პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გენდერი როგორც გლობალური პრობლემა

II ნაწილი
გენდერის საკითხების სასწავლო პროცესში ჩართვის აუცილებლობას წინა სტატიაში შევეხეთ. იქვე მოკლე მიმოვიხილეთ, როგორ ზომავენ მას, რა კრიტერიუმებით ხდება ქვეყნების შედარება.
საინტერესოა, რომ გენდერული განვითარების ინდექსისა და გენდერის გლობალური სხვაობის ინდექსის ცოდნა არ კმარა აღნიშნული პრობლემის თაობაზე სათანადო წარმოდგენის შესაქმნელად. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა გენდერულ როლს აკისრებს საზოგადოება თითოეული სქესის წარმომადგენლებს. ეს როლები შესაძლოა ზღუდავდეს ადამიანის ქცევას.
კულტურულ კონტექსტში გენდერული როლები ცვალებადია; იცვლება პასუხისმგებლობები, მოლოდინები, უფლებები. საზოგადოდ, გენდერული თანასწორობის მიღწევის შესაძლებლობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაც წამყვანია იდეოლოგია, კულტურული და რელიგიური გავლენები, ეკონომიკური და ისტორიული სურათი.

ოჯახი

ხშირად გოგონასა და ბიჭს ოჯახში სხვადასხვანაირად ზრდიან. პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელია ვაჟიშვილის ყოლის სურვილი. ამის ახსნა მრავალი ფაქტორით შეიძლება, უპირველესად კი იმით, რომ განვითარებად ქვეყნებში არ არსებობს ან ძალიან სუსტადაა განვითარებული ხანდაზმულთა სოციალური დაზღვევისა და საპენსიო სისტემა, ამდენად, მშობელს ურჩევნია ვაჟიშვილი, რომელიც ქორწინების შემდეგ მათ სახლში დარჩება და მშობლებს მოუვლის. ქალიშვილი კი თხოვდება და მშობლების სახლიდან მიდის, ის უფრო მეტად ახალშეძენილ ოჯახზე ზრუნავს. მეტიც – ზოგიერთ საზოგადოებაში, როდესაც ამბობენ, რომ, მაგალითად, 4 შვილი ჰყავთ, ეს მათი ვაჟიშვილების რაოდენობას აღნიშნავს.
გახშირდა შერჩევითი აბორტიც, რაც ქალიშვილის ყოლის არასასურველობიდან გამომდინარეობს. განსაკუთრებით რადიკალური ხასიათი ამ პროცესმა ჩინეთში მიიღო, სადაც ანტინატალისტური დემოგრაფიული პოლიტიკის გამო ოჯახებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება აქვთ. ტენდენცია იმდენად ძლიერია, რომ, პროგოზის თანახმად, უახლოეს მომავალში ჩინეთში 40 მილიონით მეტი ახალგაზრდა უცოლო მამაკაცი იქნება. სახელმწიფო პროპაგანდისტური მანქანა პოპულარიზაციას უწევს ქალიშვილის ყოლას, აკრძალულია ჩანასახის სქესის დადგენა, რაც ვაჟებისა და გოგონების ბუნებრივი თანაფარდობის აღდგენისკენაა მიმართული.

რუკაზე მსოფლიოს ქვეყნებია გამოსახული. ყვითლად – ისინი, რომლებშიც სქესის მიხედვით არ ასხვავებენ შვილებს, ხოლო მწვანე ფერი რაც უფრო მუქდება, მით უფრო მძაფრად და მასშტაბურადაა გამოხატული ვაჟიშვილის ყოლის სურვილი. სამწუხაროდ, საქართველო ამ ქვეყანათა რიცხვში ექცევა.

გარდა ამისა, პატრიარქალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ ოჯახის ქონების მემკვიდრეებად არ იგულისხმება, ან ნაკლებადაა გათვალისწინებული ქალიშვილი. ოჯახის შექმნა და ვაჟიშვილის ყოლა პრესტიჟულად მიიჩნევა, დაუოჯახებლობა – ნაკლად.
მთლიანობაში ქალი საოჯახო საქმეებთან არის გაიგივებული, მამაკაცი კი საგარეოსთან. ბავშვობაში საოჯახო საქმიანობაც გოგონასა და ბიჭზე შესაბამისად ნაწილდება.

სკოლა და განათლება

გენდერული უთანასწორობა აქაც აშკარაა. სკოლამდელ საგანმანათლებლო სისტემაში, დაწყებით საფეხურზე, ქალები როგორც აღმზრდელ-მასწავლებლები ჭარბობენ, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები და დირექტორები კი უმთავრესად მამაკაცები არიან. მრავალ ქვეყანაში გოგონებს განათლების მიღების საშუალება შეზღდული აქვთ.

მაგრამ ყველაზე მეტ სირთულეს ქმნის სახელმძღვანელოები, რომლებიც გენდერულად მიკერძოებულია და სტერეოტიპული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჩატარდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების კვლევა, სხვა საგნები არც შესწავლილა, ამ სახელმძღვანელოების შესწავლამ კი ცხადყო, რომ მათში მოხსენიებულ გამოჩენილ ისტორიულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია.

2012 წელს მომზადდა “გენდერული თანასწორობის საკითხი საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლებისას, სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზი”, რომლის მიხედვითაც ქალისა და მამაკაცის გენდერულ როლებში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ მამაკაცი აქტიური, ძლიერი, გამბედავი, მებრძოლი, მხედართმთავარი, პოლიტიკოსი, მეცნიერი და მეამბოხეა, ხოლო ქალის როლი უმნიშვნელოა, პასიური, ის მხოლოდ საოჯახო საქმეებითა და გართობით არის დაკავებული. ფაქტობრივად, სახელმძღვანელოები არის “მამაკაცთა ისტორია”, სადაც სახელმწიფო მოღვაწეები მამაკაცები არიან. ამას, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს, რაც უკავშირდება ისტორიულ წარსულში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების როლს, მაგრამ არ წარმოაჩენს კულტურულ ასპექტებს, სადაც ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდენ. ასევე, არ არის მოხსენიებული ზოგიერთი ქალი მმართველი, მაგალითად, ეგვიპტის ფარაონები, არ არის გაშლილი ქალებისთვის უფლებათა მინიჭების საკითხი.

სახელმძღვანელოს როგორც რაოდენობრივმა, ისე თვისებრივმა ანალიზმა აშკარა გახადა დისკრიმინაცია ძირითად ტექსტში, ისტორიულ წყაროებსა და სასწავლო აქტივობებში, ასევე ილუსტრაციებში, რომლებშიც ქალთა რეპრეზენტაცია მცირეა.

ამრიგად, თვისებრივი ანალიზი მოწმობს, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების (განსაკუთრებით, – ისტორიის) სახელმძღვანელოები საკმაოდ ძლიერ გენდერულ სტერეოტიპებს შეიცავს. მამაკაცები ხაზგასმით ტრადიციულ როლში არიან წარმოდგენილნი: მონადირე, მებრძოლი, მბრძანებელი; ქალი არ უკავშირდება ისეთ საქმიანობას ან როლს, რომელიც კომპეტენციას, ავტორიტეტულობას, გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს, მისი საქმიანობა ძირითადად დედობა, ოჯახის გაძღოლაა.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სასკოლო კურსში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი თემების სწავლებისას, როგორიცაა დემოკრატია, თანასწორობა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები, არ არის ან არასათანადოდ არის გამახვილებული ყურადღება გენდერულ უთანასწორობაზე, სქესთა თანასწორი წარმომადგენლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაზე, ქალთა უფლებებზე, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაზე, ოჯახურ ძალადობასა და სხვა ასეთ საკითხებზე, რომელთა გარეშეც აღნიშნული თემის სრულყოფილი გააზრება წარმოუდგენელია.

სასკოლო სახელმძღვანელოები ვერ უზრუნველყოფს მამაკაცისა და ქალების ქცევის იმ სოციოკულტურული მოდელების შეცვლას, რომლებიც ამკვიდრებს ერთი სქესის არასრულფასოვნებისა და მეორე სქესის უპირატესობის იდეას.

რელიგია

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მკაცრი პატრიარქალური სისტემა რელიგიაა. მისი მიმდევრებისთვის გენდერული როლები მკაცრად არის განსაზღვრული, მისგან გადახვევა იდევნება. რელიგიური ლიდერები მამაკაცები არიან.
მუსლიმანურ საზოგადოებაში ქალი დაჩაგრულია. ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში ქალებმა ახლახან მიიღეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ოჯახის წევრი მამაკაცის გარეშე შინიდან გამოსვლაც კი ეკრძალებათ. ქალებს ნაკლებად აძლევენ განათლების მიღების საშუალებას, გოგონები ადრე გამოჰყავთ სკოლიდან და ათხოვებენ.
რელიგია ქალებისადმი ასეთ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას არ კიცხავს.
გადაწყვეტილების მიღება და პოლიტიკა
ქვეყნები არც ამ კუთხით არის ერთგვაროვანი. სულ უფრო მეტ სახელმწიფოში ქალი თანასწორად მონაწილეობს მნიშვნელოვან პროცესებში, გადაწყვეტილების მიღებაში. განსაკუთრებით ეხება ეს განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ათეულობით წელია კანონით არის გარანტირებული ეს უფლებები. განვითარებად ქვეყნებში დარღვეული თანასწორობის აღსადგენად სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ. ერთ-ერთ ასეთ სტრატეგიად შეიძლება მივიჩნიოთ გენდერული კვოტირების სისტემა, რომელიც გარანტირებულად მოიაზრებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. იმის გამო, რომ ქალები მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ, აუცილებელია, ისინიც იღებდნენ საზოგადოებისთვის, ქვეყნის მოწყობისთვის, სხვადასხვა სისტემისა და ინსტიტუტის საქმიანობისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ქალებს პოლიტიკაში განსხვავებული ღირებულებები, პრობლემები, ხედვა შეაქვთ, რითაც მოსახლეობის ნახევრის ინტერესებს ატარებენ. ეს დროებითი, იძულებითი, ხელოვნური ღონისძიებაა, მაგრამ მიზანია ქალების საკმარისი რაოდენობით ჩართვა პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში. ამით დამკვიდრებული ბარიერები ქალებისთვის ადვილი გადასალახავი ხდება.

გენდერულ კვოტირებას მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა: ნორვეგიამ, დანიამ და შვედეთმა, – ჩაუყარეს საფუძველი. მათ საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ესპანეთმა აუბეს მხარი. მათ კვალს მიჰყვნენ ლათინური ამერიკის ქვეყნებიც. ამჟამად კვოტირებას მიმართავენ აზიის ქვეყნებში, მათ შორის – ყირგიზეთში, აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის – რუანდაში. მაგალითად, ნორვეგიაში მმართველი პოზიციების 40% ქალებს უნდა ეკავოთ. იგივე წესი მოქმედებს პარლამენტსა და მთავრობაშიც. ამჟამად ანალოგიური კანონები მუშავდება საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოსთვის.

იმისთვის, რომ ქალების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, საჭიროა:
* მეტი ქალი დაიშვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
* ქალებს მიეცეთ მეტი პირადი და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, აუმაღლდეთ თვითშეფასება;
* ქალები ჩაერთონ ოჯახისა და საზოგადოების განვითარების პროცესში;
* არსებობდეს ქალთა ორგანიზაციები, რომლებიც ეფექტურად განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას და რომელთა მოღვაწეობა საზოგადოების კეთილდღეობაზე აისახება;
* მეტი ქალი ჩაერთოს განათლებისა და გადამზადების პროცესში;
* საკანონმდებლო დონეზე იყოს დაცული ქალთა უფლებები;
* შემცირდეს ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა;
* ქალები ჩაერთონ ოჯახის დაგეგმვაში;
* გაიზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება ქალთა მდომარეობის მიმართ;

* დაიხვეწოს სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამები/სახელმძღვანელოები.

1. სტატიაში მოცემული ეს და სხვა რუკები ნანახია 2013 წლის 10 თებერვალს შემდეგ ბმულზე: https://www.foreignpolicy.com/articles/2012/04/24/the_worst_places_to_be_a_woman#0

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი