შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ქაღალდის ნიღბები

რობერტ ვალზერის წაკითხვა რამდენიმე წლის წინ ერთმა ფრანგმა მსახიობმა მირჩია. იმ ავტორების სიაში ჰყავდა შეყვანილი, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევდა. სხვა რა დამრჩენოდა – წიგნი უნდა გადამეშალა, ყურადღებით უნდა გავყოლოდი გზას, რომელიც უცხო სამყაროსკენ წამიყვანდა, საუკეთესო შემთხვევაში კი, იქვე დამტოვებდა.

მას შემდეგ ყველაფერი წავიკითხე, რასაც გადავაწყდი – ფრანგულად, რუსულად. ახლახან ქართულად ნათარგმნი „იაკობ ფონ გუნტენიც“ ჩამივარდა ხელში და გადავწყვიტე, ცოტა სახიფათო ნაბიჯი გადამედგა – სხვებისთვის შემეთავაზებინა რობერტ ვალზერის უცნაურ სიზმრებში მოგზაურობა. იქნებ იმისთვისაც, რომ ამჯერად უკეთესად გამერჩია გამყოფი ხაზები თუ ნიშნები, რომლებიც პირველი წაკითხვისას გამომრჩა.

„აქ ძალიან ცოტას სწავლობ, მასწავლებლების ნაკლებობაა“, – ასე იწყება რომანი, რომლის მთავარი გმირიც უმთავრესად თავისი სასწავლებლის ამბებს მოგვითხრობს. წარჩინებული ოჯახის შვილი, გადამეტებული მზრუნველობითა და სულის შემხუთველი ატმოსფეროთი გაწამებული ყმაწვილი ბერლინში გარბის, რომ სხვა ცხოვრებით იცხოვროს, უმნიშვნელობის მდგომარეობა გამოსცადოს. ბენიამენტას ინსტიტუტში, რომლის მთავარი ამოცანაც მსახურთა აღზრდაა, სინამდვილეში არც არაფერი ხდება, მოსაწყენი დღეები ერთმანეთს მიჰყვება, მოსწავლეები რაღაც წესებს იზეპირებენ, დროდადრო კი საკლასო ოთახს ასუფთავებენ. „წმენდის, ხეხვისა და რეცხვის დღეებში ზღაპრის კეთილ ჯუჯებს ვგავართ, რომლებიც, როგორც ცნობილია, ისე ასრულებენ ყველაზე მძიმე და რთულ სამუშაოს, რომ სახლის პატრონს არც ენახვებიან, – ჰყვება იაკობი. – რასაც აღსაზრდელები ვაკეთებთ, იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვევალება, თუმცა რატომ გვევალება, წესიერად არცერთმა ჩვენგანმა არ იცის. ისე ვემორჩილებით, არც კი ვუფიქრდებით, ერთ მშვენიერ დღეს სადამდე მიგვიყვანს ეს დაუფიქრებელი მორჩილება, ვასრულებთ სამუშაოს და თავს არ ვიტეხთ, სწორია თუ არა, ამ სამუშაოს რომ გვასრულებინებენ“.

გარეთ დიდი ქალაქია, რომელსაც, მთავარი გმირის რწმენით, ადამიანის ბევრად უკეთესად აღზრდა შეუძლია. ქალაქი, სადაც „ცხოვრება ფეთქავს“, ჭრილობები და ტკივილი ღრმავდება, სიხარული კი უფრო და უფრო ხანგრძლივდება.

და რა უნდა ქნას თავგზააბნეულმა ყმაწვილმა, რომლის ყველა უწინდელი შეხედულებაც დროის მდინარებამ გააქარწყლა? მეორე მხრივ, სასწავლებელში მის ყოფნას მხოლოდ ბნელი მხარე არ აქვს, თავშესაქცევი ამბავიც ბევრია და ისეთიც, მეტად დამაბნევლად რომ გამოიყურება. ხანდახან სანდოდ აღარც მოჩანს მთელი მისი მონათხრობი – ხვდები, რომ წარმოსახვით აგებულ შენობებში დაეხეტები, წარმოდგენისთვის გადაცმულ მსახიობებს უთვალთვალებ. სადღაც ფრანგულის მასწავლებლის სახეც გაკრთება, რომლის გაკვეთილებიც „ერთი დიდი ტყუილია და ქაღალდის ნიღაბი“.

„ბატონ აღმზრდელებს და მასწავლებლებს სძინავთ, ან მკვდრები არიან, ანდა თავს იმკვდარუნებენ, ან გაქვავებულან, რა განსხვავებაა?! ყოველ შემთხვევაში, მათგან ხეირი არ არის“, – დაასკვნის რობერტ ვალზერის რომანის მთავარი გმირი, რომლის ამბებიც რაც უფრო რთულად გასაგები ხდება, მით უფრო მეტად გვიტოვებს იმ განცდას, რომ რაღაც კარგად ნაცნობს გადავეყარეთ – დიახ, სწორედ როგორც სიზმარში.

ვინ იტყვის, როდის იტყუება იაკობ ფონ გუნტენი? ან როდის თხზავს სინამდვილის იმ ვერსიას, რომელმაც მოწყენილობის საათები უნდა გადაატანინოს? „მშრალი სინამდვილე: ხანდახან რა გაიძვერაა. ისეთ რამეებს გპარავს, თვითონ რომ არაფერში სჭირდება“, – აღმოხდება ერთხელაც. ძნელია, არ დაეთანხმო, არ გაგახსენდეს, რაც გულს დაგაკლდა.

კიდევ რა შეიძლება მეთქვა წინა საუკუნის დასაწყისში დაწერილ ამ რომანზე? აი, გზა, რომელსაც ნელა უნდა გაუყვეთ. აი, გზისპირი, რომელსაც ყურადღებით უნდა დააკვირდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“