პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საბუნებისმეტყველო კლუბი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლება საშუალო საგანმანათლებლო სივრცეში, ერთიმხრივ, საინტერესოა, ხოლო მეორემხრივ- რთული, რადგან მზა ფორმულებისა და განმარტებების დამახსოვრება-ათვისებას მოითხოვს. 10-დან 15 წლამდე ასაკი უფრო მეტად ამ სფეროთა ინტერესებისა და გატაცებების ფორმულირების პერიოდია. სწორედ ამ ასაკში იწყებს მოსწავლე სამყაროს შეცნობას და ათვისებული მასალის ყოფა-ცხოვრებასთან ადაპტირებას. ამ პერიოდში ინტერესი გადამწყვეტია მომავალი პროფესიის ასარჩევად. თუმცა ზუსტ მეცნიერებათა მიმართ ინტერესი უნდა გავუღვივოთ ყველა მოსწავლეს, რომელსაც უჭირს, თავი გაართვას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სწავლების სქემას. საბუნებისმეტყველო საგნების ათვისების პროცესში უნდა მოხდეს საგნების გაერთიანება ინტეგრირებისთვის, რათა მოსწავლემ სამყარო ერთი თვალით შეიცნოს.

საბუნებისმეტყველო კლუბის დაფუძნების გამოცდილება აქვს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე დაწესებულებას -პოლონეთის სამეცნიერო ცენტრ “კოპერნიკს” [https://www.kopernik.org.pl]. ცენტრი დაარსების დღიდან ეწევა ფართო საქმიანობას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გასაღვივებლად. ამ საქმიანობის ერთ-ერთი მხარეა სასკოლო სივრცეში საბუნებისმეტყველო კლუბების დაარსება, გარკვეული პროგრამა-მასალით სკოლების უზრუნველყოფა, ასევე – პედაგოგების გადამზადება, “სამეცნიერო პიკნიკებისა” და ფესტივალების ორგანიზება. 2009 წლიდან დღემდე “პარტნიორები პოლონეთის ფონდი” და ვარშავის “კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი” პოლონეთის, საქართველოს, კენიის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ტაჯიკეთის სკოლებში აქტიურად ახორციელებენ ამ პროგრამას. იგი შექმნილია საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების მხარდასაჭერად და იძლევა მარტივი ექსპერიმენტების განხორცილების საშუალებას, რითაც ხელს უწყობს სასწავლო პროცესში მოსწავლეების უკეთ ჩართვას და დაინტერესებას.

კლუბი შეიძლება დაარსდეს სკოლის ბაზაზე; მის საათობრივ ბადეს ადგენს კლუბის ხელმძღვანელი, სკოლის პედაგოგი, საგაკვეთილო პროცესისგან დამოუკიდებელი სამუშაო დატვირთვით. კლუბში შეიძლება შეთანხმებულად მუშაობდნენ სამივე საგნის მასწავლებლები. იგი ღია უნდა იყოს არა მარტო საბუნებისმეტყველო საგნების მოყვარული, არამედ ყველა დანარჩენი მოსწავლისთვისაც.

საინტერესო და სასარგებლო მეცადინეობების ჩასატარებლად საჭიროა განსაზღვრული პირობები:

. მარტივი ექსპერიმენტები უსაფრთხო იყოს მოსწავლეებისთვის;

. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იყვნენ მარტივი საექსპერიმენტო მასალებით;

. ყველა ექსპერიმენტი იყოს საინტერესო;

. მეცადინეობები გათვლილი იყოს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეზე, მათი ასაკობრივი თავისებურებების მიხედვით;

. ექსპერიმენტები ეფუძნებოდეს მოსწავლეთა თეორიულ ცოდნას;

. მოსწავლეებს მიეცეთ ექსპერიმენტების დამოუკიდებლად, ხელმძღვანელის ინსტრუქციის მიხედვით ჩატარების საშუალება;

. მოსწავლეებს მიეცეთ დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანის საშუალება;

. კლუბში მეცადინეობის დროს მოსწავლეები უნდა კარგავდნენ დროის შეგრძნებას.

ვარშავის 91-ე გიმნაზიის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ქალბატონმა დოროტა ჯასინსკამ, მასპინძლობა გაუწია საქართველოდან მიწვეულ ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფს და რამდენიმე რჩევა მისცა კლუბის შექმნის მსურველ ქართველ პედაგოგებს. მის სკოლაში კლუბი წარმატებით ფუნქციობს, მოსწავლეები ინტერესით მონაწილეობენ მის საქმიანობაში. ქალბატონ ჯასინსკასთან ერთად მუშაობს ქიმიის მასწავლებელი. ისინი შეთანხმებულად ამზადებენ მიმდინარე მეცადინეობებს.

კლუბში 12-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები არიან გაერთიანებულნი. კლუბის მეცადინეობაზე ისინი გაკვეთილების შემდეგ რჩებიან კვირაში ერთხელ ან ორჯერ. აქ მიღებულ ცოდნას მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკზე წარმოაჩენენ, რომელიც ყოველწლიურად იმართება პოლონეთში. პიკნიკი ბუნების წიაღში მიმდინარეობს და მხოლოდ ერთი დღე გრძელდება. მასში მონაწილეობენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მეცნიერები, პედაგოგები, სტუდენტები, მოსწავლეები. ისინი კარვებში წარმოდგენენ მარტივ ექსპერიმენტებს, ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას.

“სამეცნიერო ფესტივალი” და “სამეცნიერო პიკნიკი” იმართება პოლონეთის სხვა ქალაქებშიც. მოსწავლეები გულმოდგინედ ემზადებიან მათთვის, პედაგოგებთან ერთად არჩევენ და გეგმავენ საინტერესო და უცხო ექსპერიმენტებს. საექსპერიმენტო მასალებს სკოლა ყიდულობს. ეხმარებიან მშობლებიც. გამოცემულია უკვე რამდენიმე საინტერესო სახელმძღვანელო, რომლებიც კლუბის წევრების სამაგიდო წიგნებს წარმოადგენს. კლუბში მოსწავლეები კარგავენ დროის შეგრძნებას და უჭირთ მეცადინეობის დამთავრება.

ქალბატონი დოროტას განმარტებით, საგაკვეთილო პროცესში ზოგჯერ ძნელია პროგრამიდან გადახვევა, ამიტომ კლუბში თავისუფალი მუშაობის პრინციპს მისდევენ.

საბუნებისმეტყველო კლუბის წევრები

დედაქალაქში არის 253-ე ბაგა-ბაღი, სადაც საბუნებისმეტყველო კლუბი ფუნქციობს.

ბაღის აღსაზრდელები პედაგოგების ხელმძღვანელობით ასუფთავებენ ეზოებსა და პარკებს, ორგანიზებას უწევენ დემოსტრაციებს “დავიცვათ ბუნება”, “ვიზრუნოთ გამწვანებაზე”, მართავენ სპეციალურ ღონისძიებებს და, ასაკის შესაბამისად, სამეცნიერო ექსპერიმენტებსაც კი. კლუბის მიზანია, ბავშვებს ბუნებრივი და ფიზიკური მოვლების სწორი აღქმა, მოვლენებზე დაკვირვება და ყოფა-ცხოვრებასთან ამ ცოდნის ადაპტირება შეასწავლოს.

საბუნებისმეტყველო კლუბები უკვე საქართველოს რამდენიმე რეგიონშიც დაარსდა. ვფიქრობთ, ახალბედა მასწავლებლებისთვის კარგი გზამკვლევი იქნება საიტი “ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი” [https://lesson.org.pl/], რომელიც პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორები – პოლონეთის ფონდისა” და სამეცნიერო ცენტრ “კოპერნიკის” ორგანიზებით შეიქმნა ქართველი პედაგოგებისთვის. საიტზე განთავსებულია ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა მოსწავლე ახალგაზრდებისთვის თბილისის მწვანე სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბი – https://naturescienceclub.blogspot.com/. მეცადინეობა კვირაში ორჯერ, გაკვეთილების შემდეგ იმართება. მოსწავლეები ითვისებენ საბუნებისმეტყველო საგნების საფუძვლებს, ეუფლებიან მარტივ ექსპერიმენტებს, ატარებენ კვლევებს, სწავლობენ მონაცემთა აღრიცხვის სხვადასხვა მეთოდს, ამზადებენ კონკურსებს “მე მიყვარს ექსპერიმენტები” და “პატარა მეცნიერი”, პრეზენტაციებს, პოსტერებს. კლუბი თანამშრომლობს საბავშვო-საყმაწვილო ჟურნალ “ჭიამაიასთან” და მისთვის სპეციალურ რუბრიკებს ამზადებს. კლუბის წევრები ემზადებიან “სამეცნიერო პიკნიკისთვის”, რომელიც გაისადაც გაიმართება. პირველად ის წელს, 29 სექტემბერს ჩატარდა ვაკის პარკში, ღია ცის ქვეშ, თბილისის მერიის, პოლონეთის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით.

[https://sciencepicnic.iliauni.edu.ge/kickstart/index.php/ka/]

მასწავლებლის განვითარება უწყვეტი, ციკლური პროცესია. პედაგოგი განათლების სისტემაში განუწყვეტლივ ეძიებს სიახლეს. ვიმედოვნებთ, საბუნებისმეტყველო კლუბები თანდათან მთელ საქართველოს მოედება და ქსელური კავშირები გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას მისცემს არა მარტო პედაგოგებს, არამედ მოსწავლეებსაც.

დავიწყოთ დღესვე და აქტიურად მოვემზადოთ მომავალი “სამეცნიერო პიკნიკისთვის”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი