სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მაჩხაანის მარშრუტი

სკოლაში ორიათასიან წლებში ვსწავლობდი. ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეული ისეთივე ტრაგიკული და მძიმე არ ყოფილა, როგორიც დამოუკიდებლობის საწყისი წლები გახლდათ. მიუხედავად შედარებითი სტაბილურობისა და რიგი სფეროების მოდერნიზაციის მცდელობისა, საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის კვალი ნამდვილად არ გვეტყობოდა. კლასის სოციალური მდგომარეობა ექსკურსიების მარშრუტთა შერჩევაზეც ახდენდა გავლენას. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფი შორს და დიდი ხნით იშვიათად მიდიოდა ხოლმე. პედაგოგებს რამდენიმე ადგილი ჰქონდათ ამოჩემებული, რომელთაც დროდადრო ვსტუმრობდით. ყოველთვის გვქონდა სურვილი რაღაც ახალი, განსაკუთრებული გვენახა. ყოველთვის ვცდილობდით გვერდი აგვევლო დიდი ხნის წინ მობეზრებული ღირსშესანიშნაობებისთვის. ჩვენი მცდელობები  თითქმის ყოველთვის წარუმატებლად სრულდებოდა.

ძველი სურვილების განხორციელებისთვის ბრძოლა სტუდენტობის პერიოდში განვაახლე. ამჯერად, ვფიქრობ, რომ რაღაც მაინც გამომივიდა. მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ქიზიყში ვიმოგზაურე. სოფელ მაჩხაანის მოსანახულებლად ჩვენმა ძველმა მეგობარმა და თანაბარი რეგიონალური განვითარებისთვის მებრძოლმა ცნობილმა სამოქალაქო აქტივისტმა ნანა ბაგალიშვილმა დაგვპატიჟა. სოფელში ძალიან მალე ჩავედით. გზად იმაზე ვიმტვრევდი თავს, ნეტავ რითი შეიძლება იყოს გამორჩეული ეს დასახლება-მეთქი. რამდენიმე ნანგრევისა და თვალწარმტაცი ბუნების ნახვას მოველოდი. ერთ სოფელში მოგზაურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნანამ დაგვიმტკიცა, რომ ორგანიზებისა და დასახლებაზე ზრუნვის წყალობით ყველაზე პატარა სივრცის ღია მუზეუმად ქცევაც კი შესაძლებელია.

სოფელში ჩასვლისთანავე ჩვენმა მასპინძელმა რუკები დაგვირიგა. შესანიშნავად გაფორმებული მასალა ყველა საინტერესო ადგილის მდებარეობასა და ისტორიას გვამცნობდა. თურმე მეცხრამეტე საუკუნეში მაჩხაანზე სავაჭრო გზა გადიოდა. ამ გზაზე აღმოსავლეთიდან თბილისისკენ მიმავალი ქარავნები გადაადგილდებოდნენ. სოფლის მთავარ ქუჩას დღემდე ამშვენებენ უძველესი ნაგებობები. მაჩხაანის ცენტრში თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ შესანიშნავი თაღებითა და ჩუქურთმებიანი აივნებით დამშვენებული ძველი დუქნები, სახელოსნოები და პატარა ქარვასლები. ალბათ, ნებისმიერ უცხო ადამიანზე მოახდენს შთაბეჭდილებას მინდორ-ველებს, ბაღ-ვენახებსა და მთებს შორის  მოულოდნელად აღმოჩენილი ეს სანახაობა. მთავარი ქუჩის ყველა შენობას თავისი უნიკალური ისტორია აქვს.

თუ ცენტრალური გზიდან ოდნავ გადაუხვევთ მაჩხაანის კიდევ ერთ თვალსაჩინოებასაც აღმოაჩენთ. პატარა ქოხში ანტიფაშისტი პარტიზანის, იტალიაში გმირულად დაღუპული ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმია გახსნილი, რომელიც უამრავ ექსპონატს, დოკუმენტს, უაღრესად საინტერესო პირად წერილებსა და ფოტოებს აერთიანებს. აქვე ნახავთ მეორე მსოფლიოს ომის დროინდელ საბრძოლო უნიფორმასაც. ამ უნიფორმაში გამოწყობილი პარტიზანი ათობით თანამებრძოლის ნაცვლად საკუთარ თავს სწირავდა.

მაჩხაანი მხოლოდ ცნობილი პარტიზანისა და მეცხრამეტე საუკუნეში დაწინაურებული ხელოსნების სოფელი არ გახლავთ. თავის დროზე დასახლებაში ვაჭრობასთან ერთად სამოქალაქო პასუხისმგებლობით განპირობებული საზოგადოებრივი საქმიანობაც ძალიან მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული.

ჯერ კიდევ 1880-იან წლებში მოახერხეს მაჩხაანელებმა სოფლის ბიბლიოთეკის დაარსება. ბიბლიოთეკა ერთ კონკრეტულ ადამიანს არ შეუქმნია. იგი კოლექტიური ძალისხმევის შედეგი გახლდათ. ზოგიერთმა მოქალაქემ წიგნთსაცავის დასახმარებლად თეატრალური წარმოდგენა გამართა, ზოგიერთმა ვაჭარმა რამდენიმე დღის ნავაჭრი თანხა შესწირა საერთო საქმის წარმატებით დასრულებას. ადგილობრივმა მუშებმა და დურგლებმა კი შენობისა და თაროების მოწყობა ითავეს უსასყიდლოდ. ბიბლიოთეკა გახლდათ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. სოფელში გაჩაღებულმა განმანათლებლურმა მოძრაობამ საბოლოოდ იმას მიაღწია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში მაჩხაანში უკვე ორი სკოლა და ერთი სახელოსნო სასწავლებელი მოქმედებდა.

„სათემო განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცემულ კრებულში ვკითხულობთ: „სავაჭრო სახელოსნოების სიმრავლის გამო, ქვემო მაჩხაანში ეწყობოდა ხელოსანთა, მევენახეთა, მეცხვარეთა ერთობლივი კრებები, რომელთა ფარგლებშიც ერთიანი ძალებით აარსებდნენ მაღაზიებსა და საამქროებს, არა მარტო სოფელში, არამედ სხვა ქალაქებშიც. სწორედ ადგილობრივთა ასეთი გაერთიანება გახდა იმის საფუძველი, რომ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, 1895 წელს, სოფელში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი სავაჭრო-სახელოსნო დეპო-ბანკი“. მაშასადამე, მაჩხაანელებმა ასოცი წლის წინ მოახერხეს ის, რაც ბევრისთვის დღემდე საოცნებოა. ისინი გაერთიანდნენ, დაჯგუფდნენ, რათა ერთად და ორგანიზებულად ეშრომათ, მიღებული შემოსავალი სამართლიანად გადაენაწილებინათ კოოპერატივის მრავალრიცხოვან წევრებს შორის და თან საერთო საზოგადოებრივი საქმეც გაეკეთებინათ. მაჩხაანის ბანკი იყო დაწესებულება, რომელიც ერთი მძარცველის ნაცვლად ყველა ადგილობრივ მშრომელს ეკუთვნოდა. დეპოს არსებობის წყალობით კიდევ უფრო გაძლიერდნენ სასოფლო სკოლები, ბიბლიოთეკა. რაც მთავარია, ადგილობრივებმა შეძლეს „ქსენონის“ დაარსებაც, რომელიც თანამედროვე აფთიაქისა და ამბულატორიის კომბინაციას წარმოადგენდა.

ნანას მიერ ნაჩუქარ რუკაზე ყველა დასახელებული პუნქტი აღნიშნული გახლდათ. ჩვენ ყველაფერი მოვიარეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ჯერ კიდევ არ გვქონდა დათვალიერებული. მაჩხაანის მარშრუტი თეატრის შენობით სრულდება. სოფლის  მშვიდ დაგამწვანებულ  ადგილას ორსართულიანი, ულამაზესი სახლია წამოჭიმული. დიდი სახლის პირველსავე სართულზე კი შესანიშნავი დარბაზია განთავსებული, ძველისძველი სკამებით, წინა საუკუნეში მოქარგული ფარდით, ჭაღითა და აივნებით. დარბაზში ორასამდე ადამიანი ეტევა. წარსულში მაჩხაანის სცენაზე საქართველოში ყველაზე პოპულარული წარმოდგენებიც იდგმებოდა. აქ რევოლუციონერებიც მართავდნენ საიდუმლო პოლიტიკურ თათბირებს რუსეთის მეფის დასამხობად.

იმედია, რამდენიმე მასწავლებელი მაინც დამიჭერს მხარს და შემოდგომის საექსკურსიო მარშრუტში მაჩხაანის შეტანას გადაწყვეტს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“