პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ ვასწავლოთ შვილებს ფულთან ურთიერთობა

ექვსი წლის ბავშვების უმრავლესობა ადრე თუ გვიან სვამს ნიშანდობლივ და საჭირბოროტო კითხვას: „რა ღირს?“ რა ღირს სასკოლო ჩანთა? კონსტრუქტორების ნაკრები? კლასგარეშე საკითხავი წიგნები? დისტანციური მართვის სათამაშო? მისი ყოველდღიური სასკოლო რაციონი?

ზოგ მშობელს ეს არ სიამოვნებს. მათ მიაჩნიათ, რომ ესა თუ ის საგანი ბავშვს ესთეტიკური ან ფუნქციური განსაკუთრებულობის შეგრძნებას უნდა უღვიძებდეს და არა მისი მატერიალური ღირებულებისადმი ინტერესს.

შესაძლოა, ბავშვმა ახლობლები უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააყენოს – როცა საჩუქრებს მიუტანენ, მადლობის ნაცვლად იკითხოს: „ეს დასურათებული 3-D წიგნი და ტრანსფორმერი რა ღირს?“

მშობლები უხსნიან ბავშვს, რომ ზრდილობიანი ადამიანები ასე არ იქცევიან, მის ნათქვამს ხუმრობაში ატარებენ, უწყრებიან კიდეც, მაგრამ უშედეგოდ – მეორე დღეს ბავშვი იმგვარადვე იქცევა და იმავე კითხვას სვამს: „კვირას „ვარსკვლავეთის ომების“ სანახავად მივდივართ, რა ღირს ბილეთები?“ დედამ ქურთუკი უყიდა: „რამდენი გადაიხადა დედიკომ?“ „რამდენი აქვს ხელფასი მამას? ბიძას?“

ცოტა მოზრდილი, 7-8 წლის ბავშვი მხოლოდ ფასით კი არ ინტერესდება, არამედ სურს, თავადაც ჰქონდეს ფული, შეხედოს, გადაკეცოს, დათვალოს. „აი, მე 75 ევრო მაქვს, დედამ თუ 25 ევრო მომცა, ასი მექნება“. ის უწინდებურად ხშირად აღარ ითხოვს საღეჭი რეზინის ან ტკბილეულის ყიდვას, მაგრამ ხელიდან არ უშვებს შემთხვევას, გთხოვოთ „ცოტა ფული“. ამ ფულს საღეჭ რეზინზე, ჩიფსებსა და სათამაშოებზე ხარჯავს, მაგრამ კმაყოფილებას უმთავრესად ფულის ხარჯვა ჰგვრის და არა ტკბილეული თუ სათამაშო.

ეს იმიტომ, რომ ექვსი-შვიდი წლის ბავშვი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ფულს როგორც სამეურნეო ცხოვრების ინსტრუმენტს.

ფსიქოლოგების აზრით, ფულისადმი დამოკიდებულების ფაქტორი უშუალოდ 6 წლის ასაკში ყალიბდება. „ჩვენ ასე ვცხოვრობთ, ჩვენი მეზობლები კი – სხვანაირად. მათ ფული ბევრი აქვთ, ჩვენ – ცოტა, ჩვენს კარის მეზობლებს კი – ჩვენზე ნაკლები“. ერთნი ძალიან კარგად ცხოვრობენ, აქვთ ძვირად ღირებული კომპიუტერები, ველოსიპედები, ისვენებენ სხვადასხვა კურორტზე. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის რამდენი ფული აქვს. მათი ყურადღება აქცენტირებულია ფულთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებიც დღევანდელ ცხოვრებასთან ასოცირდება და ეს ყველაფერი თანამედროვე ბავშვს მანამდე გადაეცემა, ვიდრე მისი ფსიქიკა განვითარების სათანადო დონეს მიაღწევს.

7 წლის მოზარდი ზუსტად გრძნობს თანაკლასელების მატერიალურ მდგომარეობას. მას არ გამოეპარება არც ერთი ნიშანი, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახების შვილებს განასხვავებს. მშობლებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ ბავშვები თავიანთი სოციალური მდგომარეობის ირგვლივ ამყარებენ დიქტატს. თუ კლასში, სადაც ბავშვი სწავლობს, წარმატება ფასდება არა იმით, რა შეუძლია ბავშვს, არამედ იმით, რა აქვს, მას ძლიერი ნებისყოფის გამოჩენა მოუწევს, რათა ამ შეჯიბრებაზე უარი თქვას.

„ბედნიერება ფულში არ არის“ – განათლებული და ცივილიზებული საზოგადოება ამაზე აღარც კი დავობს. ამ მოსაზრების მოწინააღმდეგენი კი ცინიკურად კითხულობენ: „აბა, რაშია, ფულის რაოდენობაში?“ იორკის უნივერსიტეტის მიერ 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი ბედნიერების განცდა მშობლების შემოსავალზე არ არის დამოკიდებული. მათ ბედნიერებაზე გავლენას არ ახდენს არც ჯიბის ფულის რაოდენობა, არც მშობლების ხელფასი. მაშ, რა სჭირდება ამ ასაკის მოზარდს ბედნიერებისთვის? უბრალო და ბანალური რამ – მშობლები, დები, ძმები, ახლობლები, მოსიყვარულე ოჯახი.

მოზარდის ჯიბის ფული

არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც „მოზარდს არასოდეს ჰყოფნის ფული“: „დედა, ორმოცდაათი ევრო მინდა, ბავშვებმა „მაკდონალდსში“ წასვლა გადავწყვიტეთ“. ფსიქოლოგები და სოციალური მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მოზარდები თანხას უფრო მაღალ ნიშნულამდე ამრგვალებენ და ყოველთვის ავიწყდებათ ხურდის მოტანა. მარკეტოლოგებმა იციან, რომ ბავშვებს უფრო მეტი დანახარჯი აქვთ, ვიდრე მათ მშობლებს. სარეკლამო ინდუსტრია ისეა განვითარებული, რომ ყოველდღიურად გვახსენებს ბაზარზე ახალი „ახალგაზრდული საქონლის“ გამოჩენას.

მოზარდები დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან, ამიტომ მშობლებმა, ვიდრე ავტორიტეტი არ დაუკარგავთ, მათ ფულთან ურთიერთობა უნდა ასწავლონ. თუ თქვენი შვილი მაღალ კლასშია, გართობისთვის უფრო ენდომება ფულის ხარჯვა, თქვენ კი შესაძლოა სასკოლო ინვენტარისა და წიგნების ყიდვა გსურდეთ. პირველსავე ცდაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს. აუხსენით ბავშვს, რომ ოჯახის ბიუჯეტი რეზინისა არ არის და ფული ციდან არ ცვივა.

სიტყვები ისე არ მოქმედებს ბავშვზე, როგორც საქციელი. თუ მისი თანდასწრებით მეგობრის წინაშე თავს მოვიწონებთ „საუკეთესო დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსით“, ყაირათიანობისკენ მოწოდება აზრს დაკარგავს.

ფსიქოლოგები გვთავაზობენ, მოვუწყოთ ბავშვს „გამოსაცდელი თვე“: გამოვუყოთ თანხა, რომელმაც უნდა გადაფაროს ჩაცმისა და კვების  ხარჯი, ცოტაოდენი ფული პირადი საჭიროებისთვის, გასართობად და მობილურისთვის; მივცეთ უფლება, გაანაწილოს ეს თანხა განსაზღვრულ დროზე. მივცეთ სპეციალური რვეული ხარჯების ჩასაწერად, რომელსაც ზოგჯერ თავადაც ჩახედავთ მალულად.

კონტროლის დონე

მშობლების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ბავშვმა თავისუფლად უნდა ხარჯოს თავისი ფული, მეორე ნაწილის აზრით კი მან უნდა ახსნას, რაში დახარჯა თანხა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ვენდოთ შვილს, მაგრამ ხშირად ვესაუბროთ. თუ გვეცოდინება, როგორ ხარჯავს ფულს, არასასურველი სიტუაციებისგანაც დაზღვეული ვიქნებით. ბავშვმა უნდა შეიგნოს, რომ ფული მშობლების შრომის საფასურია და პატივისცემით მოეპყროს მას. მშობლებისა და შვილების ურთიერთნდობა ფულთან ურთიერთობის საკითხებში დასაშვებია. ეს ეხმარება მოზარდს, გამოიმუშაოს ფინანსური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ბავშვი უნდა მიეჩვიოს აზრს, რომ ფული ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია და გონივრულ დამოკიდებულებას მოითხოვს.

შეცდომა N1: „ფულის თემისთვის“ ტაბუს დადება

თუ ოჯახში ფინანსებზე საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და უხერხულობის განცდას აღძრავს, ბავშვს ვერ ჩამოუყალიბდება მართებული წარმოდგენა ფულის დანიშნულებაზე და შესაძლოა, უკვე ზრდასრულ ასაკში შეეჯახოს სირთულეებს ფულთან ურთიერთობისას: არასწორად გაანაწილოს, გაფლანგოს ან, პირიქით, მეტისმეტად მომჭირნედ ხარჯოს.

ოჯახურ ბიუჯეტზე საუბარი სამარცხვინო არ არის. შვილის თანდასწრებით ხელფასის რაოდენობის განხილვას არავინ გთხოვთ, მაგრამ ბავშვმა უნდა იცოდეს, საიდან და რა გზით შემოდის ოჯახში ფული და როგორ იხარჯება. ეს მისი მომავალი ფინანსური წარმატების საწინდარია.

შეცდომა N2: ჯიბის ფულის გარეშე დატოვება

საკუთარი ფულის ქონა ფასეული გამოცდილებაა დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, 6-7 წლის ბავშვს რეგულარულად, კვირაში ან თვეში ერთხელ, გამოუყონ მცირეოდენი თანხა.

ამასთანავე, სასურველია, მოზარდს პირადი დანახარჯის წილი გაუზარდოთ. თუ 7 წლის ასაკში ის ფულს სურვილისამებრ ხარჯავდა, 14 წლისამ შეიძლება ნაწილობრივ გადაიხადოს საკუთარი გართობის საფასური, მობილურის საფასური, უყიდოს საჩუქარი მეგობარს და სხვა. ამ გზით ის სასარგებლო გამოცდილებას მიიღებს – ისწავლის საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას და ხარჯების ეფექტურ დაგეგმვას.

შეცდომა N3: ყოველგვარი დანახარჯის კონტროლი

როდესაც მშობელი უკრძალავს შვილს, ჯიბის ფულის „რაღაც სისულელეზე“ ხარჯვას ან ეჩხუბება უკვე ნაყიდი ნივთების გამო, რა თქმა უნდა, არასწორად იქცევა. ფული სათამაშო არ არის, მაგრამ თუ ასე მოვიქცევით, გამოვა, რომ ის ბავშვს მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის, სინამდვილეში კი ვალდებულია, ყოველგვარი დანახარჯი მშობლებს შეუთანხმოს. ასეთი მკაცრი კონტროლი ბავშვს შეცდომის შიშს და საკუთარი თავისადმი უნდობლობას შთაუნერგავს.

ენდეთ ბავშვის არჩევანს. დიახ, თავდაპირველად ფულის ხარჯვა შეცდომების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ მხოლოდ ასე თუ მიიღებს მოზარდი სათანადო გამოცდილებას და ისწავლის სურვილისა და შესაძლებლობის ურთიერთშეთანხმებას.

შეცდომა N4: ნებაზე მიშვება

ბავშვს მთლიანად ნებაზე ნუ მიუშვებთ. დაე, იცოდეს, რომ შეუძლია და საჭიროცაა, მშობლებს მოეთათბიროს, რჩევა ჰკითხოს – იმ პირობით, რომ თქვენგან მხარდაჭერას მიიღებს და არა გაკიცხვას. დაეხმარეთ, თანდათანობით აითვისოს ფინანსური სიბრძნე.

მშობლებმა უნდა შეიმუშაონ ფულთან დაკავშირებული წესებიც: არ შეიძლება სკოლაში ბევრი ფულის წაღება, არ შეიძლება სიმდიდრეზე ხმამაღლა საუბარი ან ბევრი ფულით თავის მოწონება.

დაბოლოს, შეცდომა N5: კარგი ნიშნებისთვის „გასამრჯელოს“ გადახდა

ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ ეს მეთოდი ბავშვის წასახალისებლად. ის სწავლობს არა იმისთვის, რომ გაგახაროთ ან ფული გამოიმუშაოს, არამედ იმისთვის, რომ ცოდნა მიიღოს და ადრე თუ გვიან თავად განსაზღვროს თავისი მომავალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი