პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ერთი ფოლკლორული გადმოცემის შესახებ

1990 წელს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი გახლდით, საზაფხულო არდადეგებზე სვანეთში ფოლკლორის შეგროვება გადავწყვიტე. გადავწყვიტე და საქმესაც შევუდექი. დავიწყე სოფელ-სოფელ სიარული. ის დღეები დღესაც სიბნელიდან ვარსკვლავების გამონათებას ჰგავს. თვალწინ მიდგას იმ მოხუცების სახეები, რომლებიც წინაპრების გადმოცემულ ამბებს სათუთად ინახავდნენ და ენით გამოუთქმელი მოწიწებით ჰყვებოდნენ.

უამრავი საინტერესო თქმულება თუ ლეგენდა ჩავიწერე. განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა. მას ვუყვები ყველა თაობას, რომელსაც სკოლიდან ვაცილებ, ვყვები ყველგან, სადაც ამისი საშუალება მომეცემა. გამიჩნდა სურვილი, ხმა ინტერნეტგაზეთ ,,მასწავლებლის” მკითხველსაც მივაწვდინო.

თქმულება ჩავიწერე ჩემს მშობლიურ სოფელ ქართვანიში თამარ წერედიანისგან. ის ამქვეყნად უკვე აღარ არის. თამარა ბებოს, არაჩვეულებრივ მოუბარს, ოცდახუთი წლის შემდეგ საგაზეთო წერილის საშუალებით მინდა, მადლობა ვუთხრა.

შემოგთავაზებთ ტექსტის ვერსიას.

აი, ისიც:

ყოფილან ნათლია-ნათლული. ნათლია ჯოჯოხეთში მოხვედრილა, ნათლული – სამოთხეში. ძალიან იტანჯებოდა ნათლია. ნათლულს სთხოვა უფალთან შუამდგომლობა. ნათლულიც მივიდა ქრისტე ღმერთთან და მოუყვა ნათლიის შესახებ. მან უპასუხა: წადი და ჰკითხე, თუ რამ სიკეთე უქმნია თავისი ცხოვრების განმავლობაშიო.

მივიდა ნათლული ნათლიასთან და უფლის ნათქვამი გადასცა. დაფიქრდა ნათლია და გაიხსენა, რომ ერთხელ მეზობელს ძაფი მისცა. მიაზომეს ის ძაფი და მუხლამდე მისწვდა. მუხლს ქვემოთ ისევ ჯოჯოხეთში რჩებოდა.

ნათლია მაინც საშინლად იტანჯებოდა და კვლავ სთხოვა ნათლულს დახმარება. მანაც არ დააყოვნა. ისევ ქრისტე ღმერთს მიადგა და შეეხვეწა, ნათლია ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა. ქრისტე ღმერთმა უპასუხა: რომც ამოვიყვანო, მისი სული მძიმეა და მაინც ჩავარდება ჯოჯოხეთში, ამიტომ შენ უნდა იტვირთოო.

ნათლული დასთანხმდა უფალს. ნათლია-ნათლული დღესაც ასე დადიან სამოთხეში. ნათლულს ნათლია ზურგზე ჰყავს წამოკიდებულიო.

შესაძლოა, ბევრი უარყოფითი თვისება გვაქვს, მაგრამ სულის ასეთი ამაღლებაც, სახარებისეული იდეების ასეთი ხორცშესხმაც გვახასიათებს. თამარა ბებოს ნაამბობი გვასწავლის ჯოჯოხეთისთვის როგორ არ უნდა გავიმეტოთ ერთმანეთი, როგორ შეიძლება, მოყვასმა მოყვასის ტვირთი ზიდოს, როგორი რთულია ადამიანად ყოფნა, მაგრამ მაინც შესაძლებელი, თუკი მოვინდომებთ.

რიუნესკო აკუტაგავა თავის ნოველა ,,აბლაბუდაში” სვანური გადმოცემის მსგავს სიუჟეტს განსხვავებული გადაწყვეტით გვთავაზობს. მკითხველს მოკრძალებით შევახსენებ ნოველის მოკლე შინაარსს: სამოთხეში მოსეირნე ბუდა დაინახავს რა ავაზაკ კანდატას ტანჯვას ჯოჯოხეთში, გაიხსენებს მის ერთ სიკეთეს (კანდატამ ერთი პაწაწინა ობობა სასიკვდილოდ არ გაიმეტა) და გადაწყვეტს შეეწიოს მას. კანდატასთან ჩაუშვებს ობობას ქსელს (ეს ეპიზოდი გაგვახსენებს სვანური გადმოცემიდან ძაფის მიზომების ამბავს), რომელსაც კანდატა ამოჰყვება. როცა შეამჩნევს ავაზაკი, მას სხვა ცოდვილებიც მოჰყვებიან, შეჰყვირებს: ,,ახლავე ჩაძვერით, ჩაძვერით ქვევით!” დაყვირება და ძაფის გაწყვეტა ერთი აღმოჩნდება. კანდატა ისევ ჯოჯოხეთში ვარდება.

რიუნესკო აკუტაგავამ ამ ნოველით გვითხრა, რომ ადამიანი ასეთი ბოროტიც შეიძლება იყოს. რომ არა კანდატას ეგოიზმი, უამრავ სულთა ხსნა შეიძლებოდა. სვანურ ფოლკლორულ გადმოცემაში კი ხალხმა ის ჩადო, რისი მატარებელიც თავად იყო. ის, როგორც ,,ობოლი მარგალიტი”, თაობიდან თაობას რუდუნებით გადაეცემოდა, რომ ჩვენამდე მოეღწია. მასში წინაპრების საუკეთესო თვისებებია დალექილი. ნათლულის ერთგულების, სიყვარულის, რწმენისა და ჯვარმტვირთველობის უნარის მქონე ერი რა გასაკვირია, რომ ,,ვეფხისტყაოსნისეულ” სიმაღლეებსაც შესწვდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი