პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სხვა ზოოპარკი

სევდიანი განწყობით ჩასულს აქ წარმოუდგენელი ჯადოსნობები დამხვდა: ბოხუმი ის ქალაქია, სადაც სახლთან ციყვი გადაგირბენს და მერე რომელიმე მაღალ ხეზე აძვრება. მწვანე ბალახი უჩვეულოდ თუ ირხევა, მოსალოდნელია, კურდღელმა ამოყოს თავი. დილით ჩიტების ხმა გაღვიძებს და არა- მანქანების და შენც იძულებული ხარ მშვიდად იყო, სხვანაირად არ გამოვა, ვერ აფორიაქდები, ვერ ინერვიულებ. ორ- სამსართულიანი სახლები სხვენებით და გამწვანებული, მოვლილი ეზოებით გარწმუნებენ, რომ აქ ადამიანებს საკუთარი ქალაქი უყვართ. საკუთარი ქალაქის სიყვარული ცხოვრების სიყვარულს ჰგავს. ყველა და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ აქ აუცილებლად ბედნიერი უნდა იყო. 

გავხსენი ჩემოდანი, ამოვალაგე ჩემი თბილისური ნივთები და გამეღიმა: დღევანდელ მოცემულობაში ყველა კაბა, ყველა პერანგი, ყველა შარვალი უმწეო იყო, იმათაც ძალიან შესცივდებოდათ ამ გერმანულ სექტემბერში.

როგორც იქნა დავლაგდი, მოვეწყე და სწავლის დაწყებამდე დორტმუნდის მონახულება გადავწყვიტე. როგორც ცხოველების მოყვარულს, დიდი ხანია, იქაური ზოოპარკი მაინტერესებდა.

ბოხუმისთვის უჩვეულო, მზიანი დღე გათენდა, მაგრამ აქაურმა ამინდმა უკვე დამარწმუნა, როგორი არასანდოა- დღეში რამდენჯერმე ელვისუსწრაფესად იცვლება. წავიყოლე საწვიმარი. წავედი მერგელთაიხშტრასეზე, გადავიხადე 8 ევრო და შევედი.

ზოოპარკი კი არა, ნამდვილი, უღრანი ტყე არის- მეთქი, გავიფიქრე და უღრანი ტყისთვის შეუფებელ მოკირწყლულ ბილიკს გავუყევი. მაღალი, უძველესი ხეები თვალუწვდენელი კენწეროებით და ამ ფონზე ფრინველების და ცხოველების ხმაური ისეთი იდუმალია, თითქოს სხვა სამყაროში ამოყავი თავი, თითქოს ჰოგვორთსის აკრძალულ ტყეში მოხვდი და არიქა, სადაცაა კენტავრს გადაეყრები.

კენტავრები, სამწუხაროდ, დორტმუნდის ტყე- პარკში არ ბინადრობენ. მაგრამ 230 სახეობის 1500- ზე მეტი ცხოველის მონახულება კი ნამდვილად შეგიძლია: სუმატრელი ორანგუტანები, კალიფორნიელი ზღვის ლომები, ანგოლელი, თვალებფახულა ჟირაფები თუ ევრაზიელი გარეული კატები გრძელი, წვრილი თვალებით. ყველა ცხოველს განსაკუთრებული პირობები აქვს შექმნილი, რომ ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორი ბედნიერიც იყო ან იქნებოდა ბუნებრივ გარემოში.

აქ სპეციალური, გადახურული სივრცეებიც კი არაურბანულად გამოიყურება. პირველყოფილ მყუდროებას და მაგიას არაფერი უნდა არღვევდეს. ბავშვების ჟივილ- ხივილი და ზოოქიფერების ტუტორიალებიც კი ბუნებრივად ერწყმის გარემოს. შემოდგომის არდადეგებზე, რომელიც აქ, როგორც წესი, ოქტომბრის დასაწყისში იწყება, ბავშვებთან ერთად დიდი დღესასწაულიც შეგიძილა, გამართო. აქაური ზოოპარკის პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტიპის შემეცნებაზე, რომელიც აუცილებლად იქნება მხიარული. ბავშვებს მხიარულება უყვართ. რამდენიმე ვიგვამი რომ წამოჭიმონ ზოოპარკში და სახეც ინდიელებივით მოიხატონ, აქ არავინ გაუწყრებათ.

მთელ ტერიტორიას რომ მოივლი, ყველა ხეს დაუმეგობრდები, ვოლიერებთან აღმართულ ყველა სახალისო სტენდს წაიკითხავ, რომელსაც მხიარული ფუტკრები გიამბობენ, ფოტებსაც გადაიღებ და ჟირაფების მაღალ კისერზე მეტად უზარმაზარი თვალები აღგაფრთოვანებს, ვიკინგური ჰაბიტუსის მქონე კარლის მხიარულ ისტორიებსაც მოისმენ ორანგუტანების ოინების შესახებ და მუჭისხელა მაიმუნის სახელის დამახსოვრებას უშედეგოდ ეცდები, აუცილებლად დაჯექი იქვე, ზოოპარკში მდებარე ღია კაფეში “Waldschenke”, შეუკვეთე ვაშლის ნამცხვარი და ჩაი რომით, საწვიმარი მოიხურე, ჩათბუნდი, მზე კი ანათებს, მაგრამ სექტემბერია, ცივა და ცხელი ჩაიც ჯერ არ მოუტანია ულვაშებიან, მოღიმარ მიმტანს. აღარ შეგახსენებ, რომ აუცილებლად კარგ რამეებზე უნდა იფიქრო. სხვანაირად აქ არ გამოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი