ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სიკვდილის პირისპირ

აღარც კი მახსოვს, რამდენი დამიწერია იმის შესახებ, როგორ იცხოვრონ ბავშვებმა უკეთ, რა გვევალება უფროსებს, როგორ იმოქმედოს სახელმწიფომ, როგორ გავხადოთ გარემო მათ მიმართ უფრო მეგობრული და რამდენად მნიშვნელოვანია, სხვადასხვა რგოლის აქტივობები მეტ-ნაკლებად საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე იყოს აგებული.

აღარც ის, რამდენჯერ მიმსჯელია ჭკვიანური სახით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ წინაშე დგას.

სიმართლე გითხრათ, იმის გახსენებაც მიჭირს, რამდენჯერ დამუფლებია უსუსურობის განცდა და ჩემი ყოველდღიური საქმიანობა უმნიშვნელოდ მიმიჩნევია. ასეთ წუთებში ვფიქრობ, რომ არაფერს, არაფერს აქვს აზრი. ჩვენს ბედს ხშირად სხვები წყვეტენ, ჩვენს სიცოცხლეს სხვები ამთავრებენ და ჩვენ ვერაფერს ვცვლით. მხოლოდ დახოცილებს ვითვლით, კადრებს ვიმახსოვრებთ. მერე იმასაც ვხვდები, რომ იმ სხვებსაც სწორედ ეს უნდათ – თავი უსურად გვაგრძნობინონ და ხელახლა მივდივარ ნაცნობ წრეზე. ვიკრებ ძალას, ვიწყებ მოქმედებას, სანამ ახალი სტატისტიკა გახდება ცნობილი: დაიღუპა ამდენი, დაშავებულია ამდენი, მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ამან და ამან…

ბოლო დღეები სწორედ უსუსურობის განცდის დღეებია.

“14 ივლისს ნიცაში განხორციელებული ტეროისტული აქტის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 84 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. ასობით ადამიანი მძიმედ არის დაშავებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან, სულ მცირე, 50 ბავშვია”.

ჩამესმის დიქტორის ხმა და თვალებიდან არ მშორდება კადრი, როგორ გდია თოჯინა ბავშვის გვამის გვერდით. ჩემს შვილებსაც აქვთ ასეთი თოჯინები. ყველა ჩემს ნაცნობ ბავშვს აქვს. და ტერორისტებს ჩვენც ისე ვძულვართ, როგორც ერთი კვირის წინ ნიცაში ბედნიერად მცხოვრები ადამიანები. მთელი მათი ცხოვრება სიძულვილზეა აგებული.

არა1

ERIC GAILLARD / Reuters

მანამდე სხვა კადრი დამდევდა – თურქეთის სანაპიროზე გამორიყული პატარა სირიელი ლტოლვილი ბიჭის.

არა2

REUTERS/Nilufer Demir/DHA

იმ ბავშვების რიცხვი, ვინც “აღთქმული ქვეყნისკენ” მიმავალ გზაში დაიღუპა, უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ევროპაში ჩასული მიგრანტი ბავშვებიდან 10 000 დაიკარგა. სტატისტიკა ევროპოლიციას ეკუთვნის, რომელიც ამბობს, რომ შარშან ევროპაში ჩასული მიგრანტების 27% სწორედ არასრულწლოვანი იყო. Save the Children-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროპაში დაახლოებით 26 000 ბავშვი ჩავიდა ოჯახის წევრების გარეშე. ჩავიდნენ და დაიკარგნენ. ევროპოლიცია ამბობს, შესაძლოა, ტრეფიკინგს ემსხვერპლნენო.

არა3

Reuters, Deca izbeglice

ხშირად, პარიზის, ნიცის, ბრიუსელის ტერაქტებით შეწუხებულებს ან მიგრანტთა კრიზისზე მოლაპარაკეებს, გვახსენებენ, რომ ადამიანების სიცოცხლეს სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფასი აქვს და რომ, მაგალითად, სირიაში ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ევროპაში მთელი წლის განმავლობაში. კი ბატონო, სირიის ომის დაწყებიდან დღემდე 14 000-ზე მეტი ბავშვია დაღუპული. იუნისეფის მონაცემებით, 7,5 მილიონ არასრულწლოვანს ქვეყნის შიგნით და გარეთ სისტემატური ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება, 2,6 მილიონი მოსწავლე დარჩა სკოლის მიღმა, 2 მილიონი ბავშვი ცხოვრობს ლტოლვილთა ბანაკებში. ომგამოვლილი ბავშვების უმეტესობა არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი. ეს რიცხვებიც ვიცით და თავზარდამცემია, მაგრამ ალბათ ძნელი არ არის იმაზე შეთანხმება, რომ არ შეიძლება, ამ ბავშვების სახელით სხვა ბავშვები ვხოცოთ. მაგრამ შეთანხმება შეუძლებელია. მას, ვინც მზად არის, ხალხი ხოცოს, ნებისმიერი არგუმენტით შეუძლია ჟლეტის მოწყობა.

არა4

AFP Photo / Philippe Desmazes

2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 31 იანვრამდე ისლამური სახელმწიფოს (ISIS) პროპაგანდამ 89 ბავშვი და ახალგაზრდა გამოიყენა მებრძოლებად, რომლებმაც “წმინდა ომში” თავი გაწირეს. მათი 51%, სავარაუდოდ, ერაყში დაიღუპა, 36% – სირიაში, სხვები – იემენში, ლიბიასა და ნიგერიაში. გარდა იმისა, რომ ისლამურ სახელმწიფოს ბავშვები წვრთნებსა და საბრძოლო მოქმედებებში ჰყავს ჩართული, პერიოდულად აწყობს მათ საჩვენებელ მკვლელობებსაც, რომელთა ფოტოებს და ვიდეოჩანაწერებს მუქარად ავრცელებს. ასე ჩაქოლეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, დაწვეს გალიაში გამომწყვდეული სხვა ბავშვები. სახელმწიფოდ გამოცხადებიდან 2015 წლის 29 ივლისამდე მოკლული 3000-ზე მეტი ადამიანიდან 74 ბავშვია.

ნიცის ტერაქტის ამბავი “ნიუსებში” რამდენიმე დღეში აღარ შეგვხვდება. ჩვენც შეგვიძლია, გავაგრძელოთ იმაზე ლაპარაკი, როგორ გავხადოთ გარემო ბავშვების მიმართ უფრო მეგობრული, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, მასწავლებლებმა, სახელმწიფომ, მაგრამ მგონი, ზოგჯერ უნდა შევჩერდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ, უფროსებმა, საერთოდ არ ვიცით, რა სჭირდებათ ბავშვებს, ვერ ვახერხებთ მათ დაცვას და ვერ ვუნარჩუნებთ მთავარს – სიცოცხლეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად არის – ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოვჩნდეთ ტერორისტის მახლობლად ან ტეროტისტი აღმოჩნდეს ჩვენს მახლობლად და ყველაფერი დამთავრდება.

ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები სრულიად მარტოები და უმწეოები ვართ სიკვდილის პირისპირ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი