სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

აქტიური მშობელი – სტერეოტიპის ცვლილება

წლების წინ მშობლების მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში მკაცრად შეზღუდული იყო და რამდენიმე სახით გამოიხატებოდა:

  • მშობელი დადიოდა კრებაზე და/ან დაბარების შემთხვევაში მიდიოდა სკოლაში;
  • სურვილის მიხედვით, მიჰყვებოდა შვილს ექსკურსიაზე;
  • მონაწილეობდა სკოლის დასუფთავებაში;
  • სასკოლო საჭიროებებისთვის ხელზე აგროვებდა თანხას ან მონაწილეობდა ამ პროცესში.

ასეთი მიდგომა საბჭოთა კავშირში და მის შემდეგ წლებში მოქმედებდა, რამაც საბოლოოდ მყარი სტერეოტიპი შექმნა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს აქტიური მშობელი სკოლაში. აქტიურად ის მშობელი ითვლებოდა, რომელიც ყოველდღიურად დადიოდა სკოლაში, ასრულებდა ლიდერი მშობლის ფუნქციას. მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, ბავშვის აზრი მშობლებსა და მასწავლებლებს ნაკლებად აინტერესებდათ. მშობლების უმრავლესობა იშვიათად აძლევდა შვილს აზრის გამოთქმის შესაძლებლობას, არ უსმენდა მას და პირდაპირ ასრულებდა სკოლის თანამშრომელთა მითითებებს. ცდილობდა, გაემართლებინა არა საკუთარი შვილის, არამედ მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორის მოლოდინი, მაშინაც კი, თუ ის ეწინააღმდეგებოდა პოზიტიური მშობლობის პრინციპებს. აქტიური მშობლების მიმართ სკოლის თანამშრომელთა მოლოდინებიც სწორედ ასეთი იყო. თუ მშობლის ჩართულობა სცდებოდა მასწავლებლის, დირექტორის მოლოდინს, უმეტესად მის მიმართ კეთილგანწყობა იკლებდა, არასასურველი გარემო იქმნებოდა და შესაძლოა, „ინტრიგანი“ მშობლის იარლიყიც დაემსახურებინა, რაც მაშინდელ, საბჭოთა საზოგადოებაში უმძიმესი სატარებელი იყო.

რა შეიცვალა მას შემდეგ? რა ხდება დღეს? როგორია აქტიური მშობლის თანამედროვე გაგება? როგორია მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების მოლოდინი მშობლების მიმართ და პირიქით, რა მოლოდინებით მიდიან მშობლები სკოლაში?

დღეს მასწავლებელსა და მშობელს ერთმანეთის მიმართ თანამშრომლობის მოლოდინი აქვთ. მოქმედი კანონმდებლობით მოსწავლის მშობელი სკოლის სრულფასოვანი პარტნიორია. ზოგადი განათლების შესახებ კანონით, მას აქვს აზრის გამოთქმის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება. შეუძლია, პირადად ჩაერთოს სხვადასხვა სასკოლო გამოწვევის გადაჭრაში; მონაწილეობა მიიღოს სასკოლო აქტივობებში ან დაგეგმოს და განახორციელოს განმავითარებელი აქტივობები სკოლის ტერიტორიაზე თუ მის მიღმა; საჭიროების შემთხვევაში, პედაგოგს და დირექტორს დაუსვას შეკითხვები სახელმძღვანელოს, სასწავლო მეთოდოლოგიის, პედაგოგიური მიდგომების თუ სხვა აქტუალური თემების შესახებ; მონაწილეობა მიიღოს კვლევებში და ასევე, საჯაროდ გამოხატოს მოსაზრებები მიმდინარე რეფორმის, განათლების სისტემისა თუ სხვა აქტუალური საკითხის შესახებ; თავად დაიცვას და სკოლის თანამშრომლებისგანაც მოითხოვოს თავაზიანი მოპყრობა, ნეიტრალურობის დაცვა და არადისკრიმინაციულობა; გახდეს მოხალისე მშობელი და დანერგოს არაფორმალური განათლების კომპონენტი სკოლაში.

წარსულისგან განსხვავებით, დღესდღეობით, მასწავლებლების მსგავსად მშობლებსაც უამრავ რესურსზე მიუწვდებათ ხელი. მშობლების ნაწილი სწავლობს პოზიტიურ მშობლობას, შვილთან კომუნიკაციას, ბავშვის განვითარების ასაკობრივ თავისებურებს, ქცევის მართვას; ისმენს ფსიქოლოგებისა და ცნობილი პედაგოგების ლექციებს აღზრდისა და პედაგოგიური მიდგომების შესახებ; კითხულობს, უყურებს, აკვირდება განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას და ავლებს პარალელებს.

დღესდღეობით ფრაზა მშობელთა ჩართულობა გულისხმობს დედის/მამის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობის უფრო ფართო გაგებას, ვიდრე ეს იყო წარსულში. სასკოლო ცხოვრებაში მონაწილე მშობელი ნიშნავს ბავშვზე მზრუნველ, საიმედო, კარგ მოქალაქეს, თავისუფალ ადამიანს, რომელმაც კარგად იცის თავისი და სხვისი უფლებები და მოვალეობები. რამდენად მზრუნველი და აქტიურია მშობელი, განისაზღვრება იმით, თუ რას აკეთებს დედა/მამა ბავშვთა განვითარებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა; რას აკეთებს იმისთვის, რომ მისმა შვილმა და სხვა ბავშვებმა მაქსიმალურად მიიღონ სკოლიდან ის, რაც მათ სჭირდებათ და ეკუთვნით. რას აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ადამიანური რესურსით დაეხმაროს სკოლას განვითარებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა წარსულისა და მძიმე 90-ანი წლების შემდეგ თითქმის 25 წელი გავიდა, სკოლებში დღემდე აქტუალურია მშობელთა ჩართულობის ტრადიციული გაგება, ხოლო თანამედროვე დეფინიციის შინაარსს დამკვიდრება უჭირს. წარსულ საზოგადოებაში არსებული ტრადიციების, ცხოვრების წესისა და სხვა ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული აზროვნების ფორმის ცვლილება ადვილი არ არის.

რა შეუწყობდა ხელს, რომ „მშობელთა ჩართულობის“ ტრადიციული გაგება თანამედროვე მნიშვნელობას ჩაენაცვლებინა? ამისთვის აუცილებელია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­მა:

  • და­ამ­ს­ხ­ვ­რი­ონ ძვე­ლი სტე­რე­ო­ტი­პი და ოჯა­ხი სკო­ლის სა­ი­მე­დო პარ­ტ­ნი­ო­რად მოიაზრონ;
  • შეიმუშაონ მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა და მშობლებთან თანამშრომლობის კალენდარი.
  • თანაშექმნის პრინციპით განსაზღვრონ მშობლებთან თანამშრომლობის წესები და შექმნან მშობელთა პედაგოგიზაციის პროგრამები.
  • ჩაატარონ სასკოლო ღონისძიებები, დისკუსიები, კონფერენციები, სადაც სხვადასხვა კლასის, სკოლის მშობლები ერთმანეთს გაიცნობენ, გაუზიარებენ გამოცდილებას, ცალკეულ საკითხებზე იმსჯელებენ, პრობლემას განიხილავენ, აქტივობას დაგეგმავენ, თანამოაზრეთა ფორმალურ თუ არაფორმალურ ჯგუფებს შექმნიან და მასწავლებლებთან ორგანიზებულად ითანამშრომლებენ.
  • წაახალისონ მშობელთა დამოუკიდებელი კლუბების, საინიციატივო ჯგუფების დაფუძნება და/ან მშობელთა ასოციაციებში გაერთიანება.

ყოველივე ეს მოსწავლეთა მშობლებს – უბიძგებს, აირჩიონ მშობლობის აქტიური სტილი; აფიქრებინებთ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, ისინი არიან სასწავლო პროცესის რეალური მონაწილენი, მათაც აქვთ უფლებები/პასუხისმგებლობები და რაც მთავარია, მათ ჩართულობას აქვს აზრი და მოჰყვება ბავშვებისთვის სასურველი შედეგი. ხოლო სკოლას ასეთი პოლიტიკა მშობლების განსხვავებულ ჯგუფებთან ურთიერთობას გაუმარტივებს. ასეთ შემთხვევაში, სულ უფრო მეტი მზრუნველი, აქტიური მშობელი გამოთქვამს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლის მიღწევებს და აამაღლებს მის რეპუტაციას საზოგადოებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“