სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

      ბავშვობის სამოთხე ნაირა გელაშვილის „სარკის ნატეხებში“

ველასკესი თავის ცნობილ ნახატზე, „მენინები“ რომ ჰქვია, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფერადოვნებით წარმოაჩენს ადამიანური ყოფის ერთ ეპიზოდს: ტილოს ცენტრში ინფანტა მარგარიტაა, ყვავილივით ნაზი და სიფრიფანა, მარგალიტებიანი ძვირფასი კაბით შემოსილი, გარშემო მენინები ჰყავს, ერთგული პირისფარეშები, მისი ყოველი სურვილის წამიერად ამსრულებელნი. შიდა სივრცეში თვითონ ველასკესი დგას  ფუნჯით ხელში და ხატავს, კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში კი ინფანტას მშობლები მოჩანან, ერთი სიტყვით, მნახველს შთაბეჭდილება ექმნება, რომ ამ გოგონას უღრუბლო ბავშვობას არაფერი ემუქრება, მაგრამ ამ ჰარმონიას არღვევს ჯუჯა სეფექალის მახინჯი სახე და იქვე მოთამაშე ჯამბაზი. გაივლის დრო და ამ ქაფივით ნაზი და მსუბუქი მაქმანების, მოშარიშურე აბრეშუმის მოლივლივე ჩარჩოებიდან გოგონა ცხოვრებაში შეაბიჯებს.

ველასკესის ეს შედევრი ნაირა გელაშვილის რომანმა _ „სარკის ნატეხებმა“_ გაგვახსენა, რომელშიც ფერწერული ოსტატობითაა წარმოჩენილი ადამიანური ყოფის მისტერიები და მათ შორის ყველაზე დიდი საიდუმლო _ ბავშვობა, საიდანაც გზები მრავალმხრივ განიტოტებიან.

რომანის მიხედვით, ყოველი საიდუმლოს ლაბირინთში შეღწევა შემეცნების ახალ საფეხურზე ასვლას გულისხმობს, ოღონდაც ეს სვლა ვერტიკალური კი არ არის, ქვემოდან ზევით ან პირიქით, არამედ წრიული, სადაც ყოველი წერტილი შეიძლება დასასრულიც იყოს და დასაწყისიც. ადამიანი შემოივლის ამ წრეს და ისევ იმ წერტილს უბრუნდება, საიდანაც დაიწყო ყველაფერი — სამყაროსთან ურთიერთობა. დასაწყისში ის იყო მთელი და სრული, შობისას კი თითქოს იმსხვრევა მისი სიმრთელე _ ეს ჯოჯოხეთთან პირველი შეხვედრაა. ზრდა თანდათან უფრო მცირე ნაწილებად დატეხას გულისხმობს, მაგრამ თანვე მეხსიერება ინახავს მთელის ხატს და მისი აღდგენის,  ე.ი. სამოთხისაკენ მიბრუნებისაკენ მიისწრაფვის.

მწერალი ჩვეულებრივ სიტყვებს  უჩვეულო ენერგიით მუხტავს, რათა გააცოცხლოს ბავშვობის შთაბეჭდილებები და, მეტაფორულად, ახლა უკვე ცნობიერად შეაღწიოს იმ ფუღუროში, სადაც ბავშვობაში იოლად ეტეოდა.

მწერალი ფიქრობს  და მკითხველსაც თან გაიყოლებს იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, რომელიც სულიერ  ზრდას, მეტამორფოზას, პიროვნებად ჩამოყალიბებას გულისხმობს. რა აპირობებს ყოველი კონკრეტული ადამიანის ფენომენს, მის თვისებებსა და დამოკიდებულებას სამყაროსა თუ საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან?  ამ ურთულეს კითხვებზე პასუხის მოსაძებნად მწერალს მკითხველი ბავშვური შეგრძნებების თავბრუდამხვევ ჯადოსნურ სამყაროში მიჰყავს, იქ, სადაც სიკეთესა და ბოროტებას, ანგელოზებსა და დემონებს ჯერ განმასხვავებელი  ფერი,  ხმა და სურნელი არა აქვთ, სადაც  ყველაფერი წმინდა, გულწრფელი და აუმღვრეველია.  ბავშვობის ფერადოვანი წიგნის ფურცლებზეა საძიებელი ყოველი ადამიანის გულის გასაღები.  ის შთაბეჭდილებები სარკის ნატეხებია, რომლებშიც დამსხვრეული „მე“ ირეკლება. ამ ნატეხებით ძნელია იმ მთელი სარკის დანახვა, რომლის ნაწილიც რომანის გმირია. ეს დიდი სარკე ღმერთია. ერთ ეპიზოდში დახატულია, როგორ ელოდება აღდგომის დილას ბოსტანში მიწაზე განრთხმული ბავშვი ცის გახსნასა და ქრისტესთან შეხვედრას. ეს ღვთის წყურვილის მშვენიერი მეტაფორაა.

„დიდ სარკეს სურს ჩაიხედოს პატარა სარკეებში: თავის ნაწილებსა და ნატეხებში, იქ დაინახოს თავისი ანარეკლი, მაგრამ ესენი მხოლოდ მეტ-ნაკლებად ბუნდოვნად ირეკლავენ მას და ერთმანეთს და ყველაფერს,“ _ ვკითხულობთ რომანში. ეს არეკვლა უფრო გამჭვირვალე ბავშვობაში იყო, როდესაც მისი გული ჯერ არ დაელაქა ბოროტების და სიძულვილის ნაცრისფერ აბლაბუდებს. ეს გახსნილი, გულწრფელი, ლაღი და უჩრდილო ურთიერთობა ხალას, პირველქმნილ, სამოთხისეულ სამყაროსთან რომანში ულამაზესი ეპიზოდებითაა წარმოდგენილი.

მწერალი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „გულის ხეივნებითა“ და „ხსოვნის გვირაბებით“ მიდის წარსულში, რომელიც მხოლოდ პირობითადაა წარსული. ის, იმავდროულად, აწმყოცაა და მომავალიც, ოღონდ უკვე გასაიდუმლოებული. იქ, როგორც თესლში, კოდირებულია ადამიანური ყოფის ყველა შესაძლო ვერსია და მოდელი. იქ  ერთადაა სიკვდილიცა და სიცოცხლეც.

პავლე მოციქული უქადაგებდა მრევლს: „ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ, ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი“ (I კორინთ. 13.12). „მაშინ კი“ _ ეს ორ დროს გულისხმობს _ ბავშვობასა და სიკვდილს. ბავშვობას _ „მე“-ს, ინდივიდუალობის, ბუნებისაგან განცალკევებულობის შეგრძნებამდე და სიკვდილს _ იმავე „მე“-სგან გათავისუფლებას. სარკის ნატეხების სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნება შეიძლება ამასაც გულისხმობდეს. „ფუღუროში, თავის ბნელ გულში ჩანაწვიმარ წყალს, თეთრ კვერცხებს, ანდა რაღაც ბრჭყვიალათვალება სულდგმულს რომ ინახავდა, სწორედ იმას ვეძებდი, ვიზედაც მოციქულები ქადაგებდნენ“. მწერალი ბავშვობაში იმ ფუღუროთი „პირდაპირ სასუფეველში“ შედიოდა, ხვდებოდა შემოქმედს და უსახელოდ, გამოუთქმელად აღიქვამდა „მზიან ღამეს“,  მაგრამ თანდათან ყველაფერი ეს გაქრა და დიდობაში ადამიანს „გინდა ის ფუღურო დაუნახავს და გინდა სააღრიცხვო ბარათი“. მაგრამ რჩება ხსოვნა და რწმენა, რომ: „ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია, იმიტომ, რომ იგი არსებობს“. ბავშვობა სწორედ ამ არსებობის დამადასტურებელი „საბუთებითაა“ სავსე.

რომანში დახატულ შთამბეჭდავ ამბავთა შორის გამორჩეულია ერთი, რომელშიც მოთხრობილია, როგორ გადაეფარა ბიჭი სასიკვდილოდ გამეტებულ მტრედს და  სიცოცხლე შესწირა: „ასე შემთხვევით გავიგე, რომ ჩემს სოფელს თავისი წმინდანი ჰყავდა, რაც სოფელმა, ცხადია, არ იცოდა. მან არ იცოდა, რომ ამქვეყნად საერთოდ იმ ბიჭის გულისთვის იყო გაჩენილი: რათა ის ბიჭი გაეჩინა. რაც კი ამ სოფელს სიკეთისა და სიწმინდის უნარი დაჰყოლოდა, სულ იმ ბიჭში შეკრებილიყო. და თუ ჩემი სოფელი… წარწყმედას გადარჩებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ბიჭის წყალობით, ხოლო ერთ სოფელს წარსაწყმედად მარტო  ის სისასტიკეც ეყოფოდა, რასაც უფლის უენო ქმნილებებს ატეხდა თავს გაჩენის დღიდან, და რაც მერე ერთს, ერთადერთს უნდა გამოესყიდა _ ყველაზე წმინდას“.

მწერალი ხატავს თანდათან როგორ იქცევა ბავშვი   პიროვნებად, რომელიც იზრდება,  „თავისუფლდება“ სამოთხისაგან და იბორკება ჯოჯოხეთით. „სასუფეველი ღვთისა  გულთა შინა თქვენთა არს“ (სახარება). ბავშვებისთვის ასე ნაცნობი გზა გულისაკენ შემდეგ სადღაც იკარგება და უჩინარდება.  ეს „ზრდა“ უამრავი მსხვერპლის ფასად ხორციელდება: „მათ უსისხლო თუ სისხლიან მსხვერპლზე გადიოდა გზა ადამიანად ქცევისა. მათი მკვდარი თუ ნაწამები სხეულები ეყარა სამსხვერპლო ქვასთან“.

მწერალს სჯერა, რომ „ბავშვად ხელახლა ქცევას შეიძლება მოჰყოლოდა თვითშეწყალება“. და, მართლაც, რომანის თითქმის მთელი I ნაწილი „ეს ბავშვად ხელახლა ქცევაა“ და თანვე აუხდენელი სურვილი დიდად აღარ გაზრდისა. ერთგან წერს კიდევაც, რომ სამოთხე არის ადამიანის ისეთი შინაგანი მდგომარეობა, როცა „ვეღარაფერი გადის შენი სიყვარულის წრიდან, როცა შენი გული მზეა: სიყვარულის სიხარულის გამომცემი და გადამდები, რომელიც დაფრინავს, ეხვევა, მღერის და ბავშვივით თამაშობს… და როცა გული მზეა, როცა ერთდროულად ბავშვი და დედაა, ანუ ბავშვი დედა, მაშინ ეყოლება ხოლმე უცბათ მთელი სამყარო (პაწია სულდგმულებიდან დიად ვარსკვლავებამდე და იმათ მიღმა, ყველაფერი, რაც სურდა ჰყოლოდა) და ჰყავს იგი, როგორც შვილი“.

მწერალი ერთგან იხსენებს, თეთრ კაბასა და ფეხსაცმელებში საზეიმოდ გამოწყობილს ძმა როგორ უფენდა ტალახში ქაღალდებს, რომ არ გასვრილიყო. სწორედ ასეთ ფურცლებად ეფინება მკითხველს ამ რომანის თითოეული ეპიზოდი. ესენი ისეთი სილამაზეებია, რომელთაც სულის ხსნა შეუძლიათ. მკითხველიც კითხვისას განიცდის კათარზისს და მატერიალურ დრო-სივრცესთან მიჯაჭვულობისაგან გათავისუფლების იმგვარ შეგრძნებას, მხოლოდ ნაწვიმარ დილას რომ ჯანსაღი და უმტვერო ჰაერის ჩასუნთქვას მოაქვს. მწერალი და მასთან ერთად მკითხველი შეგრძნობს, რომ ეს ხსნა სიცოცხლის უნივერსალური კანონია, რომ „ჯოჯოხეთს სურს, სამოთხედ იქცეს“. რომანიც სწორედ ამის ცდაა, „გამყარება-გამუდმივება“ სამოთხისა, რომელშიც „ჯოჯოხეთი თავს ვეღარ გაიხსენებს, როგორც ხსენი  _ რძეში“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი