შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მე უნდა ვიყო თვითკრიტიკული

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში თვითკრიტიკულობა ეფექტური სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სწავლების ტრადიციული მოდელები ნაკლებად იყო ორიენტირებული სასწავლო პროცესისა თუ შედეგების ანალიზსა და კრიტიკაზე, სწავლების თანამედროვე ფორმები კი ამ ორი ელემენტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

სწავლისა და სწავლების თეორიების თანახმად, თვითკრიტიკული სწავლების ევოლუცია სამ ეტაპად მოხდა. ტრადიციული, ქცევითი მოდელი, მასწავლებლის უნარ-ჩვევებსა და სასწავლო პროცესის წარმართვის ტექნიკურ მხარეზე იყო ორიენტირებული. ამ მოდელის ფარგლებში, მოსწავლეები სასწავლო მასალას ზუსტად ისე ითვისებდნენ, როგორც წარმოდგენილი იყო, ყოველგვარი ანალიზისა და მსჯელობის გარეშე.

მეორე, კოგნიტივისტური მოდელი შედარებით კომპლექსურია და მასწავლებლის მხრიდან სასწავლო პროცესისადმი ანალიტიკურ მიდგომას მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მოსწავლეებს, მასალის ათვისების გარდა, მისი ანალიზი მოეთხოვებათ.

მესამე, ინტერპრეტაციული მოდელი კი, ანალიზთან ერთად, კრიტიკულ დამოკიდებულებას მოითხოვს, როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეთა მხრიდან. 1987 წელს ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა, დონალდ შონმა ტერმინი “ანალიტიკური პრაქტიკა” დანერგა, რომლის თანახმადაც, პრაქტიკოსმა სპეციალისტმა მუდმივად უნდა გადახედოს თავის გამოცდილებას და პროფესიონალ კოლეგებთან კოორდინაციის შედეგად გააუმჯობესოს თავისი პროფესიული საქმიანობა. ამ ცნების დანერგვისთანავე, ბევრმა სკოლამ თუ უნივერსიტეტმა ანალიტიკური პრაქტიკის კონცეფციაზე ააგო მასწავლებლის პროფესიული განათლებისა და განვითარების პროგრამები.

მასწავლებელი სწავლების ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, რაც პირველი, ბიჰევიორისტული მოდელის ძირითადი მოთხოვნაა, სამუშაო პრაქტიკის პირველივე წლებში იძენს. ამ პერიოდშივე ეცნობა ის სასწავლო პროცესში წარმოქმნილ ტიპურ სირთულეებს. გარკვეული გამოცდილების მიღებისა და სირთულეების დაძლევის შემდეგ კი, მასწავლებელი, ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენასთან ერთად, სწავლების ინდივიდუალურ სტილს ივითარებს და შესაბამისად, სწავლების კოგნიტივისტურ დონეზე გადაინაცვლებს. ამ მოდელზე გადასვლა, ერთი მხრივ, წინ გადადგმული ნაბიჯია სწავლების მესამე, ინტერპრეტაციულ დონეზე გადასანაცვლებლად, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, ის დამაბრკოლებელი ფაქტორიც გახდეს, თუ მასწავლებელი ინდივიდუალური სწავლების სტილის ჩარჩოებში მექანიკურად მოაქცევს სასწავლო პროცესში შექმნილ ნებისმიერ სიტუაციას.

სწავლების მესამე, ინტერპრეტაციული მოდელი ყველაზე კომპლექსურია და მასწავლებლისგან იმის ზუსტ ცოდნას მოითხოვს, თუ როდის უნდა იმოქმედოს, რა ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს და როგორ ახსნას მასალა, როდის გააკეთოს რეაგირება მოსწავლის ქცევაზე, რა და როგორ შეაფასოს და გააანალიზოს, იმისათვის, რომ შეცვალოს ან გააუმჯობესოს სწავლების პროცესი. სწორედ ამ დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს თვითკრიტიკულობა და მუდმივი პროფესიული ზრდისკენ მისწრაფება. განათლების თანამედროვე სტანდარტები, დღეს, ისე, როგორც არასდროს, მოითხოვს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას. საამისოდ კი, პირველ რიგში, მასწავლებელს უნდა შეეძლოს თავად იაზროვნოს კრიტიკულად და მოსწავლეებსაც განუვითაროს ეს უნარ-ჩვევა.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის თვითკრიტიკულობა სწორი მიმართულებით უნდა განვითარდეს, რათა დადებითის ნაცვლად უარყოფითი შედეგი არ მივიღოთ. თუ მასწავლებელმა თვითკრიტიკულობის სწორი მეთოდების გამოყენება არ იცის, კრიტიკამ, შესაძლოა, ისეთი რისკების წინაშე დააყენოს, როგორიცაა თავდაჯერებულობის, კოლეგების თუ ხელმძღვანელობის მხარდაჭერის დაკარგვა, მოსწავლეების ან მშობლების მხრიდან მის მიმართ ნდობის შესუსტება.

თვითკრიტიკის სფერო და მეთოდები

თვითკრიტიკულობის მიზანი მასწავლებლის ტექნიკურ და ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებზე, მოსწავლე-მასწავლებლის კითხვა-პასუხზე, დროის მართვაზე, გაკვეთილის წყობაზე, მასალის ახსნის და განმტკიცების ტექნიკაზე, აქტივობების ტიპებზე დაკვირვება და მათი გარჩევაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც თვითკრიტიკის მეთოდებს აქტიურად იყენებენ, ბევრად უფრო კარგ შედეგებს იღებენ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.

პროფესიული განვითარებისთვის მხოლოდ გამოცდილება არ არის საკმარისი. მასწავლებელი ყველაზე უკეთ ხედავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, თუმცა ამ პროცესის ინტერპრეტაცია ყველა მასწავლებელს არ შეუძლია. იმისათვის, რომ ის თვითკრიტიკული იყოს, პირველ რიგში, მას უნდა შეეძლოს თავისი ქმედებების ობიექტურად შეფასება, ჰქონდეს დაკვირვების, ექსპერიმენტის ჩატარების, ადაპტირების, კვლევის, ანალიზის, პრობლემის გადაჭრის, ინოვაციის დანერგვის უნარ-ჩვევები.

თვითკრიტიკულობის მეთოდები

თვითკრიტიკულობა ინტუიციური უნარ-ჩვევაა, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ თვითკრიტიკული სწავლების კლასიკურ მეთოდებს. სწავლისა და სწავლების თეორიაში თვითკრიტიკულობის ორი მიდგომაა გავრცელებული: კვლევითი და ანალიტიკური. ანალიტიკური მიდგომა, თავის მხრივ, ორ მიმრთულებად იყოფა: ანალიზი პროცესის მიმდინარეობისას და პროცესის შემდგომი ანალიზი.

კვლევითი მიდგომა

კვლევითი მიდგომა, რომლის ფუძემდებელი გახლავთ გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგი კურტ ლევინი (1946), გულისხმობს დაგეგმილი ქმედებების სისტემატურ განხორციელებას. კონკრეტული ქმედებების დასახვა კი გარკვეული მონაცემების გაანალიზების შედეგად ხდება. მოქმედებათა სისტემური განხორციელება თანმიმდევრულ პროცესს გულისხმობს. კვლევითი მიდგომა მონაცემთა შეგროვების, დაკვირვების, გაანალიზების, ქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების, განმეორებითი ანალიზისა და დაგეგმვის ეტაპებს მოიცავს. ავსტრალიელი ლინგვისტი დევიდ ნუნანი აღნიშნავს, რომ კვლევითი მიდგომა მაშინ ატარებს აუთენტური კვლევის სახეს, როცა მისი მიმდინარეობა და შედეგები ღია განხილვის საგანი ხდება. ეს შეიძლება განხორციელდეს პუბლიკაციის, საკონფერენციო პრეზენტაციის ან შიდა-სასკოლო ანგარიშის სახით.

კვლევითი მიდგომის უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: ჰონკონგში 38 საშუალო სკოლის მასწავლებლებმა განახორციელეს შეფასებითი კვლევა იმის გასარკვევად, თუ რატომ ამბობდნენ უარს მოსწავლეები ზეპირსიტყვიერ პრაქტიკაში მონაწილეობის მიღებაზე. პირველ რიგში, მასწავლებლებმა შეაგროვეს ასეთი შემთხვევების მაგალითები და წარმოადგინეს მათი სიტუაციური აღწერა; შემდეგ დასახეს სტრატეგიები პრობლემის დასაძლევად, რომელთა პილოტირებაც ოთხი კვირის განმავლობაში განახორციელეს. პილოტირების პროცესში ყველა მათგანი აწარმოებდა დაკვირვებებს, აკეთებდა ჩანაწერებს და აანალიზებდა ცვლილებებს. საპილოტე პერიოდის დასასრულს თითოეულმა მასწავლებელმა გაკვეთილის ვიდეო-ჩანაწერი მოამზადა. მათ ერთობლივად გააანალიზეს გამოყენებული სტრატეგიები, ბოლოს კი შეადგინეს ანგარიში, სადაც აღწერეს პრობლემა, სტრატეგიების განხორციელების პროცესი და მათი შეფასება. ანგარიშის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი დასკვნა პროგნოზირებადი იყო, ხოლო ზოგი _ მართლაც მოულოდნელი და აუცილებლად გასათვალისწინებელი. შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები ზეპირსიტყვიერ ვარჯიშში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ ენის ცუდად ცოდნისა და შეცდომების დაშვების შიშის გამო. დისკომფორტის შეგრძნება, მოსწავლის პასუხის მოლოდინში მასწავლებლის ხანგრძლივი სიჩუმე, მოსწავლეთა რიგითობის არასწორად გადანაწილება, შეკითხვების გაუგებრად დასმა ზეპირსიტყვიერ ვარჯიშში მოსწავლეთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის უშუალო მიზეზები იყო.

როგორც დევიდ ჰოფკინსი (1985), განათლების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ლონდონის უნივერსიტეტში, აღნიშნავს, კვლევითი პროექტის განხორციელებისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მასწავლებლის ძირითადი მოვალეობა სწავლებაა და კვლევის მასშტაბმა მის საქმიანობას ხელი არ უნდა შეუშალოს.

კვლევითი მოდელისგან განსხვავებით, ანალიტიკური მიდგომა თვითკრიტიკის უფრო მოქნილი ფორმაა, ნაკლებ დროს მოითხოვს და ცვლილებებისა და შესწორებების უფრო მოკლე დროში განხორციელების საშუალებას იძლევა.

ანალიტიკური მიდგომა

განათლებისა და სწავლა-სწავლების თეორეტიკოსები ანალიტიკურ მოდელში გულისხმობენ მასწავლებლის მიერ საკუთარი გამოცდილების გაანალიზებას და მიზნის მისაღწევად ტრადიციულისგან განსხვავებული, ალტერნატიული გზების დასახვას. ბარლეტი აღნიშნავს, რომ თვითკრიტიკულობა სწავლების ტექნიკაში დახელოვნების ჩარჩოებს სცდება. თვითკრიტიკული მასწავლებელი სასწავლო პროცესისთვის მომზადებისას სვამს არა მხოლოდ შეკითხვას: “როგორ?”, ასევე შეკითხვებს: “რა?” და “რატომ?”. ასეთი მიდგომით მასწავლებელი არა მხოლოდ კრიტიკულად აფასებს თავის საქმიანობას, არამედ გარკვეულ ავტონომიასა და კონტროლსაც მოიპოვებს.

როგორც აღვნიშნეთ, ანალიტიკურ მოდელში ორი მიმართულება მოიაზრება:ანალიზი პროცესის მიმდინარეობისას და პროცესის შემდგომი ანალიზი. პირველი მეთოდი უფრო სპონტანური, ინტუიციური ხასიათისაა. თვითკრიტიკულობის ეს ფორმა ერთგვარად პირადი და არასაჯაროა. მასწავლებელი გეგმას გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესშივე ცვლის. პროცესის შემდგომი ანალიზი მოქმედებაზე დაკვირებას, შეფასებას, ცვლილებების განხორციელების მიზნად დასახვას და შემდგომ ქმედებას მოიცავს. შესაბამისად, თვითკრიტიკულობის ეს ფორმა უფრო ინტერპერსონალური და კოლეგიალურია და მასწავლებელთა პროფესიული განათლების პროგრამების ყურადღების ცენტრში ხვდება. მასწავლებლები, რომლებმაც პროცესის ანალიზის ტექნიკა შეისწავლეს, აღნიშნავენ, რომ ბევრი ისეთი რამ დაინახეს საკუთარი სწავლების სტილში, რასაც მანამდე გაუცნობიერებლად აკეთებდნენ.

სასწავლო პროცესის გაანალიზებისას თვითკრიტიკული მასწავლებელი ოთხ ძირითად ტექნიკას იყენებს:ჩანაწერების წარმოება; ანგარიშები; კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება და ანალიზი; გაკვეთილების ჩაწერა და ანალიზი.

ჩანაწერების წარმოება

ამ მეთოდის თანახმად, მასწავლებელი ჩანაწერებში აღწერს გაკვეთილის მიმდინარეობას, კონკრეტულ სიტუაციას ან მოვლენას, განსაკუთრებულ შემთხვევებს და გამოცდილებას. მასწავლებელს შეუძლია ჩანაწერები ინდივიდუალურად აწარმოოს, თუმცა არსებობს მათი წარმოების კოლაბორციული მეთოდიც, როცა ორი ან რამდენიმე მაწავლებელი ერთმანეთს ჩანაწერებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებს.

მასწავლებლები, რომლებიც თვითკრიტიკის ამ ხერხს იყენებენ, აღნიშნავენ, რომ ჩანაწერების წარმოებისას მათ ისეთი ნიუანსები ახსენდებათ გაკვეთილის პროცესიდან, რომლებსაც, სხვა შემთხვევაში, უყურადღებოდ დატოვებდნენ. ასევე, დასტურდება, რომ ჩანაწერების წარმოება ხელს უწყობს მასწავლებლის შემოქმედებითობის განვითარებას და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების საფუძველი ხდება.

ანგარიშები

ანგარიში გამოიყენება კონკრეტული სასწავლო მეთოდის და ტექნიკის შეფასებისთვის. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს კითხვარს გაკვეთილის გეგმისა და დაგეგმილი აქტივობების გათვალისწინებით. სასწავლო ტექნიკის შეფასების ეს მეთოდი იმითაა მოსახერხებელი, რომ სწავლების ეფექტურობის დინამიკაში დაკვირვების საშუალებას იძლევა. შევსებული კითხვარების გაანალიზებით მასწავლებელი დაინახავს, თუ რამდენად გააუმჯობესა ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენება, რომელი აქტივობა უფრო ეფექტურია და რომელი ნაკლებ წარმატებულია, რამდენად მიიღწევა სასწავლო გეგმის მიზნები და ა.შ.

პირადი ანგარიშგების ასეთი ფორმა საშუალებას იძლევა, რომ პედაგოგმა საკუთარი შედეგები კოლეგებისას შეადაროს.

გაკვეთილზე დასწრება

გაკვეთილზე დასწრებამდე რეკომენდებულია გაკვეთილის გეგმის წინასწარ გაცნობა, მოსწავლეთა დონეებისა და სწავლის სტილის, კლასში არსებული სირთულეების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიღება. კოლეგის გაკვეთილზე დაკვირვებისას აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჩანაწერები და მათი განხილვისთვის გაკვეთილის დასრულებისთანავე უნდა შედგეს მოკლე შეხვედრა დამკვირვებელსა და გაკვეთილის წამყვან მასწავლებელს შორის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასწავლებლები, რომლებიც კოლეგების გაკვეთილებს დაესწრნენ, უფრო თვითკრიტიკულები გახდნენ. მათ გააცნობიერეს, თუ რა მიმართულებითაა საჭირო სწავლების პროცესის ანალიზი. მათთვის უფრო მისაღები გახდა სხვისი კრიტიკაც.

გაკვეთილების ჩაწერა და ანალიზი

სწავლების სიღრმისეული შეფასებისთვის გამოიყენება გაკვეთილების აუდიო ან ვიდეო ჩაწერის ტექნიკა. როგორც აღვნიშნეთ, წერილობითი ანგარიშები და ჩანაწერები ეფექტური ხერხებია, თუმცა ვინაიდან შეუძლებელია მასწავლებელმა დააფიქსიროს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კლასში ხდება, აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გამოყენებით სასწავლო პროცესის ბევრად მეტი ასპექტის გაანალიზებაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია ისეთი დეტალებიც გააანალიზოს, როგორიცაა ღია და დახურული შეკითხვების გამოყენების პროპორციულობა, ან ძლიერი და სუსტი მოსწავლეებისთვის დათმობილი დროის ბალანსი.

მართალია, გაკვეთილის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერების გაკეთება ანალიზისთვის მდიდარ მასალას გვაძლევს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩანაწერების ხშირად გაკეთებამ, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოახდინოს კლასში გაკვეთილის მიმდინარეობაზე. მაგალითად, შესაძლოა, ზოგიერთი მოსწავლე უფრო გააქტიურდეს, ხოლო ზოგიერთი უფრო პასიური გახდეს. ამიტომ, ამ ტექნიკის გამოყენებისას, სასურველია, გარკვეული პერიოდულობის დაცვა.

ჩამოთვლილი მეთოდების გარდა, რეკომენდებულია მოსწავლეთა გამოკითხვა და მათი მოსაზრებების გაცნობა. მათი ხედვა განსხვავებულ და ღირებულ პერპექტივას შესძენს მასწავლებლის მუშაობის შეფასებას.

თვითკრიტიკულობა, კვლევითი და ანალიტიკური შეფასების მეთოდების სწორად გამოყენების შემთხვევაში, თვითგანვითარების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, დასასრულს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითკრიტიკულობისთვის მასწავლებელს სათანადო ხელშეწყობა სჭირდება სკოლის ადმინისტრაციისგან. თუ თვითკრიტიკის შედეგებში სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლის არაკომპეტენტურობაზე გააკეთებს აქცენტს და არა განვითარების პოტენციალზე, ცხადია, მასწავლებელი არ დაინტერესდება ობიექტური თვითშეფასებითა და კრიტიკით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი