შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ტრენერთა სკოლამ „ტრენერის მომზადების ზოგად კურსზე“ რეგისტრაცია გამოაცხადა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შემუშავდა  „ტრენერთა სკოლის“ კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ახალი კვალიფიციური კადრების  შერჩევის, მომზადების, სერტიფიცირებისა და ტრენერების უწყვეტი  პროფესიული განვითარების პროცესს. აღნიშნული პროცესი გულისხმობს  ტრენერთა  მომზადებისა და გადამზადების ისეთი სისტემის  შეთავაზებას, რომელიც უზრუნველოფს პროფესიული განვითარების აქტივობების  ერთიანი მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. ასეთი სისტემის  შემუშავების საჭიროება გამოიწვია იმ გარემოებამაც, რომ ამ დრომდე მოქმედ ტრენერთა მომზადება ხდებოდა კონკრეტული მოდულის ფარგლებში და არ არსებობდა ტრენერის მომზადებისა და მისი პროფესიული განვითარების გრძელვადიანი ხედვა. „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდა   „სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით  და ათასწლეულის გამოწვევის  ფონდი – საქართველოსთან თანამშრომლობთ ხორციელდება.

დასახული მიზნების მისაღწევად „ტრენერთა სკოლის“ ფარგლებში შემუშავდა ტრენერის კომპეტენციების ჩარჩო, რომელიც ტრენერის პროფესიონალიზმის განმსაზღვრელ სტანდარტს წარმოადგენს და ტრენერის პროფესიულ საქმიანობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. იმავდროულად, „ტრენერთა კომპეტენციების  ჩარჩო“ ტრენერის შემდგომი პროფესიული  საქმიანობის  განვითარების  და  შეფასებისათვის გამოიყენება.

კომპეტენციების ჩარჩოზე დაყრდნობით შემუშავდა “ტრენერის  მომზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების წესი“, რომელიც განსაზღვრავს  ტრენერთა სერტიფიცირების და ტრენერთა  უწყვეტი პროფესიული განვითარების  პროცესსა და პროცედურებს.

სერტიფიცირების  მაძიებელი  პირებისთვის  არსებობს  სერტიფიცირების  სამი  გზა:

პირველი გზა სერტიფიცირების მაძიებელ პირს სთავაზობს გაიაროს  „ტრენერის მომზადების ზოგადი კურსი“. რომლის ფარგლებში მიიღებს ტრენერისათვის აუცილებელ ცოდნას, განუვითარდება პროფესიული უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბდება ის დამოკიდებულებები, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი, შედეგზე ორიენტირებული ტრენინგის ჩასატარებლად. მეორე და მესამე გზა კი არეგულირებს იმ პირების სერტიფიცირებას, რომლებსაც აქვთ ტრენერობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

 „ტრენერთა სკოლამ“ დაიწყო „ტრენერის მომზადების ზოგად კურსზე“ მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც განსაზღვრულია იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ან აქვთ ტრენერობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება. კურსზე დარეგისტრირებისთვის  სერტიფიცირების მაძიებელი პირი გაივლის კონკურსის ორ ეტაპს:

პირველ ეტაპზე  სერტიფიცირების მაძიებელი პირი, რომელსაც აქვს მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სწავლების გამოცდილება ან  ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ან სკოლის დირექტორის სერტიფიკატი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, კომისია განიხილავს შემოსულ  დოკუმენტაციას. საკვალიფიკაციო  მოთხოვნების დაკმაყოფილების  შემთხვევაში კომისიის   გადაწყვეტილებით სერტიფიცირების მაძიებელი პირი დაიშვება  ჯგუფურ ან ინდივიდუალურ გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით  დასრულების შემდეგ სერტიფიცირების მაძიებელი პირი დაიშვება „ ტრენერთა  მომზადების ზოგად კურსზე“.

„ტრენერის  მომზადების ზოგადი  კურსი“  80 საათიანია (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) და   სამ მოდულს შედგება: ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპები (1 კრედიტი), ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა (1კრედიტი) და ტრენინგ მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება (1 კრედიტი).

მოდულის „ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპები“ ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, ზრდასრულთა სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეძლებენ ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარ-ჩვევების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.

მოდულის “ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკი“ ფარგლებში  მონაწილე შეძლებს ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის გაცნობიერებას თანამშრომლობითი კულტურის დასამკვიდრებლად და დინამიური ჯგუფის ფორმირებისა და მართვის სტრატეგიების გამოყენებას ეფექტიანი  შეხვედრის ჩასატარებლად.

ხოლო რაც შეეხება მოდულს ტრენინგ მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება“ მონაწილეები დაეუფლებიან, მოდულის დაგეგმვის ძირითად პრინციპებს, შეფასების ფორმებსა და სახეებს, მოდულის განვითარების კანონზომიერებას, ასევე, შეძლებენ ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარ-ჩვევების პრაქტიკულ საქმიანობაში  გამოყენებას.

„ტრენერის მომზადების ზოგადი“ კურსი უფასოა. შერჩეული კანდიდატების დაფინანსებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ უზრუნველყოფს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ  უახლოეს მომავალში „ტრენერთა სკოლა“ რეგისტრაციას გამოაცხადებს იმ პირებისთვის, რომლებსაც 2 წელზე მეტი ხნით ტრენერობის გამოცდილება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას  შემდეგ სტატიაში მოგაწვდით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი