შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დავუბრუნდეთ რაციონალურად სასწავლო რიტმს

ახალი სასწავლო წელი გადაჩვეულ წესებსა და მოვალეობებთან დაბრუნების შფოთვას აღვივებს. ფსიქოლოგთა რჩევები, გამოცდილების განზოგადება მოსწავლის სასწავლო რიტმში რაციონალური დაბრუნების ხერხებზე მასწავლებლებსა და მშობლებს შფოთვის დაძლევაშიც დაეხმარება და ჩვეული რიტმის დროულ და სრულფასოვან აღდგენაშიც. ახალს აქაც ვერაფერს ვიტყვით, სასწავლო წლის კარგად დაწყება-გაგრძელების საიდუმლო მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის სწორ და კეთილგანწყობილ თანამშრომლობაშია.

საშვებულებო პერიოდთან გამოთხოვება და ჩვეულ ჭაპანში ჩაბმა უფროსებსაც არ გვეიოლება. მასწავლებლები თავისას დარდობენ, მშობლები –თავისას. მაგრამ ყველაფრის ეპიცენტრში ბავშვი, მოსწავლეა.

არდადეგები მთავრდება, მისდამი ნოსტალგია კი ძლიერდება: გვიან გაღვიძება, გვიან დაძინება, გასართობი და დასასვენებელი მოგზაურობები თუ თავშესაქცევები ისევ არსებობს, მაგრამ მოზარდს აღარ სცალია მათთვის და სხვა დღის წესრიგზე უნდა გადაეწყოს. ძალდატანება და მკაცრი აკრძალვა ხშირად უშედეგოა ან უკუშედეგი მოაქვს. ეს მიდგომა სურვილებსა და მოვალეობებზე საუბრებით უნდა ჩავანაცვლოთ. კარგი იქნება, თუ ასეთი საუბრები არდადეგების ბოლო დღეებშივე დაიწყება. სამეცადინო გარემოს ორგანიზებასა და სასკოლო ნივთების მომზადებაში აქტიური ჩართვა ბავშვს განახლებულ როლში შესვლას გაუიოლებს.

ახალ ეტაპზე სწორი ორიენტირების განსაზღვრაში მოზარდს დაეხმარება გასული წლის შედეგებზე დაფიქრება და იმის გაანალიზება, როგორი სასწავლო წელი ჰქონდა – კმაყოფილია  თუ არა თავისი მიღწევებით? რისი გაკეთება შეეძლო უკეთ? რამ შეუშალა ხელი? რა სურვილები და მიზნები აქვს ახალ სასწავლო წელს? რამ შეიძლება იყოს შეუშალოს ხელი და როგორ გადალახავს ამ დაბრკოლებას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ბავშვს თავად გამოაკვეთინებს ამოცანებს, რომლებიც მის წინაშე წამოიჭრება. რაც მთავარია, ეს ამოცანები მისი სურვილებიდან იქნება „აღმოცენებული“ და მოტივაციაც მეტი ექნება მათ დასაძლევად. მთავარია, მშობლებმა ბიძგი მისცენ ამ საუბარს, ყურადღებით მოუსმინონ, აგრძნობინონ, რომ პატივს სცემენ მის მოსაზრებებს, რჩევების მიცემისას კი რადიკალურები არ იყვნენ.

ყოველ ახალ ეტაპზე ჩვენ ახლებურად ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, რომ იტყვიან, სუფთა ფურცლიდან დაწყებას განვიზრახავთ და იმედი გვაქვს, რომ ამ ფურცელს წინანდელზე უკეთესი მიღწევებით შევავსებთ. ყველა მოსწავლე მეტ-ნაკლებად ასეთივე განწყობით მიდის სკოლაში. მთავარი ის არის, რა მოხდება სინამდვილეში, როგორ შეინარჩუნებს ის ამ განწყობას და რეალურად როგორ განახორციელებს ჩანაფიქრს.

ამ რწმენის გაღვივებასა და მოტივირებაში მშობელი და მასწავლებელი ბავშვს ერთდროულად უნდა დაეხმარონ. „შენ ეს შეგიძლია“, „მოდი, ასე გავაკეთოთ“, „მთავარია, მოინდომო და შეძლებ“, „ჩვენ შენ გვერდით ვართ, რომ დაგეხმაროთ, გირჩიოთ…“ – ასეთ მიდგომას მთების გადაბრუნება შეუძლია.

თუ მშობელი ან მასწავლებელი, უარეს შემთხვევაში კი ორივე ერთად, ახალ სასწავლო წელს დაიწყებს ასეთი რეპლიკებით: „დასრულდა შენი უსაქმურობა და დაიწყო ჩემი ტანჯვა“, „შარშანდელივით სულ შენზე არ ალაპარაკო მასწავლებლები“ ან „მობრძანდი, ვაჟბატონო/ქალბატონო, წელსაც უნდა გაივსო ცუდი ნიშნებით?“ „უჰ, მეგონა, მეშველა და სხვა სკოლაში გადახვედი…“ – ეს მოზარდის განწყობასა და მოტივაციას და, საერთო ჯამში, არც მის ცხოვრებას სასიკეთოდ არ წაადგება. ეს ყველასთვის ცხადია. მაგრამ, თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ეს ფრაზები ჯერ კიდევ ცოცხლობენ საკლასო ოთახებში. როცა უსაფრთხო სკოლაზე ვსაუბრობთ, უპირველესად ასეთი ლექსიკისგან თავისუფალი გარემო უნდა წარმოვიდგინოთ, სადაც მოსწავლე პიროვნებად აღიქმება და სადაც მის ღირსებას პატივს სცემენ.

სასწავლო წლის დასაწყისში მოზარდი შინ ახალი შთაბეჭდილებებით ბრუნდება. სამი თვე ცვლილებებისთვისაც არ არის მცირე დრო, ამიტომ ადაპტაციის პროცესი მრავალწახნაგოვანია: აღმოჩენები საკუთარ თავში, ურთიერთობა თანაკლასელებსა და თანასკოლელებთან, მასწავლებლებთან, ახალი საგნები, ახალი წესები… ეს საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც სწავლის პირველი დღეები უფრო „სიტუაციის გალღობას“ ეთმობა: ზაფხულის შთაბეჭდილებები, საორგანიზაციო საკითხები, საკლასო გარემოს ორგანიზებაში მონაწილეობა, არაფორმალური შეხვედრები და თანდათან შესვლა სწავლა-სწავლების პროცესის სიღრმეებში.

მშობელმა კი უნდა გაითვალისწინოს, რომ არ არის საჭირო აპელირება თემაზე „რა მიიღე?“. თავდაპირველად ცუდი ნიშნები შესაძლოა ფსიქოლოგიური პროტესტითაც იყოს გამოწვეული, რომელიც არდადეგებისადმი ნოსტალგიას უკავშირდება. მოთმინება, მხარდაჭერა, შეგულიანება ამ დროს გაცილებით უკეთეს სამსახურს გაგვიწევს, ვიდრე ლექციების კითხვა და დამუნათება. ადაპტაციას დრო სჭირდება.

შინ ისეთი ატმოსფერო უნდა შეიქმნას, რომ ბავშვს ამ პერიოდის გადალახვა, სწავლისთვის გულისყურის მოკრება გაუადვილოს. თუ მის საყვარელ გადაცემას მივუსხდებით, ხმამაღლა ჩავრთავთ და არც კომენტარებს მოვერიდებით, ცხადია, ბავშვსაც გაეფანტება ყურადღება.

მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა და მისი თანმხლები პრობლემები ამ შემთხვევაშიც დიდ მნიშვნელობას ინარჩუნებს. ორივე დიდი ავტორიტეტია მოზარდისთვის და როგორც კი მათ ურთიერთობაში არაჯანსაღი ნიუანსები გაჩნდება, უპირველესად ბავშვი დაიტვირთება უარყოფითი ემოციებით, დროთა განმავლობაში კი ეს ემოციები გაორებას, უნდობლობას, სწავლისადმი გულგრილობას, აგრესიას დაუდებს სათავეს.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი უფროსებსაც გვაძლევს საშუალებას, თვალი გადავავლოთ ჩვენს მიდგომებსა თუ ჩვევებს, გავაანალიზოთ ისინი და ავირჩიოთ ახალი, რაციონალური მეთოდები, რომლებიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს შვილს თუ მოსწავლეს სასურველის მიღწევაში.

წარმატებულ წელს გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი