სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რეცეპტები ინკლუზიისა და პედაგოგიური გამძლეობისთვის- ნაწილი II

პედაგოგიური გამძლეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოსტულატად მეგობრებთან, კოლეგებთან თანამშრომლობას მოიაზრებენ. ცნობილია, რომ თანამშრომლობით უკეთესი შედეგის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე კონკურენციით. ეს აღიარებული ნორმაა, რომელიც ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიოლოგიასა თუ ეკონომიკაში სინერგიის სახელწოდებითაა ცნობილი. მისი ყველაზე მარტივი პირობითი ფორმულა ასეთია: 1+1>2. რა თქმა უნდა, უფრო ვრცელი და ამომწურავი ფორმულებიც არსებობს, მაგრამ ყველა მათგანის არსი შეიძლება დავიყვანოთ ფართოდ აღიარებულ ჭეშმარიტებაზე: „ძალა ერთობაშია“.

ტერმინი „სინერგია“ ბერძნულიდან მომდინარეობს და „ერთად შრომას“ ნიშნავს. ეს ის ცოდნაა, რომელიც უხსოვარი დროიდან მოჰყვება კაცობრიობას, ამიტომაც ხშირად ამოვიკითხავთ რელიგიურ ტექსტებში, ზღაპრებში, იგავ-არაკებსა და სახელმწიფო სიმბოლოებშიც კი, და რაკი „სკოლა პატარა სახელმწიფოა“ (დ. უზნაძე), მით უფრო გვჭირდება ამ ცოდნის გათავისება.

კოლეგა ფასდაუდებელი განძი და რესურსია. კოლეგებს შორის ნდობას, ურთიერთგაგებას, თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სპეცმასწავლებლებისთვის კი განსაკუთრებით საჭიროა იმის ცოდნა, რას აკეთებენ გაკვეთილებზე მათი მეგობრები ბავშვების მხარდასაჭერად. ურთიერთკავშირს განუზომელი ძალა აქვს და სკოლებში საუკეთესო საგანმანათლებლო სერვისების შექმნის საფუძველიცაა. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ სხვაგვარად ჩვენი საქმიანობა მძიმე და მოსაბეზრებელი იქნებოდა, ყოფა კი – გაუსაძლისი.

მომდევნო რეცეპტი მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაა. მასწავლებლებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ინდივიდუალურად შეისწავლონ ყოველი მოსწავლე. ბავშვებს, რომლებსაც ვასწაავლით, აკადემიურ, სოციალურ და ინდივიდუალურ დონეებზე უნდა ვიცნობდეთ. როცა ურთიერთობას პერსონალურად არ ვავითარებთ, ბავშვებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათ კი არ გადავცემთ ცოდნას, არამედ ზოგადად გავცემთ, ხოლო ის, რაც კონკრეტულად მათ არ მიემართებათ, არც უნდა ისწავლონ. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ პირადად მას ვეკონტაქტებით, მასზე ვზრუნავთ, რადგან მისთვის საუკეთესო გვინდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში აუმაღლდება მოტივაცია, მიიღებს სტიმულს კარგი სწავლისა და ჩვენი გახარებისთვის და გადაწყვეტს, წარმატებული გახდეს.

ხელნაწერი წერილები, პოზიტივიზმის გაზიარება და ჩართულობა

მელისა ფერი წერს, რომ მოსწავლეებთან უფრო მეტად დასაახლოებლად და კარგი ურთიერთობის დასამყარებლად სასწავლო წლის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე თითოეულ მათგანს უგზავნის ხელნაწერ წერილს, რომელშიც გამოხატავს სიხარულს იმის გამო, რომ მათი სწავლების პატივი ერგო და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალი თანამშრომლობისთვის.

ყოველ ორშაბათს მელისა სთხოვს მოსწავლეებს, მოუყვნენ ვიკენდზე მომხდარ ერთ პოზიტიურ ამბავს. მათი სკოლისგარე ცხოვრებისადმი ინტერესი ბავშვებს ახალისებს და სწრაფად ბადებს მათთვის საყვარელ ტრადიციას, რომელსაც ზოგჯერ თავად შეახსენებენ ხოლმე მასწავლებელს. თუ რომელიმე მოსწავლე სპორტს მისდევს, მელისა მშობლებს თამაშების განრიგს სთხოვს და თავადაც ცდილობს სასწავლო წლის განმავლობაში ერთი თამაშის ორგანიზებას სასკოლო სტადიონზე. ყოველ ასეთ მცდელობას საუკეთესო შედეგი მოჰყვება.

საუბარი მხოლოდ კარგზე

დროდადრო საკლასო ოთახში დაფასთან შეიძლება გამოვაკრათ დღის პოზიტიური ფრაზა. მაგალითად, ასეთი: „გვჯეროდეს კარგის!“

რადგან…

„რწმენა იქცევა ფიქრად

ფიქრი – სიტყვად

სიტყვა – ქმედებად

ქმედება – ჩვევად

ჩვევა – თვისებად

თვისება – ფასეულობად.

ჩვენი ფასეულობა ჩვენი ბედისწერაა!“

(მაჰათმა განდი)

სპეციალური განათლების პედაგოგები მთელი დღის განმავლობაში ეჯახებიან განსაკუთრებულ გამოწვევებსა და სირთულეებს. ადვილია, პრობლემას შეეჩეხო და დამარცხდე, მაგრამ თუ ამ სირთულეების შესახებ სხვა მასწავლებლებს მოვუყვებით, მათი მოგვარების საშუალების პოვნა ერთიორად გაიოლდება. თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ დარგში გამოწვევები უსასრულოა.

 

მასწავლებლობა ბედისწერაა, რომელსაც ვირჩევთ და ვემსახურებით, რადგან ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ იცვლება ბავშვის ცხოვრება. ეს რთული და, იმავდროულად, საამაყო საქმეა, რადგან წარმატებები აშკარაა და დღეს მათი გაზიარება მთელი სამყაროსთვის შეიძლება. მელისა ფერი გვიბიძგებს, ყველას მოვფინოთ სწავლების სიხარული, განსაკუთრებით მაშინ, როცა სპეციალურ განათლებას ვემსახურებით. „წინსვლა წინსვლაა, რაგინდ მცირე ნაბიჯებით მივიწევდეთ წინ, სიყვარულით სავსე პატარა ბარათები კი დაუვიწყარი სიხარულია, რომლითაც ბავშვები გვაჯილდოებენ“, – აცხადებს იგი.

მასწავლებლის გამძლეობის კიდევ ერთი რეცეპტი ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგებისა და პოზიტიური ურთიერთობის დამყარებაა. იმისთვის, რომ ეფექტურად ვასწავლოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი მოსწავლე უნიკალური ოჯახიდანაა და, უპირველეს ყოვლისა, მისი ოჯახისა გვესმოდეს. ბოუენის ოჯახის სისტემის თეორიის პირველი პრინციპის თანახმად, ვერავინ ამოიცნობს პიროვნებას იმის ცოდნის გარეშე, როგორი ურთიერთობა აქვს მას ოჯახთან. ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელიც სწავლების დროს მუდამ უნდა გვახსოვდეს. მშობლებმა და მომვლელებმა ხშირად ყველაფერი იციან ბავშვზე. ამგვარად, მათი აზრი არათუ იმსახურებს მოსმენას, არამედ საგანმანათლებლო პროცესის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ნაწილია. მშობლებს შეუძლიათ დაგვეხმარონ არა მხოლოდ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებაში, არამედ მათი ძლიერი და სუსტი მხარეების ამოცნობასა და სწავლების სტილის მიგნებაშიც. ისინი შეიძლება ჩვენს მარჯვენა ხელად იქცნენ.

მშობლებთან კონტაქტის დასაწყებად კარგი იქნება, ჩამოვწეროთ და გავუგზავნოთ მათ მთელი წლის განმავლობაში მისაღწევი მიზნები და მოლოდინები, მივიწვიოთ ისინი საკლასო ოთახში და დავარწმუნოთ ჩვენს მზადყოფნაში, რომ გავითვალისწინებთ ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს, მოსაზრებას, წინადადებას, თუ ეს ხელს შეუწყობს მის წინსვლას.

კარგი იქნება მშობლების რეგულარული ინფორმირება სასწავლო პროცესის, აქტივობების, ღონისძიებების შესახებ. უნდა გვჯეროდეს, რომ მოსწავლის თუნდაც მცირედი წარმატების შესახებ ყოველი პოზიტიური გამოხმაურება ახალ წარმატებასთან მიგვიყვანს. ყოველდღიურ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მოვლენებს ბავშვის მშობლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ისინი ხედავენ, რომ ვიცავთ მათ შვილს, გვიყვარს ის და თავადაც უფრო მეტად ერთვებიან სასწავლო პროცესში, ეს კი ბავშვის აკადემიური წარმატების უმთავრეს საფუძვლად მიიჩნევა. ასე რომ, თუ პრიორიტეტად მოსწავლის მშობლებთან პოზიტიურ ურთიერთობას დავისახავთ, გავზრდით წარმატების ალბათობას, შევიმსუბუქებთ შრომას და სიმშვიდეს მოვიპოვებთ.

მაშასადამე, ორგანიზებულობა, პირადი ცხოვრების შენარჩუნება, საკუთარ თავზე ზრუნვა, ბავშვების დასაქმება, მონაცემთა გამოყენება, პირადი ინსტინქტების გათვალისწინება, კოლეგებთან თანამშრომლობა, მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობის დამყარება, მხოლოდ კარგზე საუბარი, კარგი ურთიერთობის დამყარება საკუთარი ოჯახის წევრებსა და მოსწავლეთა მშობლებთან ის ათი რეცეპტია, რომლებსაც მუდმივად უნდა ვიყენებდეთ, რათა შევქმნათ უფრო ჩართული სასწავლო გარემო, მივიღოთ უკეთესი შედეგი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას და მოვიპოვოთ გამძლეობა მომდევნო უფრო რთული და შემოქმედებითი სასწავლო წლებისათვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა და ელექტრონული რესურსები:

  1. ანა ლაღიძე, თათია პაჭკორია, მაია ბაგრატიონი, ”ინკლუზიური განათლება – გზამკვლევი მასწავლებლებისათვის”, თბილისი, 2009
  2. თათია პაჭკორია, სალომე მაზმიშვილი, თამუნა კბილცეცხლაშვილი, ქეთევან იაშვილი, მეიკო ჭელიძე, „ინკლუზიური განათლება, მოსწავლე, ოჯახი და სკოლა“, თბილისი, 2012
  3. https://www.friendshipcircle.org/blog/2014/02/04/10-ways-a-special-education-teacher-can-stay-sane-during-the-school-year/
  4. https://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=pe30M_GWpcQC&oi=fnd&pg=PA39&dq=bowen+family+system++theory+&ots=9SHFktbXLR&sig=3bWXb7dK-MLmM9dn0xPUUxlqC4I&redir_esc=y#v=onepage&q=bowen%20family%20system%20%20theory&f=false

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“