმარტებული „საამქვეყნო რელიგია“ რატომ გულისხმობს „ჩემი მოყვასის მტრის“ გასრესასა და მოსპობას?
  • ივანეს მართლა სჯერა, რომ ქართველთათვის „ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულობის გადასარჩენად, თუ ამგვარი შეფასება საკუთარი „უბადრუკი“ არსებობის ხსნის გზების მტკივნეული ძიების გამომხატველია?
  • მართლა უნდა შეურიგდეს ღვთის ხატად დარჩენილი ადამიანი „ერთი ტომარა ფქვილის ფასად“ (თუ ოცდაათ ვერცხლად) ავსაც და კარგსაც, არ უწესებდეს ზღვარს ბნელსა და ნათელს?
  • რა არსებაა ის, ვინც „მთლიანად, უეჭვოდ, გულღიად“ „უკლებლად, დაუმატებლად და შეუსწორებლად“ მიიღებს მზესაც და ჭუჭყსაც მხოლოდ იმიტომ, რომ „ერთი წვეთი ეჭვისა“ ცხოვრებას მოუწამლავს?
  • რა ცოდნას „ეტანება“ იგი, თუ „დაღუპვა“ მხოლოდ ამქვეყნიური არსებობის, კეთილდღეობის დაკარგვად გაუაზრებია?
  • გამარჯვებულის მეხოტბე „ბრბოს ნაწილად თუ არა, მის „მეხოტბედ“ ქცეული ივანე რატომ არ რიყავს თეიმურაზს? ეცოდება თუ შემფასებელია დიდებული გვარის „ნაკაცარი“ ნაშიერისა?

3.ნ. ლორთქიფანიძის ნაწარმოების „შელოცვა რადიოთი“ წაკითხვისას მოსწავლემ უნდა გააანალიზოს შემდეგი საკითხი: ელის გაქცევა დასაბრუნებლად ანუ იმის ფასის გასაგებად, რა არის ჭეშმარიტად ღირებული („მთავარი მაინც სამშობლო არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი“…). ნაწარმოების ქვესათაურად მწერალს ჩაუსვამს: „დიდი გოდების მცირე ნაკადი“.

  „ქართული მშვენიერების“ ნაწილად ქცეული ქალი უარს ამბობს „ყველასაგან მოწონებულ, მაგრამ უღირს ქმარზე, შემდეგ „უბედურების (მოვლენის მამისეული შეფასება) ადვილად გადამტანი“ ჯერ „სულელი“ შვინდაძის ცოლი ხდება, მერე კი „მძიმედ დატვირთულ ურემში“ გაბმული ბედკრული საქართველოს გარედან მაყურებელი ევროპელი ავანტიურისტის თითქმის შეუფასებელი ნადავლი. ქვეყნის დატოვებისას მერსედესში მჯდარი ელი იმახსოვრებს ქართული სივრცის „ფერად ველებსა“ თუ „კოშკების გასალკლდევებულ ნანგრევებს“… ევროპის მდიდრულ სამყაროში უცხოა და სევდიანი („მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა“) – სიყმაწვილეს რიდლის „საკუნტალა“ ახსენებს, ხოლო შვილის მონატრების ტკივილს ლენბახის „დედა და შვილი“ უძლიერებს. „გალიაში გამომწყვდეული ბულბული“ (ნ. ბარათაშვილი) ხვდება, რომ სულიერებას მოკლებული კაცისთვის გამდიდრება ადვილია (ბრომლეი), რომ სხვათა უბედურების ხარჯზე დაგეშილ, გამდიდრებულ ავანტიურისტთა სამიზნე საუკუნეობრივი ქარტეხილისაგან („მოვარდნილი კორიანტელი“) განწირული ქვეყნის („ეროვნული სხეულის შესანარჩუნებლად მებრძოლი) შვილები ხდებიან და იმასაც, რომ ყველაფერი არ იყიდება (რამინო, რომელიც ბედნიერია იმიტომ, რომ წავიდა). არსებობს რაღაც გაცილებით მნიშვნელოვანი, ღირებული, უმთავრესი, რომლის დაკარგვა ადამიანს საკუთარ თავსაც აკარგვინებს – ამიტომ, გადაწყვეტს, დაბრუნდეს, თუნდაც სიცოცხლის ფასად.

საკითხის – ელის გაქცევა დასაბრუნებლად, ანუ ჭეშმარიტად ღირებულის შესაცნობად – გასაგებად მოსწავლემ უნდა გაიაზროს ყველა ის მიზეზი, რომელთა გამოც მან სამშობლო დატოვა:

  • იმიტომ, რომ ცხოვრებამ ჯერ „უხამს“, შემდეგ კი „სულელ“ უპასუხისმგებლო კაცს გადაჰყარა?
  • მხოლოდ იმიტომ, რომ მან და მამამისმა „გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც“?
  • იქნებ, იმიტომ, რომ „სამოქალაქო ბრძოლის მოვარდნილ კორიანტელს“ ვერ გაუძლო „ცხოვრების ნაპტკვენმა ბუმბულმა“?
  • მართლა სჯობია „ჭკვიანი“ კაცის ხასობა (გაყიდვა იმისა, რაც იყიდება) „სულელის“ შვილობას (ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობის მემკვიდრეობა)?
  • რას ნიშნავს ამ კონტექსტში გამოყენებული ჭკვიანი ან სულელი: „ჭკვიანი“ – მატერიალურად უზრუნველყოფილს, „სულელი“ – ცხოვრების ორომტრიალისა და „კოჭლი დროებისაგან“ განადგურებულ რაინდს?
  • მართლა ასეთი ბედნიერებაა „საბურთალოს მტვრის“ მოცილება (თინო) და ქვეყნიერების დათვალიერება?
  • მაშინ რატომ უჭირს იქ ყოფნა, სადაც გაიქცა?
  • რატომ ცდილობს ხელოვნების ნაწარმოებთა საშუალებით პირად ტკივილთა გამწვავებას? მივიწყებულის გახსენებას?
  • როგორ უნდა გავიგოთ ელის ბიოგრაფია – არის თუ არა იგი „დიდი გოდების მცირე ნაკადი“ თუ „უძღები შვილის“ ბრძოლაა დაკარგული სამყოფლის დასაბრუნებლად?

  ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას მოსწავლეს საშუალებას ვაძლევთ, გაიაზროს ნაწარმოების შექმნის მიზეზი და წინაპირობა, მწერლის სატკივარიცა და სათქმელიც. ნაწარმოების  იდეის გააზრებისას კი მოსწავლე მზად არის, იმსჯელოს და იკამათოს, შეაფასოს და მიღებული ცოდნა შესაბამისად გამოიყენოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი