პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე მიყვარს კითხვა!

2014 წლიდან დაწყებითი კლასების სადამრიგებლო პროგრამაში სავალდებულო გახდა ,,კითხვის საათის” ჩასმა,  რაც მიზნად ისახავს მოსწავლეებში გააზრებული კითხვის უნარების განვითარებას.

თავისთავად, კითხვის ხელშეწყობაზე ზრუნვა მოსაწონი ინიციატივაა. კითხვის უნარის განვითარებაში იგულისხმება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიცაა: არგუმენტირებული მსჯელობა, მასალის შეფასება, ნაწარმოების ჟანრის ამოცნობა, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა.

რა ტიპის ტექსტთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ნებისმიერი შინაარსის მასალას აქვს შესავალი, განვითარება, კულმინაცია და დასკვნა. ხშირად მოსწავლე ვერ განარჩევს მათ ერთმანეთისგან, შესაბამისად, უშვებს ფაქტობრივ შეცდომებს, არ ჰყოფნის პირადი გამოცდილება და ვერ აანალიზებს პერსონაჟის ქმედებებს. ზედაპირული კითხვის დროს მოსწავლე იღებს ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მისთვის მისაწვდომია, თავს იკავებს დისკუსიაში ჩართვისა და პირადი დამოკიდებულების დაფიქსირებისგან. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა შეძლებისდაგვარად უნდა  გაამარტივოს კითხვის საათისთვის შერჩეული მასალა და თანდათან მიაჩვიოს მოსწავლეები ტექსტის სტრუქტურულ-შინაარსობრივი თავისებურებების მოძიებასა და განმარტებას, ჯერ ჯგუფური, გარკვეული დროის შემდეგ კი ინდივიდუალური სავარჯიშოების დახმარებით. 
კითხვის საათის ერთ-ერთ მიზნად კითხვის ტექნიკური მხარე, ანუ ტექსტის სრულფასოვნად და სწრაფად ამოკითხვა სახელდება. კითხვის საათის მსვლელობისას მასწავლებელს ამ პრობლემის დაძლევაზე მუშაობაც შეუძლია. ზოგჯერ მოსწავლე  ძალიან სწრაფად კითხულობს, ანუ მას აქვს გავარჯიშებული მხედველობა, რომელიც ადვილად იმახსოვრებს დიდი რაოდენობის სიტყვების ხატს და ტრადიციული კითხვის წესების გვერდის ავლით, პირდაპირ  ასახელებს მათ. მაგრამ მსგავსი უნარის მქონე მოსწავლეებს უმეტესად უჭირთ წაკითხულის აზრობრივი ხატის აღქმა, რადგან მთლიანად სიტყვის ვიზუალური მხარეზე არიან კონცენტრირებულნი. ამის გამო, სწრაფად კითხვასთან დაკავშირებული აქტივობების ცალსახად გამოყენება არამართებულად მიიჩნევა.
იმ ბავშვებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან კითხვის ნელი ტემპით და უჭირთ ასოების – მარცვლებად, მარცვლების – სიტყვებად და სიტყვების წინადადებებად გამთლიანება, უებარი წამალია ფონეტიკური სავარჯიშოები, მოძრავ ანბანზე მუშაობა, გამოტოვებული ასოების ჩასმა ტექსტში… ეს პრობლემა ძირითადად დაწყებით კლასებში იჩენს თავს, მაგრამ ხანდახან უფროს კლასებშიც გვხვდება. ყველაზე რთულ დაბრკოლებად მაინც წიგნისადმი გულგრილი დამოკიდებულება გვესახება. თუ მოსწავლეს დიდად არ ხიბლავს  კითხვის პროცესი, ის იწყებს ინფორმაციის მიღებას აუდიო-ვიდეო მასალიდან, რომელიც უხვად მოიპოვება ჩვენს საინფორმაციო-ვირტუალურ რეალობაში. ე.წ. არაწიგნიერი მოსწავლეების კითხვის უნარების დახვეწა სავალდებულო სასწავლო მასალის იმედად არის დარჩენილი. კითხვის საათის მთავარი მიზანი კი სხვა რა უნდა იყოს, თუ არა  წიგნთან დაბრუნება?!

ორიოდე სიტყვას საორგანიზაციო საკითხებსაც დავუთმობ: მკითხველებთან შეხვედრის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკი, შესაძლებლობები, დასახვეწი უნარ-ჩვევები და, რაც მთავარია, მათი ინტერესები. საგაკვეთილო პროცესს უფრო გაამრავალფეროვნებს და აქტუალურს გახდის სასკოლო ურთიერთობების ფონზე  ეტაპობრივად წამოჭრილი პრობლემური საკითხების განხილვა, რომლებიც მოსწავლეთა პიროვნულ აღზრდას და სოციალიზაციას უკავშირდება.
ვთქვათ, პირველკლასელებს ტყუილის ბაცილამ დარია ხელი. შეგიძლიათ იაკობ გოგებაშვილის  ,,მკვეხარა ქოთანი” წაუკითხოთ. შემდეგ, ვითომც აქ არაფერიაო, იმსჯელოთ მთავარი პერსონაჟის ხასიათზე, მოთხრობის მთავარ სათქმელზე… მთავარია, რომ მოსწავლეებმა თავად გაახმოვანონ ტყუილის უარყოფითი მხარეები. ზოგიერთი ცრუპენტელა ადვილად ვერ დათმობს პოზიციებს და შეიძლება თანაუგრძნოს კიდეც მკვეხარა პერსონაჟს. ასეთ დროს სასურველია, მისივე თანატოლმა უკუაგდოს ამხანაგის არგუმენტი. შეგახსენებთ, რომ მოსწავლეებისთვის თანატოლთა თვალში პატივისცემისა თუ ავტორიტეტის მოპოვებას, გუნდში ღირსეული წევრის ადგილის დამკვიდრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  მაღალ კლასებში ეს საკითხი უფრო მწვავდება, მოსწავლეები ჯგუფებად იყოფიან და თავგამეტებით იცავენ მათ შეხედულებებსა და პრინციპებს. ამ შემთხვევაში მეტი სიფრთხილე გვმართებს, რათა დისკუსია დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მასწავლებელმა უნდა შეძლოს ისეთი ტექსტების მოძიება ან სიტუაციური ამოცანების შედგენა, რომ სასურველი პრობლემატური თემა ერთ-ერთ საკითხად ჩაურთოს ტექსტში, ანუ არ წარმოადგენდეს პირდაპირ გამღიზიანებელს.
სასურველია, კითხვის საათი არ ჰგავდეს ჩვეულებრივ გაკვეთილს. მოსწავლე თავისუფლად რომ გრძნობდეს თავს, პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს საკლასო სივრცე, მაგალითად, მოსწავლეები დასხდნენ იატაკზე და შეკრან წრე. კარგი იქნება, თუ მასწავლებელს კითხვის საათის სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარების საშუალება მიეცემა, მაშინ ბავშვები პატარაობიდანვე აითვისებენ წიგნზე მუშაობის ელემენტარულ წესებს: კატალოგის დახმარებით საჭირო წიგნის მოძიებას, ლექსიკონზე მუშაობას, სარჩევის გამოყენებას, დამოუკიდებლად და ჩუმად კითხვას, ბიბლიოთეკაში  მოქცევის წესების ათვისებას. 

ჩემი აზრით, მკითხველთა კლუბის შეხვედრები განსაკუთრებით მრავალფეროვანი და დინამიკური უნდა იყოს.  ყველამ ვიცით, რომ სკოლაში მუშაობის დროს შეუძლებელია ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა. კითხვის საათს კი განსაკუთრებით უხდება სპონტანური გადაწყვეტილებები. თავისუფალი შეხვედრების ფარგლებში შეგიძლიათ მოსწავლეებს  აჩვენოთ მათთვის სასურველი ფილმი ან წაიყვანოთ თეატრალურ წარმოდგენაზე. შეეცადეთ, ხანდახან მაინც მოაწყოთ ,,სამკითხველო დარბაზის” დღე, რომელიც ქალაქის რომელიმე ბიბლიოთეკის სამკითხველოში ჩაივლის. მოსწავლეები თავად შეარჩევენ და დამოუკიდებლად, მასწავლებლის ჩართულობისა და ჯგუფური მსჯელობის გარეშე, წაიკითხავენ რომელიმე ნაწარმოებს. შემდეგ შეხვედრაზე პატარა მკითხველები წაკითხულის ,,გაპიარებას” შეეცდებიან. ის მოსწავლე, რომლის რჩეულიც ყველაზე მეტ თანატოლს დააინტერესებს, კლუბის საუკეთესო პრეზენტატორად შეგიძლიათ დაასახელოთ.

ახალბედა მკითხველებს ყველაზე მეტად მართული მოსმენის უნარის დახვეწა სჭირდებათ. ასაკის მატებასთან ერთად პრობლემატური საკითხების ჩამონათვალი ნელ-ნელა იზრდება:  თანამშრომლობის, არგუმენტირებული კამათის თუ ლოდინის შეუძლებლობა, ემოციური დისბალანსი, ძალადობა,  ლიდერობა, გადაჭარბებული ან, პირიქით – დაბალი თვითშეფასება, სასკოლო ფორმისა და მოდის თანამედროვე ტენდენციების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი პროტესტი, პოპულარობისკენ სწრაფვა უარყოფითი ქცევის ხარჯზე, თანატოლთა გარეგნული ნიშნით გამორჩევა, ბატონ-ყმობანა, კონფორმიზმი, პირადი ჰიგიენის უგულებელყოფა,  პრიორიტეტების ცვლა  – ბეჯითი მოსწავლიდან რევოლუციონერამდე… ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომლებთან ბრძოლაც სწავლების სხვადასხვა ეტაპზე ყველა მასწავლებელს უწევს. 

ჩვეულებრივი გაკვეთილისგან განსხვავებით, კითხვის საათზე მოსწავლეთა პიროვნული ზრდისა და სოციალიზაციის პროცესისთვის თვალის უკეთ მიდევნება და მეტიც, კორექტირებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთმანეთთან საგრძნობლად აახლოებს, თან საკმაოდ დატვირთული სასწავლო დღის გიჟურ ტემპს ამსუბუქებს და ერთგვარ პაუზად, ამოსუნთქვის საშუალებად გვევლინება. ამიტომაც, სასურველია, მკითხველთა კლუბი პირველი კლასიდანვე ფუნქციონირებდეს სწავლების ყველა საფეხურზე.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი