პროექტზე დაფუძნებული სწავლება ავითარებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს, ხელს უწყობს თვითშეფასებისა და მოტივაციის ამაღლებას. აუმჯობესებს მოსწავლეთა დამოკიდებულებას სწავლისადმი, დავალებების შესრულებისა და გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხს.
პროექტი ეფუძნება კომპლექსურ ამოცანებს, რომლებიც საჭიროებენ პრობლემების გადაჭრას და გადაწყვეტილების მიღებას. მისი გამოყენებისას, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო კვლევაში, სადაც საჭიროა თანამშრომლობა, არტეფაქტებისა და ტექნოლოგიების გამოყენება. პროექტის მენეჯმენტი მოითხოვს ლიდერის თვისებებს, რომელიც აუცილებელია რისკების პროგნოზირებისთვის, დაბრკოლებებისა და გამოწვევების ეფექტურად სამართავად. განხორციელების ვადის ხანგრძლივობა იწვევს ნებისყოფის, შედეგზე ორიენტირების, სტრატეგიების განხილვის, სწორი გადაწყვეტილებების მიღების, სხვისი შრომისა და წვლილის შეფასების, პასუხისმგებლობის უნარების განმტკიცებას. სწავლის ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, პროექტზე მუშაობისას, მოსწავლე აღმოაჩენს, რომ არსებული პრობლემა რეალურ სამყაროში უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ინტერპერსონალური კომუნიკაციით არის შესაძლებელი. ამ თვისებების მქონე მოსწავლეები მოგვიანებით ადვილად ერგებიან იმ მოთხოვნებს, რომლებიც სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებისა და სამეცნიერო წინსვლის თანამედროვე ეპოქაში არის აუცილებელი. ამერიკული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ასოციაციების ოფიციალური კვლევების თანახმად, დამსაქმებელთა 93%-ზე მეტი, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარებს უფრო მეტად აფასებს, ვიდრე თანამშრომელთა კვალიფიკაციას.
მინდა, გაგიზიაროთ ჩემ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი სასწავლო პროექტი.
საგანი-მათემატიკა კლასი – X
პროექტის სახელწოდება: „კორელაცია“ განხორციელების ვადა – ორი თვე
პრობლემის შინაარსი და აქტუალურობა. ერთ-ერთ გაკვეთილზე, რომლის თემა იყო „კორელაცია“, ახალმა მასალამ მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით ხშირად მესმოდა კითხვა – „მაინც რა არის ეს კორელაცია?“. სტანდარტული ამოცანების ამოხსნა, არ აღმოჩნდა საკმარისი თემის გასააზრებლად. დამატებითი ამოცანებისა და რამდენიმე მინი-ლექციის ჩატარებამ ბოლომდე ვერ ამოწურა საკითხი. საგაკვეთილო დრო არ მაძლევდა საშუალებას პრობლემის გადასაწყვეტად.
ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი განწყობა და შემეცნებითი სურვილები, ამიტომ გამიჩნდა პროექტის განხორციელების იდეა და შევთავაზე მოსწავლეებს. მათ, რა თქმა უნდა, მოეწონათ.
საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის, პროექტის გამოყენება საუკეთესო სასწავლო მეთოდია. ვინაიდან, დამოუკიდებლად უნდა მოიპოვონ მონაცემები და იმსჯელონ მათ ერთობლიობაზე, შედარებისთვის უნდა გამოთვალონ კორელაციის კოეფიციენტი და დაახასიათონ კავშირი, რაც დაეხმარებათ თემის გააზრებასა და დამახსოვრებაში.
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, დაეხმაროს მათ შეძენილი ცოდნის ტრანსფერსა და პრაქტიკულ გამოყენებაში.
ამოცანები: თანამშრომლობის, პრობლემების მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო უნარების განვითარება. მოსწავლის ჩამოყალიბება აქტიურ მოქალაქედ, რომელიც შეძლებს: რეალური ვითარებიდან მომდინარე საკითხების გამოკვლევასა და გაანალიზებას, სამუშაოს ორგანიზებასა და დაგეგმვას; პრობლემის განსაზღვრასა და მის ჩამოყალიბებას; პრობლემის გადაჭრისას ადეკვატური დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შერჩევას.
პირველი ეტაპი – თემის გაცნობისა და საკითხის უკეთ გააზრების მიზნით, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ სტატისტიკური კორელაცია არის სტატისტიკური კავშირი ორ ან რამდენიმე მახასიათებელს (შემთხვევით სიდიდეს) შორის, როცა ერთი ან რამდენიმე სიდიდის ცვლილებას თან ახლავს მეორე ან კიდევ რამდენიმე სიდიდის შეთანხმებული სისტემატური ცვლილება. ვესაუბრე კორელაციური ანალიზის, კორელაციური კვლევების, „მოჩვენებითი კორელაციის ფენომენის“ .შესახებ, კორელაციური მეთოდით შეიძლება დავადგინოთ, მაგალითად, ახდენს თუ არა გავლენას უმაღლესი განათლება სამომავლო პროფესიულ წარმატებაზე? უკავშირდება თუ არა სტრესი კორონალურ დაავადებებს? არსებობს თუ არა კავშირი თვითშეფასებასა და მარტოობას შორის? ინტელექტსა და მოტივაციას შორის?
შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები, ამოცანები, შეფასების კრიტერიუმები და მისი განხორციელების ვადა.
მეორე ეტაპი – თავიდან აუცილებელი იყო შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება. ჩემ მიერ შეთავაზებული ავტორების გარდა, დამოუკიდებლად, ქართულ და უცხოურ ენებზე ბევრი მნიშვნელოვანი და აუცილებელი სტატია მოიძიეს. პერიოდულად, ვსაუბრობდით იმ კვლევებზე, რომლებიც ჩატარებულია მონაცემთა ორ ერთობლიობას შორის კავშირის დასადგენად. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ რაც მეტ ინფორმაციას იღებდნენ, მით უფრო იზრდებოდა მათი ენთუზიაზმი. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრის დროს, გაიმართა დისკუსია, იმასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიაში უფრო აქტიურად გამოიყენება კორელაციური კვლევები თუ მედიცინაში? თუმცა, როგორც აღნიშნეს, არანაკლებ აქტუალურია პოლიტიკასა და ეკონომიკაში, აგრეთვე, სოციალური გადაწყვეტილებების მიღებაში. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა დაწყვილებულ მონაცემთა შორის კავშირი დამოუკიდებლად გამოეკვლიათ. არჩევანი შეაჩერეს, ადამიანის მასასა და სიმაღლეს შორის დამოკიდებულებაზე. გამოთქვეს ვარაუდი, რომ, რაც მეტია ადამიანის სიმაღლე, მით უფრო მეტია მისი მასა. შეარჩიეს მეთოდები და დაგეგმეს კვლევის პროცესი. ყველა აქტუალურ საკითხზე კონსულტაციას ვუწევდი. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად მათი ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით, გავანაწილეთ დავალებები, რომელთა შესრულებას მონდომებით შეუდგნენ.
მესამე ეტაპი- ყველაზე საპასუხისმგებლო იყო გამოკითხვების ჩატარება თანაკლასელებსა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის (სულ 44 რესპონდენტი). აქ ის სირთულეებიც გამოჩნდა, რომლებზეც პროექტის დასაწყისში გვქონდა საუბარი. ეს იყო რესპონდენტების გულახდილობა. მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალურობა დაცული იყო, ზოგიერთ შემთხვევაში, მასისა და სიმაღლის შესახებ არასწორ ინფორმაციას იღებდნენ, რაც სწორი დასკვნის გაკეთებასა და კვლევას ძალიან უშლის ხელს. ეს ეტაპი ითვალისწინებდა მოპოვებული მონაცემების დამუშავებას, რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი. პროგრამა Microsoft Excel-ის დახმარებით, კორელაციის კოეფიციენტის გამოთვლას, პირსონისა და სპირმენის კოეფიციენტების ფორმულების გამოყენების შემთხვევების განხილვაც დამოუკიდებლად შეძლეს. დაახასიათეს კავშირი, გამოიყენეს სტატისტიკური ანალიზი დასკვნის გამოსატანად. აღწერეს სხვა დაწყვილებულ მონაცემებს შორის დამოკიდებულება (წრფივია, არ არის წრფივი, ძლიერია, სუსტია, არ არის კავშირი). ააგეს თითოეულის შესაბამისი მისადაგების წირები. აღმოაჩინეს, რომ კორელაცია არ არის მიზეზობრიობა, მათ შორის მსგავსება და განსხვავება საფუძვლიანად შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ განათლებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, რომ შეცდომაში არ შეიყვანონ და ამ ორი ცნების გაიგივებით, არასწორი დასკვნა არ გააკეთოს. (ნაშრომის სრული ვერსია https://drive.google.com/file/d/16L5hN9HsbN0pB60pDb8JFT-Pq2j0IrO0/view
მეოთხე ეტაპი – პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა მოიწვიეს სკოლის საზოგადოება, სახელმძღვანელოს ავტორები. წარუდგინეს მათ საკუთარი ნამუშევარი. მათი მსჯელობა კონკრეტული მაგალითებითა და ფაქტებით იყო გამყარებული. პრეზენტატორები თანმიმდევრულად, თავისუფლად საუბრობდნენ განხორციელებული აქტივობებისა და კვლევის შედეგების შესახებ.
დასახული მიზნის შესრულება მოხერხდა. პროექტმა, როგორც სასწავლო სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, ხელი შეუწყო საკითხის საფუძვლიან დამუშავებასა და ათვისებას. წარმოაჩინა მათი ძლიერი მხარეები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა). ხელი შეუწყო საინფორმაციო, მედია და ციფრული წიგნიერების განვითარებას. გამოიკვეთა მონაწილეთა მოქნილობის, ადაპტაციის, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები.
მნიშვნელოვანია საკითხით დაინტერესებული სხვა მოსწავლეებისთვის ნაშრომის გაზიარება და კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების გზამკვლევი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,თბილისი 2025წ.
- რ.ქეით სოიერის რედაქტირებით..სწავლების პროცესის ტექნიკური მართვის მეცნიერების პრაქტიკული სახელმძღვანელო. ვაშინგტონის უნივერსიტეტი. თავი19.
- გერიგი, ზიმბარდო,ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა, თსუ, თბილისი,2009 წ.


