პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

წყაროს ახალი სიცოცხლე

პრობლემის არსი და სიტუაციის ანალიზი:

სოფელი ახალსოფელი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 240 მეტრის სიმაღლეზე. ის ერთ-ერთი ქალაქთან ახლომდებარე და მაღალმთიანი სოფელია მუნიციპალიტეტში. ამიტომაც სოფელს მუდმივად ჰქონდა სასმელი წყლის პრობლემა, რამაც უფრო მწვავედ იჩინა თავი გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის ფონზე. მაღალი სიცხეები და ხანგრძლივი გვალვები ჭების დაშრობის მიზეზი ხდება. მოსახლეობა ამ დროს წყაროს წყლის იმედად რჩება.

სოფელში არსებულ წყაროს წყალთაგან ყველაზე წყალუხვი და გამოყენებისთვის ხელსაყრელი მდებარეობისაა წყარო, რომლის არსებობის შესახებაც ყველამ იცის არა მხოლოდ სოფელში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში. ხალხში არსებობს მოსაზრება, რომ წყარო სამკურნალო თვისებებისაა, რომ ის კურნავს კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს. შესაბამისად ადამიანები ახლომდებარე სოფლებიდან და ქალაქიდან ხშირად სტუმრობენ მას და იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას.

წყაროს წყალი მთელი მისი არსებობის მანძილზე უკონტროლოდ, განუსაზღვრელი რაოდენობით იღვრება, რაც თავის მხრივ აჭაობებს მიმდებარე ტერიტორიას, რითაც გარკვეულ ზიანს აყენებს გარემოსაც. ტერიტორია არ სუფთავდება და ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია სოფელში.

წლების წინ (დაახლოებით 20-25) აღნიშნული წყაროს წყლით მარაგდებოდა სოფლის სკოლის საცურაო აუზი, სადაც ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბის შეჯიბრებები იმართებოდა ცურვაში. ამჟამად აუზი არ ფუნქციონირებს, მაგრამ ექვემდებარება რეაბილიტაციას. აქვე შევნიშნავთ, რომ დღეისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არსებობს საცურაო აუზი. მოსწავლეების უმრავლესობამ არც კი იცის ცურვა.

პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა მოზარდებში ასე ხშირია ჭარბი წონა, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა დაავადებები. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ფასდაუდებელი ღირებულება ექნება საცურაო აუზს, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტულ-გამაჯანსაღებელთან ერთად სამკურნალო ფუნქციასაც შეიძენდა. საცურაო აუზით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ არა მხოლოდ ახალსოფლის, არამედ ახლომდებარე 4 სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც (დაახლოებით 800 მოსწავლეს).

ზემოთ ნახსენები წყაროს წყლის გამოყენებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდგომ შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი პრობლემის მოგვარებაც. მაგალითისათვის, სახანძრო რაზმებს, რომლებიც ძირითადად მდინარის წყლით მარაგდებიან (რაც ზაფხულის პერიოდში გართულებულია მდინარეთა დაშრობის გამო და გაცილებით შორ მანძილზე უწევს გადაადგილება, ვიდრე ჩვენი წყაროს წყალია), საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ წყლის მარაგი შეავსონ წყაროს ან საცურაო აუზში დაგროვილი წყლით, რაც შეუფერხებელი ფაქტორი იქნება სახანძრო სამსახურის ეფექტური მუშაობისათვის.

რა გაკეთდა:

ახალსოფლის საჯარო სკოლა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მცირე გარემოსდაცვით ღონისძიებებს. 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში სკოლაში განხორციელდა გოეთეს ინსტიტუტის პროექტი „Vernetzt fuer Nachhaltigkeit” – “გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“. სკოლაში ერთი კვირით მოავლინეს პრაქტიკანტი, ვენის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ბერნდ ჰოსტიცკი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად განახორციელა სხვადასხვა აქტივობები. სკოლის ფოიეში გაკეთდა სტენდი, სადაც განთავსდა მოსწავლეთა მიერ დახატული წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სურათები ქართულ-გერმანულენოვანი მოკლე ტექსტებით. ხელოვნების ოთახში მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა „ყველა ნივთი ძვირფასია“, სადაც გამოფინეს მეორადი მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები. პროექტის ფარგლებში სკოლის ეკოკლუბმა მოაწყო ექსკურსია კოლხეთის ტყე-პარკში. ეს იყო პალიასტომი-ფიჩორის მარშრუტით 3 საათიანი მგზავრობა გემით გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მიზნით. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მოგვეცა შესაძლებლობა ფოტოებზე აღგვებეჭდა იშვიათი სახეობის ფრინველები.

შევიძინეთ 14 ძირი დეკორატიული ქოთნის ნაძვები და ხელოვნების ოთახში მოვაწყვეთ მწვანე კუთხე. პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც საკუთარ ეზოებიდან სკოლას უსახსოვრეს რცხილის ნერგები, რომლებიც დაირგო სკოლის ეზოში. ასევე სოფლის მოსახლეობამ მოსწავლეებთან ერთად დაამზადა ბამბუკის ხისგან ბუნგალოს ტიპის პატარა სახლი და დაიდგა წყაროს წყლის ახლოს, სადაც შესაძლებელია დასვენება და წყაროს წყლის მირთმევა.

სამიზნე ჯგუფის მიერ განხორციელდა წყაროს წყლის ქიმიურ-ლაბორატორიული გამოკვლევა, მოსწავლეებმა მიმართეს შესაბამის ქიმიურ ლაბორატორიას, სადაც მათი მონაწილეობით მოხდა წყლის შემადგენლობის შესწავლა. გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ წყაროს წყალს არ გააჩნია სამკურნალო თვისებები და ის გრუნტის ჩვეულებრივი, ეკოლოგიურად სუფთა წყალია.

ეკოკლუბის წევრებმა მიმართეს ადგილობრივი თემის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს და მათი დახმარებით დასუფთავდა წყაროს წყლის მიმდებარე ტერიტორია. ტერიტორია პირველი აქციის შემდგომ პერიოდულად სუფთავდება. დაიდგა სანაგვე ურნები, გაკეთდა ბამბუკის ბუნგალო და სანიშნეები. ბუნგალოსა და სანიშნეების მომზადებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. დამზადდა და სოფლის მაცხოვრებლებს დაურიგდა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტების წყაროს წყლის შემადგენლობის შესახებ.

  1. შედეგები:

ა. სკოლის ახლოს მდებარე, დაბინძურებული ადგილი გადაიქცევა მოსწავლეთათვის სასურველ და მიმზიდველ გარემოდ;

ბ. დაიმსხვრა მითი წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ;

გ. გატარდება შესაბამისი ღონისძიებები წყლის უკონტროლო ღვრის შეწყვეტისათვის;

დ. სკოლის საცურაო აუზთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართვის, ასევე დონორი ორგანიზაციების მოძიების შემთხვევაში მოხდება სკოლის ღია საცურაო აუზის რეაბილიტაცია, რომლითაც ისარგებლებენ სოფელ ახალსოფლისა და მიმდებარედ არსებული 4 სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები;

ე. სახანძრო რაზმებს ექნებათ წყლით მომარაგების დამატებითი წყაროები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი