პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩავებღაუჭოთ თუ გავუშვათ?

შვიდი წლის რომ გახდა ირაკლი, პირველი კბილის ამოსაღებად წავედით. გაგვიმართლა, არაჩვეულებრივი ექიმი შეგვხვდა – ნატო კაპანაძე. ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა – რას რა მოჰყვებოდა, რას იგრძნობდა, როდის ეტკინებოდა და როგორ… საქმე საქმეზე რომ მიდგა და ნატოს კბილი უნდა ამოეღო, ჩემი შვილი მომიბრუნდა და გადიო, მითხრა. მოულოდნელობისგან დაბნეულმა, მიზეზიც ვერ ვკითხე. გამოვედი, დავდექი დერეფანში და დამეხვია მაჯლაჯუნა ფიქრები: გავიხსენე ირაკლის პირველი კბილის კოვზზე გაწკარუნების სიხარული… ჰოდა, რა გამოვიდა? – ახლა, როცა განსაცდელის და მოსალოდნელი ტკივილის პირისპირ მდგარს თითქოს უფრო მეტად უნდა ვჭირდებოდე, მიშვებს, აღარ ვჭირდები…

რამდენიმე წუთში ნატომ დამიძახა და მითხრა, რომ არაჩვეულებრივი შვილი მყავს, ნამდვილი მამაკაცი. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ის თავკერძობის მაჯლაჯუნა არ მასვენებდა – როგორ გავხდი უცებ ზედმეტი?!

ძილის წინ (ამ დროს „ვაჯამებთ“ ხოლმე გავლილი დღის ავ–კარგს) მიზეზი ვკითხე. არ მინდოდა, გეყურებინა და გენერვიულაო. როცა ნერვიულობ, სახე გეცვლება და მერე მეც ვნერვიულობო…

ვიცი, რაც უფრო გაიზრდება ირაკლი, მით უფრო ხშირად „გამიშვებს“. წლების განმავლობაში, შვილის დაბადებიდან დღემდე მთავარი როლის შემსრულებელს, ძალიან, ძალიან გამიჭირდება, მეორეხარისხოვან როლს ან სულაც როლის გარეშე დარჩენას შევეგუო, მაგრამ თუ თავკერძობაზე უარს არ ვიტყვი, ჩემი შვილი ვერასოდეს გახდება თვითკმარი, დამოუკიდებელი მამაკაცი. როლის შეცვლა დედაშვილურ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს, რადგან „ვეღარაფერი გადის შენი სიყვარულის წრიდან, როცა შენი გული მზეა: სიყვარულის სიხარულის გამომცემი და გადამდები, რომელიც დაფრინავს, ეხვევა, მღერის და ბავშვივით თამაშობს… და როცა გული მზეა, როცა ერთდროულად ბავშვი და დედაა, ანუ ბავშვი დედა, მაშინ ეყოლება ხოლმე უცბად მთელი სამყარო (პაწია სულდგმულებიდან დიად ვარსკვლავებამდე და იმათ მიღმა, ყველაფერი, რაც სურდა ჰყოლოდა) და ჰყავს იგი, როგორც შვილი“ (ნ. გელაშვილი „სარკის ნატეხები“).

გიზიარებთ ერთ–ერთი დედის, ვენდი დელ მონტეს, ბლოგს, რომლის სათაურია „ვემშვიდობები ჩემს ბიჭს“ და რომელიც, იმედი მაქვს, ისევე დაგეხმარებათ მშობლის მუდმივად ცვალებადი როლის მორგებაში, როგორც მე დამეხმარა.

„საძინებლის ღია კარის წინ ჩავიარე და შუქის ჩასაქრობად შევჩერდი. საწოლზე მწოლ ადამიანს თვალი შევავლე და გავიფიქრე: ახალგაზრდა კაცი… ის უკვე აღარ არის ჩემი პატარა ბიჭი, ის ახალგაზრდა კაცია.

დაიცადე… მხოლოდ ერთი წუთით… შეჩერდი… რამდენიმე წამი მჭირდება, რომ შევეგუო. დრო მჭირდება დასამშვიდობებლად.

ვიცი, რომ უნდა გავუშვა შვილი, რომელიც ორ სამყაროს – ბიჭობასა და მოზარდობას – შორისაა. ეს უკვე რამდენჯერმე მოხდა: გავუშვი უმწეო ჩვილი, რომელიც ლამის ხელისგულზე მეტეოდა; მოღიმარი სკოლამდელი, რომელიც მუდამ თოვლის პაპის ქუდითა და ტანსაცმლით დადიოდა და საყვარელ სათამაშოებს დაათრევდა; სკოლის ასაკის ბიჭი, რომელიც ყველგან დარბოდა, ყველაფერს იკვლევდა და ჩემი გულის შეტევების მიზეზი იყო. მისი ბავშვობისა და ჩემი დედობის ყველა ეტაპი მიყვარდა და როცა მომავალ ეტაპს მოუთმენლად ველოდებოდი, იმავდროულად გავლილს მივტიროდი.

სულ ცოტა ხნის წინ ძალიან, ძალიან მინდოდა, კიდევ ერთი ზაფხული მაინც ყოფილიყო იმ ასაკის, რომელიც საუკეთესოდ მიმაჩნდა. ღმერთო, როგორ მჭირდებოდა, ეს პატარა კაცი ცოტა ხანს კიდევ ყოფილიყო პატარა! ნატვრა ამისრულდა – გიჟური ცელქობის კიდევ ერთი ზაფხული გავატარეთ. მაგრამ მომდევნო ეტაპზე გადასვლა გარდაუვალი იყო. ის გაიზარდა. მეც მასთან ერთად გავიზარდე. სხვა არჩევანი არ მქონდა – ან მასთან ერთად უნდა გავზრდილიყავი, ან თამაშგარე დავრჩენილიყავი.

ახლა ვხვდები, რა არაჩვეულებრივი იყო ეს ყველაფერი. ვხედავ, როგორი კარგი კაცი დგება. ყოველდღიურად იმდენი რამ იცვლება მასში. თითქოს სოკოსავით ყოველ კვირა იზრდება, ხმა უბოხდება, სხვანაირად იცინის და ფიქრებს ხომ ნუღარ იკითხავთ! ღმერთო ჩემო, პოლიტიკაზე ვმსჯელობდით და იმდენი რამ იცის! ის იზრდება, წინ მიდის და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნების გზების ძიებაში ბავშვობას უკან იტოვებს. ასეთია ბუნების გეგმა და მე სწორად ვიქცევი, როცა განზე ვდგები და ვაკვირდები, რადგან ის უკვე საოცარი პიროვნებაა. ის არაჩვეულებრივი კაცი დადგება.

მგონია, რომ მუდამ მომენატრება ჩემი მოღიმარი ახალფეხადგმული, ექვსი წლის ბიჭი ჯადოსნური იდეებით, „დიდთავა“ თოჯინითა და ჭურჭლით თამაში. როცა მისი ცხოვრების თითოეულ საფეხურს ვემშვიდობები, საშუალება მეძლევა გავიაზრო არა მარტო ის, რას ვკარგავ, არამედ ისიც, რას ვიღებ. ჩემი ბიჭი იზრდება და ეს არაჩვეულებრივი, ჯადოსნური რამ არის. ჩვენ უამრავი თავგადასავალი გველის.

გამიმართლა, რომ დღემდე „მაგარ“ დედად მიმიჩნევს ან მაჩვენებს, რომ ასეთად მივაჩინვარ. დღემდე ჩემთან ერთად უნდა დროის გატარება. დღემდე ჩემი ძმაკაცია თავგადასავლებისას, თუმცა ახლა თვითონ ირჩევს თავგადასავლებს. რა თქმა უნდა, ძმაკაცებთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებს, მაგრამ სანამ წავა, აუცილებლად მომიბრუნდება დასამშვიდობებლად, „მიყვარხარო“, მეტყვის და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უდგას გვერდით. დღემდე მეკითხება აზრს და მერე აყალიბებს თავისას.

ქუჩაზე გადასვლისას ზოგჯერ ისევ მკიდებს ხელს. ვერ გეტყვით, საკუთარი თუ ჩემი უსაფრთხოებისთვის. როგორიც უნდა იყოს მიზეზი, ხელს ვკიდებ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი